ოლიკო ცისკარიშვილი
უფლისციხის ნაქალაქარი გორიდან აღმოსავლეთით 8 კმ-ზე მდებარე სოფელ ქვახვრელის ჩრდილოეთით, მდინარე მტკვარის მარცხენა ნაპირზე; 10-15-ოდე წლისგან განხვავებით, ამჟამად მოვლილი და ტურისტებისთვის, საქართველოში ერთ-ერთი კლდეში ნაკვეთი საინტერესო ციხე-ქალაქია. ჩემი უფლისციხეში ვიზიტისას სკოლის მოწაფეები შემხვდნენ, რომლებიც გიდს დიდი ინტერესით უსმენდნენ. 20-ოდე წლის წინ, კი აქ მხოლოდ ქარი დათარეშობდა. უფლისციხე გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში.
მისი ფართობი 9,5 ჰა. შედგება სამი უბნისაგან და შეიცავს ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ანტიკური ხანის შიდა ქალაქისათვის (ციტადელისათვის) დამახასიათებელ კომპონენტებს: ზღუდეს, თხრილს, რამდენიმე შესასვლელს, გვირაბს, წყალსადენს, წყალსაწრეტი არხების ქსელს. კომპლექსში შედის: გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდ ეზოიანი დავ-ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი და ა.შ. (ცალკეული ოთახებისა, დარბაზების და კომპლექსების სახელწოდებები პირობითია).
ნაქალაქარში შემორჩენილია სხვადასხვა დროს კლდეში ნაკვეთი დარბაზები, სათავსები და ცალკეული ნაგებობები.
ბავშვებთან ერთად, მეც დიდი სიამოვნებით ვისმენდი ახალგაზრდა გიდის მონათხრობს:
ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხეს მიდამოების არსებული გამოქვაბულები ერთ-ერთ ძლიერ თემს გამოუყენებია საცხოვრებლად, გაუმართვს და სამოსახლოც სათანადოდ გაუმაგრებია.
ადრინდელ რკინის ხანაში (ძვ.წ. X-VI სს) უფლისციხე შიდა წართლის გაბატონებული თემის საცხოვრისი და სატომო გაერთიანების ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე (~უფლის~, ~ბელადის~ ციხე-ქალაქი).
უფლისციხის თემს თანდათან დაუმორჩილებია ირგვლივ მდებარე დაბების მოსახლეობა. ძვ. წ. VI-V სს. უფლისციხე შიდა ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და დიდხანს სამეფო ქალაქიც იყო.
ძვ. წ. II-I სს. უფლისციხე ტიპიური ელინისტური ქალაქია, თავისი ციტადელით, ქალაქითა და სასოფლო-სამეურნეო გარეუბნით, მეურნეობით, სოციალური იერით, აღებ-მიცემობით, ხელოსნური წარმოებით და ა.შ. იგი საკმაოდ დიდი რეგიონის სამეურნეო ცხოვრების ცენტრია და ფართოდაა ჩაბმული საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ახ. წ. I-III სს. კვლავაც მნიშვნელოვანი საქალაქო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრია, ამავე დროს წარმართული საკულტო ადგილიც.
საქართველოში ქრიატიანული რელიგიის სახელფწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30-ან წლებში) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ ფეოდალურ ხანაში იგი მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. VIII საუკუნიდან უფლისციხე ქართლის ქალაქებს შორის პირველობდა და საქართველოს არაბებისგან გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი იყო. IX-X საუკუნეებში ციხე-ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. აქ გაბატონებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ ქართველი ბაგრატიონები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ უფლისციხემ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. მონღოლთა შემოსევების (XII ს.) პერიოდში იგი ძლიერ დაზიანდა. XV საუკუნეში კი უფლისციხე საბოლოოდ დაეცა, ხოლო გვიანდელ ფეოდალურ ხანაში საბოლოოდ დაიცალა მოსახლეობისაგან. შემდეგ უფლისციხეს თავს აფარებდა მტრისაგან აწიოკებული ახლო სოფლების მოსახლეობა.
ქალაქს რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. მათგან ჩრდილოეთით მდებარე მთავარი შესასვლელი ანუ ~დიდიკლდეკარი~ (~კლდი ორღობე~) წარმოადგენს კლდეში ამოკაფულ თავგახსნილ გვირაბს (სიგრძე 150მ, საგანე 2,5მ, სიმაღლე ზოგან 10 მ-დე). თარიღდება ძვ. წ. IV-III საუკუნეებით. აქ გადიოდა ის უძველესი სავაჭრო-სატრანსპორტო გზა, რომელიც შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ნაქალაქარში გზას მთელ სიგრძეზე ახლაც ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს უფლისციხის ~მცირეკლდეკარი~. იგი მთლიანად კლდეშია ჩაკვეთილი (სიგრძე 60მ, სიგანე – 1,5მ) და წარმოადგენს შიდა ქალაქის ძირითად შესასვლელს. ქალაქს ჰქონდა საიდუმლო შესასვლელიც – სამხრეთით მდებარე გვირაბი (დიამ. 3მ), რომელიც მტკვრის ნაპირზე გადის. ალყის დროს ქალაქი აქედან მარაგდებოდა წყლით.
კლდოვან ფერდობზე მდებარე ქალაქს სამხრეთიდან და დასავლეთიდან იცავდა მაღალი ციცაბო ქარაფი, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან – კლდეში ამოკაფული თხრილი. თხრილი მიღებულია ბუნებრივი ღრმულების ხელოვნურად გაფართოების შედეგად. მისი ნაპირები ძლიერ დამრეცია, თხრილის შიდა კიდეს დასდევს მაღალი და განიერი (სიგანე 3-4 მ) ზღუდე, რაშიდაც მრავალსართულიანი კრამიტით გადახურული კოშკია ჩაშენებული. ზღუდეც და კოშკიც დაზიანებულია.












































