წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად, მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო, ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, შემდეგ ეს მიწა და საქართველო. – მერაბ კოსტავას კრედო.
ვერაზე, ტურისტებმა კი არა ბევრმა ქართველმა არ იცის, რომ რამდენიმე საინტერესო მუზეუმია.
საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სულისჩამდგმელის, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მუზეუმი უძველეს, ორი საუკუნის სახლში, ვერაზე, ზანდუკელის პირველ ნომერში მდებარეობს. მერაბ კოსტავა, რომელიც დაიბადა 1939 წლის 26 მაისს, იყო ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც ტრაგიკულად, საეჭვო ვითარებაში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა 1989 წლის 13 ოქტომბერს და პატივით მიაბარეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიწას.