ამ ჩემი გადაღებული სურათებით, ალბათ თავი მოგაბეზრეთ. მაგრამ ძალიან მიყვარს სურათების გადაღებაც და ეს ქალაქიც. ამიტომ დღეს ჭიათურის და მის მიმდებარე სოფლების სურათებს დავდებ, ძამთარშია გადაღებული, მაგრამ ზამთარშიც მიყვარს ეს ქალაქი. არა მხოლოდ იმიტომ რომ დედულეთია, იმიტომაც რომ ბევრმა მიატოვა და დედაქალაქს მიაშურა ფიზიკური გადარჩენისთვის. შავ ოქროს ქალაქად წოდებულ ქალაქში კი დღეს აღარც შავი ოქროს წარმოება ხდება და ოქროს გულიანი ხალხისგანაც დაიცალა.
და მაინც, ცოტა რამ მინდა მოგიყვეთ ამ ქალაქზე.
ზემო იმერეთი ისტორიული არგვეთის საერისთავოს ტერიტორიაზე მდებარეობს. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს, რომ ეს ადგილი უძველესი ხანიდან ყოფილა დასახლებული.
მანგანუმის ძვირფასი წიაღისეულის აღმოჩენა-დამუშავება საქართველოში შედარებით ახალი მოვლენაა და დაახლოებით საუკუნენახევარს ითვლის. თავად ჭიათურის აღმოცენებაც მასთანაა დაკავშირებული. იყო დრო, რომ ქალაქმა მსოფლიო აღიარება ჰპოვა, რადგან მეტალურგიის მძლავრი ცენტრი იყო.. ჭიათურის მანგანუმის მადანი ეგზავნებოდა მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოს, ინგლისს, საფრანგეთს, იაპონიას და ა.შ.
მანგანუმი ბუნებაში საკმაოდ გავრცელებული ქიმიური ელემენტია. როგორც რკინის მუდმივი თანამგზავრი, შედის თითქმის ყველა სამთო ქანისა და ასზე მეტი სახეობის მინერალის შემადგენლობაში.
მანგანუმი მეტალურგიაში პირველად 1839 წელს გამოიყენეს. მანგანუმი შედის ყოველგვარი სახის ფოლადისა და თუჯის შემადგენლობაში. იყენებენ ფერად მეტალურგიაში, ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში, ასანთის წარმოებაში, სარებავებისა და ფერადი მინანქრის დასამზადებლად. და სხვა და სხვა.
შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ აკაკი წერეთლის უშუალო ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაიწყო ჭიათურის მანგანუმის მადნის საბადოს გეოლოგიური გამოკვლევა 1872 წელს წინასწარ წარმოებული მოსამზადებელი სამუშაოების საფუძველზე, ხოლო დამუშავება _ 1876 წელს.
1879 წლიდან დაწყებული, საქართველოს ბევრი ფირმა და კაპიტალისტი მიაწყდა, რათა ხელში ჩაეგდოთ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების თვალი _ ”ერის საუნჯე”, რომლის ფასსა და ღირსებაზე ადგილობრივ მოსახლეობას და ბევრ საზოგადო მოღვაწესაც იმ დროს წარმოდგენა არ ქონდათ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ დღესაც ბევრს წარმოდგენა არ აქვს რამდენად დიდი განძის მფლობელია საქართველო.