RSS

კაცხის სვეტი

16 აპრილი

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

კაცხის სვეტი ჭიათურასთან ახლოსაა, ბავშვობაში ჩემი წინაპრები ამ სვეტს ეძახდნენ _ სვეტი-ცხოველი უხელოდ აშენებული. მიდიოდნენ და სვეტს სთხოვდნენ ჩვენს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, კარგად ყოფნას…

მახსოვს ბებომ, როგორ გამოძერწა ჩემხელა სანთელი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ფეხით გაუყვა კაცხის სვეტისკენ გზას ჩემთან ერთად, მანამდე იდგა მუხლდაჩოქილი და ლოცულობდა, ვიდრე სანთელი ბოლომდე არ ჩაიწვა.

ადგილობრივები კაცხის სვეტს ხან ცხვარს სწირავდნენ, ხან დედალს, ხან რას და ხან რას. ამბობდნენ ზევით, ქვით ნაკეთი სადგომიაო – ეს ჩემს ბავშვობაში. ყოველთვის მიკვირდა, როგორ უნდა ასულიყო იქ ადამიანი და ხელით გამოეთალა მაგიდა, სკამი… მერე მთასვლელები ვარჯიშობდნენ-ხოლმე და ბავშვები დიდი მონდომებით ვადევნებდით თვალყურს. წლებია კაცხის სვეტზე არ გადავსულვარ. ახლა კი… ეკლესია აუშენებიათ, როგორც სვეტზე, ასვე ქვევით, სვეტის მახლობლად.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კი კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზედა ბაქნის ფართობია 10X17 მ.,ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული – სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები.

ბატონიშვილი ვახუშტი კი ასე აღწერს:

“ციხის აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა შინა აყვანილი ვითარცა სუეტი.ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს ეკლესია, არამედ ვეღარარა არევლის კაცი, არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა ”

პირველი ასვლა კაცხის სვეტზე 1934 წელს განხორციელდა-ალპინისტ ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ავიდნენ მწერლები -ლევან გოთუა,აკაკი ბელიაშვილი და არქიტექტორი ვ.ცინცაძე

მეორედ, თერთმეტი წლის შემდეგ,1955 წელს კაცხის სვეტზე ავიდა რგანის მაღაროს ალპინისტური სექციის ჯგუფი, ვარდენ გოცაძე, თენგიზ აბესაძე, თენგიზ ხვედელიძე და ზურაბ ხვედელიძე, გოდერძი სამხარაძის ხელმძღვანელობით; “როდესაც ფეხი კაცხის სვეტის თხემზე დავაბიჯე -ხელები მაღლა ავწიე და ღმერთს მადლობა შევწირე”, – იგონებს გოდერძი სამხარაძე. სვეტის თხემის ფართობი სამოცი კვადრატული მეტრია,იქ დაგვხვდა ქვის მცირე ზომის ეკლესია-დაახლოებით ოთხი მეტრი ოთხ მეტრზე, მარტო კედლები დაგვხვდა, რომელზეც მხატვრობის კვალი არ ემჩნეოდა. ეკლესიის სამხრეთ მხარეზე იყო მოწყობილი აკლდამა, რომელშიც ერთი ადამიანის ჩონჩხი ესვენა, იქვე იყო ექვსი ცალი ქვევრის წყლის სამარაგო, თითოეული 160 ლიტრის ტევადობის. ეკლესიის შიგნით სპეციალურად გაკეთებულ ნიშზე იდო თუნუქის ქილა, რომელშიც იდო წერილი, რომელსაც ხელს აწერდნენ მთასვლელები, ალიოშა ჯაფარიძე, ლევან გოთუა, აკაკი ბელიაშვილი და ვ ცინცაძე. წერილი ჩვენ წამოვიღეთ და ახლა სოფელ ხრეითში ალიოშა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმში ინახება. ეკლესიის დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით დაგვხდა პატარა ზომის შენობის ნაშთი, ალბათ კელია, ბერთა საცხოვრებელი, რომელშიც ბუხარი იყო და ნაცეცხლარი ეტყობოდა, იქვე იყო ქვის პატარა როდინი თავისი ქვასანაყით, ქვევრის ფარფლის ნატეხი ჯვრის გამოსახულებით, ქართული აგურისა და კრამიტის ნატეხები (აღნიშნული ნივთები გ.სამხარაძის პირად მუზეუმში ინახება). იქვე იდგნენ მუხის ხეები 20 სანტიმეტრი დიამეტრის. სვეტის ძირში იდგა ცაცხვის ხე, რომლის კენწერო სვეტის თხემს აღწევდა, დაახლოებით ოცი წლის უკან, ცაცხვის ხე ქარმა მოგლიჯა რომლის ძირში ქვის აკლდამა გამოჩნდა,მასში დაახლოებით ოცდახუთი თავის ქალა და დიდი ძვლები აღმოჩნდა. თავის ქალა და ძვლები ადამიანისა იყო, ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ არც ერთი პატარა ძვალი არ აღმოჩენილა არც რაიმე ნივთები ახლდა ძვლებს. მე თვითონ ძვლებს რაიმე დაზიანების კვალი ვერ შევამჩნიე, კაცხის სვეტის ცხოვრება დუღდა, მტერმა ადამიანები დახოცა და მიატოვა,გვამები ნადირმა და სვავებმა გაანადგურეს. გაარკვეული პერიოდის შემდეგ მოსახლეობა დაბრუნდა, გაფანტული ძვლები მოაგროვა და ერთად დაკრძალეს.

-სვეტზე ასვლის ჩემი სავარაუდო შეხედულება მაქვს. გააგრძელა გოდერძი სამხარაძემ-პირველი ის, რომ სვეტის ჩრდილოეთით დარჩენილია კლდეში ნაკვეთი სამი საფეხური.უნდა ვიფიქროთ,რომ აქ კლდეში ნაკვეთი კიბეები იყო, რომელმაც დროთა განმავლობაში ბუნებრივი ნგრევა განიცადა. მეორე ის, რომ მაშინდელ ადამიანს, ჩვენს წინაპრებს სხვა ფიზიკური მონაცემები ჰქონდათ, მესამე ის, რომ შეიძლება აქ იდგა დიდი ხეები, რომლის მეშვეობითაც ადიოდნენე სვეტზე. პირადად მე წლების განმავლობაში ათჯერ ვარ ასული კაცხის სვეტზე და დაახლოებით ორასი კაცი მყავს აყვანილი. კაცხის სვეტი ისეთი საოცრებაა, რომ ბროლის ჩიხოლში ჩასვამს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, – ამბობს გოდერძი სამხარაძე.

კაცხის სვეტის ძირში, კლდეზე ამოკვეთილია ბოლნისური ჯვარი, რაც იმის დადასტურებაა, რომ წინაქრისტიანული ხანიდან აქ სასულიერო პირები ცხოვრობდნენ.

ისტორიამ არ შემოგვინახა, ვინ იყო პირველი მესვეტე ბერი კაცხში, რომელიც განმარტოებით ცხოვრობდა და ლოცულობდა კაცხის სვეტზე, ვინ იყო ის ბერი, რომლის ძვალთშესალაგი კაცხის სვეტის თხემზეა.

ასეა, თუ ისეა, ფაქტია, რომ კაცხის სვეტი, ტურისტებისთვის ფრიად საინტერესო იქნება და მისი პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს ადგილობრივ მათ მოზიდვას და ადგილობრივების ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც გარკვეულწილად გაზრდის.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s