მაღალმთიან აჭარიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია cenn-ის ორგანიზებით მოწყობილ მედიატურიდან, ვიდრე ბორჯომში ჩავიდოდით, გზაზე, ვხვდები, რომ ცრემლებს ვეღარ შევიკავებ… ხუთი დრის განმავლობაში სიტყვა არ დამიწერია, ვერ დავწერე, ხელი ვერ მომიტრიალდა, ვიჯექი და მხოლოდ იმ ფოტოებს ვუყურებდი, რომელიც თანდათან მაგიჟებდა გაგიჟებულ ცეცხლთან ერთად… თავს ძლივს მოვერიე, და ცრემლები რომ შემეჩერებინა, ჩემს კოლეგას ნინო ვართაპეტიანს ვთხოვე ინტერვიუ მოეცა. ნინო ის გოგოა, რომელიც თავის ოპერატორთან ერთად, პირველი აწვდიდა აუდიტორიას ინფორმაციას, ბორჯომის ახლოს, დაბასთან შექმნილ სიტუაციას, ის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ამ სტიქიას კვალდაკვალ მისდევდა. ის, და მისნაირები რომ არა, უფრო მეტს შთანთაქვდა ცეცხლი, ის და მისნაირები, რომ არა, უფრო გვიან მიხვდებოდნენ ძლიერთა ამა ქვეყნისანი, რომ საჭიროა მობილიზება, ის და მისნაირები, რომ არა, არ იდგებოდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის მაშველების კარვები გვერდიგვერ, რომლებიც ერთი სულისკვეთებით აქრობდნენ ხანძარს.
ჯერ კიდევ, გუშინ საღამოს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის მაშველები ეხმარებოდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში ქართველ მაშველებს. ალაგ-ალაგ ცეცხლის კერები ისევ იყო. უკვე ცეცხლწაკიდებულ ტორფს ექვსი ვერტმფრენი აქრობდა. დღეს დილას კი ექვსდღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ, საბოლოო შვება გამოჩნდა – ბორჯომში კოკისპირულად წვიმს.
20 აგვისტოს დაწყებულ ხანძარს, რომელიც მთიდან მთამდე გადადიოდა, მიუდგომელი ადგილების გამო, ვერ აქრობდნენ ადგილობრივები და მაშველ-მეხანძრეები, ადამიანები ნატრობდნენ და ლოცულობდნენ წვიმა წამოსულიყო. გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელმაც მოსახლეობას იმედი ჩაუსახა და სტიქიიდან მესამე დღეს პროგნოზირებდა წვიმას, ამ შემთხვევაშიც შეცდა. ამასობაში კი სტიქია უმართავი ხდება და ცეცხლი უზარმაზარ ტერიტორიას ედება. დგება საშიშროება, რომ ცეცხლმა დასახლებულ ტერიტორიამდე მიაღწიოს.
მთავრობა კი ზანტად იღებდა გადაწვეტილებებს: შეექმნათ თუ არა საგანგებო შტაბი, გამოეყვანათ თუ არა ვერტმფრენი, რომელიც ღამე ვერ მუშაობს, მიემართათ თუ არა მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარებისთვის, გამოეყვანათ თუ არა ცეცხლის ჩასაქრობად სამხედროები და ა.შ. ამასობაში კი ას ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა… პარალელურად ცეცხლის კერები ჩნდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: – ხევსურეთში, ლაგოდეხში, თიანეთში და ა.შ. ალბათ რომელიმე შესაბამისი უწყება ამ სტატისტიკასაც დადებს როდესმე.
ჯარისკაცები, ვერტმფრენების მუშაობას ადევნებენ თვალს, „მეოთხე დღეა არ მიძინია,“ – ამბობს ერთ-ერთი ჩუმად… და თვალს ხუჭავს… ნიჩბებითა და ბარებით შეიარაღებულები დაღლილი ჯარისკაცები ისვენებენ. ვერასდროს გავიგებთ ხეებთან ერთად, რამდენი ფრინველი და ცხოველი დაიღუპა.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ დაბის ტყეში ხანძარია,“ – შეატყობინა ნინო ვართაპეტიანმა სახანძროს, როცა მოქალაქისგან შეტყობინება მიიღო. ეს 20 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში მოხდა. ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე გაჩნდა. იმის გამო რომ ტერიტორია მიუდგომელი იყო სახანძრო ბრიგადები ცეცხლის კერას ვერ მიუახლოვდნენ, ადგილზე ვერ შევიდა ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაც. ვიდექი და ვერაფერს ვაკეთებდი, უსუსურობისგან, არ ვიცოდი რა მექნა,“ – გვიყვება ნინო. სტიქიას ადგილობრივებთან ერთად ებრძოდნენ ტყის მცველები, მეხანძრე-მაშველები, მოხალისეები…
ხარაგაულიდან ერთ-ერთი დამსვენებელი გვიყვება, – „ხანძრიდან მეორე დღეს ქარმა კვამლით დაფარა ხარაგაულის მიმდებარე ტერიტორია… წარმომიდგენია რა ხდებოდა ბორჯომის ხეობაში“…
რადგან წვიმა მოვიდა… აქ, ისევ იშრიალებს ტყე…