ია იაკობაშვილი

ის გამოთქმა თუ გახსოვთ, ყველაზე საშიში უხილავი მტერია, ნაცარში დამალულ ნაკვერჩხალს რომ ჰგავსო. ახლა სწორედ ამ მტერზე უნდა მოგიყვეთ.
მარილი, თაფლი, რძე, სასმელი წყალი, თევზი, შამპუნი, კბილის პასტა, ტუჩსაცხი – ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყენებთ და რომლებიც პლასტმასას წვრილ ნაწილაკებს, მიკროპლასტმასს, შეიცავს. მათი ზომა 5 მმ-ზე მცირეა, შესაბამისად, შეუიარაღებელი თვალისთვის მათი შემჩნევა შეუძლებელია.
ყველამ ვიცით, რომ პლასტმასა ხელოვნურად მიღებული არადეგრადირებადი ნივთიერებაა. მზის, ქარის, ზედაპირული წყლების ზემოქმედების შედეგად გარემოში მოხვედრილი პლასტმასა მიკროპლასტმასად იშლება. მცირე ზომის გამო ის ადვილად ვრცელდება და ფარავს სულ უფრო და უფრო დიდი ფართობს.
ის ფოტოები ალბათ ყველას გინახავთ, ზღვის კუებს პოლიეთილენის პარკები რომ მედუზები ჰგონიათ და როგორც საკვებს, ისე მიირთმევენ. იგივე შეცდომა მოსდით ზღვის პლანქტონებსა და ფიტოპლანქტონებს და პლასტმასას მცირე ნაწილაკებს საკვების ნაცვლად ჭამენ. მოკლედ რომ ვთქვათ: პლანქტონმა – მიკროპლასტმასა, თევზმა – პლანქტონი, ადამიანმა კი თევზი შეჭამა. ეს ისეთი უწყინარი ამბავი არ გეგონოთ, როგორიც თხის მიერ ვენახის შეჭმაა. ზემოთ აღწერილი კვების ჯაჭვით მიკროპლასტმასა, რომლის ზედაპირი მაგნიტივით იზიდავს ტოქსინებსა და პათოგენებს, ჯერ ჩვენს თეფშზე, შემდეგ კი ჩვენს ორგანიზმში ხვდება.
იმის მიუხედავად, რომ მიკროპლასტმასას გავლენა ადამიანზე ჯერ არც ისე კარგადაა შესწავლილი, ცნობილია მისი ზემოქმედების შედეგები ძუძუმწოვარ ცხოველებზე: შინაგანი დაზიანება და ანთება, ჰორმონალური დისბალანსი, ავადმყოფობა და, უარეს შემთხვევაში, სიკვდილი.
2020 წლის დეკემბერში მიკროპლასტმასას ნაწილაკები პირველად აღმოაჩინეს ადამიანის პლაცენტაშიც, სავარაუდოდ, ორსულთა სასუნთქი ან საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. ფაქტის სიახლის გამო სამომავლო ეფექტების ზუსტი პროგნოზირება რთულია, თუმცა შესაძლო შედეგად იმუნური სისტემის დაქვეითება, რეპროდუქციული სისტემის დაზიანება და ნაყოფის ზრდის შეფერხება დასახელდა.
და აქამდე საიდან მოვედით?
ყოველწლიურად მსოფლიო 380 მილიონ ტონა პლასტმასას მოიხმარს, აქედან ნახევარს მხოლოდ ერთხელ ვიყენებთ, შემდეგ კი უბრალოდ ვყრით. გამოყენებული პლასტმასადან მხოლოდ და მხოლოდ 9% გადამუშავდება. გადამუშავებას რომ თავი დავანებოთ, მათი უმეტესობა ღია ნაგავსაყრელზე ხვდება, იშლება (და არა იხრწნება!) და შემდეგ რაც მოსდის, ეს ნაწილობრივ ზემოთ უკვე აღვწერეთ.
ახლა რა უნდა ვქნათ?
ყველაფერი გენიალური მარტივიაო, ხომ გაგიგიათ. არსებული მდგომარეობის გამოსასწორებელი პასუხებიც ბევრჯერ გადამღერებულა, მოკლედ შეგახსენებთ: რა უნდა ვქნათ და, პლასტმასას გამოყენება უნდა შევამციროთ, საყიდლებზე წასული ცალ ხელში 10 ასხმა ერთჯერადი ცელოფნით არ უნდა დავბრუნდეთ, მანქანის ფანჯრიდან ნარჩენების გადაყრას გადავეჩვიოთ, პლასტმასას ბოთლების, ჭიქების, თეფშების, კოვზების ნაცვლად მრავალჯერადი გამოყენების ნივთები ვიხმაროთ და, რა თქმა უნდა, გადამუშავება, რაც ნაკლებადაა დამოკიდებული ინდივიდუალური ნების გამოვლენაზე, მაგრამ ამ ლოგიკური ჯაჭვის აუცილებელი დამაგვირგვინებელი ნაწილია. დიახ, განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, დამოკიდებულების და ქცევის შეცვლაა საჭირო.
ამას წინათ ერთ საბავშვო ანიმაციას ვუყურე, რომელშიც პლასტმასას შთანმთქმელი სუპერგმირი პლანეტაზე არსებული პლასტმასის ნარჩენებით აშენებულ მთებს ყვავილებით დაფარულ გორაკებად აქცევდა. გულით მინდა წერა ასეთი სუპერგმირის გამოჩენის იმედით ან ზღაპრის ფინალური ფრაზით დავამთავრო და ,,ჭირი იქ და ლხინი აქ“ ვისურვო, მაგრამ, სანამ უზარმაზარი კოსმოსის ციცქნა პლანეტის მოვლას თავად არ ვისწავლით, პლასტმასაჭამია სუპერგმირები ჩვენ ნაცვლად ვერაფერს შეცვლიან!
გამოყენებული წყაროები:
https://www.mdpi.com/2079-4991/11/2/496/pdf
ფოტო: ოლიკო ცისკარიშვილის