RSS

თეთრი დელფინი შავ ზღვაში

30 ივნ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი დააფიქსირა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ექსპედიციამ აღნიშნული ფაქტი 23 ივნისს დააფიქსირა.


“დელფინების თეთრად შეფერილი წარმომადგენლები ჩვენს პლანეტაზე დიდი იშვიათობაა. მაგალითად, ბოლო 100 წლის განმავლობაში ნაპოვნია ზღვის ღორის (ერთ-ერთი დელფინი, ლათინური სახელწოდება Phocoena phocoena) მხოლოდ 6 თეთრი შეფერილობის ინდივიდი. აქედან ორი ნანახი იყო შავ ზღვაში: 1928 და 1937 წლებში. შავ ზღვაში მობინადრე ზღვის ღორები განსხვავდებიან ამავე სახეობის მსოფლიო ოკეანეში მობინადრე სხვა პოპულაციებისგან როგორც მორფოლოგიურად, ისე გენეტიკურადაც. ეს დელფინები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ მიჩნეულნი არიან გადაშენების საფრთხეში მყოფებად, ამიტომ მათი შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც ზღვის ეკოსისტემის, ისე მთლიანად სახეობის შენარჩუნებისთვის”, – აღნიშნავენ უნივერსიტეტში.
მათივე ინფორმაციით, კვლევა, რომლის მიზანია შავი ზღვის დელფინების შესწავლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამის ფარგლებში 2009 წლიდან მიმდინარეობს. საველე სამუშაოებში პროფესორებთან ერთად ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებია ჩართული.
“ერთ-ერთ საზღვაო გასვლაზე, რიონისა და ხობის შესართავებს შორის, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მკვლევარებმა დაინახეს თეთრი ზღვის ღორი. უჩვეულო დელფინი მდედრების 5-ინდივიდიან ჯგუფში ერთად იყო, რომლის შემადგენლობაში ერთი პატარა, 1 წლამდე ასაკის ნაშიერი შედიოდა. ზღვის ღორებში, ისევე როგორც დელფინების სხვა სახეობებში, მდედრები და მამრები ცალ-ცალკე ჯგუფებს ქმნიან. მდედრების ჯგუფის ამოცნობა მათ გვერდით ნანახი ნაშიერების მიხედვით ხდება, რომელთა იდენტიფიკაციაც, მოზდილ ინდივიდებთან შედარებით მცირე ზომებითაა შესაძლებელი”, – აღნიშნავენ უნივერსიტეტში.
მათივე ცნობით, თეთრ ზღვის ღორს სტუდენტებმა “ხატია” შეარქვეს, მისი “პირველდამნახველი” სტუდენტის საპატივცემოდ. “ხატია” ზრდასრული ინდივიდია. ზურგის მხარე ქათქათა თეთრია, ზურგის ფარფლზე შავი არშია გასდევს და სასუნთქ ხვრელთან შავი ლაქა აღენიშნება, თვალებიც შავი ფერის აქვს. აქედან გამომდინარე, თეთრი დელფინი არ არის ალბინოსი, მას აქვს ჰიპოპიგმენტაცია (პიგმენტაციის ნაკლებობა).
“რადგან თეთრი შეფერილობის დელფინები იშვიათია, თითქმის არ არის შესწავლილი ჰიპოპიგმენტაციის გავლენა მათ ფიზოლოგიასა და ეკოლოგიაზე. სავარაუდოდ, ასეთ შეფერილობას უარყოფითი გავლენა უნდა ქონდეს თერმორეგულაციის უნარზე. თეთრ ინდივიდს გაუჭირდება სითბოს შენარჩუნება წყლის დაბალი ტემპერატურის პირობებში. თუმცა ზღვის ღორებზე დაკვირვებისთვის უჩვეულოდ შეფერილი ინდივიდი ძალზე მოსახერხებელია, რადგან ჯგუფის “ბუნებრივ” მარკერს წარმოადგენს. მისი იდენტიფიკაცია მარტივია, რაც აადვილებს ჯგუფის გადაადგილების, სტრუქტურის ცვლილების, ტერიტორიების შერჩევის შესწავლას”,-აცხადებენ ილიას უნივერსიტეტში.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ნათია კოპალიანი და ზურაბ გურიელიძე; სტუდენტები: ხატია ბასილაშვილი, გიორგი ლემონჯავა, მირზა მოდებაძე, მარიამ გაბელაია და მიხეილ ფოცხიშვილი; უნივერსიტეტის საზღვაო ტექნიკის სამმართველოს უფროსი – მამუკა მოდებაძე.

http://www.ipn.ge

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s