RSS

ჯერ ისევ მორბის თერგი დარიალის ხეობაში

17 აგვისტო

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

აქცია არ გაგვიმართავს, უბრალოდ, მინდოდა ჩემს შვილებს თერგი ენახათ. ლაღი-ხევში თავისუფლად მორბენალი. მასთან ერთად, ზვიადი კლდეების სიდიდადე შეეგრძნოთ. მინდოდა იმ სილამაზით, ისე აღტაცებულიყვნენ, როგორც მე დამემართა, რამდენიმე წლის წინ. მინდოდა ჩემს შვილებს თავისი შვილებისთვის მოეყოლათ, დარიალსა და თერგზე. დავიგვიანე. თუმცა ამაზე მოგვიანებით.

დარიალის ხეობა 1000 მ. სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული დარი ალანისაგან (ალანთა კარი). ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის: პლინიუსი მას იხსენიებს როგორც Pორტა ჩაუცასიცაე (კავკასიის კარი) და Pორტა Hიბერიაე (იბერთა კარი), პტოლემე – შარმატიკაი Pულაი (სარმატების კარი), არაბები და სპარსელები – დარ-ი-ალან (ალანთა კარი). ძველ ქართულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც დარიალნი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ივსთა კარი და სხვა.

ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ამიერ- და იმერკავკასიის დამაკავშირებელი გზა. საქართველოს, რომის იმპერიის, არაბთა სახალიფოსა და ბიზანტიის საგარეო პოლორიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალზე ბატონობას. იგი იცავდა ამიერკავკასიას ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე მეომარ ტომთა თავდასხმებისაგან. გადმოცემით, დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე მირიან I-ს (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი). საქართველოში რომაელების პირველი შემოსვლის დროს (ძვ. წ. I ს.) დარიალის ხეობას კონტროლს უწევდა იბერიის სამეფო. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა აღადგინა ძველი სიმაგრე. ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის ხანაში (VII-X სს.) დარიალის ხეობა და სიმაგრე მათ ხელში იყო. X-XIII საუკუნეებში დარიალის ხეობის როლი გაიზარდა. ამ გზით საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან. დარიალის გზით ჩამოასახლა (1118-1120) საქართველოში ყივჩაღები დავით აღმაშენებელმა, მანვე განაახლა დარიალის სიმაგრე. XIII საუკუნეში, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, დარიალის გზის ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. XVIII საუკუნის I ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა.  ვიწრო გზა აძნელებდა ხეობაში მიმოსვლას, ზამთარში კი სახიფათოც იყო. საქართველოს სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ მოძრაობა დარიალის ხეობაში რეგულარული და ინტენსიური გახდა. ამჟამად კი ხეობის რუსეთ-საქართველოს საზღვართან, თერგის მარცხენა ნაპირზე მიმდინარეობს მონასტრის მშენებლობა. მარჯვენა მხარეს კი, შენდება 110 მეგავატი სიმძლავრის დარიალიჰესი. ხელისუფლება მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის დიდი ხანია ემზადება. გეგმით, საქართველოს 2015 წლისთვის 17 ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნება, მათ რიცხვში, დარიალჰესიც შედის. საქართველოს მთავრობამ „დარიალი ჰესის“ მშენებლობისთვის ყაზბეგის ეროვნული პარკს ტერიტორიის ნაწილიც ჩამოაჭრა და ყაზბეგის ეროვნული პარკის ფართობი 8,7 ჰექტარით შემცირდა. ჰესის მშენებლობის დასაწყებად  „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილებაც შევიდა. კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში მთავრობამ შეიტანა, იმ ფართობს, რომელიც მშენებარე ჰიდროელექტროსადგურისთვის იყო საჭირო, დაცული ტერიტორიის სტატუსი მოეხსნა.

პროექტის თანახმად, მდინარე თერგი 8 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე სადერივაციო არხსა და გვირაბში მოექცევა. გარემოსდამცველების შეფასებით, ჰესის ამ სახით მშენებლობა და დარიალის ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს: რადიკალურად შეიცვლება დარიალის ხეობის ლანდშაფტი და მდინარე თერგში ნაკადულის კალმახი გაქრება.

 

დატოვე კომენტარი