RSS

წყალწაღებული მილიონები – ჟურნალისტური გამოძიება

13 ივნ

kaxetiწყალდიდობები და ღვარცოფები, რომელიც ყოველ ზაფხულსა და შემოდგომას კახეთის მოსავლის 60-70%-ს ანადგურებს, დღემდე რჩება საქართველოს ხელისუფლების თავის ტკივილად.
სოფლის მეურნეობის პროდუქტის განადგურება ქვეყნის შიდა პროდუქტის წარმოებას საფრთხეს უქმნის, დაზარალებული მოქალაქეები მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვენ და, რაც მთავარია, წლების განმავლობაში ხევებისა და მდინარეების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი მილიონები ისევ წყალს მიაქვს. 
მიზეზი, რომელიც კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს ყოველ წელს აზარალებს, არასათანადოდ ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. უხარისხოდ გაწმენდილი ხევებისა და მდინარეების კალაპოტები, ასევე ჯებირებისა გამაგრებითი სამუშაოების არაჯეროვანი და ხშირად ნაჩქარევი შესრულება სუსტი ეკონომიკის ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 

გარემოსდაცვითი მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტების თქმით, ყოველ სეზონზე ხევებისა და მდინარეების კალაპოტები ნაგვით არის სავსე და მისი გაწმენდა დროულად არ ხდება. შედეგი კი უმძიმესია: ათეული წელია, რაც კახეთის მოსახლეობას გაზაფხულის მოსვლა აშინებს, რადგან მოსალოდნელი წყალდიდობების¬გან ყოველწლიურად მიყენებული ზარალის რაოდენობა მათი შიმშილობის ტოლფასია.

ყვარელი-ქალაქი წალეკვის საფრთხის წინაშე 
ღვარცოფი უეცრად წარმოიქმნება და მისგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია. მდინარე დურუჯის ირგვლივ ქსელის მოცულობა დღეს 12-15 მილიონ კუბურ მეტრს, ფაქტობრივად, პატარა მთას შეადგენს. წყალმოვარდნის შემთხვევაში ეს მთა შესაძლებელია ყვარლისკენ დაიძრას და ქალაქს დამანგრეველი ზიანი მიაყენოს.
,,დურუჯზე დამბა დაზიანებულია და შეიძლება მოხდეს ის, რაც მოხდა რიონზე 1987 წელს, როცა მდინარემ დამბა დაარღვია, დიდი ტერიტორიები დატბორა და მსხვერპლი გამოიწვია”, – ამბობენ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანზორ საკანდელიძის განცხადებით, 1990 წლის შემდეგ მდინარე დურუჯის კალაპოტი არ გაწმენდილა, ამიტომ ახლა პატარა წყალდიდობის შემთხვევაშიც კი მოსალოდნელია, რომ მდინარე დაზიანებულ ნაპირს გაარღვევს და მოსახლეობას ცოცხლად დამარხავს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, ყოველ წელს გაზაფხულის დადგომისთანავე მდინარე ,,დურუჯის” გადმოვარდნის ეშინიათ, რადგან წლებია მდინარის კალაპოტი არ გაწმენდილა, ამოვსებულია და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

დურუჯის ხევზე სამუშაოები 2000 წლიდან 5 ჯერ შესრულდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა დროს დაახლოვებით9 მილიონამდე ლარი გამოიყო, თუმცა პრობლემა ამით არ გადაჭრლა.
ადგილობრივების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კალაპოტი დროულად არ გაიწმინდა, შესაძლოა, სოფლის თავში მდებარე მდინარე ადიდდეს და რამდენიმე სოფელი მთლიანად წაიღოს.
,,მეშინია ყოველ ზაფხულს მდინარის ადიდების. კალაპოტი ქვიშით არის ამოვსებული და როდის აივსება წყლით და წაგვლეკავს არ ვიცით”, -აცხადებს ადგილობრივი ნანა ქართველიშვილი.
პრობლემის სიმწვავეზე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებიც საუბრობენ. მათი თქმით, კალაპოტის გაწმენდა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
,,რამდენიმე წლის წინ დიდი წვიმა მოვიდა ღამით, დილით გარეთ გამოსულს, ჩემი სახლის წინ მდებარე ვენახი აღარ დამხვდა. წყალს წაეღო ყველაფერი. წლებია ამ მდგომარეობაში ვარ მეც და სხვა ბევრი ჩემნაირი, როდის მოვარდება წყალი და რას წაიღებს ღმერთმა იცის!’’-განაცხადა სოფელ საცხენეს მკვიდრმა ვიქტორ დვალიშვილმა.
გეოლოგების თქმით, აუცილებელია მდინარის ნაპირები გამაგრდეს და გაკეთდეს დამცავი გაბიონი, რომელიც წყლის ნაკადს შეაკავებს და ნაპირს ჩამორეცხვისაგან დაიცავს.
ამ დროისთვის მდინარე დურუჯის კალაპოტი ღვარცოფით ჩამოტანილი შავი ქვებითაა დაფარული და ამოვსებული.

ადგილობრივების თქმით, მდინარე დურუჯის კალაპოტი, 20 წელზე მეტია არ გაწმენდილა, რის გამოც ყოველწელს მდინარეს ნაშალი ქვა-ღორღი ჩამოაქვს და კალაპოტიც თანდათან მაღლა იწევს. მეცნიერები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექიანობის დროს მდინარე შესაძლოა, ადიდდეს. მათივე თქმით, არის საშიშროება იმის, რომ წყლის ნაკადმა ქალაქი დაფაროს.
მდინარე დურუჯმა ყვარელი პირველად 1832 წელს მნიშვნელოვნად დააზარალა. ბოლო ყვე¬ლაზე დიდი სტიქია კი 1949 წელს მოხდა, როცა ადიდებულმა მდინარემ 56 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას შემდეგ ადგილობრივებს სტიქია ყოველწლიურად ახსენებს თავს. იყო შემთხვევა, როდესაც ადიდებულმა მდინარემ მოხუცი ქალბატონი და ბავშვი დაახრჩო.
,,კალაპოტი ამოვსებულია, რომ ვხედავ შიში მიპყრობს. დურუჯი თუ მოვარდა, ერთიანად წალეკავს გაკეთებულ ცენტრთან ერთად მთელ ყვარელს,’’- აცხადებს ადგილობრივი ნანა სეფაშვილი.
როგორც გარემოს დაცვის საკითხებში ექსპერტი ნინო ჩხობაძე განმარტავს, კახეთის რეგიონში დღეისათვის არსებული მდგომარეობა დამშვიდების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა და ამას დროულად მიხედვა სჭირდება.
,,საქართველო ისედაც ბუნებრივი კატასტროფების სიხშირის მაღალი მაჩვენებლების მქონე ზონაშია, რასაც მოსახლეობის მხრიდან გარემოსადმი უდიერი დამოკიდებულებაც ემატება. რაც ხშირ შემთხვევაში მათი გაუთვითცნობიერებით აიხსნება. გამონაკლისს არც კახეთის რეგიონი წარმოადგენს. წლების განმავლობაში ხდებოდა მდინარეების კალაპოტებიდან ინერტული მასალის არასწორ ადგილას და არასწორი მეთოდებით ამოღება, ტყის უკანონო ჩეხვა, დიდი დახრილობის ფერდობების ათვისება, სასოფლო-სამეურნეო მიწების არასწორი ექსპლუატაცია, უკანონო ნაგავსაყრელები, გაუმართავი წყალმომარაგება და აუწყობელი ნარჩენების მართვის სისტემები, დაბინძურებული ხევები და მდინარეთა ნაპირები და კიდევ ბევრი სხვა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ბუნებრივი კატასტროფული პროცესების განვითარებას და გამძაფრებას. შედეგიც მივიღეთ – ბოლო სამი წლის მანძილზე კახეთი ფაქტობრივად ბუნებრივი კატასტროფების ზონად გადაიქცა, თუმცა ასეთი კოლოსალური ზარალი თავიდან იქნებოდა აცილებული, რომ რეგიონის ხელმძღვანელობას თავის დროზე ეზრუნა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. რაც შეეხება ყვარელს, მდინარე დურუჯზე ნაპირდამცავი ღონისძიებების ჩაუტარებლობის გამო, ისევ ღვარცოფის მოვარდნის საშიშროების წინაშე დგას (გავიხსენოთ 1977 წლის ტრაგედია).’’ 
პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად მდინარე ,,დურუჯის’’ ნაპირსამაგრი სამუშაოების რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობს. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილის თქმით, 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილია დურუჯის ნაპირსამაგრი სამუშაოები. მისივე თქმით, პროექტის სირთულიდან გამომდინარე, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საკითხი საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტებს შეესწავლათ.
-,,ამ დროისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტიმა შეისწავლა უბანი, მუშავდება დამცავი ჯებირის რეაბილიტაციის პროექტი და მომავალ წელს ბიუჯეტის ფორმირებისას განიხილება.’’ 

ყვარლის კატასტროფების ისტორია 
მდინარე დურუჯი თეთრი და შავი დურუჯის ხევების შეერთების შედეგად მიიღება. ამიტომ ხეობაში ეროზიულ-დენუდაციური პროცესები ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს. 1899 წლიდან მოყოლებული ღვარცოფის შედეგად ყვარელში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დურუჯის ისტორია ადგილობრივების მეხსიერებაში დიდ ტრაგედიებს უკავშირდება, რის გამოც ყოველ გაწვიმებას ყვარელში მოსახლეობა შიშით ხვდება.
დურუჯმა ყვარელი პირველად 1832 წელს დაანგრია. შემდგომი ძლიერი წყალმოვარდნები იყო 1889, 1904, 1949, 1990, 2002 წლებში. წყალმოვარდნების მასშტაბზე ერთ-ერთი ასეთი კატასტროფის დროს ჩამოტანილი ქვაც მეტყველებს, რომლის წონაც 140 ტონაა.
1904 წელს ღვარცოფმა და მდინარის მიერ ჩამოტანილმა ქვა- ღორღმა მთელი ქალაქი წალეკა და სახლებიდან აკვნიანი ბავშვები გაიტაცა.
-,,ერთ დილით საშინლად ჩამობნელდა, შავი ღრუბლები მთლად დაბლა ჩამოწვა, შვიდი საათი იქნებოდა, ერთბაშად დაიწყო საშინელი წვიმა, გეგონებოდათ კოკებიდან ასხამენო, ატყდა ჭექა-ქუხილი, გაისმა ხალხის საშინელი ყვირილი, წყლის მაგივრად რაღაც ტალახი მოგორავდა, თან მოაგო-რებდა დიდრონ ქვებს და ხალხი გამორბოდა მთლად ტალახში ამოსვრილი, საშინელი ქარი ანგრევდა იქაურობას, ნახევარი სოფელი მთლიანად მოისპო, ჩვენი მხარე გადარჩა”– იხსენებს ელენე ჭავჭავაძე.
1906 წელს დურუჯზე ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დამცავი დამბები აშენდა, რაც ქალაქს 1949 წლამდე იცავდა. 1949 წელს მოვარდნილმა დურუჯმა მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა. ღვარცოფი თავს დაატყდა ყაზარმას, რომელშიც ბერლინის აღებაში მონაწილე სამხედრო საავიაციო ნაწილი იყო განლაგებული. სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში სტიქიამ 56 ადამიანის, მათ შორის 54 მფრინავის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საბჭოთა ხელისუფლებამ დურუჯზე 5,5 კილომეტრი სიგრძის, 7 მეტრი სიმაღლის და 2 მეტრი სიგანის ტრაპეციის ფორმის კედელი და მისი სა-ძირკვლის დამცავი ნაგებობები ააშენა. დაიწყო სისტემატური გამწმენდი სამუშაოები, რაც ყოველწლიურად ნახევარი მილიონი მანეთი ჯდებოდა.
გამწმენდი სამუშაოები 90-იან წლებში შეწყდა. იმ დროისათვის დამცავი კედელი უკვე ამორტიზებული იყო. ამჟამად კედელი მიწაშია ჩაფლული და ალაგ-ალაგ მთლიანად დანგრეულია.
ერთადერთი, რაც ამის შემდეგ გაკეთდა, ყვარლის ეკოლოგიური უბედურების ზონად გამოცხადება იყო, თუმცა ამას ადგილობრივი მოსახლეობისთვის რაიმე შვება არ მოუტანია.
-,,გასული საუკუნის 90-იან წლებამდე წელიწადში საშუალოდ 300 000-მდე კუბური მეტრის მასის ამოღება ხდებოდა. ვინაიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ სახის პროფილაქტიკური სამუშაოები აღარ ტარდება, კალაპოტის აბსულუტურმა ნიშნულმა საგრძნობლად აიწია და რეალური საშიშროება შეუქმნა ქ. ყვარლის მოსახლეობას”, – ვკითხულობთ 2009 წლის 24 დეკემბრით დათარიღებულ ოფიციალურ დოკუმენტში. მიუხედავად ამისა, სამუშაოებისათვის საჭირო თანხა არც ადგილობრივ ბიუჯეტსა აქვს და არც – ცენტრალურს.
გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახურის უფროსის ემილ წერეთლის განცხადებით, მდინარეზე ძალიან რთული სიტუაციაა. მისი თქმით, საინტერესოა, რატომ არ იწყება სამუშაოები მაშინ, როცა ვითარება ასეთი მძიმეა.
-„ქალაქი ყვარელი ქვა-ღორღში რომ არ დაიმარხოს, ზომები სასწრაფოდაა მისაღები. სასწრაფოდ უნდა შეკეთდეს გაბიონის დაზიანებული ადგილები, რომ მოვარდნილმა წყალმა კლდე არ გაარღვიოს და ქალაქი ყვარელი წლობით დაგროვილ ქვა-ღორღში არ დამარხოს. შესასწავლია მთლიანად გაბიონი მდინარის სათავემდე, ასევე უნდა შევისწავლოთ მთელი ტერიტორია და სასწრაფოდ უნდა შეკეთდეს დაზიანებული ადგილები, რათა კატასტროფა თავიდან ავიცილოთ. წლებია ამ ადგილებს ვიკვლევ და ისეთი მდგომარეობაა, რომ გადადება აღარ შეიძლება.პირველ რიგში ადგილზე დეტალური უნდა შეისწავლონ. უნდა გაირკვეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ ცალკეულ ადგილებში რომ გაამაგრო ნაპირი, ამან შეიძლება სხვა ადგილზე უარესი შედეგი გამოიწვიოს, ამიტომ მთლიანობაში, კომპლექსურად უნდა ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, რაც ჯერ არ არის გაკეთებული’’ 

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და წყალში გადაყრილი ათასები 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თქმით, მიუხედავად წლების წინ ამ მიმართულებით დახარჯული თანხებისა, პრობლემა დღესდღეობით მწვავეა და უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა სავალალო შედეგებით დასრულდეს.

როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ,,კახეთის ხმასთან’’ აცხადებენ, 2010-წლიდან 2012 წლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რომელიც ძირითადად მდინარეებისა და ხევების კალაპოტებისა გაწმენდასა და ნაპირსამაგრ სამუშაოებს შეეხებოდა.
,,2010 წელს სოფელ საცხენეში ჩატარდა ,,შორო ხევის’’ ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლისთვისაც 20.000 ლარი დაიხარჯა. სარწყავ-სანიაღვრე არხებზე 153 992 ლარი, ,,კამაცუს” ტიპის ტრაქტორის საწვავის ხარჯზე დახარჯულია 41 928 ლარი (რომელიც ახორციელებდა მდინარეების” ავანისხევი, შოროხევი, ჩელთი, ინწობა, დურუჯი, ბურსა, ბოლიას ხეობების გაწმენდით სამუშაოებს). 2011 წელს სოფელ ენისელში, მდინარე ინწობას გაბიონზე დახარჯულია – 36 465 ლარი, ალმატის გაბიონიზე 5680 ლარი, ,,კამაცუს’’ საწვავის ხარჯმა 56 232 ლარი შეადგინა, სანიაღვრე არხებზე კი, 274 452 ლარი დაიხარჯა. 2012 წელს სანიაღვრე არხებზე 373 979 ლარი, ,,კამაცუს” საწვავისთვის– 141 606 ლარი დაიხარჯა,’’ –განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე აკაკი ნათალიშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონულ პროექტებში, ასევე წელსაც დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება,ასევე დაგეგმილია მდინარე ბურსას კალაპოტში ქალაქის შემოსასვლელში არსებული ხიდის ჩრდილოეთით ქვის გაბიონების მოწყობის პროექტი, რომელიც დაიცავს კალაპოტის აღმოსავლეთით განთავსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს. პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 80 000 ლარი.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ასევე ყვარლის ტერიტორიაზე გეგმავს მდინარე ,,ალაზნის” ხიდის მიმდებარე და მდინარე ,,ინწობაზე” საბუე-ალნატის გზის ახლოს ნაპირსამაგრი ღონისძიებების გატარებას. როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, 2013 წელს ნაპირსამაგრ სამუშაოებზე დაგეგმილია 106 000 ლარის დახარჯვა. არხების რეაბილიტაციაზე კი, 200 000 ლარია გამოყოფილი.

,,ყვარლის მუიციპალიტეტი 2013 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გეგმავს არხების რეაბილიტაცის, როგორც ქალაქ ყვარელში, ასევე სოფლების ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტს აქვს ,,კამაცუს“მარკის ტრაქტორი, რომელიც მუშაობს ხევებისა და მდინარის კალაპოტების გაწმედაზე, მიმდინარე წელს ახალი ტექნიკის შეძენა და არსებული ხევებისა და მდიარეების კალაპოტეტის რეგულარული წმენდა არ იგეგმება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ,,კამაცუ” ტიპის ბულდოზერით იგეგმება მდინარეების დაზიანებული კალაპოტების ხრეშის გაბიონების მოწყობა და ნაწილობრივ კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები.წელს ინფრასტრუქტურულ-რეგიონულ პროექტებში ინფრასტრუქტურისა და რეგიონური განვითარების სამინისტროში წარდგენილი გვქონდა მდინარე დურუჯის ნაპირსამაგრი სამუშაოების საპროექტო წინადადება, სხვა პირველი რიგის პროექტებთან ერთად. იგი ითვალისწინებდა კალაპოტის პირველი ცხრაასმეტრიანი მონაკვეთის რკინაბეტონის საყრდენი კედლისა და ქვის გაბიონების მოწყობით სამუშაოებს. მაგრამ ამ ეტაპზე ეს პროექტი ჯერჯერობით, ვერ ფინანსდება,’’– აცხადებს ყვარლის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ კოკორიშვილი.

გურჯაანი,სტიქიური უბედურების ზონა 

გაზაფხულის მოსვლას შიშით ელოდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობაც. აქაც, როგორც კახეთის რეგიონის სხვა ბევრ მუნიციპალიტეტში, გახშირებული წვიმების გამო, მდინარეები დიდდება, კალაპოტიდან გადმოდის და საცხოვრებელ სახლებს ტბორავს.
მოსახლეობის თქმით, წლებია ხევები ნაგვისა და ქვა-ღორღისგან არ იწმინდება. ამის გამო წვიმის დროს კალაპოტი წყალს ვერ იტევს და ჯებირებიდან გადმოდის.
ბოლო ორი წლის განმავლობაში გურჯაანში ე.წ ,,სამოცბინიანების’’ დასახლებასთან ახლოს ჩამავალი ,,ახტალის ხევი’’ ზაფხულობით მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებს. გურჯაანელების თქმით, ხევის კალაპოტი დროულად არ სუფთავდება, რაც ხშირად სავალალო შედეგებით სრულდება.
მათი თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.
ვენერა დავითაშვილი, გურჯაანის მკვიდრი:
,,შარშან ახტალის ხევი გადმოვარდა და მთელი ახლოს მდებარე სახლები დატბორა. ხალხს შინაური ფრინველი და პირუტყვი დაეხოცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახლი ამ ადგილიდან ცოტა მოშორებით არის, წყალი მეც შემომივარდა სახლში, გამინადგურა ყველაფერი. ხევების კალაპოტები რეგულარულად უნდა სუფთავდებოდეს, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ ეს მოსალოდნელი პრობლემები. მე მახსოვს ადიდებულმა ახტალის ხევმა 2006 წელს ,,სამოცბინიანის” ეზოში მდებარე ავტოფარეხები დაანგრია და მანქანები წაიღო. ‘’ 

ახტალის ხევზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწელს გარკვეული რაოდენობის თანხები იხარჯებოდა.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი მინდიაშვილი განმარტავს, წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული ხევის რეაბილიტაციისთვის 67 ათასი ლარია გამოყოფილი.

,,სულ ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარია გამოყოფილი. 33 ათასი უკვე გახარჯულია. ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ხევის ერთ ნაწილზე. ახლა კი დაგეგმილია დარჩენილი 34 ათასი ლარით შეკეთდეს ,,სამოცბინიანების’’ დასახლებასთან ახლოს ხევის კალაპოტის გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები. გამოცხადდება ტენდერი, და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს უახლოეს ხანებში სამუშაოების განხორციელებას.’’ 

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობის განცხადებით, მრავალი წელია გაზაფხულის დადგომისთანავე სოფლის ხევი დიდდება და ნაკვეთებს წყლით ფარავს, რაც მოსავლის გაფუჭებას იწვევს. ადგილობრივების თქმით, პრობლემა ხევის გაუწმენდაობამ გამოიწვია. მოსახლეობის განმარტებით, პრობლემის მოგვარების მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
,,ხევი ყოველი წვიმის დროს დიდდება. საშიშროება არის იმის, რომ გადმოვარდეს წყალი და სოფელი დატბოროს. ამ საკითხს როდესმე ხომ უნდა მიექცეს ყურადღება. აუცილებელია ხევის კალაპოტის დაგროვილი ნაგვისგან გაწმენდა,’’- განაცხადა ვაზისუბნის მცხოვრებმა ცისანა მთვარელიშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელ აკაკი ოსიაშვილის თქმით, საკითხის გადაჭრის მიზნით ტენდერი გამოცხადდება და ხევის გაწმენდით სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია განახორციელებს.
გარდა ,,ახტალის ხევისა’’ პრობლემა გურჯაანში არსებული ,,ნავთის ხევის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც ექმნებათ. ადიდებული ხევი კალაპოტებიდან გადმოდის და საცხოვრებელ სახლებს წყლით ავსებს.
მოსახლეობის თქმით, ისინი სახლში ფრინველებს ვეღარ ზრდიან, რადგან ყოველ სეზონზე მათ ადიდებული ხევი სახლებში უვარდებათ და შინაურ ფრინველებს უხოცავთ.
მაია ფროდიაშვილი:
,,ნავთის ხევთან ახლოს ვცხოვრობ. თითქმის ყოველწლიურად მდინარე დიდდება და სახლებში გვივარდება. სტიქიის დროს ყველა მოდის, გვკითხულობს, მაგრამ მარტო ეს ვერაფერს გვიშველის, მთავარია, ხევს მიეხედოს. კალაპოტი უნდა გაიწმინდოს. ერთჯერადი დახმარება არ გვჭირდება, ჯობია ერთხელ გააკეთონ დიდი საქმე და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაატარონ ხევზე, ვიდრე ერთჯერადი დახმარებები გვაძლიონ.’’ 

ანალოგიურ მდგომარეობაშია კარდენახისა და კალაურის ხევებიც. მდინარეები: ალაზანი, ილტო, შოროხევი და კაბალი. სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა მდგომარეობა თანდათან გართულდება, რაც სავალალო შედეგამდე შეიძლება მივიდეს.გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, პრობლემა მოგვარებას ექვემდებარება, რადგან სოფლის დახმარების პროგრამით და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო გეგმავს, სიტუაციის კონტროლი შესაძლებელია.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები-საქართველოს ხელმძღვანელ ექსპერტ ნინო ჩხობაძის თქმით, ვინაიდან თანხა ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯება და განადგურებულია ქარსაცავი ზოლები და ტყეები, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქია სულ უფრო ხშირია.

მისი თქმითვე, ორგანიზაცია კამპანიას გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისათვის ხშირად კახეთშიც ახორციელებს.

-,,გურჯაანი სტიქიამ და წყალდიდობამ არაერთხელ დააზარალა. სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების არარსებობის გამო 2012 წელს დიდი რაოდენობით ნალექის მოსვლამ ნახევარი ქალაქი დატბორა. წელს გურჯაანის რაიონში მოსულმა სეტყვამ, ყველაზე უფრო დააზარალა ის სოფლები, სადაც პირწმინდადაა გაჩეხილი ქარსაცავი ზოლები და სოფლის მიმდებარე ტყეები. ეს ჩამონათვალიც საკმარისია იმისათვის, ნათლად დავინახოთ, რომ მონდომების შემთხვევაში, სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც შესაძლებელია ანთროპეგენური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენცია და ყველაფერს ,,ბუნების ჭირვეულობას” ვერ დავაბრალებთ. ეს ორგანიზაცია არასამთავრობოა და, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია ის ბერკეტები, რაც საჭიროა დიდი მასშტაბის მაღალბიუჯეტიანი პრევენციული ღონისძიებების ჩასატარებლად.დღეისათვის, ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს კამპანიას – ,,დავასუფთავოთ საქართველო”. 

ამ კამპანიის ფარგლებში, ნარჩენების მართვის საკითხებზე ჩატარდა შეხვედრები მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და გარემოს დასუფთავების აქციებში მათი ჩართვის მიზნით.
მიმდინარე წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ, დედამიწის მეგობრებმა, საქართველოსა და ბერნის უნივერსიტეტის განვითარებისა და გარემოს დაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ლაგოდეხის რაიონის სოფლებში სამუშაო შეხვედრები ჩაატარეს (სოფ. გურგენიანი და ხიზანბავრა), რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სოფლების მცხოვრებლების მოსაზრებების გაცნობა წყლის მომარაგებისა და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. შეხვედრებში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, ბელაქანისა და ზაქათალას რაიონების მკვიდრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება, რომელიც ძირითადად ხევებისა და მდინარეების გაწმენდით, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს.

,,სოფელ კარდენახში ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება მდ. მღვრიე ხევზე. რაც შეეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტს, ,,ნავთის ხევი” და ,,ახტალის ხევი” ყოველწლიურად დიდდება, რის გამოც მოსახლეობა ზარალდება. 2011 წელს გურჯაანის რაიონში ახტალის ხევზე ჩატარდა დაზიანებული კედლის აღდგენითი სამუშაოები, აღნიშნული პროექტით განხორციელდა ბეტონის კედლის მშენებლობა, მონიტორინგის პე-რიოდში ასევე დამატებით იქნება მოკვლეული აღნიშნულ ხევებზე შექმნილი.’’-განაცხადა მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა.

კახეთში გახშირებული სტიქიის მიზეზს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი მხოლოდ უხვნალექიანობაში არ ხედავს. მისი თქმით, ის ,,მომხვეჭელური დამოკიდებულება ბუნებისადმი, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა, საქართველოში დღემდე ცოცხლობს”:
,,სტიქიური მოვლენა, რომელიც კახეთში მოხდა, უკავშირდება არასწორად აშენებულ საირიგაციო სისტემებს. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, მაგრამ გაცილებით საჭიროა, რომ ის მიზეზები, რომლებიც ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას წარმოშობს, მაგალითად, წიაღის ამოღება, მკაცრად იყოს გაკონტროლებული. დღეისათვის წიაღს ნებართვის გარეშე და ამოსაღები რესურსის რაოდენობის შეფასების გარეშე მოიპოვებენ. ეს კი იწვევს სხავდასხვა სტიქიური მოვლენების გაძლიერებას”, – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

მუნიციპალიტეტში ყოველ წელიწადს პრობლემური ადგილების მიხედვით ხევების კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოები სულ მიმდინარეობს, ეს იქნება სათავე-ნაგებობები, თუ სხვა ტერიტორია, რომელიც ზიანს აყენებს საცხოვრებელ სახლებს,’’–აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ამ მიმართულებით უამრავი თანხა იხარჯება, ყოველ სეზონზე სტიქია გურჯაანელებს დიდ ზარალს აყენებს. ბოლო თვეების განმავლობაში მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ხევებიდან გადმოვარდნილმა წყალმა გადარეცხა. მოსახლეობას დაეხოცა პირუტყვი და შინაური პირუტყვი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ზარალის ასანაზღაურებლად მთავრობამ 1 750 000 ლარი გამოყო. აქედან 374 000 ლარი ხევების სათავე-ნაგებობების გაწმენდას მოხმარდება, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 999 000 ლარია განსაზღვრული, ხიდებისა და ბოგირების აღსადგენად _ 130 000 ლარი, ღვარსადენების მოწყობისთვის 166 500 ლარი გაიხარჯება, შიდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზების გაკეთებისთვის კი _ 680 500 ლარი.

ნაგვით სავსე ხევები 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის ხევი, სოფლის შუა ნაწილში ჩამოდის ორივე მხარეს კი საცხოვრებელი სახლებია განლაგებული. ეს ორი მხარე ერთმანეთს ხევზე გადებული ხიდებით უკავშირდება.
,,კახეთის ხმასთან” საუბარში სოფლის მცხოვრებელბი ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხი მათ პრობლემას უქმნით, რადგან წყალს საშინელი სუნი აქვს, ზაფხულობით უამრავი მწერი ჩნდება და შინაური ცხოველები და ფრინველებიც ხევის ნაგავში იქექებიან.

55 წლის ნათელა ხელხელაური აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წყალი ძალიან დაბინძურებულია, რადგან ქალაქ თელავის მთელი კანალიზაცია ხევში ჩადის. მისივე თქმით, ხევი 15 წელზე მეტია არ გაწმენდილა, რის გამოც კალაპოტი ნაგვით არის სავსე.

,,გაუსაძლისია გახდა აქ ცხოვრება, სუნი დგას, ბევრი კოღოა, სიბინძურეა. დიდი ხანია, ეს პრობლემა არსებობს. ამ წყალს ვერ ვიყენებთ ვერაფერში. თავის დროზე ეს არხი სარწყავად გამოიყვანეს, მაგრამ ახლა გამოუსადეგარია. თუ კანალიზაციას არაფერი არ ეშველება, წყალმა მაინც იაროს (არხში წყალი დამდგარია, არ მოძრაობს) ბავშობიდან აქ ვცხოვრობ, მაგრამ არ მახსოვს, ეს არხი გაეწმინდათ, წლებია ასეა დანაგვიანებული. ახლაც შიგ გდია მკვდარი ძაღლი. რომ დაცხება და აყროლდება, ჩვენი შვილები დაავადების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ჩემს ეზოში ერთხელ გველი ვარდის ბუჩქის ძირში იყო, კინაღამ ხელი წავავლე, ისე შემეშინდა, ადგილზე გავიყინე”. 

ადგილობრივების თქმითვე, პრობლემა დროულად აღმოფხვრას საჭიროებს, რადგან შესაძლოა დაბინძურებული ხევიდან მოსულმა მწერმა რაიმე სახის ავადმყოფობა გაავრცელოს.

,,ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ვის აღარ მივმართეთ, გამგეობაში განცხადებაც დავწერეთ, ხელმოწერებიც მოვაგროვეთ, რამდენჯერ მოვიდნენ, მაგრამ არაფერი ეშველათ, დავიღალეთ უკვე. მოვლენ, დაგვპირდებიან გაგიკეთებთო, მაგრამ მერე არაფერს აკეთებენ. ახლა რა უჭირს, რომ დაცხება მერე უნდა ნახოთ, საშინელებაა, მაჭარივით დუღს, ფანჯრებს ვერ ვხსნით, ყარს. სარწყავად ეს წყალი არ ვარგა, ამით მორწყვა როგორ შეიძლება და სხვა წყალი არ გვაქვს, გვალვის დროს ფუჭდება მოსავალი. მთელი თვეები რომ არ მოდის წყალი და ეს კანალიზაცია ჩადის შიგ, ილექება, რომ დაცხება, დუღს. ბაყაყებით, კოღოებითა და გველებითაა სავსე. ზაფხულობით, იცით, რამდენ გველს კლავენ, ზემოთ ამოდიან. სხვა თუ არაფერი, წყალმა მაინც იაროს.ერთხელ, ჩემი თვალით ვნახე გველი, გზაზე გადადიოდა და მოკლეს. კოღოების ნაკბენები ბავშვებს უღიზიანდებათ და უწითლდებათ. ამას წინათ ვიღაცამ ჩამოიარა, გააჩერა მანქანა და ნაგავი ტომრით შიგ ჩაყარა.” – განაცხადა კურდღელაურის მკვიდრმა ქეთი თეთრაულმა.

ექსპერტ ზურაბ როსტომაშვილის შეფასებით, ,,თელავის საკანალიზაციო წყლების დიდი ნაწილი ორ ადგილას ჩაედინება არხში, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე, რაზეც წლების განმავლობაში მოსახლეობისგან თელავის გამგეობაში უშედეგოდ შედიოდა საჩივრები გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გამო (აუტანელი სუნის, სიბინძურის, ზაფხულობით კოღოების სიმრავლის, ეპიდემიის საშიშროების თაობაზე). ამ მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ არასარწყავ პერიოდში არხიდან წყალი არ გაედინება და კანალიზაციის წყლები გროვდება არხის კალაპოტში. ტერიტორიის დაბინძურების შესახებ არავითარი გამაფრთხილებელი წარწერები არ არის, არც შემოღობილია, თუმცა შემოღობვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან საკანალიზაციო წყლები მიედინება ღიად სოფელ კურდღელაურის ბოლოდან ალაზნამდე რამდენიმე კილომეტრზე თელავი-ყვარელი საავტომობილე გზის პირას.

გარემოს დაცვის ექსპერტკახა სუხიტაშვილის თქმით, კურდღეალურის ხევი და ეს ადგილი ადამიანისათვის საშიშ ზონად გამოცხადების საფუძველს იძლევა:
-`არ არის შემოღობილი კანალიზაციის ჩადინების ადგილი და რაიმე ნიშანი არ არსებობს, რომელიც მიუთითებს, რომ აქ კანალიზაცია ჩაედინება. რაც შეეხება დაბინძურებას, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ტერიტორია კი არ ბინძურდება, არამედ მთლიანად მდინარე ალაზანი. არ არსებობს საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა, რომელიც შეამცირებდა დაბინძურების ხარისხს.”

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – ,,დედამიწის მეგობრები” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე კურდღელაურის პრობლემას უკვე იცნობს და აღნიშნავს, რომ:
– ,,მდგომარეობა კურდღელაურში მართლა რთულია. ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას, ამ ხევთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი შრომაა აქვს გაწეული. მივაღწიეთ იმას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მომზადდა და უკვე არსებობს. რაც შეხება თელავს, აქ არ არსებობს სანიაღვრე, სადრენაჟო და წყალმომარაგების გამართული სისტემები, რომლებიც ქალაქს დაიცავენ წყალდიდობებისა და ძლიერი წვიმების დროს. მითუმეტეს, რომ არცერთ მდინარეზე წლების მანძილზე არ ჩატარებულა ნაპირსამაგრი სამუშაოები. სეზონური წყალდიდობების გამო სახნავ–სათესი ფართობების დატბორვის პრობლემა, ნარჩენების უტილიზაცია, და ა.შ, თუმცა ძირითად პრობლემას მაინც წყლით მომარაგება წარმოადგენს. მუნიციპალიტეტებში სანიაღვრე არხები, დრენაჟები და კოლექტორები არ არსებობს, რის გამოც ყოველი წვიმის მოსვლის დროს ივსება და მოსახლეობას წყალი სახლებში უვარდება. რასაკვირველია, ეს ადგილობრივი მმართველობებისა და თვითმმართველობების მოსაგვარებელი საკითხია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას. ცალკე აღებული პროექტები, ეფექტურ შედეგს ვერ მოგვცემს. აუცილებელია, შემუშავდეს კახეთის განვითარების რეგიონული გეგმა, სადაც განსახორციელებელი პროექტები ერთმანეთთან შეეთანხმება. გეგმა უნდა იყოს რეალური და დაფუძნებული პრობლემების შესწავლაზე და პრიორიტეტების განსაზღვრაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რეგიონის განვითარების გეგმის გარეშე პროექტების დაზუსტება გაძნელდება.გასული წლები იყო ძალიან მძიმე. სამწუხაროდ, საშიშროება კვლავ არსებობს და ის იარსებებს მანამ, ვიდრე არ განხორციელდება მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები და მოსახლეობაც მომხდარ პროცესებში არ გაიაზრებს თავის წილ პასუხისმგებლობას. ‘’ 

ოც წელზე მეტია საქართველოს ბიუჯეტში ვერ გამოინახა თანხა, რომელიც გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ხევების, მდინარეებისა და სარწყავი არხების სარეაბილიტაციო, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარებულიყო.
ეკოლოგების თქმით, მდინარეების დაბინძურების საფრთხე მაღალია.
-`ჯერჯერობით გვშველის ის, რომ ჩვენი მდინარეები არის წყალუხვი და თვითწმენდის უნარი აქვთ. დაბინძურება დასაშვებ ნორმას არ აღემატება. საქართველოში ხორციელდებოდა პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით. მტკვარ-არაქსის აუზში შემუშავდა ერთიანი მეთოდოლოგია. გამზომი მაკონტროლებელი დამონტაჟდა, დაიდგა პოსტები და დაიწყო შემოწმება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის მოთხოვნებს შეესაბამება. ეს არ ნიშნავს, იმას რომ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ საკანალიზაციო სისტემა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რადგან, როცა მდინარეში წყალი დამშრალია, ეს კონცენტრაცია მატულობს, ზაფხულში და შემოდგომით,”_ამბობს ნინო ჩხობაძე.

თელავის რაიონის დაბინძურებული სანიაღვრე არხები და ხევები ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას ქმნის 

გარდა სოფელ კურღელაურისა, ხევებისა და მდინარეების დანაგვიანების პრობლემა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში არსებულ ხევებშიც დგას. სწორედ, სახელმწიფოს უმოქმედობაზე, თანხების არამიზნობრივად გახარჯვასა და სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაზე საუბრობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა.
მათი თქმით, წლების განმავლობაში გაუწმენდავი ხევები ნაგვით არის სავსე, როს თელავის რაიონის დაბინძურებული სანიაღვრე არხები და ხევები ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას ქმნის.ზაფხულის მოახლოებასთან ერთად რაიონში ეპიდემიის გავრცელების საშიშროება იზრდება.

,,თელავის ხევისა და სოფელ კურდღელაურის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისევე, როგორც შინაგანი ჯარის ყოფილ სამხედრო ბაზასთან საშინელი ანტისანიტარიაა. დღეს ხელისუფლება გველაპარაკება წესრიგზე და ქვეყანაში არსებულ სისუფთავეზე, ამ დროს კი მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების რისკები იზრდება”, – აცხადებს ,,კონსერვატიული პარტიის” ახალგაზრდუ¬ლი ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე სოფო კობაიძე.

ადგილობრივების თქმით, მიუხედავად იმისა, თელავის ხევის დანაგვიანებისთვის მოქალაქეებს 50 ლარით დააჯარიმებენ, ადგილობრივები ნაგავს ხევში ჰყრიან, რაც პრობლემას უფრო ამძაფრებს.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე თედო ხოსროშილი აცხადებს, რომ მისი მუშაობის პერიოდში თელავის ხევი რამდენჯერმე გაიწმინდა, მაგრამ ხალხი ისევ აბინძურებს.

,,ჩვენ ხევს კიდევ გავწმენდთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩოხელისა და ბაგრატის ქუჩის მცხოვრებლები მას ისევ დაანაგვიანებენ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ”, – განაცხადა გამგებლის მოადგილემ.
თელაველების თქმით კი, ხევი ათეული წლებია არ გაწმენდილა და იქ ანტისანიტარიაა შექმნილი. მათივე თქმით, ის მოქალაქე, რომელიც ნაგავს ხევში ჩაყრის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

,,აღნიშნული ხევი ნაგვისგან არ იწმინდება, რის გამოც ტერიტორიაზე სუნი და ანტისანიტარიაა. ჩვენ მოვითხოვთ იმ მოქალაქეების დასჯასაც, რომლებიც ხევში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ჰყრიან, დაბინძურებული ხევი შესამჩნევი განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზეა, სადაც ჩვენთან ერთად უცხოელი სტუმრებიც გადაადგილდებიან. სირცხვილია, რომ ქალაქის ცენტრალურ ადგილზე ასეთი მდგომარეობაა. ხევი ათეული წლებია არ გაწმენდილა, ის მხოლოდ ძლიერი წვიმების დროს ან წყალდიდობის შემთხვევაში ირეცხება”, – განაცხადა თელაველმა ბელა თარაშვილმა.

თელაველების თქმით, იყო შემთხვევა, როცა სოფელ შალაურში ადიდებულმა ხევმა სამი ადამიანი გაიტაცა და მათ სიცოცხლე იმსხვერპლა.
,,ადიდებული ხევიდან ამოვარდნილმა წყალმა ავტომანქანა ,,ოპელი” ხევში გადაჩეხა. სამმა მგზავრმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ისინი წყალმა წაიღო. გარდა ამისა, ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა თელავის რაიონის სოფელ შალაურისა და კურდღელაურის ხევების ადიდებაც გამოიწვია, წყალმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, შინაური ფრინველი და პროდუქტიც გაიტაცა,” –იხსენებს თელავის მცხოვრები ალექსი არუთინაშივილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. გრანტებისა და ტრანსფერების სახით გაიზარდა შემოსულობები. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად თანხა ძირითადად „სოფლის დახმარების პროგრამასა“ და ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს დაემატა. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, ბიუჯეტი 9 მილიონ ლარზე მეტია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტს საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 3 მილიონ ლარზე მეტი ჩაერიცხება, ბიუჯეტი კი, სავარაუდოდ, 13 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

,,ბოლო საკრებულოს სხდომაზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კენჭი ადგილობრივი გარემოს დაცვის შვიდწლიან გეგმას უყარა, რომელშიც გარემოსდაცვითი პრიორიტეტებია განსაზღვრული. პროგრამაში გათვალისწინებულია ძირითადად გარემოსდაცვითი პრობლემები, ასევე დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმები, რომელიც შეეხება ნაპირსამაგრო სამუშაოების განხორციელებას, ნაგავსაყრელების პრობლემების მოგვარებას, ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და სხვა.’’– განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და კულტურის განყოფილების უფროსმა ზურაბ ენუქიძემ.

მე-11 საუკუნეში აგებულ უძველეს ალავერდის ტაძარს სტიქიამ სერიოზული საფრთხე გასული წლის გაზაფხულზეც შეუქმნა. ჰოლანდიის ,,პრინც კლაუსის ფონდმა” კომპლექსის გადასარჩენად 2011 წელს 30 ათასი ევრო გაიღო.

ამ თანხით მონასტრის გარშემო მდინარის კალაპოტი გაღრმავდა და დამცავი დამბები მოეწყო, რომელიც 19 ივლისის ღამით მომხდარმა სტიქიამ ქვა-ღორღით ისევ ამოავსო.
ალავერდის ტაძრისთვის მთავარ პრობლემას ხევის წყალი წარმოადგენს, – ამის შესახებ ექსპერტებიც საუბრობენ.

აღნიშნულ პრობლემაზე ყოფილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილიც საუბრობდა: ,,სააგენტო მხოლოდ ტაძრების რესტავრაციის სამუშაოებს აწარმოებს.ალავერდის ტაძარს კი, პრობლემას ხევის წყალი უქმნის”, _ აცხადებდა ვაჩეიშვილი.

ალავერდის მონასტრის მღვდელმონაზონის იოსების განცხადებით, ალავერდის ტაძარი ყოველ გაზაფხულს საფრთხეშია. უხვი ნალექების დროს ზემოხოდაშენის ხევი დიდდება და ნაპირებიდან გადმოდის. ბოლოს 19 ივლისის მოვარდნილმა წყალმა მონასტრის მიმდებარედ წინა წელს აშენებული დამცავი დამბები ამოავსო და მონასტრის ტერიტორია დატბორა, კახეთში სტიქიის შედეგად ალავერდის მონასტრის ტერიტორია უკვე ორჯერ დაიტბორა და ტაძარი კიდევ ერთ დატბორვას ვეღარ გაუძლებს.
,,მონასტერთან ახლოს მდინარეს ღვარცოფი მოაქვს. საშიშროება თანდათან იზრდება, თუ ასე გაგრძელდა, ჩამონატანი კალაპოტში აღარ დაეტევა და იმაზე უარესი მოხდება, რაც 19 ივლისს იყო. მდინარის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს’’- აცხადებს მონასტრის მღვდელმონაზონი.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შრგელაშილის თქმით, 2012 წელს განხორციელდა ნაპირსმაგრი სამუშაოები, რომლის დროსაც ჩატარდა ხოდაშენის ხევის კალაპოტის გაწმენდა-დარეგულირება. აღნიშნული პროექტით კალაპოტი გაიწმინდა საავტომობილო ხიდიდან მდ. ალაზნის შესართავამდე.

კახეთის რისკის ზონების სია 

,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციე¬ბის ქსელმა (,,СENN”) კახეთის რეგიონში რისკის ზონების სია გამოაქვეყნა. გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, 2011 წელს საშიში გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესების განვითარება კახეთის რვავე რაიონშია მოსალოდნელი.
ამჯერად გთავაზობთ თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიცი-პალიტეტების ტერიტორიების რისკის ზონების სიას.

ყვარლის მუნიციპალიტეტი 
ახალსოფლის თემი, მდინარე შოროხევი – ნაპირსამაგრი სამუშაოები 500 მეტრ სიგრძეზე – 50 ათასი ლარი; მდინარე ბურსა – კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები 400 მტრ სიგრძეზე – 40 ათასი ლარი; მდინარე დურუჯი – ნაპირსამაგრი სამუშაოები 2 კილომეტრ სიგრძეზე – 200 000 ლარი;სოფელი შილდა მდინარე ჩელთის ხეობა – გაბიონის მოწყობა 200 გრძივი მეტრი, სოფელი ახალსოფელი მდინარე ავანისხევი – გაბიონის მოწყობა 300 გრ.მ;შილდა-საბუის დამაკავშირებელი ხიდი – გაბიონის მოწყობა 200 გრ.მ;სოფელი ენისელი მდინარე ინწობა – გაბიონის მოწყობა 200 გრ.მ და 1.8 კილომეტრ კალაპოტის გაწმენდა; სოფელი გრემი სასმელი წყლის მაგისტრალი – გაბიონის მოწყობა 300 გრ.მქალაქი ყვარელი მდინარე დურუჯი – გაბიონის მოწყობა 2 კმ სიგრძის; მდინარე ბურსა – გაბიონის მოწყობა;მდინარე სეფორა სათავეში – 150 მეტრ სიგრძის გაბიონის მოწყობა
თელავის მუნიციპალიტეტი
სოფელი ართანა, ართანის ხევი – ხევის გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები – 200 000 ლარი;ქალაქი თელავი მდინარე თურდო – ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა;თელავი მდინარე თელავის ხევი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;მდინარე სტორის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლი ნაურდლის არხის სათავე – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი ართანის მიმდებარე ტერიტორია მდინარე დიდი ხევის დასავლეთ სანაპირო ზოლი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი სანიორის მიმდებარე ტერიტორია მდ. დიდი ხევის დასავლეთ სანაპირო ზოლი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელ ლაფანყურის მიმდებარე ტერიტორია მდინარე ლოპოტის ორივე სანაპირო ზოლი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელ კონდოლის მიმდიბარე ტერიტორია მდინარე კისისხევის დასავლეთ სანაპირო ზოლი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელ ვარდისუბანის მიმდიბარე ტერიტორია მდინარე ვარდისუბ¬ის ხევი და სანაპირო ზოლი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელ ყარაჯალას მიმდებარე ტერიტორია მდინარე თურდოს ხევის დასავლეთი სანაპირო ზოლი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;მდინარე იყალთოს ხევი ორივე სანაპირო ზოლი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელ კურდღელაურის მიმდებარე ტერიტორია მდინარე კურდღელაურის ხევი ორივე სანაპირო ზოლი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;ქალაქ თელავის მიმდებარე ტერიტორია მდ. კურდღელაურის ხევის ორივე ნასაპირო ზოლი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;თელავის მუნიციპალიტეტი მდინარე დოლიაურის ხევი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;მდინარე თელავისხევი ორივე სანაპირო ზოლი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი 
ქალაქი გურჯაანის წყლის სათავე ნაგებობის დაცვა – 800 მეტრი გაბიონის მოწყობა – 1 000 000 ლარი;შპს „კოლაგი” სამონადირეო მეურნეობა მდინარე ალაზანი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი ვაზისუბანი – მდინარე ალაზანი საფრთხეს უქმნის წყალშემკრებ სატუმბე სადგურს ავარიული უბნის სიგრძეა 5000-600 მეტრი სიგანე 45-50 მეტრი, ქალაქი გურჯაანი მდინარე ახტალის ხევი – კალაპოტის გაწმენდა, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი ვაჩნაძიანი მდინარე ვაჩნაძიანის ხევი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი კალაური – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება 2500 მეტრზე ;სოფელი შაშიანი მდინარე შაშიანის ხევი – კალაპოტის გაწმენდა;სოფელი ახაშენი, მუკუზანი, ველისციხე, ჭერემი მდინარე ჭერემისხევი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი გურჯაანი მდინარე ხევისუბნის ხევი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი ჭერემი მდინარე ახტალის ხევი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი ვეჯინი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი კოლაგი – კალაპოტის გაწმენდა;სოფელი ბაკურციხე – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი კარდენახი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი მელაანი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი არაშენდა – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი კაჭრეთი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი ნანიანი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება;სოფელი ვაზისუბანი მდ. ალაზანი – ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება.

ორგანიზაციის ცნობით, რისკის თავიდან აცილებას თვითმ¬მართველობები საკუთარი რესურსებით ვერ უზრუნველყოფენ. პრობლემას განსაკუთრებით ის გარემოება ამწვავებს, რომ გასულ წელს, გაურკვეველი მიზეზების გამო, პრევენციული ღონისძიებების დაფინანსება 2009 წელთან შედარებით ექვსჯერ შემცირდა.,,СENN-ის” ცნობით, მოსალოდნელი სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, რისკის თავიდან ასაცილებლად საჭირო ღონისძიებებისათვის აუცილებელი თანხები არც წლევანდელ ბიუჯეტშია ადეკვატურად ასახული.

მოსახლეობის პრობლემა მოგვარდება? 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება.
ნარმანიას თქმითვე, საქრთველოში სულ 653 პროექტი განხორციელდება, რომელიც გზების, წყლის სისტემების, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხება, რისთვისაც 201,646,098 ლარი დაიხარჯება.

-,,კახეთში სულ 96 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 23 მილიონ 995 ათას 300 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები სხვა რეგიონების მსგავსად, კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რომელიც ძირითადად სასმელი წყლის სის¬ტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გზების, ნაპირსამაგრი, საკანალიზაციო სისტემებისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ეხება. ‘’ 

ნარმანიას თქმითვე, ასევე დაგეგმილია მდინარეების, ხევების ადიდებისა და წყალმოვარდნების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა სახის ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც ძირითადად კალაპოტის გაწმენდას გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას და დამცავი გაბიონების გაკეთებას ეხება.

,,მიმდინარე წელს დაგეგმილია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფ. კარდენახში, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება მდინარე მღვრიეხევზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიზეა ნაპირსამაგრი სამუშაოები (სანიაღვრე არხის შეკეთება– II ეტაპი). დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ,,კაკლის ყურე” მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირის სამუშაოები, ასევე მდ. ჯანპარაჩაისთან მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირის ნაპირსამაგრი სამუშაოები.ამასთან, განიხილება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შემდეგი პროექტების დაფინანსების საკითხი: ქ. ახმეტაში მდ. ალაზნის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა; ქ. ყვარელში ,,ილიას ტბის” გზის და მიმდებარე მოედნების მიწის ვაკისის ფერდობის გამაგრების და სხვა გადაუდებელი ღონისძიებების სამუშაოები, მდ. ბურსის ნაპირსამაგრი სამუშაოები. სოფელ ყარაჯალაში მდ. თურდოზე ნაპირდამცავი ქვის წყობის გაბიონის მოწყობა, სოფელ იყალთოში მდ. თურდოს ხეობაში არსებული დრენაჟის გასწვრივ ქვის წყობის გაბიონის მოწყობა. სოფელ წინანდალში გამავალი ,,დოლიაურის”, ,,ქვ. ხოდაშენის”, ,,ბუშეტის” და ,,კისისხევის” ხევების გაწმენდა და დამბების მოწყობა. სოფელი ვანთა-სოფელ აკურაში გამავალი ,,ვანთის ხევის” გაწმენდა და დამბების მოწყობა. სოფელ კურდღელაურის, ვარდისუბნისა და გულგულის ტერიტორიებზე გამავალი თელავის ხევის გაწმენდა და დამბების მოწყობა.განხილვის პროცესშია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შემდეგი პროექტების დაფინანსების საკითხი: სოფელ იყალთოში ,,სალოკის” სასმელი წყლის დრენაჟის რეაბილიტაცია. სოფელ ბუშეტში არსებული ამორტიზირებული დრენაჟის რეაბილიტაცია. სოფელ შა¬ლაურში ,,ხრუკიას” ხევში არსებული ამორტიზებული დრენაჟის რეაბილიტაცია. სოფელ ართანაში არსებული ამორტიზებული დრენაჟის რეაბილიტაცია. სოფელ ჯუღაანში ამორტიზებული წყალსადენის დრენაჟის რეაბილიტაცია. სოფელ ვანთაში ამორტიზირებული წყალსადენის დრენაჟის რეაბილიტაცია.’’ 

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში ღვინის ქარხანა ,,ბადაგონის” მიმდებარედ მდ. ხოდაშენის ხევზე დაზიანებული სანაპირო ზოლის 2 უბანი აღდგა. ერთ უბანზე მონოლითური რკინა-ბეტონის ფილები დაიგო, ხოლო მეორეზე განხორციელდა ავარიული უბნის დაცვა გაბიონის ნაგებობით. გარდა ამისა, 2013 წელს დაგეგმილია ზემო ხოდაშნის ხევის 7.8 კმ-ის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებაც.

ავტორი: მაკა ხაზიური

http://kakhetinews.ge/ge/home/news/main-theme/wyalwarebuli-milionebi-

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s