RSS

შიომღვიმე

27 მაისი

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

შიომღვიმის მონასტერი მცხეთიდან 12 კილომეტრშია.საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ფრიად მიმზიდველია, თუმცა პრობლემები აქაც ბევრი ხვდებათ როგორც უცხოელ ვიზიტორებს, ისე საქართველოში მცხოვრებ ტურისტებსა თუ მომლოცველებს. (თუმცა ამაზე მომავალში ვისაუბრებთ).

მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუახანებში, ერთ-ერთმა ასურელ მამას შიოს, რომელმაც სიცოცხლის ბოლო თხუთმეტი წელი მონასტრის შუა ნაწილში მდებარე ბნელ მღვიმეში გაუტარებია. იგი თავისი ანდერძის თანახმად იქვეა დაკრძალული.
სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა, ჯერ კიდევ, წმიდა შიოს სიცოცხლეში, 560-70-იან წლებში აშენებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გაკაფულ კლდეშია ამოყვანილი. ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა. XI ს-ის ბოლოს წმიდა შიოს მღვიმის თავზე, ნათლისმცემლის ეკლესიის დასავლეთით, აშენდა გრძელი უაფსიდო ეგვტერი. მღვიმე, რომლის ცენტრშიც წმიდა შიოს საფლავია, 11 მეტრის სიღრმისაა. იგი ზემოთკენ ჭასავით ვიწროვდება და იხსნება ეგვტერის დასავლეთ ნაწილში გაკეთებული ხვრელით. სწორედ ამ ხვრელიდან აწოდებნენ შიოს საკვებს ბერები.
ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილოეთით, ღვთისმშობლის მიძინების დიდი ტაძარია, რომელიც 1103-23 წლებში მეფე დავით აღმაშენებელმა ააშენა. 1614-16 წლებს შორის, ირანელთა მიერ მონასტრის დარბევისას, ღმრთისმშობლის ეკლესია დაინგრა. 1678 წელს გივი იოთამის ძე ამილახვარმა განაახლა და აღადგინეს, როგორც სამნავიანი ბაზილიკა. ლეკების შემოსევისას, 1722-26 წლებში ეკლესია კვლავ დაზიანდა. 1730-33 წლებში გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა ხელახლა შეაკეთა. 1890-იან წლებში ეკლესია განაახლა წმიდა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ.
მონასტრის მახლობლად, ჩრდილოეთით, სარკინეს (ახალტბის) ქედის შვეულ კალთებზე ასზე მეტი გამოქვაბულია, რომლებიც ბერების საცხოვრებელი და თავშესაფარი იყო.
თავიდანვე, მონასტერი თავისი არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო, სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, თავდაპირველად შიო კლდიდან გამოჟონილი წყლით სარგებლობდა. შემდგომში, როცა ბერთა რიცხვი გაზრდილა, მტკვრიდან დაუწყიათ სასმელი წყლის ამოზიდვა, ამავე დროს მონასტერში მცირე წყაროც გამოჩენილა. ლეგენდა ამ წყაროს გაჩენას შიოს სასწაულმოქმედებას მიაწერს. თურმე, ერთ ბერს მტკვრიდან წყალი მოჰქონდა, უცებ დაცემულა, ჭურჭელი გასტყდომია და წყალი დაღვრია. ბერს საშინელი ტირილი და თავში ცემა დაუწყია. ეს რომ შიოს დაუნახავს, ბერისთვის უთქვამს – ნუ ტირი, ღმერთმა გისმინა და შენი ცრემლების სამაგიეროდ მანდ წყაროს გაჩენა ინებაო. წყარო, საიდანაც წყალი გადმოდის და ახლა ბოქლომითაა დაკეტილი, „ცრემლის წყაროს“ უწოდებენ.

შიომღვიმე ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ შიო მღვიმელი, ბასილ კარიჭის ძე (XI ს.), არსენ იყალთოელი, არსენ ბერი, გიორგი ხუცესმონაზონი (XIII-XIV სს.), თეოდოსი (1878-1881) და სხვა. შიომღვიმის უდიდესი წიგნთსაცავიდან მოღწეულია მრავალი ხელნაწერი. შიომღვიმის ბიბლიოთეკაში დაცული ყოფილა ხელნაწერთა მდიდარი ფონდი (10 ურემზე ძლივს დაეტეოდაო). შიოსავე სიცოცხლეში მონაზონთა რაოდენობა მონასტერში 25-დან 200-მდე გაიზარდა.

1733 მონასტერში განახლდა ცხოვრება. ამ ეტაპზე ფართო სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები შეასრულა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა. მან აღადგინა მღვიმეზე დაშენებული ეგვტერი და დააკავშირა ეკლესიის დასავლეთ მკლავთან. აგრეთვე ააშენა სამრეკლო თაყა ზედგენიძის ეგვტერის დასავლეთით. XIX ს-ში კარიბჭეს სამხრეთიდან მიუშენა პატარა მართკუთხა სათავსი.
1735 შიომღვიმე ყიზილბაშებმა დაარბიეს და ბერები ერთიანად ამოხოცეს. XIV საუკუნიდან შიომღვიმის ყველა პრივილეგია გაუქმდა და მონასტრის პატრონის ხელში გადავიდა. ეპარქიალურად სამთავისის საეპისკოპოსოს დაექვემდებარა. სამთავნელ ეპისკოპოსს ზოგჯერ შიომღვიმის წინამძღვრის თანამდებობაც ეკავა. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801) შიომღვიმე ფეოდალური სენიორიიდან შტატის დაწესებულებად იქცა. 1811-1822 ადმინისტრაციულად შეუერთეს ქვათახევის მონასტერს, 1822-1887 კი თბილისის ფერისცვალების მონასტერს. 1887-დან მიეცა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული-სასულიერო მმართველობა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის ინიციატივითა და სახსრებით შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს. მონასტერი მოქმედებდა XX საუკუნის დასაწყისშიც. ამ ხანებში აქ სხვადასხვა შენობა აუგიათ. ამ დროსვე მოხატეს და “შეამკეს”, არსებითად კი დაამახინჯეს შიოს ძველი ეკლესია.
იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები 1901 და 1903 წლებში მოხატა რუსმა მხატვარმა ნ. ანდრეევმა, ლეონიდე ეპისკოპოსის დაკვეთით. მხატვრობა ილუზორულ-აკადემიური ყაიდისაა.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s