ოლიკო ცისკარიშვილი
ნავთობ-რესურსები უფრო მნიშვნელოვანია კაცობრიობისათვის თუ წყლის რესურსი? უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი ხმაურიანი ამბავი უკავშირდება ნავთობის საკითხს. ხმაურიანი იმიტომ, რომ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება მომენტალურად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე. წყლის რესურსს კი იშვიათად თუ გამოუწვევია ხმაური მსოფლიო ბაზარზე. წყალი, თითქოს, ნაკლებად მტკივნეულ, მაგრამ ყოველთვის აქტუალურ პრობლემად რჩება მსოფლიო მოსახლეობისთვის.
ძნელი სათქმელია, რომელი მათგანია უფრო მნიშვნელოვანი ადამიანების განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. ერთი კი ცხადია, ადამიანის სხეულის 70%-ს წყალი შეადგენს, ეს ბიოლოგიური კანონია და ვერანაირი ტექნოლოგიური განვითარება ამას ვერ შეცვლის. მსოფლიოში გამუდმებით მიმდინარეობს „შავი ოქროს“ ალტერნატივის ძიება და ხშირად, საკმაოდ წარმატებითაც. ადამიანის ჯანმრთელობისთვის კი სუფთა წყალი შეუცვლელ და უნიკალურ რესურსად რჩება. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საგანძურს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ფლობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწაზე მცხოვრები ყოველი მე-3-ე ადამიანი განიცდის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის ნაკლებობას. სამწუხაროდ, მათ რიცხვს საქართვლოც მიეკუთვნება, რადგან მხოლოდ წყლის რესურსის სიუხვე არ განსაზღვრავს მოსახლეობის საკმარისი სასმელი წყლით უზრუნველყოფას. აუცილებელია მდინარეებიდან წყლის ათვისების საკმარისი ინფრასტრუქტურა. მართალია, უკანასკნელი წლების მანძილზე, სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით აქტიურ სამუშაოებს აწარმოებს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა–რეკონსტუქციის კუთხით, მაგრამ ეს ყოველივე დროსთან არის დაკავშირებული და დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება.
გარდა იმისა, რომ სუფთა, სასარგებლო მინერალებით გაჯერებული წყალი ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ის არაპირდაპირ გავლენასაც ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მსოფლიო მოსახლეობა სანიტარული და ჰიგიენურ ნორმებს სწორედ წყლის რესურსის ხარჯზე იცავს. მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის მარაგი და ხარისხი განსაზღვრავს თუ რამდენად დაცულია მოსახლეობაში სანტარული და ჰიგიენური ნორმები. ისევ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1.2 მილიარდ ადამიანს არ შეუძლია სათანადოდ დაიცვას სანიტარული და ჰიგიენური ნორმები წყლის რესურსის ხელმიუწვდომლობის გამო, ეს კი ზრდის სხვადასხვა ინფექციური დაავადების გავრცელების რისკს. ვინაიდან, ჯერ–ჯერობით მოუგვარებელია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაც რისკის ქვეშ დგას.
ოჯახებში სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დაცვას ძირითადად ქალები ემსახურებიან. ისინი ზრუნავენ სახლში სისუფთავის დაცვაზე, კერძების მომზადებასა და წყლის მომარაგებაზე. ეს უკანასკნელი, ხშირად, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.
წყლის არარეგულარული მიწოდება უარყოფითად აისახება ქალების ყოველდღიურ ცხოვრებასა და მათ საზოგადოებრივ აქტიურობაზე. ისინი წყლის მოლოდინში მიჯაჭვულები არიან ონკანებს და სხვა საქმისთვის ვეღარ იცლიან. დადგენილი წყლის მიწოდების გრაფიკი ხშირად არაზუსტია, ამის გამო ისინი ხშირად აგვიანებენ, ან საერთოდ ვერ მიდიან სამსახურში, შედეგად კი პრობლემები ექმნებათ დამსაქმებლებთან. საქართველოში მცხოვრები ქალები აღნიშნავენ, რომ ყველანაირი კომფორტი მეორეხარისხოვანი ხდება, როცა ოჯახში წყლი არ არის საკმარისი რაოდენობით.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა 2010 წელს ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა საქართელოს 7 ქალაქში (,,საქართველოს ურბანული წყლისა და სანიტარიის სექტორის სტრატეგია და რეგულაციური ჩარჩოს კვლევა“ http://ginsc.net/main.php?option=libmore&mode=0&id=594&sub=studies&year=2011&lang=ge).
შედეგებმა ცხადყო რომ ქალების 27,3%-ს უწევს სახლში დარჩენა, რათა დაელოდოს წყლის მიწოდებას; 20.8% აღნიშნავს, რომ წყლის გრაფიკი ხელს უშლის შინამეურნეობაზე ზრუნვაში, 12,8%–ს კი არ შეუძლია მისთვის სასურველ დროს საჭმლის მომზადება. ქალების მხოლოდ 15,3%–მა აღნიშნა, რომ წყლის მიწოდება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს.
მიუხედავად იმისა, რომ წყლის მოხმარების, სანიტარიისა და ჰიგენის საკითხები აშკარა გავლენას ახდენს ქალის ცხოვრებაზე, პირველად მათი დაკავშირება ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და აზიის განვითარების ბანკის ერთობლივი პროექტის („წყლის მოხმარების, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანია მარნეულსა და მესტიაში“) შედეგად მოხდა.
საინფორმაციო კამპანია ითვალისწინებდა მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების, როგორც წყლის ძირითადი მომხმარებლების, ინფორმირებულობის გაზრდას წყლის მოხმარების, სანიტარიის, ჰიგიენის საკითხებისა და იმ დაავადებების შესახებ, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს როგორც დაბინძურებულმა წყლმა, ასევე ანტისანიტარიულმა პირობებმა.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ფოკუს ჯგუფებისა და კვლევის საფუძველზე ქალთა საინფორმაციო ცენტრმა წყალთან, სანიტარიასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტურად მოგვარების მიზნით შეიმუშავა რეკომენდაციები:
1. ქალების, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების განათლებისა და წერა-კითხვის დონის ამაღლება, რათა მოხდეს მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა.
2. მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების, როგორც ოჯახში წყლის ძირითადი მომხმარებლების ინფორმირებულობის გაზრდა მოუწესრიგებელი წყლის სისტემისა და ანტისანიტარიით გამოწვეული დაავადებების შესახებ;
3. საზოგადოების ინფორმირების დონის ასამაღლებლად ინტერსექტორალური თანამშრომლობის გამყარება ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან;
4. წყალმომარაგებისა და სანიტარიის სამსახურში ქალების დასაქმების მაჩვენებლების გაზრდა, რადგან მოუწესრიგებელი წყლისა და კანალიზაციის სისტემა ყველაზე მეტად ქალებს აზარალებს, ამის მიუხედავად, წყლის საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღებაში ქალები ნაკლებად არიან ჩართულნი.
ამ ეტაპზე, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აქტიურად მუშაობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, მათ შორის წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც, აისახოს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტისთვის 52–ე სხდომაზე წარსადგენ ალტერნატიულ ანგარიშში. ანგარიში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ CEDAW კომიტეტს წარედგინება 2012 წელს. ეს კი იძლევა დამატებით სახელმწიფო დონეზე ლობირების შესაძლებლობას, რათა რეკომენდაციები რეალურად განხორციელდეს.
გარდამავალ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხშირად, მოსახლეობას, დაბინძურებული ან საერთოდ შეუმოწმებელი წყალი მიეწოდება. მოსახლეობისთვის ყველაზე ეფექტური გზა დაავადებათა თავიდან ასაცილებლად სასმელი წყლის ყიდვაა, თუმცა ეს ეკონომიკურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. წყლის ოჯახურ პირობებში გაუსნებოვნების საშუალება წყლის გადადუღებაა, თუმცა, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში, წყალი კარგავს როგორც მავნე ბაქტერიებს, ასევე, სასარგებლო მინერალურ ნაერთებსაც.
ერთი ცხადია, აუცილებელია პრობლემის სწრაფად მოგვარება, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის განვითარებაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სანიტარიაში ინვესტირებულ ყოველ 1 დოლარს მოაქვს 9 დოლარის სარგებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოსთვის ეკონომიკურად გაცილებით მომგებიანია პრობლემის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა, ვიდრე თავად პრობლემასთან.
ვინაიდან წყალი პირველად საჭიროებას წარმოედგენს და არა ფუფუნების საგანს, პრიორიტეტულია მოსახლეობის სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყლით უზრუნველყოფა. მოსახლეობამ კი კარგად უნდა გაიაზროს ამ ბუნებრივი რესურსის უნიკალურობა, ისწავლოს მისი გაფრთხილება და რაციონალურად გამოყენება.