სხვადასხვა ბრენდის პოლიეთილენის პარკებისგან შემკობილი ხე, რომელიც ჩემს სადარბაზოსთან დგას, ფოთლებთან ერთად ჭრელაჭრულა პოლიეთილენის პარკებს აშრიალებს. თუმცა ფოთლებისგან განსხვავებით, ისინი წლების განმავლობაში უცვლელად შრიალებენ, მეტიც სხვა ჭრელ-ჭრელი პარკებიც ემატებიან და ემატებიან. აი, ეხლაც პატარა ბიჭს, ქარმა ხელიდან გამოსტაცა წითელი პარკი და ჩვენი ეზოს თუთის ხის ტოტებმა ისიც ჩაიხუტა. გუშინწინ კი, მეზობლის ქალმა ბავშვს ეზოში პარკში გახვეული რაღაც გადაუგდო და ისიც იმ ხეზე შერჩა… ასეთი პარკებით მორთული ხეები, მარტო ჩემს სადარბაზოსთან არ დგას… საქართველოს ყველა კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ. ხშირად მინახავს თვალწარმტაც მთებში ტურისტებს თვალი მთებისკენ და მდინარეებისკენ კი არ გაურბით, სწორედ, პარკებისკენ დამშვენებულ ხეებსა და ბუჩქნარს უყურებენ გაკვირვებულები, მათი გაკვირვება იმის და მიხედვით იზომება, თუ რამდენად უფრო ხშირადაა გადაჭრელებული ჩვენი ქვეყნის მთა-ბარი.
პოლიეთილენის პარკები, არა მხოლოდ ამ პრობლემას ქმნის, წლების წინ, მახსოვს, თბილისის საერთაშრისო აეროპორტი სწორედ, მათ გამო ჩიოდა, რომ ნაგავსაყრელზე გადაყრილი პარკები ფრენის დროს ხელს უშლიდნენ თვითმფრინავების გადაადგილებას და ეს არც თუ უსაფუძვლო პანიკაშერეული შიში იყო, რადგან რეალურად, მართლა პრობლემას წარმოადგენს თვითმფრინავში შემთხვევით შეფრენილი პოლიეთილენის პარკი და შეიძლება კატასტროფაც კი გამოიწვიოს. მავანი იკითხავს, სად უნდა წავიდეს ის პარკები, რომლებსაც გამოვიყენებთ, თუ არა ნაგავსაყრელზე, პრობლემა კი ისაა, რომ საქართველოში არსებული 63 ნაგავსაყრელიდან მხოლოდ ორი ითვლება სანიტარულ ნაგავსაყრელად და ისიც სრულიად არაა შესაბამისობაში და ხშირად, ქარის გამო, პოლიეთილენის პარკები, სხვა ნარჩენებისგან განსხვავებით, ნაგავსაყრელებიდან სხვადასხვა ტერიტორიაზე გვხვდება. ასევე პრობლემაა ნაგვის ურნებში გადაყრილი პოლიეთილენის პარკები, რადგან უმთავრესად ნაგვის ურნებიც არ იკეტება, ან იმდენად ბინძური და მოუწესრიგებელია, რომ მოსახლეობას ურჩევნია სახლიდან გატანილი ნარჩენები, ღია ურნაში ჩაყაროს, საიდანაც ისევ ქარის წყალობით, პოლიეთილენის პარკები, ისევ გარემოს აბინძურებს.
ორიოდე წლის წინ, ერთ-ერთმა კომპანიამ გადაწვიტა, რომ პოლიეთილენის პარკები ჩაენაცვლებინა ბიოდეგრადირებული პარკებით. ვიფიქრე, სხვა კომპანიებიც მიბაძავდნენ მას, მაგრამ დღემდე, საქართველოში, ფაქტობრვად, ყველა სავაჭრო ობიექტი, პოლიეთილენის პარკებს იყენებს. არადა, პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი, 3- 6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას.
პოლიეთილენის პარკების პრობლემა მხოლოდ ის არაა, რომ ხე-ბუჩქნარს გვილამაზებს, ნაგავსაყრელზე მოხვედრილი პარკები უზარმაზარ პრობლემას უქმნის გარემოს, განსაკუთრებით, იმ ნაგავსაყრელებზე, რომლებიც ზღვებში და მდინარეებში ჩაედინებიან. ასეთია ბათუმის ნაგავსაყრელი, რომელიც 20 ჰექტარზეა გადაჭიმული, და რომელიც პირდაპირ ზღვაში ჩაედინება. იქიდან მოხვედრილი პოლიეთილენის პარკები, ხშირად ფატალურ შედეგებს იძლევა ზღვის ბინადრებისთვის. პოლიეთილენის პარკები, რადგან ძალიან მსუბუქია და ადვილად გადააქვს ქარს ტყეებში, ზღვებში, ოკეანეებში, მდინარეებსა და ტბებში. მისგან წელიწადში, დაახლოებით, 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება.
ბევრმა ალბათ არც იცის, რომ პოლიეთილენი ჩვეულებრივი ნავთობპროდუქტია, და ის, არანაკლებ, ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ტიპის ნავთობპროდუქტების ნარჩენების პირდაპირ მოხვედრა ბუნებაში. მისი დაშლის დროს, გამოყოფილი ნივთიერებები იწვევს გარემოს დაბინძურებას. საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. განვითარებულ ქვეყნებში, ნარჩენების მართვა, სერიოზულ ბიზნესად იქცა, თუმცა საქართველოში, არათუ ნარჩენების მართვა, მისი დახარისხებაც ვერ ვისწავლეთ. უფრო მეტიც, ნაკლებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ის პოლიეთილენის პროდუქტი, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით იყენებენ. არადა, მოსახლეობას ყოველდღიურად, და დღეში რამდენჯერმე უწევს მასთან შეხება – ყოველი ჩვენგანი, სამწუხაროდ, „ნაგავმწარმოებელი“ ვართ და ვერ ვიაზრებთ, რომ თუკი თვალთახედვის არედან მოვიშორებთ, პრობლემა ამით არ გვარდება. პოლიეთილენის პარკები, ადამიანის მიერ გადაყრილი ნაგვის 7-9%-ია.
დიდი ქალაქებიდან ასე თუ ისე მოგვარებულია ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელებზე, რეგიონებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიანეთში, მოსახლეობა ნარჩენებს პირდაპირ ხევებსა და მდინარეებში ყრის.
საქართველოს ნაგავსაყრელების აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია ნაჟური წყლების შემკრები სისტემა. დაბინძურებული წვიმის წყალი გრუნტის წყლებს ან მდინარეებს ერევა და იწვევს მათ სერიოზულ დაბინძურებას, რაც შემდგომში მრავალი ინფექციური დაავადების გავრცელების მიზეზია. მდგრადი ნარჩენები, კი ათწლეულების განმავლობაში იხრწნება და ჰაერსა და წყალს აბინძურებს.
ნარჩენების გადამუშავება, პირველ რიგში, ითვალისწინებს სპეციალური ქარხნის არსებობას, სადაც ნარჩენების საერთო მასა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სეპარირდება და ახალ ნედლეულად გადამუშავდება. ასევე ითვალისწინებს ნარჩენის დახარისხებას მოქალაქეების მიერ და მათ სპეციალურ კონტეინერებამდე მიტანას. დღეს, საქართველოში, ნარჩენები, პოტენციური ნედლეულისა და ენერგიის კარგვა.
პოლიეთილენის აქტიური მოხმარება 70-იანი წლებიდან დაიწყო. ყოველწლიურად, მთელს მსოფლიოში, დაახლოებით, ტრილიონი პოლიეთილენის პაკეტი იწარმოება. ეკოლოგების მოკვლევით, ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. პოლიეთილენის წვის დროს, გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც აბინძურებს ატმოსფეროს და მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ისრაელი, კანადა, ინდოეთი, ბოცვანა, კენია, ტანზანია, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, სინგაპური, ბანგლადეში, აშშ-ს ქალაქები – აქ ყველგან ან აიკრძალა, ან მალე აიკრძალება ცელოფნის პარკების მოხმარება. 2007 წელს აშშ-ში, სან ფრანცისკო, პირველი ქალაქი იყო, რომელმაც დიდ მაღაზიებში ცელოფნის პარკები აკრძალა.
იმ ქვეყნებში კი, სადაც ცელოფნის პარკები აიკრძალა, საყიდლებზე ნაჭრის ჩანთებით დადიან. ასეთი ნაჭრის ჩანთები საქართველოშიც იყიდება და თავადაც, ასეთი ჩანთებით დავდივარ, თუმცა ჩემნაირები თითზე ჩამოსათვლელია და შინ დაბრუნებული ოჯახის წევრებს ხან რა პროდუქტი მოაქვთ პოლიეთილენის პარკებით და ხან რა. და ასეთი სიტუაციაა, საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა ოჯახში.
https://ichange.gov.ge/5745- ზე პეტიციაა, რომელიც ითხოვს, რომ სრულიად აიკრძალოს პარკების მოხმარება საქართველოში და ვფიქრობ, რომ ეს გონივრული მოთხოვნაა, რადგან ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველაფერი ახდენს გავლენას გარემოზე – ჩვენი შვილების მომავალზე.
პოლიეთილენის პარკების „ეკოლოგიური კვალი“ კი მნიშვნელოვნად ღრმა არის გარემოს დაბინძურებაში.
ფოტო: ავტორის – ბათუმის ნაგავსაყრელი