RSS

ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

30 Dec

CiCilakiძველად, საქართველოში, ახალ წელს ოჯახებში მეკვლეები მიდიოდნენ, რომლებიც პირველად ამბობდნენ: “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა.”; ზოგან თოვლსაც შეყრიდნენ, ზოგან თაფლიან პურს შეჭამდნენ. საერთოდ, თაფლი საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია, რადგან მომავალი ტკბილი ცხოვრების სიმბოლოდ ითვლება. ხევსურეთში, სადაც მეკვლეს ხატიდან ლუდი მიჰქონდა, სახლში შესვლისას მთელ ოჯახს და საოჯახო ნივთებს მოასხურებდა და იტყოდა: “აგრემც ახვავდებით, აგრემც აფუვდებით.”; მერე მიდიოდა ცეცხლთან, ჯოხს შეუჩიჩხინებდა და რამდენი ნაპერწკალიც გავარდებოდა, იტყოდა: “ამდენი საქონელი, ამდენი ქალი, ამდენი კაცი.”

მთიულეთში შინაური მეკვლის მოსვლის შემდეგ ოჯახის ყველა წევრს უნდა შემოეტანა გარედან თოვლი და ისევე მოქცეულიყო, როგორც მეკვლე. მეკვლე პურს სახლის ერთ ნაწილში დაყრილ ხორბალს სამჯერ შემოავლებდა. თუ დაჭრელებული ზედაპირით ზემოთ დაეცემოდა კარგ ნიშნად ითვლებოდა, თუ არა პირიქით. ამ ხორბლიდან სამ მარცვალს აიღებდნენ და სათესლე გოდორში ჩაყრიდნენ. გარეთ გასულს ზოგან პირველად ფრინველი უნდ ადაენახა ადმაიანის ნაცვლად, რომ ავადმყოფობა არ შეყროდა (გუდამაყარი), ზოგან ხშირი ტყისკენ უნდა გაეხედა (ქართლი), რომ უხვი მოსავალი მოსულიყო.
შინაური მეკვლის შემდეგ ოჯახს გარეშე მეკვლე მოჰყავდა, რომელიც იგივე წესებს ასრულებდა. გარეშე მეკვლესთან წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი. მოვიდოდა სახლში, კენჭს ესროდნენ კარს ან დააკაკუნებდა. დაძახება არ შეიძლებოდა. ზოგან ამბობდნენ: ახალ წელს თუ დაიძახე, მთელი წელიწადი ბოჩოლა იბღავლებსო. მეკვლეს შეეძლო რაიმე განსაკუთრებული, მაგ: სიტკბო მოეტანა სახლიდან. მას კარგი “კვალი”; უნდა ჰქონოდა. სასურველი იყო წესიერი, მდიდარი, სახელოვანი კაცი ყოფილიყო. ზოგან ბავშვს ეძახდნენ მეკვლედ. ოჯახში მეკვლის მისვლის შემდეგ “დაჭერილი კვალი”; იხსნებოდა და შესაძლებელი ხდებოდა თავისუფალი მიმოსვლა.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მეკვლეს უფრო მრავალფეროვანი რიტუალის ჩატარება უხდებოდა. აქ მეკვლე ხატში არ დადიოდა. დილით საკვლეველს, აბრამიანს ანტებულ სანთლებს მიაკრავდა, აიღებდა და გარეთ გავიდოდა. ზოგჯერ საკვლეველს ორი კაცი აიღებდა ხელში (კახეთი). ერთი იტყოდა: “წავიდა ძველი წელი.”; მეორე: “მოვიდა ახალი წელი”;. ამ დროს, თოფებს ისროდნენ და ამბობდნენ: “ცუდი წელი წავიდეს, ახალი წელი მოვიდეს”;. თოფების სროლით ავი სულების განდევნას ცდილობდნენ. მეკვლე მოივლიდა ყველა სამეურნეო ნაგებობას და ყველას და ყველაფერს მიუკვლევდა. ზოგი ხარს ზურგზე კვერცს გადაატარებდა: ასე გაჭედილი, ასე სავსე იყავიო. მთიულეთში წყლიდან მოტანილ ყინულს წაუსვამდნენ და ეტყოდნენ: ყინვა-სეტყვისგან ნურაფერი გვევნება. ქართლში კვერცხებს ბოსელში შეაგორებდნენ. საქონელს წელზე გადაუსვავდნენ ხელს და ეტყოდნენ: ასე მთლიანა დაესწარ მრავალ ახალ წელსო. ყველას ჩამოუვლიდნენ და ბოლოს კვერცხებს იქვე, მთელი ღამის განმავლობაში დანთებულ ცეცხლში წვავდნენ და ჭამდნენ. ქალი საქათმეში შევიდოდა, შინაუ ფრინველს წყალს დაუსხამდა და ბლომად საკენკს დაუყრიდა, თან იტყოდა: “დამეზარდოს ამდენი ქათამი, იხვი, ბატი და სხვ.”;
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში მეკვლე შევიდოდა ვენახში და წითლად შერებილ კვერცხებს შეიტანდა. ვაზს თავის ბედისკვერს გადაატეხავდა, მიულოცავდა და მის ძირში მამალს დაკლავდა, ქართლში მეკვლე სამ ძირ ვაზს გასხლავდა და როცა მამალს დაკლავდა იტყოდა: “ბევრი ღვინო მოგვივაო”;. მამალს სახლში მოხარშავდნენ და შეექცეოდნენ. მეკვლე სადაც კი შევიდოდა, ყველგან ზემოთ ნახსენებ სიტყვებს ამბობდა. სახლს სამჯერ შემოუვლიდა, საკვლევს კარებზე სამჯერ დაარტყავდა და იტყოდა:
– გამიღეთ კარი!
_ რა მოგაქვს? – ჰკითხავდნენ შიგნიდან.
– ორმოდან პური, ქვევრით ღვინო, სიმართლე და კარგად ყოფნა.
გაუღებდნენ კარს და იმავე ტრადიციულ მილოცვას გაიმეორებდა.
კახეთში ქათმის მეკვლე და გარეშე მეკვლე, რომელიც ერთიდაიგივე პიროვნება იყო. გარეშე მეკვლე რომ შემოვიდოდა, ხორბალს ან სიმინდს გადაუყრიდნენ და იტყოდნენ: ბევრი მაძღარი კრუხ-წიწილა გვეყოლებაო. არ შეიძლებოდა მეკვლე კოჭლი, ხეიბარი ყოფილიყო – წიწილებიც ისეთები გამოვლენო. მიაჩნდათ, რომ ქათმის გამრავლებისთვის სიმინდისა და ხორბლის გადაყრა კარგი იყო, მეკვლისთვის კი ზიანის მომტანი, ციებ-ცხელება იცისო. კრუხი საბუდარში რომ ჩამჯდარიყო, მეკვლეს ფეხმორთხმით დასვამდნენ ფეხთით და ცერზე ხორბალს დააყრიდნენ _ ბევრი წიწილა გვეყოლებაო. კახეთში მღვდელი ახალ წელს ყველა ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა.
მეკვლის მისვლის შემდეგ ოჯახის ერთ-ერთი წევრი უმძრახად წყალზე მიდიოდა და მიჰყონდა ნიჭი (ხევსურეთი), ნაყრი (ფშავი), წყლის კვერი (მთიულეთი, თუშეთი), წყალკვერი (გიდამაყარი), ნაკმაზი (ქართლი). ზოგი ზემოდან ყველს, ერბოს, ნახშირს, ჩალას, მატყლს დაადებდა. ან მხოლოდ ცარიელ პურს ჩააგდებდა. თუშეთში კვერს წყალთან გააგორებდნენ და წყალს იღბალს თხოვდნენ. წაღმა დაცემული კვერი იმ წელს ოჯახს იღბალს უქადდა. პურის პატარა ყუას, ყველს, მატყლს წყალში ჩააგდებდნენ, 3-ჯერ წყალს ამოიღებდნენ და დაღვრიდნენ. თან ამბობდნენ: “ჩვენი ყანა მაძღარი, დიდოს ყანა დამპალი”;. ბოლოს აავსებდნენ თუნგს, წყაროს პირიდან 3 ქიტ ქვიშას აიღებდნენ, იქვე მოძებნილ ცხვრის კურკლებს და ძროხის ნაკელს გამხმარ ნაწილს სახლში წაიღებდნენ. ცდილობდნენ გზაში არავინ შეხვედროდათ. ოჯახშიც შეაგორებდნენ კვერს, ოჯახს მიულოცავდნენ და მიტანილ წყალს კერის გარშემო მიაპკურებდნენ. საჭმლის მოსამზადებლად ამ წყალს ხმარობდნენ და ბავშვებსაც ამ წყლით ბანდნენ ხელ-პირს.
ქართლში დიასახლისი სიმინდს ან ქერს ხელსახოცში გაახვევდა და წყალში ჩააგდებდა სიტყვებით: “წყალო ეს ნაკმაზი შენა და წრეულს ბევრი წვრილფეხი დამეზარდოს.”; ზოგი წყალთან ქვაზე დადებდა კვერს, ზოგიც წყალში ჩააგდებდა: “წყალო ნიჭი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო.”; ან “წყალო მომილოცნია, ახალწლის კვერი მომიტანია. ჩემიანს ყველას ერიდე, არც არაი ვინმე ჩაიხრჩოს, არც ძროხა. წელს ამას დასჯერდი.”; ხევსურეთში ცდილობდნენ წყალთან ერთად მთის ბროლიც მოეტანათ, რომელსაც ძროხებთან ყორეში ამაგრებდნენ, იმ მიზნით, რომ საქონელს თეთრი ხბო მოეგო. ხევში, გუდამაყარში ახალ წელს ახალგაზრდები ქანაობდნენ (ციგაობდნენ). განსაკუთრებით სასარგებლოდ ითვლებოდა ქალებისთვის – წელი გაუმაგრდებათო. ხევში ახალ წელს, სოფ. გერგეტისა და სოფ. კარკუჩის გარდა, ყველგან იკვლებოდა ღორი. საკლავს ტუჩს აჭრიდნენ და სახლის კარებზე ამაგრებდნენ ეშმაკის დასაფრთხობად. საახალწლო სუფრაზე ღორის ხორცი აუცილებელი იყო. ოჯახში რიტუალის შემდეგ მთიელი კაცები ხატს უბრუნდებოდნენ და ილხენდნენ.
ხევსურეთში (ერწო-თიანეთშიც) “დარბევა”; იცოდნენ. ხუცესი აირცევდა დასტურებს და სოფელში “საქურდლად”; აგზავნიდა. მოიპარავდნენ ხორცს, არაყს, ქადას, თხილ-კაკალს და სხვ. წაღებულ ნადავლზე მეორე დღეს ოჯახის პატრონს მიიწვევდნენ, რადგან მან ქურდების დაჭერა ვერ შეძლო, ვალდებული იყო ხატში ჯარიმა – არაყი და ლუდი მიეტანა. თუ პატრონი ქურდებს დაიჭერდა, მათ არაყით დაათრობდა და თოკით დააბამდა. თან ხუცესს შეუთვლიდა: სახსარი (გამოსასყიდი) მოიტანეო. მეორე დღეს ხატიდან გამოგზვანილი დასტურები არყით და ლუდით თავიანთ ამხანაგს გამოიხსნიდნენ.
ახალ წელს, დილით, არხოტიდან საკლავის გატაცება სცოდნიათ. შუა დღეს ხალხი და ხატიონი შეებრძოლებოდა ერთმანეთს. ხალხს “შურისძიების”; სურვილი ჰქონდა. თოფებით, ხმლებით “იბრძოლებდნენ”;. რამდენი თოფიც გავარდებოდა, იმდენი დავარდებოდა, ვითომ დაიჭრა. ხუცესი ყველას არყით “მოარჩენდა”; შემდეგ იტაცებდნენ ხატის დიასახლისს. შესვამდნენ მარხილზე და გაიქცეოდნენ. დანარჩენები დაედევნებოდნენ. იმართებოდა ხელჩართული ბრძოლა და ქალიც გამარჯვებულს რჩებოდა.
გუდამაყარში, ზოგან ახალ წელს, ოჯახიდან ხატში მივიდოდნენ, მიეპარებოდნენ დეკანოზს, თოვლში ჩააგდებდნენ. მერე ხელის კვრით სახლამდე მიიყვანდნენ. თოვლში ამოგანგლულები მივიდოდნენ ოჯახში და ყველას დალოცავდნენ.
ხევში, გათენებისას გერგეტელი და სტეფანწმინდელი დეკანოზები წმ. სამების დროშებით ჩამოვიდოდნენ სოფელში და პირველად ახალ წელს გერგეტელებს მოულოცავდნენ. ხალხის დალოცვის შემდეგ, დეკანოზებთან შესაწირით მიცვალებულის პატრონები ხილით და კუტაბით (ერბოში შემწვარი გულიანი კვერები) მივიდოდნენ. ისინიც შესანდობარს იტყოდნენ და შესაწირს ბავშვებს გადაუყრიდნენ. მზის ამოსვლის შემდეგ ხატებით ბანიდან ჩამოვიდოდნენ და დიდების სიმღერით ყაზბეგისკენ გაემართებოდნენ, სადაც წმ, სამების ნიში იყო და ხატებს დაასვენებდნენ. ნიშის თაროზე გაშლიდნენ ვახტანგ VI-ის მიერ იესე ხეტაგურისადმი ბოძებულ სიგელს და დეკანოზები ხეთაგურების მილოცვას და დამწყალობნებას იწყებდნენ. დეკანოზი ნიშტან ხეტაგურების საღმთო ცხვარს კლავდა, მერე ხეთაგურების ოჯახს დაივლიდა. ჯერ ოჯახის უფროსს დალოცავდა, მერე კერასთან მივიდოდა და დაკლულს სამჯერ მოაბრუნებდა. ოჯახი მეკვლეს უმასპინძლდებოდა. საღამოს დეკანოზები წმ. სამების ხატს, დროშებს ისევ გერგეთში წაიღებდნენ. კვლავ დალოცავდნენ ხალხს და ისევ წმ. სამებაში აიტანდნენ. ვიდრე სამებაში ხატები არ იყო, სოფელში უცხო პირის შესვლა-გასვლა აკრძალული იყო. როცა ხატების აბრძანებას დააპირებდნენ, ორ ახალგაზრდას თითო დროშას მისცემდნენ და აჯიბრებდნენ ვინ პირველი აიტანდა წმ. სამებაში.
თუშეთში ახალი წლის რამეს თასებ ჩამოის ღამეს ეძახდნენ. საჯარეში შეკრებილი მთელი გვარი ხატიდან დროშებთან ერთად თასების ჩამოტანას ელოდა. იმართებოდა ლხინი.
რადგან ახალი წელი ბედობის დღეა, ხალხის ყოფაში მრავალი აკრძალვა არსებობდა:
აღმოსავლეთ საქართველოში იკრძალებოდა: ცეცხლისთვის სულის შებერვა – მუცლის ბერვა იცისო; გადაფურთხება – ხველიანი, ხანტიანი ვიქნებითო (ქართლი); თმის დავარცხნა – თხელი ყანა მოგვივაო; ჯარას და თითისტარს დამალავდნენ – ვინც ნახავს იმას ახალ წელს თავბრუსხვევა ექნებაო. ტილს არ მოჰკლავდნენ – წიწილზე ფეხი მოგვიხვდება და გაგვეჭყლიტებაო. არ დაიძახებდნენ – წიწილას წივილი ეცოდინებაო ან ბოჩოლა იბღავლებსო ან კეთილი ანგელოზები დაფრთხებიანო (ხევი). სახლს არ დაგვიდნენ – ქარი წაირღებს პურის ნათესებსო. თხილ-კაკალს არ დაამტვრევდნენ – ჭურჭლის მტვრევა იცისო. წყალს არ დაღვრიდნენ – ჭიანჭველა ან ცრემლი იცისო (გუდამაყარი) ან რძის დაღვრა დაგვებედებაო (ხევი). შეშას არ დაჩეხავდნენ – გუთანი და ცული ან ჭურჭელი გატყდებაო. სახლიდან არაფრის გატანა არ შეიძლებოდა – ბარაქა გამოილევაო და სხვა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s