ამჟამინდელ ბაზალეთზე ოქროს აკვანს კი არა, სუფთა წყლის და გარემოს ნატრული გახდება, იქ, თუნდაც შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი.
ეს ბაზალეთის მარჯვენა მხარეს, რომლის მახლობლად დევნილები კომპლექსურადაა ჩასახლებული. მარცხენა მხარეს კი კერძო ინვეტორის მიერ შესყიდულ ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სასტუმრო კომპლექსია აშენებული გაწმენდილი და გასუფთავებულია.ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარეობს, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ტბა ქალაქ დუშეთიდან სამხრეთით, 5 კილომეტრში მდებარეობს. მისი ზედაპირის ფართობი დაახლოებით 1,22 კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე კი 7 მ. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო წყალმცენარეები, რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. თუმცა ბაზალეთის მიმდებარე ტერიტორიას მაინც უნდა მოვლა-პატრონობა. სპეციალისტთა თქმით, ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლ-ძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.
ბაზალეთის ტბას ტურისტები და ვიზიტორები მხოლოდ ერთ მხარეს სტუმრობენ, იქ სადაც სედარებით სისუფთავე და კომფორტია.
ბაზალეთის ტბასთან მისულებს მეთევზეები დაგვხვდნენ, მეთევზეებამდე გველები და ბაყაყები გავიარეთ.
“ნაპირზე არა, წყალში უფროა გველები. ბადესაც არასდროს მოყოლია, – ამბობს ბაზალეთზე მყოფი მეთევზე. ჩვენ არ გვეშინია, ჩვეულებრივად ვთევზაობთ. ახლა უფრო წვრილი თევზი მოდის – ამბობს წყალში მდგომი მეთევზე ალექსი უშიკიშვილი, რომლის ერთ-ერთი შემოსავალი სწორედ აქ მეთევზეობაა, და გვაჩვენებს თევზებსა და ახლად დაჭერილ კიბორჩხალებს. “დაჭერილი თევზიო ვარგა, ჭამს ხალხი, არ ვყიდი, სახლისთვის თუ დავიჭერთ, ძირითადად კარასი, რებესი მოყვება ბადეს.” – გვეუბნება იგი.
მეთევზეები ანკესებით და დიდი პლასმასის ბალონებით თევზაობენ. ერთ-ერთი მეთევზის მოხერხებულობამ ყველა გაგვაოცა. ნახევრად გაჭრილი პლასმასის ბალონში მოხერხებულად იტყუებს თევზებს.
“გაყიდვით რას გავყიდი, 11 შვილი მყავს, ოჯახში მიმაქვს. ამ თევზს ვინც ნორმალურად დაამუშავებს არ მოიწამლება, მე მზარეულად ვმუშაობდი და ვიცი როგორ დავამუშავო, არადა, ტბა ისეთი დაბინძურებულია, არ შეიძლება ამის ჭამა,” – გვეუბნება 2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალიდან დევნილი 65 წლის დოიშვილი ამირანი, რომელმაც გადარჩენის ერთ-ერთ საშუალებად აქ მეთევზეობა არჩია.