RSS

თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი – თბილისის სახელმწიფო საკონცეტრო დარბაზი

18 თებ

filarmonia 005ოლიკო ცისკარიშვილი

მელიქიშილი ქუჩა ამ უზარმაზარი შენობით იწყება, რომელიც გასული საუკუნის 1971 წელს გაიხსნა – ეს მრგვალი ფორმის შენობა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაა და მისი მშენებლობა 1961 წელს დაიწყო. ამ საოცარი ნაგებობის არქიტექტორია ი. ჩხენკელია. მელიქიშვილის და ლენინის ქუჩების კუთხეში იდგა 1928 წელს აშენებული კოოპერატორთა სამსართულიანი სახლი “ალიონი”. ფილარმონიის ვესტიბიული ელგუჯა და მერაბ ბერძენიშვილებმა გააფორმეს. დიდი დარბაზი 2317 მაყურებელს იტევდა, მცირე დარბაზი კი 662 მაყურებელს. დიდი საკონცერტო დარბაზის კედლები, რომელიც  ახლა 2300 მაყურებელს იტევს, ხშირად ყოფილა უდიდესი ემოციებისა და აპლოდისმენტების მომსწრე. „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი“ საქართველოში არსებული ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია და აქ იმართება ყველაზე გრანდიოზული კონცერტები და გასართობი შოუები, ჯაზ – ფესტივალები და ა.შ.

filarmonia 011ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მარჯვნივ ულამაზესი ვერის ბაღია, მარცხნივ კი 51-ე საჯარო სკოლა. ფილარმონიის წინ, კი ფილარმონიის სავიზიტო ბარათი – უმშვენიერესი „მუზის“ მონუმენტური ქანდაკებაა, ხელებგაშლილი ქალი, რომელიც მერაბ ბერძენიშვილმა  ბრინჯაოში შეასრულა. იგი 1971 წელს დადგეს ფილარმონიის წინ. ბერძენიშვილის ნამუშევარს ახასიათებს ფორმის დინამიზმი, გამომსახველური პლასტიკურობა. ფილარმონიას უკანა შესასვლელთან კი გოგი ცაბაძის ბიუსტი ამშვენებს.

ფილარმონიის ფასადი დაკიდულია, სხვა შენობებისგან განსხვავებული კონსტრუქციაა. აივანი კონსოლებზეა, თავად შუშის პროფილები დაკიდულია. კონსტრუქციულად გამართულია. ფილარმონიის მენეჯერის ტარიელ გაგნიძის აზრით, პროექტი შუშით რომ შეიმოსა, არქიტექტორებმა წინ გაუსწრეს დროს. მაშინ არ შენდებოდა შუშის შენობები, როგორც ახლა. ფილარმონიის შენობა 8 ბალ მიწისძვრაზეა გათვლილია.

საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა კამერულ-სიმფონიურ და საესტრადო ანსამბლებს, ჯგუფებს, აწყობდა მათ კონცერტებს საზღვარგარეთ, იწვევდა საგასტროლოდ საკონცერტო ჯგუფებს საზღვარგარეთიდან.

საკონცერტო დარბაზის ხშირი სტუმარია საესტრადო ჟანრის ჯგუფები და მომღერლები, ყოველწლიურად ტარდება „თბილისის ჯაზ-ფესტივალი“, ეწყობა სატელევიზიო პროექტები: ნიჭიერი იქს ფაქტორი, ჯეოსტარი… ასევე ეწყობა არაერთი საქველმოქმედო პროექტი.

ფილარმონიას საფუძველი ჩაეყარა, ჯერ კიდევ, 1905 წელს, როდესაც თბილისში ოფიციალურად ჩამოყალიბდა საქართველოს ფილარმონიული საზოგადოება. მის შექმნას სათავეში ედგა მოწინავე ქართველ მუსიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი (ზაქარია ფალიაშვილი, ია კარგარეთელი ა. ყარაშვილი, ფ. ქორიძე, ი. სულხანიშვილი, ზ. ჩხიკვაძე, ვ. კარბელაშვილი, პ. მირიანაშვილი და სხვები). საზოგადოების პირველი თავმჯდომარე იყო ი. სულხანიშვილი.

filarmonia 013ფილარმონიული საზოგადოება აგროვებდა და გამოსცემდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებს, აყალიბებდა ხალხურ მომღერალთა გუნდებს, მომღერალ ქალთა ანსამბლებს, სამუსიკო სკოლებს. მისი ინიციატივით და დახმარებით 1913 წლის 27 აპრილს ქართველთა სათავადაზნაურო საზოგადოების შენობაში შესრულდა პირველი ქართული ოპერა — ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ ახლადშექმნილი ნაწყვეტები.

წლების განმავლობაში, ფილარმონია მაშინდელ პლეხანოვის გამზირზე მდებარეობდა და მას  ხელმძღვანელობდნენ ცნობილი მუსიკოსები და მუსიკის მოღვაწეები: ზ. ფალიაშვილი, გ. კოკელაძე, ა. ყიფიანი, ნ. კიტია და სხვები.

ფილარმონიის მენეჯერის, ტარილ გაგნიძის თქმით, ფილარმონიის აშენება ალექსი მაჭავარიანის ინციატივა იყო, და მისი მშენებლობა კრემლში გადაწყდა. ასეთი მნიშვნელოვანი ნაგებობების აშენება, მაშინ კრემლში წყდებოდა. ამჟამად, სწორედ მაჭავარიანის სახელს ატარებს დარბაზი. მაშინ, ტერიტორიულად, სწორედ, ეს ადგილი იყო მომგებიანი მშენებლობისთვის.

თავიდან, პანორამული კინოს მშენებლობა იგეგმებოდა და დაბრაზი 2 300 კაცზე იყო განსაზღვრული. ადრე, დარბაზი, ყრილობების დარბაზად იწოდებოდა. აკუსტიკურად კარგად შეკრული დარბაზი ერთ-ერთი იყო სსრ კავშირის მასშტაბით, რომელშიც ხმა გამაძლიერებლის გარეშე ისმოდა მთელ დარბაზში. შენობა, რომელიც მოიაზრებოდა პანორამულ კინოდ და ჰქონდა უზარმაზარი ეკრანი, მოგვიანებით, დარბაზად გადაკეთდა.

ამჟამად, საკონცერტო დარბაზი თვითდაფინანსებაზეა. დიდი დარბაზის დაქირავება 15000 ლარი ღირს. საკონცერტო დარბაზის ჰოლში კი, რომელიც 500 ადამიანზეა გათვლილი, ეწყობა ფურშეტები, გამოფენები, საკონცერტო  საღამოები და ფასიც შესაბამისია  – 6 000 ლარი.

მაყურებელი გემოვნების მიხედვით მოდის. ტარიელ გაგნიძის თქმით,  ბოლოს ჩატარდა ნიკოლოზ რაჭველის პროექტი „მსოფლიო კინო მუსიკის შედევრები“ და აღნიშნულ ღონისძიებას უამრავი მაყურებელი დაესწრო.

სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ 2008 წელს განხორციელებული რემონტის შემდეგ, ეტლით მოსარგებლეებისთვის გაკეთდა ლიფტი. კონცერტებზე დასწრების მსურველ ეტლით მოსარგებლეებს ლიფტიდან დარბაზშიც არ გაუჭირდებათ გადაადგილება. დარბაზში ეტლით მოსარგებლეებისთვის განკუთვნილია  ადგილები.

რემონტის შემდეგ, მეორე სართულზე გაკეთდა გასახდელებიც, რომელიც ადრე პირველ სართულზე იყო განთავსებული. ამჟამად, იქ კაფე-რესტორანი „ელვისია“.

„დარბაზში თავიდანვე გაკეთებულია სპეციალური აკუსტიკური კედლები, ასეთი დარბაზი სსრკ-ში სულ 5-6 ასეთი აშენდა, თუმცა ამ დარბაზს ყველაზე გამართულად თვლიდნენ. კულისებიდან, საიდანაც გამოდიან მსახიობები მთლიანად აკუსტიკური კედლები იყო, ეს აკუსტიკური კედლები ქმნიდნენ ნიჟარას და ორკესტრი უკრავდა გამაძიერებლების გარეშე, თანამედროვე პერიოდმა მოიტანა, დარბაზი საკონცერტოდ გადაკეთდა. ეს სპეციალური, დაპრესილი ხე, მას შემდეგ არ შეცვლილა. რემონტის დროს, გავწმინდეთ გავასუფთავეთ და დავტოვეთ, ამაზე იდეალურ რაღაცას ვერც გავაკეთებდით. არც ფუჭდება. ვუვლით. მთამსვლელების დახმარებით ვწმინდავთ-ხოლმე. შენობის ზედა მხარეს მექანიზმებია, უზარმაზარი ქალაქივითაა. ერთი მანქანა მტვერი ჩამოგვაქვს ყოველ წელს. შენობა მთლიანად გასუფთავდა 2008 წელს, ხოლო რაც შეეხება დარბაზს –  სისტემატიურად სუფთავდება,“ – გვიყვება ტარიელ გაგნიძე, რომელიც წლების განმავლობაში უვლის ფილარმონიას, – ჩვენი შემოსავალი დამოკიდებულია კონცერტებზე და ღონისძიებებზე. თუმცა, დაბრაზი არაა ისე დატვირთული, როგორც სჭირდება მას. არაა შემოსავლიანი, როგორც ხალხს ჰგონია. ტექნიკას მოვლა უნდა: გათბობა, ვენტილაცია, კონდენცირება და მთლიანად შენობის მოვლა სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული,  ტერიტორიულად შენობა დიდია და მას ვუვლით, როგორც შვილს,“ – გვეუბნება იგი.

ფილარმონიის ორგანული ნაწილი იყო, მცირე დარბაზიც, რომელიც დაკიდული იყო დიდ დარბაზზე. ფაქტობრივად, ერთ მოვალეობას ასრულებდა. მცირე დარბაზი 2002 წლის 8 იანვრიდან კინო „ამირანია“, რომელიც წლებია უამრავ მაყურებელს ემსახურება და ბევრ საინტერესო ფილმს სთავაზობს. ეს ის კინოთეატრია, სადაც რამდენიმე წლის წინ, ქართველმა მაყურებელმა პირველი 3D ფილმი იხილა.

ერთი, თამამად შეიძლება ითქვას, ფილარმონიამ, უდიდესი როლი შეასრულა ეროვნული სამუსიკო ხელოვნების განვითარებისა და წინსვლის გზაზე.

 

 

დატოვე კომენტარი