RSS

მუყაოს “ოცნების ქალაქი”

23 Jul

ocnebis qalaqi 017ბავშობაში, სოფელში, ჩემ კბილა გოგო-ბიჭებთან ერთად, სახლობანას მუყაოს ყუთებისგან გაკეთებულ ქოხმახებში ვთამაშობდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ქოხში რეალურად შეიძლებოდა ადამიანებს ეცხოვრათ, ვერც მაშინ, ღრმა ბავშვობაში, როცა ზღაპრების მართლა მჯეროდა. ორიოდე დღის წინ, ზუსტად ისეთივე აშენებულ ქოხების “ოცნების ქალაქში” მოვხვდი. დავდიოდი და გაკვირვებულ-გაოცებული, ალაგ-ალაგ ამ ქოხებშიც ვიხედებოდი. იქიდან კი დაღლილი, ცხოვრებისგან გასავათებული, იმედდაკარგული ადამიანების თვალები მეფეთებოდა.მუყაოს “ოცნების ქალაქში”, ბათუმთან ახლოს, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ყოფილ 53 სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 800-მდე ასეთი ქოხია შეკოწიწებული. ზოგი მუყაოს ყუთებისგან, ზოგი სახელდახელოდ ფიცრებისგან, ზოგიც უბრალოდ, ცელოფნის პარკებითაა გაკეთებული. მუყაოს “ოცნების ქალაქში” ადამიანები, შარშან ოქტომრიდან ცხოვრობენ. მათი უმრავლესობა ეკომიგრანტია, ზოგიც დევნილია აფხაზეთიდან, ზოგიც კი უბრალოდ, ძალიან გაჭირვებული, ანდა მოძალადე ოჯახის წევრებს გამოქცეული. ამჟამად, აქ, მხოლოდ 300 ოჯახი ცხოვრობს.

ამ 19 ჰექტარზე ქოხებს შორის, უშველებელი ნაგავსაყრელად ქცეული ორმოა, რომელიც ანტისანიტარიის წყაროა და იქ მცხოვრებ არა მარტო პატარების, დიდების ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის. წყალი ცოტა ხნის წინ, რეზინის მილებით გამოიყვანეს და ისიც მხოლოდ რამოდენიმე საათით აქვთ. დაბინდებისას, მათ ერთადერთი სინათლის წყარო, სანთელია.
ადგილობრივები ამ ადგილს “ოცნების ქალაქს” ეძახიან – მალე “ოხრების ქალაქად” გადაიქცევა, ხუმრობენ ისინი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძეს თქმით, აქ მხოლოდ მაქსიმუმ 50 ოჯახი საჭიროებს დახმარებას. მისი მტკიცებით, დანარჩენს არანაირი დახმარება არ ეკუთვნის სახელწმიფოსგან.
ჩვენთან საუბრისას განაცხადა: “ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეროზირებული დოკუმენტით ვინცაა, მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა მოხდება.”
“არ აქვს ხალხს იმის საშუალება, რომ ქირის ფული გადაიხადოს, და იმიტომ დასახლდნენ აქ, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. მათი თქმით, არც ბინების ჩუქებას სთხოვენ სახელმწიფოს
“იცის ხალხმა, რომ სახელწიფოს არ აქვს ამის საშუალება. გლეხს რომ შეეფერება იმ საფასურით მისცეს და შეასყიდოს, რომ ქირის ფულს არ გადაიხდონ,” – ამბობს 43 წლის დონარა ვაშაყმაძე, რომელიც თავად ოჯახს თურქეთში ჩაის კრეფით არჩენს, მისივე თქმით, ამ პირობებში 3 ათასი ადამიანი იყო.
“იცით როგორ ვცხოვრობთ ზამთარში? რომ გაწვიმდება წყალი ჩამოდის “კარდონებში”, ზაფხულში კი, შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, რომ ან გველი არ შემოვიდეს, ან.. არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ქირის ფული გადაგვეხადა. 15 წელი ასე დავწანწალებთ. აქ ცხოვრება თუ ყოვლად შეუძლებელია, ჩვენ ჯანდაბას მაგრამ ბავშვები? შვილს რომ ადამიანი იატაკზე დააწვენს და ზევიდან ცელოფნის პარკებს დააფენს. იცით, ჩვილი ბავშვები რა დღეში არიან?” – ჩივის დონარა ვაშაყმაძე.
“თავზე აწვიმს ხალხს,” – ამბობს პატარა ზაური დიასამიძე და მეზობელ ქოხისკენ მიმიძღვება.
“წყალი საათობით გვაქვს დილას 12 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ, მიყვება 21 წლის როინ გუნდაძე, რომელიც ხულოს რაიონიდან მაღალმთიანი აჭარიდან, ეკომიგრანტია. – სოფელ თხილვალაში, ვცხოვრობდით, იქ შეუძლებელი იყო ცხოვრება, ისევ აქ ჯობია. ველოდებით მთავრობის დასკვნას,” – და იმედი აქვს, რომ შვიდსულიანი ოჯახი მთავრობისგან დახმარებას მიიღებს.
“ვცხოვრობთ გაჭირვებით, ჯიხურებში შემძვრალი. – მიყვება თავის გაჭირვებას ხელვაჩაურელი ახალგაზრდა, რომელსაც ორი თვის პატარა ცელოფნის პარკებზე ყავს დაძინებული და მის ქოხსაც, მხოლოდ ცელოფნის პარკები აქვს სახურავად, – ნაქირავებში ვცხოვრობდით, ვეღრა შევძელით ქირის გადახდა და გადმოვედით აქ. სოციალური დახმარების ქულა ახლა მივიღეთ.” – ყვება ქოქოლაძე ნანა.
“სინათლე რამდენი ხანია არ მინახავს, ტელევიზორი მენატრება, – ჩივილი მესმის გევრდითა ქოხიდან, – არც მაცივარი, არც ტელევიზორი.”
“თუ სიმართლეს ვიტყვით ან დასაჭერი ვართ, ან გასალახი, ან საყვედურებით უნდა აგვავსონ.. ადამიანები ვართ. რატომ არ გვაქცევენ ყურადღებას, ვინაა პასუხისმგებელი, – გვეკითხება ახალქალაქიდან ჩამოსული მარინა ბერიძე, – უკანონოდ შემოიჭერითო, გვეუბნებიან. ის კანონიერია რომ უსამართლოდ ცხოვრობს გლეხი?”
“ჩვენ ხულოდან ვართ, – გამეცნო კიდევ ერთი “ოქნების ქალაქელი”, – ეკომიგრანტები ვართ. არ გვაქვს ჩვენი საცხოვრებელი სახლი. ქმარი გარდამეცვალა. მე და ჩემი შვილი დავრჩით ქუჩაში. სოციალურად დაუცველის სტატუსიც მაქვს და ეროზირებულის საბუთიც. ოქტომბრიდან აქ ვართ. მეზობლები დაგვეხმარნენ და ავაშენეთ ეს ქოხი. ფიცრები შევკარით, ძველი “ჟესტით” დავხურეთ. ჩემი შემოსავალი სულ 70 ლარია. სამი წელია ქმარი გარდამეცვალა, ჩვენ საკუთარ სახლში ისეთი სიტუაცია იყო, რომ მიცვალებული მაზლის სახლიდან გავასვენეთ,” – მიყვება 55 წლის სურმანიძე ეთერი.
“კარდონები და ცელოფნები გავქვს გამოკრული, ხულოს რაიონიდან ვართ, ორი ბავშით აქ ვცხოვრობ. მარტოხელა დედა ვარ, – ყვება 28 წლის ნაზიბროლა ლამპარაძე 28 წლის. – ორი შვილის დედა, რატომ წამოვიდოდი ქმრისგან ამ პირობებში, მეკითხერბა ახალგაზრდა გოგო. – და ვხვდები ოჯახურ ძალადობას, აქ არჩია ცხოვრება, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ., – მანახებს თავის მუყაოს ქოხს და ჩემს გაკვირვებულ მზერას ხმააკანკალებული პასუხობს: “როგორ ვცხოვრობ ორ ბავშთან ერთად და რომ არ მაქვს სადმე წასასვლელი რა ვქნა, სად წავიდე?”
ocnebis qalaqi 003“12 წლის განმავლობაში უსახლკარო ლტოლვილები ვარ, სოხუმიდან. ახლა ნაგავთან ჩადგმული პატარა ქოხი მაქვს. 20 წელია ქუჩაში ვართ. ოქტომბრიდან აქ ვცხოვრობთ, – მიყვება სამი პატარას დედა, თამრიკო ცინცაძე-კვასილავა, – არაფერი არ გაგვაჩნია, ლტოლვილების 28 ლარი და ჯართზე დადის ქმარი, რომ ბაღნებს რამე რომ ვაჭამოთ.”
“პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ ისინი სხვა კატეგორიებში გადიან,” – ამტკიცებს არჩილ ხაბაძე და იმასაც ამატებს, რომ ეს ადამიანები, უკანონოდ არიან შესახლებული სახელმწიფო საკუთრების ტერიტორიაზე და უმეტესობა არასამართლიან მოთხოვნებს აყენებს.
“ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და ვთხოვეთ თავიანთ რაიონებში შეეტანათ განცხადებები, ვის რა პრობლემა ქომდა. 1200 განცხადება შევიდა, შევისწავლეთ და აქედან, არის კატეგორია, რომელსაც მართლა სჭირდება დახმარება. მაგრამა არის კატეგორია, თითქმის 90 პროცენტი, რომელსაც მინიმუმ საცხოვრებელი აქვს, მაგრამ ზოგი ძმასთან ერთად ცხოვრობს, ზოგი რძალს ვერ იტანს, ზოგსაც პირობების გაუმჯობესება უნდათ, ან ბევრი ცხოვრობს ოჯახში და უნდა გაემიჯნოს ოჯახს. ეს კი სახელწმიფოს მოსაგვარებელი ხდება. ჩვენ იმ ნაწილში რაც სჭირდებათ დავეხმარებით. ზოგს სახურავში წყალი ჩამოსდის, ზოგს ფანჯარა არ აქვს, ზოგს ღობე აქვს გასაკეთებელი, ზოგს ავადმყოფი ყავს და ა.შ. ასეთი ყოფითი პრობლემები მოგვარდება. ამ ტერიტორიაზე 3000-მდე ოჯახი იყო, ახლა 800 დარჩა. დარჩება ის რაოდენობა, ვინც მართლა მისახედია. მაქსიმუმ 50 ოჯახი იყოს, რომელსაც მართლა ეკუთნის სახელმწიფოსგან მიხედვა,” – ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.
მუყაოს “ოქნების ქალაქის” მკვიდრნი კი ზამთარს ისევ იქ შეხვდებიან.

ოლიკო ცისკარიშვილი


ocnebis qalaqi 009
ocnebis qalaqi 010
ocnebis qalaqi 023

ocnebis qalaqi 025
ocnebis qalaqi 029 ocnebis qalaqi 0120

 

3 responses to “მუყაოს “ოცნების ქალაქი”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s