ეკოლოგიური და ეკონომიკური მიგრანტები
საქართველოში, ბოლოს წლების განმავლობაში, განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, გარკვეული წარმატებების მიუხედავად, ქვეყანაში ვერ უზრუნველყო მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუმჯობესება. ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა რუსეთ-საქართველოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე კრიზისულმა პროცესებმა. ეს კი საქართველოს სოფლის მოსახლეობაზე განსაკუთრებით აისახა.
“მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მასიურად დაიწყო შიდა მიგრაცია დედაქალაქის მიმართულებით. ამი მიზეზი, ქვეყანაში არსებული საყოველთაო სიდუხჭირეა. მძიმე ეკონომიურმა პირობებმა და სამუშაო ადგილების არარსებობამ, ადამიანები იძულებული გახადა გეზი თბილისისკენ აეღოთ. საქართველოს რეგიონებში ის პრიმიტიული აგებ-მიცემობაც კი შეუძლებელი გახლდათ, რაც თბილისში სრულიად ხელმისაწვდომი იყო. იმ პერიოდში ეს ადამინები, ფაქტობრივად, მცირე ბიზნესის, ჩანასახისმაგვარ სისტემაში დასაქმდნენ. სამწუხაროა, რომ მიუხედავად, ხელისუფლების ცვლილებისა, სიტუაცია იგივეა. თუნდაც ქუთაისის მაგალითზე ავიღოთ. აქ სამუშაო ადგილები, მხოლოდ საჯარო (მერია, სამხარეო ადმინისტრაცია) და კერდძო სექტორშია (ბანკები), მოსახლეობის უმრავლესობა კი უმუშევარია. პრეზიდენტის მიერ გახსნილი ფაბრიკა-ქარხნები ქუთაისში ისევ “მიშოიდურ ოცნებად” რჩება. ასეთივე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც, სამუშაოს მაძიებლებმა დედაქალაქს მიაშურეს, რათა ოჯახები შიმშილისგან იხსნან, _ ამბობს ქუთაისის მკვიდრი 34 წლის მაგდა. იგი მეორე მიზეზსაც ასახელებს – “სტუდენტები, რომლებიც სასწავლებლად მიდიან დედაქალაქში, უკან დაბრუნებას არ გეგმავენ. მარტივი ლოგიკაა, მათ საკუთარ ქალაქებში და რეგიონებში სამუშაო ადგილები არ ხვდებათ. დასაქმების პერსპექტივა და იმედი დედაქალაქში მეტია. წარმატებაც იოლი მისაღწევია. პრინციპში, შიდა მიგრაციის რა მიზეზიც არ უნდა მოვიყვანოთ, საბოლოო ჯამში, უმუშევრობასთან და მძიმე ეკონომიურ პირობებთან მივდივართ. თუმცა ამ ბოლო დროს, ჩემი აზრით, შიდა მიგრაციას საზღვარგარეთ გამსვლელთა რიცხვმა გადააჭარბა,” _ ამბობს ახალგაზრდა დიასახლისი.
საქართველოსთვის გადასახლება და შიდა მიგრაცია ახალი ფენომენი არ გახლავთ და არა მხოლოდ ეკონომიური მდგომარეობის გამო. ქართველები, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ნაკლებად დასახლებულ სასაზღვრო რაიონებში გადაასახლეს. მოგვიანებით, 1930-1950-იანი წლების საბჭოთა კოლექტივიზაციის პერიოდში, ათასობით მთის მოსახლე ნებით თუ ძალით ქვეყნის ბარში ჩამოსახლდა და რეგიონები, რომლებიც 1940-იან წლებში მასობრივი სტალინური დეპორტაციების შედეგად მკვიდრი მოსახლეობისაგან დაიცალა, სხვა რეგიონებიდან ჩამოსახლებული ქართველებით ხელახლა შეივსო. 1950-1960-იან წლებში განსახლება განსაკუთრებით აჭარის მთიანი მხარის მოსახლეობას შეეხო რათა დაერეგულირებინათ დემოგრაფიული ბალანსი და მთიანი რეგიონების მოსახლეობის ზრდა. 1980-იანი წლების დასაწყისიდან მთიანი რეგიონებიდან მიგრაციის პროცესი კიდევ უფრო გააძლიერა კლიმატურმა ცვლილებებმა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მთის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე. მეტიც, განვლილი საუკუნის ბოლო მეოთხედში ათიათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ წყალდიდობების, მეწყერების თუ ზვავების შედეგად. 1981 წლიდან დღევანდლამდე განსახლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 11,000 ოჯახი გადაასახლეს (დაახლოებით 60,000 ადამიანი), ძირითადად აჭარისა და სვანეთის მაღალმთლიანი რეგიონებიდან. ამავე პერიოდში მიგრანტთა დაუდგენელი რაოდენობა, ძირითადად აჭარიდან, დამოუკიდებლად გადასახლდა საქართველოს სხვა მხარეებში მათი მშობლიური რეგიონების მოსახლეობით გადატვირთულობისა და მცირემიწიანობის გამო. მიგრაციის პროცესმა პიკს 2002-2003 წლებში მიაღწია. 2004-2006 წლებში პროცესის ტემპი დავარდა, თუმცა მიგრაცია კვლავ გრძელდება რუსეთ-საქართველოსა ომის შემდეგ.
ჯონათან უითლი EჩMI-ის 2009 წლის სექტემბრის სამუშაო მოხსენებაში ამბობს, რომ ეკონომიკური წარმოება ჩამოუვარდება დედაქალაქის, თბილისის, სწრაფად მზარდ ეკონომიკას. ტენდენცია, რომელიც განვითარდა ყველგან 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში, გამოიხატებოდა დედაქალაქის ეკონომიკურ დაწინაურებაში, როდესაც სხვა რეგიონები კვლავ რჩებიან განვითარების დაბალ საფეხურზე.
თუმცა, შარშან, საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 20 მილიონი ლარი გამოყო, რომლის მიზანია სოფლის საზოგადოებებში არსებული მთავარი ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრა. ასევე დაიწყო ბუნებრივი აირის მიწოდება ქვემო ქართლის ქალაქებისა და სოფლებისთვის და კერძო კომპანიებზე გაასხვისა ბუნებრივი აირით ოჯახების მომარაგების უფლება. 2004 წლის შემდეგ, ელექტროენერგია შეუფერხებლად, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ქართლისა მიეწოდება ქვემო და სამცხე-ჯავახეთის თითქმის ყველა რაიონს.
2002 წლიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წალკაში მიგრანტთა უზარმაზარი რაოდენობა ჩავიდა. 70% მთიანი აჭარიდან, კერძოდ კი ხულოს რაიონიდან. ეს მიგრაცია სპონტანურად და არაორგანიზებულად მოხდა. 2002-2003 წლის ნაკადში ჩამოსულების უმრავლესობას ეკოლოგიური კი არა, ეკონომიკური მიგრანტები წარმოადგენდნენ, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაზე სამუშაოს პოვნის პერსპექტივამ მიიზიდა. ზოგ შემთხვევაში ეს ადამიანები ყოფილი ეკომიგრანტები იყვნენ, რომლებიც თავის დროზე დასახლდნენ ნინოწმინდის, ახალქალაქის, ადიგენის, გურიის და საქართველოს სხვა რაიონებში, თუმცა კი წარუმატებლად. გავიდა დრო და სპონტანურ მიგრანტთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, სოფელ გუნიაკალაში, სადაც 2002 წელს მხოლოდ 7 სვანური და 2-3 აჭარული ოჯახი სახლობდა, ახლა 27 სვანური და 100 აჭარული ოჯახია.
2004 წლამდე ამ შიდა მიგრაციის პროცესის რეგულირება საერთოდ ვერ ხერხდებოდა. 2005-2006 წლებში მთავრობა მიგრაციის პროცესის დარეგულირებას შეეცადა. 2006 წელს ეკონომიკურმა მიგრაციამაც იკლო, რადგან ნავთობსადენის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდებოდა. 2006 წლის შემდეგ მთავრობამ მიგრანტების მცირე ჯგუფს გადმოსახლების ნება დართო. რადგან, ბოლო პერიოდში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობის გაუარესების მიუხედავად, შრომითი მიგრანტების უმრავლესობამ სომხეთის ან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მოპოვება შეძლო. სომხეთის მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა შედარებით უადვილდებათ, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეები საგრძნობ წინააღმდეგობებს აწყდებიან. არსებული მონაცემების საფუძველზე, ჯავახეთის დაახლოებით ორ ან სამ ათას მოსახლეს სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს, რომელთა უმრავლესობამაც რუსული პასპორტები მაშინ შეიძინა, როცა ახალქალაქში რუსეთის ფედერაციის 62-ე სამხედრო ბაზა იყო განთავსებული (2007 წელს ბაზის გაყვანამდე). ბაზაზე დასაქმებული მთელი სამხედრო პერსონალი (რომელთაგანაც დაახლოებით ათასს ადგილობრივი სომხები შეადგენდნენ) ვალდებული იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიეღო. საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება ძალზე გართულდა. 2009 წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, სომხურ პასპორტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა სეზონურ სამუშაოზე რუსეთში გამგზავრებას გეგმავდა. გარდა ამისა, ადგილობრივი ახალგაზრდობის ნაწილმა სომხეთის მოქალაქეობა ერევანში სამუშაოდ ან სწავლის გაგრძელების მიზნით მიიღო. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, 2009 წლის დასაწყისში ჯავახეთის 1,500-მა მცხოვრებმა სომხეთის მოქალაქეობა მოიპოვა.
ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, სეზონური მიგრანტების რიცხვმა იკლო. ეს კი, გარკვეულწილად, განპირობებულია ბიუროკრატიული ბარიერებისა და რუსეთში კავკასიის სახელმწიფოებიდან ჩასული მიგრანტებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის გამო. ნაწილობრივ, კი ჯავახეთის ზოგიერთ დასახლებაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გამო.
“ახალგაზრდები უკეთესი მომავლის იმედით, მიემგზავრებიან ბაქოში, რუსეთში, თურქეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რადგან თავიანთ კუთხე-კუნჭულში საარსებო მინიმუმს ვერ შოულობენ, ზოგიც ვისაც საზღვარგარეთ წასვლის თავი არ აქვს ქალაქში მიდის, რომ იქ მაინც იხეიროს,” _ ამბობს მაყვალა ჭანკვეტაძე, რომელიც ჭიათურაში ცხოვრობს. მისმა ორმა შვილმა კი ოჯახებიანად დედაქალაქს მიაშურა და მშობლიურ კუთხეში დაბრუნებაზე ალბათ აღარც კი ფიქრობენ.
საქართველოს რეგიონებში უმუშევრობის მაღალი დონე უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ზუსტი მონაცემების არ არსებობს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უდიდი ნაწილი უმუშევარია. ბოლო პერიოდის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ დედაქალაქს შეეხო. მიგრაციის უმართავმა პროცესმა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისსა და პოლიტიკურ არეულობას დაემთხვა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ათასობით საქართველოს მოქალაქე დატოვა სამართლებრივ ვაკუუმში. რუსეთის ფედერაციაში სეზონურ მიგრაციას მეტწილად ადგილი აქვს ჯავახეთისა და წალკის სომხურ მოსახლეობას შორის. ამ ეთნიკური ჯგუფის სამუშაო ასაკის მამაკაცთა დიდი ნაწილი ყოველ წელს რუსეთში მიემგზავრება (როგორც წესი გაზაფხულის დასაწყისში) დროებითი სამუშაოს საძებნებლად (მეტწილად სამშენებლო სექტორში). ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
დღეისათვის, რეგიონული განვითარების დონეები ერთმანეთისაგან, არსებითად განსხვავდებიან. ადრე ინდუსტრიულად განვითარებულ რეგიონებში, მოშლილია საწარმოები, სამუშაო ძალა დაუსაქმებელია. საგარეო ეკონომიკური კავშირების გაღრმავებამ და ეკონომიკური საზღვრების გახსნამ მნიშვნელოვნად დააზარალა რეგიონები, რომელთა ეკონომიკის სტრატეგიული მიმართულება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და გადამუშავება იყო. საზღვრების გახსნამ და იაფი აგროსამრეწველო პროდუქციის უცხოეთიდან შემოტანამ სტიმული დაუკარგა ადგილობრივ მეურნეობას. ამან კი კიდევ უფრო გაზარდა უმუშევრობის დონე და რეგიონებს შორის უთანაბრო განვითარება. რეგიონებში წარმოებულმა ტრადიციულმა სასოფლო-სამეურნეო პროდუციამ (ჩაი, ღვინო, ციტრუსები, ხილი და ა.შ.) მსოფლიო ბაზარზე ვერ შეაღწია. ადრინდელი ტრადიციული დარგები თითქმის გადაშენების პირას აღმოჩნდა. სოფლიდან დაიწყო მოსახლეობის მიგრაცია ქვეყნის მსხვილ ქალაქებში და ემიგრაცია უცხოეთის ქვეყნებში სამუშაო ადგილების საძებნელად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მატულობს რეგიონების მიხედვით რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობა, ეკონომიკის აღორძინება-განვითარების ტემპები და მასშტაბები მაინც დაბალია.
შიდა მიგრაციის რიცხვის ზრდა გამოწვეულია კიდევ ერთი მთავარი პრობლემით _ ეკოლოგიური კატასტროფებით. ეკომიგრანტები მეტწილად მეწყერებით დაზარალებული აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან არიან.
`გაერო“-ს 2002 წლის იოჰანესბურგის (სამხ.აფრიკა) მსოფლიო სამიტისათვის მომზადებულ მოხსენებაში, რომელიც მიეძღვნა გარემოს მდგრადი განვითარების და ბუნებათსარგებლობის პრობლემებს, აღნიშნულია, რომ მსოფლიოში სტიქიური უბედურებებით გამოწვეული მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი ბევრად აღემატება ომებით მიღებულ ზარალს და მსხვერპლს, იქვე მიუთითებენ რომ ხშირად სტიქიის მსხვერპლი ხდებიან იქ, სადაც ლიდერები ვერ ახერხებენ თავის დროზე შეიცნონ სტიქიის საშიშროება და მიიღონ აღმკვეთი ღონისძიებები. ამ საკითხებზე კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება პარიზის საერთაშორისო საბჭოს გენერალურმა ასაბლეამ მეცნიერების საკითხებში 2004 წლის ყოველწლიურ ანგარიშში, სადაც აღინიშნა, რომ სტიქიით გამოწვეული უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით შთამბეჭდავია იქ, სადაც ქვეყნის პოლიტიკოსები იგნორირებას უკეთებენ მეცნიერების მიერ შემოთავაზებულ პროგნოზებს.
სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული ოჯახების რიცხვი ძალზე დიდია როგორც აჭარაში, ისე სვანეთში და 60,000-ზე მეტი ადამიანი იყო განსახლებული ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, ეკოლოგიური მიგრაციის საკითხი ბევრად მეტი ყურადღების დათმობას იმსახურებს, ვიდრე ეს დღემდე ხდება. საჭიროა, ჩამოყალიბდეს მიგრაციის მართვის პოლიტიკის სისტემა.
“გეოლოგიური სტიქიის ძლიერ ზეგავლენას (ხშირად კატასტროფული შედეგებით) ათასობით დასახლებული პუნქტი პერიოდულად განიცდის, მიწის სავარგულები, გზები, ნავთობ და გაზსადენების ტრასები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძები, ჰიდროტექნიკურ-სამელიორაციო ობიექტები, სამთო-ტურისტული კომპლექსები და სხვ. სტიქიის საშიშროების არეალში მოქცეულია შავი ზღვისპირეთიდან დაწყებული, მაღალმთიან რეგიონებით დამთავრებული, სადაც გეოეკოლოგიური სიტუაცია უაღრესად გართულებულია ,,დაძაბულიდან” ,,კრიზისულ” მდგომარეობამდე. განვითარებული ღვარცოფებით, მეწყრულგრავიტაციული და ეროზიული მოვლენებით, წყალდიდობებით, ზღვისა და წყალსაცავების ნაპირების წარეცხვით, თოვლის ზვავებით, მყინვარების ჩამოქცევით და მათგან ტრანსფორმირებული ე.წ. ,,გლაციალური ღვარცოფებით” გამოწვეული უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური შედეგები ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავენ. განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა შექმნილი მთიან რეგიონებში, სადაც სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პირობებში, არც თუ იშვიათად საჭირო ხდება მოსახლეობის აყრა ისტორიულად დამკვიდრებული საცხოვრისიდან და ზოგჯერ მათი გაყვანა სხვა რაიონებში. ამას მოჰყვა ათეულობით მთის სოფლის დაცარიელება და მიწების გავერანება. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ამ მოვლენებს ხშირად თან სდევს ადამიანთა მსხვერპლი. მხოლოდ 1987 წლიდან დღემდე, საქართველოში სტიქიამ 600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, ხოლო ბოლო 35 წლის განმავლობაში მათმა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. ამავე პერიოდში სტიქიით დაზიანებული ადგილებიდან გადაყვანილია 31341 ათასი ოჯახი. სტიქიის ფონური გააქტიურების პირობებშიც კი, საერთო ეკონომიკური ზარალი ათეული მილიონი დოლარით განისაზღვრება, ხოლო მისი ექსტრემალური განვითარებისას ასეულ მილიონებს აჭარბებს,” _ ამბობს ემილ წერეთელი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, სხვა და სხვა ხარისხის სტიქიური პროცესების საშიშროების რისკის ქვეშ მოექცა 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი, დაახლოებით 400 000 ოჯახი ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალი – საშუალოდ 100-150 მლნ აშშ დოლარია. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2004 წელს ზარალმა 300 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ათასობით ოჯახი აჭარაში შეიძლება ეკოლოგიური უბედურების უშუალო საფრთხის წინაშე არ დგას, მაგრამ მათ ძალზე მცირე მიწა აბადიათ. ასეთი ადამიანებს სურთ საქართველოს სხვა მხარეში, ნაყოფიერ მიწაზე გადასახლდნენ. ხშირად ჩნდებიან კიდეც საქართველოს სხვა ნაწილებში სპონტანური მიგრანტების სახით. მთიანი აჭარის ტიპურ ოჯახს 4-5 ძროხა და ზოგჯერ რამდენიმე ცხვარი ან თხა ჰყავს. ერთ ოჯახზე 0.25 ჰექტარზე მეტი არ მოდის და ეს მაშინ, როდესაც მიწა უკიდურესად საჭიროა საქონლისა და საოჯახო მეურნეობის შესანახად, აუცილებელი კულტურების მოყვანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ყოველი კვადრატული მეტრი სოფლის მესვეურთა მკაცრი მფლობელობის ქვეშაა, ხოლო ზოგიერთ სოფელში გზები ისე ვიწროა, რომ ტრანსპორტს გავლა საერთოდ ვერ ხერხდება. სამშენებლო მასალებს სოფლის შესასვლელიდან ხელით ეზიდებიან. შედეგად, საცხოვრებლის გადაკეთება ძალზე დიდ დროსა და მუშახელს მოითხოვს. მიგრაცია ადგილობრივი მოსახლეობისა და ადმინისტრაციის მთავარი პრობლემებია და მთავრობის მხრიდან დაუყოვნებლივ ყურადღებაა საჭირო.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ საქართველოში შიდა თუ გარე მიგრაციის მიზეზებია: არასახარბიელო გარემო (ბუნებრივი) პირობები; კონფლიქტები პოლიტიკურ, ეთნიკურ და სოციალურ ნიადაგზე; საკუთრების უფლებები გაურკვეველია;რთული ეკონომიკური პირობები, უმუშევრობა; მიწის და ტყის რესურსების არ არის ხელმისაწვდომი/ საკმარისი;სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტი;უგზოობა;ენერგომომარაგების პრობლემები; სამკურნალო და სასწავლო დაწესებულები არ არის ხელმისაწვდომი; ცუდი საცხოვრებელი პირობები.
ტომ ტრიერისა და მედეა ტურაშვილის უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის ჩMI-ის (უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი) მონოგრაფია #6-ში ნათქვამია, “დღეს ეკომიგრანტები, მათი სიტუაციის სპეციფიკურობის გამო, უუფლებონი და დაუცველნი არიან. არსებული ქართული კანონმდებლობის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული ეკომიგრანტთა უფლებებისა და ვალდებულებების დაცვა. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი ეკოლოგიური მიზეზით ადგილნაცვალ პირთა შესახებ. დახმარების ამ პროგრამამ ეკოლოგიურ მიგრანტებს ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ ადაპტაცაში ჩასახლების ყველაზე რთულ _ პირველ პერიოდში. ჩასახლების დროს ეკომიგრანტებს ხელი უნდა შეეწყოთ ფინანსური დახმარებებით. სახელმწიფოს დახმარების გარეშე ეკომიგრანტისათვის უკიდურესად ძნელია ახალი ცხოვრების დაწყება უცნობ ადგილას. საქართველოს შიგნით ადგილნაცვალ პირთა (ეკოლოგიური თუ ომის მიზეზით) უკვე არსებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ 10, 15 ან 20 წლის შემდეგაც კი, ადგილნაცვალი პირები სუსტად არიან ადაპტირებულნი მათი დასახლების ადგილას. ადგილნაცვალი პირები საზოგადოების ერთ-ერთ უღარიბეს სეგმენტად რჩებიან.”
მთავრობის პოლიტიკა და ეკოგანსახლების მენეჯმენტი ბოლო 25 წლის განმავლობაში, სულ მცირე, არამყარი იყო, სუსტად დაგეგმილი და ცალკეულ ჩარევებზე დაფუძნებული, თუ სრულებით უგულებელყოფილი არა.