RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

ბაწარა – ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი შესაძლოა იუნესკოს სიაში შევიდეს

ბაწარა – ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი შესაძლოა, იუნესკოს სიაში შევიდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გარემოსდაცვის ეროვნული ცენტრის თავჯდომარის კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროპელი მკვლევარების ჯგუფის ჩამოსვლას უახლოეს მომავალში ელოდებიან. ამირგულაშვილის თქმით, ამ ტერიტორიაზე უთხოვარის ჯიშის ხეები ხარობს, რითაც სპეციალისტები დაინტერესდნენ. „უკვე არსებობს დასკვნა და კვლევების შედეგები, რომელიც ცხადყოფს, რომ ეს ტერიტორიები ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, იყოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი. საქართველოს მთავრობამ იუნესკოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა“, – აღნიშნავს ამირგულაშვილი. ბაწარა – ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორის ვახტანგ გიუნაიძის თქმით, ტერიტორიის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების შემთხვევაში, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, განვითარდება რეგიონი. ბაწარას, ბაბანეურის და ილტოს ხეობა დაცულ ტერიტორიად 1932 წლიდან არის გამოცხადებული. უთხოვარი, რომელიც მსოფლიოს სულ რამდენიმე ნაწილში ხარობს, პანკისის ხეობაში ძალიან გამრავლებულია. უთხოვარის ზოგიერთი ხე რამდენიმე ასეულ წელს ითვლის.

http://www.fact.ge

 

საქართველოს გაუდაბნოებული ტერიტორიების ფართობი შესაძლოა 25 000 ჰექტრამდე გაიზარდოს

საქართველოს გაუდაბნოებული ტერიტორიების ფართობი შესაძლოა 25 000 ჰექტრამდე გაიზარდოს საქართველოს ბარში უმოსავლო მიწების რაოდენობა 3 000-დან მალე შეიძლება 25 000 ჰექტრამდე გაიზარდოს. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (ასოციაცია CENN) ქართველ ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს. „საბჭოთა პერიოდში დიდ და პატარა შირაქსა და ნატბეურში ვენახები გაშენდა, რომელიც დალის წყალსაცავით ირწყვებოდა. ამან მდინარე იორს დიდი ეკოლოგიური ზიანი მიაყენა. ნახევრად უდაბნოს ტიპის ნიადაგები მარილიანია და მისი მორწყვა მარილის წყალში გახსნასა და ნიადაგის დამლაშებას იწვევს. გაუდაბნოების პირველი აშკარა ნიშანი სწორედ ნიადაგის მასიური დამარილიანებაა“, – ამბობს ჰიდროლოგიის ექსპერტი ჭიჭიკო ჯანელიძე.

 

სოფელი დიდი ჩაილური საშიშ მეწყრულ ზონაშია მოქცეული

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი ჩაილური საშიშ მეწყრულ ზონაშია მოქცეული და ხევის ჩამონგრევის შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე ექმნება. რამდენიმე სახლი უკვე ხევის პირზეა დარჩენილი.

„ცოტა ხნის წინ ადიდებულმა წყალმა ლამის ცენტრალური ტრასა დაანგრია. იქ ახლა კალაპოტშივე გზასთან პატარა ჯებირია აშენებული მდინარის ქვებით, რაც წყლის მოვარდნის ძალას ანელებს. გარდა ამისა, მდინარე ჩაილურის ხევში წყლის დონის მომატება ვენახებს ანადგურებს. ეს საკითხი სერიოზულ მიდგომას და გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარებს მოითხოვს“, – განაცხადა ასოციაცია CENN-ის წარმომადგენელმა რეზო გეთიაშვილმა.

რისკის თავიდან ასაცილებლად სოფელ დიდ ჩაილურში ნაპირსამაგრი სამუშაოები არ მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაპირდაცვითი დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდი ჩაილურის ხევი იმ ობიექტების სიაში არ შედის, სადაც 2010 წელს სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი.

http://www.fact.ge

 

სოფელი ჭერემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემის მაცხოვრებლები რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის აღდგენას ითხოვენ. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ჭერემთან დაკავშირება მხოლოდ ორხიდიანი მანქანით არის შესაძლებელი, ორხიდიანი მანქანა კი სოფელში არავის ჰყავს.

ჭერმის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი სტიქიამ ერთი კვირის წინ წაიღო. ამასთან, გზის დარჩენილი ნაწილი ისეა დაზიანებული, რომ მასზე მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება შეუძლებელია.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება. „გზის ის ნაწილი, რომელიც სტიქიამ ვერ წაიღო, მოიხრეშება. სადაც გზა აღარ არის, იქ, ტყეში ახალი გზა გაიჭრება. სამუშაოები მაშინვე დაიწყება, როგორც კი ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხები ჩაგვერიცხება“, – განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

http://www.fact.ge