RSS

ენერგოეფექტური ტექნოლოგიები აჭარის მაღალმთიან სკოლებში

05 დეკ

მელანო ჭეიშვილი

ზემო აჭარის სკოლებში ზარი დაირეკა. „ჯალაბაშვილების“ სკოლაში 13 მოსწავლის 14 მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესს მორჩა და თბილ სამასწავლებლოში შეკრებილი მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ დღის ამბებს. აქ ბავშვებს ვერ მივუსწარით, თუმცა ვნახეთ ენერგოეფექტური ღუმელებით, როგორ თბება ხისგან ნაგები ძველი სკოლა, სადაც სხვადასხვა სოფლებიდან დადიან მოსწავლეები. სკოლაში, სადაც ხანდახან კლასში თითო ბავშვია, ყველა კლასი ენერგო ეფექტური ღუმელით თბება. სკოლაშიც ისეთი სითბო და სიმყუდროვეა ბავშვებსაც უხარიათ სწავლა.

,,მსგავსი ღუმელები ნიშნავს, ნაკლები ტყის გაჩეხვას, მეტი ხის გამოყენებას რეკრეაციული მიზნით და ჯანსაღ გარემოში ბავშვების ყოფნას“, – გვეუბნება სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, ია ბერიძე.

ზემო აჭარის ქედის ერთ-ერთ სკოლაში კი გვქონდა ბედნიერება მოწაფეებსაც შევხვედროდით. სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეთა უმრავლესობა ეკოკლუბის წევრები არიან, რომლებსაც ძალიან საინტერესო იდეები და მისწრაფებები აქვთ. მათთან გასაუბრებისას გავიგეთ, რომ სკოლის გარეთ ბავშვებს ხშირად ესმით ფრაზა: ,,ჩემი ერთი ხის მოჭრა, გარემოს ზიანს ვერ მოუტანს“.

მერე ერთი იქცევა ათასად, რადგან ბევრი ფიქრობს ასე… ეკო-კლუბ ,,მწვანე საზოგადოებისა“ და ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე გორაძე გვიყვება, რომ უნდა ეს მითი დაიმსხვრეს. მას თანატოლებიც ეთანხმებიან  და ამბობენ,  რომ უნდათ ნაკლები ტყე გაიჩეხოს, უნდათ მეტი ალტერნატიული ენერგია გამოიყენონ, რომ გარემოს ნაკლები ზარალი მიადგეს.

,,ჩვენ გვინდა გადავარჩინოთ ტყეები და გვჯერა, რომ ჩვენი თაობა ყველაფერს შეცვლის,“- აცხადებენ ერთხმად ეკო-კლუბის წევრები და ამაყობენ, რომ მათი სკოლა ენერგოეფექტური ტექნოლოგიით თბება და მზის ენერგიის წყალობით, სკოლას ცხელი წყალიც აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ წარმომადგენელი და გარემოსდამცველი ირაკლი მიქელაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შორის იგეგმება ,,ნიკო კეცხოველის“ სასკოლო კონკურსები, რაც მოტივაციას აუმაღლებს ბავშვებს. ასევე იგეგმება სასკოლო ტრენინგებიც, რისთვისაც უკვე შექმნილია სახელმძღვანელო და სასწავლო მოდულები.

ყველამ ვიცით მზის უშრეტი ენერგიის შესახებ, რომელიც მზის სხივებად ეფინება დედამიწას. ამ ენერგიის ნაწილს ადამიანები სულ უფრო ხშირად იყენებენ ელექტროენერგიის მისაღებად და წყლის გასაცხელებლად. მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემები დადგმულია კერძო სახლებში და სხვადასხვა დაწესებულებების შენობების სახურავებზე. ქედის სკოლაში განთავსებული ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით გამთბარი წყალი, იმდენად ბევრია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ გადაწვიტა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიეცათ უფლება მისი გამოყენების, როცა სკოლაში სასწავლო პროცესია შეჩერებული. ერთ-ერთი სკოლის ადმინისტრაციამ ეს იდეა, უკვე რეალობად აქცია და სკოლის ახლოს მცხოვრებლები უკვე იყენებენ მზის ენერგიისგან მიღებულ ცხელ წყალს. მათი აზრით, ეს ადგილობრივების ცნობიერებას ნელ-ნელა შეცვლის და ალტერნატიულ ენერგიის წყალობით ტყეც გადაურჩება გაჩანაგებას.

ზემო აჭარის სკოლებში განთავსებული ენერგოეფექტური ტექნოლოგიები: მზის ფოტოვოლტაიკური ბატარეები, მზის წყლის გამათბობლები, ენერგოეფექტური ღუმელები, ბიომასის გამათბობლები და სხვა… არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა. პროექტის შესახებ დეტალურად გვიყვება CENN-ის რეგიონულ კოორდინატორი აჭარაში ირაკლი მიქელაძე. მისი თქმით, პროექტს ,,ავსტრიის თანამშრომლობის განვითარება“ აფინანსებს და იგი 2012 წელს დაიწყო. ,,გვქონდა პირველი და მეორე ფაზა. ახლა მესამე ფაზას გავდივართ. პროექტი ძირითადად 6 კომპონენტისგან შედგება: დარგთაშორისი, უწყებათშორისი თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რაც პოლიტიკურ დოკუმენტზე მუშაობას ითვალისწინებს.  ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი არის ,,ტყის კოდექსი“, რომლის ჩამოყალიბებაშიც CENN-ს დიდი წვლილი მიუძღვის. მეორე კომპონენტი, ეს არის ტყის პროდუქტებისა და სერვისების მდგრადი გამოყენების შესაძლებლობის გაზრდა, შემდეგი არის კატასტროფების რისკის შემცირება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სოფლად მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების ხელშეწყობა და ა.შ.“

პროექტის ფარგლებში 66 სკოლა აღიჭურვა ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიებით, 17 სკოლაში დამონტაჟდა 41 კოლექტორი, 109 ცალი ენერგოეფექტიანი ღუმელი გადაეცათ სკოლებს, რამაც ტყეზე ზეწოლა შეამცირა, შემცირდა შეშის მოხმარება.

 ფოტოვოლტაიკები დღეს ჩვეულებრივ მოვლენად გვევლინება, მაგრამ CENN-ის გარემოს დაცვითი პროექტების ოფიცერი ლევან გაგოშვილის ამბობს, რომ  ,,რამდენიმე წლის წინ  მსგავსი რამ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, თუმცა დღეს მსოფლიო დგას იმ გამოწვევის წინაშე, რომ ნელ-ნელა უნდა მოხდეს გადაწყობა ალტერნატიულ ენერგიაზე. ყველამ ვიცით ის რესურსები, რომლის მეშვეობითაც ენერგიას ვიღებთ ამოწურვადია. სწორედ ამიტომ ის, რაც დღეს ქედაში ინერგება, მთელ საქართველოში უნდა გავრცელდეს.“ ლევანის აზრით, პროექტი სკოლებიდან სწორედ იმიტომ დაიწყეს, რომ ბავშვები იქნებიან პატარა ელჩები ოჯახებისთვის ინფორმაციის გასაზიარებლად. ლევანი ფიქრობს, რომ სწორედ ბავშვები მოახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას ჯანსაღ გარემოში და აიმაღლებენ ცნობიერებას.  

პროექტს, დაწყების დღიდან, მხარს უჭერს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მინისტრის პირველ მოადგილეს ჯემალ სურმანიძე პროექტის მნიშვნელობის შესახებ ლაპარაკობს და ამბობს, რომ ,,ენერგოეფექტური ტექნოლოგიები მიმართულია ბუნების დაცვისკენ, რათა მომავალ თაობას დარჩეს უკეთესი გარემო. აქ ჩადებულია ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კომპონენტი: მაგალითად, სკოლებს ენერგოეფექტიანი გარემო ექნებათ, მაგრამ მარტო ეს არ არის! საზოგადოება, რომელიც სკოლას უკავშირდება ხვალ მასაც მიბაძავს, გაიაზრებს უპირატესობას და ასე შევინარჩუნებთ ჯანსაღ გარემოს.“ 

      აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში სკოლების ინფრასტუქტურის ბიუჯეტი 3 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გრძნობს პასუხისმგებლობას აჭარის ყველა სკოლის ინფრასტუქტურის წინაშე. მათი დიდი სურვილია, რომ ენერგიის დანაკარგი მინიმუმამდე დავიდეს. CENN-სა და სამინისტროს შორის გაფორმებულია მემორანდუმი და მინისტრის პირველი მოადგილე მადლიერია CENN-ს ნაყოფიერი მუშაობით.

 „ბავშვი ყოველ დილით სკოლაში სიხარულით მიდის, რადგან მას იქ ყველანაირი კომფორტი ხვდება. მთელი სოფელი დიდი სიხარულით შეხვდა ახალ გამოწვევას. საერთოდ არ შეუშინდნენ სიახლეებს, რადგან იციან მისი დადებითი მხარეების შესახებ,“ – ამბობს ,,ოქტომბრის“ საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი გოჩა ასამბაძე.

CENN მხარდაჭერით კიდევ ერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება. შ.პ.ს ,,მარანს“, რომელიც სწრაფმზარდ ალვის ხეებს აწარმოებს საქართველოში, ახლო მომავალში გეგმავს ბრეკეტების ქარხნის დაარსებას „სენის“ ხელშეწყობით. ეს ნიშნავს რეგიონში დასაქმების მეტ შესაძლებლობას და რეგიონში პროდუქციის ბაზრის გაძლიერებას. Johan A.J Knickrehm (ჯონ ნიკრემი) საქართველოში დანიიდან ჩამოვიდა და ალვის ხეების ტყის გაშენებას მიჰყო ხელი. Green, Green and Green” (მწვანე, მწვანე და მწვანე) ეს არის მისი დევიზი და სწრაფადმზარდი ხეებით ცდილობს შეინარჩუნოს ჯანსაღი გარემო.

შ.პ.ს ,,მარანში“ შევხვდებით ,,მაიას პარკს“. იგი  ჯოჰანის მთავარი დამხმარის,  მაიას საპატივცემულოდ დაერქვა, რადგან სწორედ მან, თავისი ხელით გააშენა ალვის ხეების ექსპერიმენტალური ტყე. ექსპერიმენტმა გაამართლა და უკვე ხუთწლიანი შრომაც სახეზეა. კომპანიაში უკვე დასაქმებულია 45 ადგილობრივი. ალვის ხეების ტყემ კი უკვე ზრდასრულ სიმაღლეს მიაღწია და კომპანია მომავალში გაფართოებას გეგმავს, რომ უფრო მეტი ძალისხმევა დაიხარჯოს გარემოს დაცვაზე და ტყის შენარჩუნებაზე.

რატომ აირჩიეს  საქართველო? ამის შესახებ ბატონი ჯონის პარტნიორმა ისაუბრა და ახალი ბრენდის შექმნაც დაანონსა სამომამავლოდ, რომელიც მარანის სახით მოგვევლინება. გეოლოგიურად კარგი მდებარეობა, წყლის რესურსების სიმდიდრე, ნაყოფიერი ნიადაგი და საზღვარი შავ ზღვასთან – სწორედ ამ მიზეზით აირჩიეს საქართველო დანიელმა მაძიებლებმა.

ასე, რომ საქართველო მზად არის ალტერნატიული ენერგიის წყაროები გამოიყენოს, ისე, რომ გარემოს ზარალი არ მივაყენოთ… ცნობისთვის, მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები უკვე დიდი ხანია იყენებენ ალტერნატიულ ენერგიის წყაროებს და ეს არ არის მითი, ეს რეალობაა – საქართველოსაც შეუძლია ალტერნატიული ენერგიის წყაროები გამოიყენოს.

ფოტოები: ოლიკო ცისკარიშვილის

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 05/12/2021 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი