დღეს, “მწვანე ალტერნატივას“ ინიციატივით, მოეწყო შეხვერდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა დიალოგი გამართეს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პარლამენტის კომიტეტის წევრებისთვის გარემოსდაცვით სექტორში არსებული პრობლემური საკითხებისა თუ გამოწვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის გაცნობა, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ფორმებზე შეთანხმება. შეხვედრას ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი და სხვ.შეხვედრაზე განიხილეს: – საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გარემოსდაცვითი მართვის ინსტრუმენტები – საკანონმდებლო ხარვეზები და მათი პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები; საქართველოს ტყეების მართვისა და დაცვის პრობლემები; ბუნებრივი რესურსების მართვა; განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკითხები; ენერგეტიკული პროექტები და მათი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, გარემოს დაცვის სექტორში ბევრი პრობლემაა, რომლის გადაჭრა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. “მძიმე ვითარებაა სამცხე-ჯავახეთში, ზესტაფონში, ხარაგაულში და სხვ. არ მიმდინარეობს ტყის განახლება, ვითომ სანიტარული ჭრებით იჩეხება წაბლის ხეები. არ ხდება ტყის გაწმენდითი ჭრები, დაბინძურებულია ტყის მასივები და სხვ. გარემოს დაცვის სფეროში მრავალმილიონიანი ზარალი გვაქვს.” ცაგარეიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ იმერეთში საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან გარემოს დაბინძურების გამო, უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ რეგიონში მომატებულია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი. მისი თქმით, სახელმწიფოს პირველი საზრუნავი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოხცხლეა.
შეხვედრაზე ბევრი ისაუბრეს ჰუდონ ჰესთან და საერთოდ, მიმდინარე ჰესების მშენებლობაზეც. ცაგარეიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვლენ ჰოლანდიელი ექსპერტები, რომლებიც დამოუკიდებელ დასკვნას დადებენ, აყენებს თუ არა ამ ჰესის მშენებლობა გარემოს ზიანს და თუ აყენებს რა დოზით. “მთავრობის ვალდებულება მარტო ის კი არაა, რომ ისაუბროს ამა თუ იმ პრობლემაზე, მისი ვალდებულებაა რომ ქვეყანას სამართლებრივი პრობლემები აარიდოს,” – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ თუ დასკვნა გარემოს დაბინძურებას დაადასტურებს, მაშინ სახელმწიფო მზადაა კომპანიას ზარალი აუნაზღაუროს. “ჩვენ არ გვინდა ისეთი მშენებლობა, რემელიც ქვეყანას დააქცევს,” – განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები თემების გარდა, უამრავ პრობლემებზე ისაუბრეს, შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ დადებითად შეფასდა, რადგან გარემოს დაცვის პრობლემებზე ღიად ისაუბრეს და მომავალშიც გამოიკვეთა შესააძლებლობები, რომ არასამთავრობო სექტორმა და მთავრობამ ერთად იმუშაონ, ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ გარემოს სფეროში არსებულ ყველა პრობლემის გადაჭრას.