RSS

ურბნისი

23 იან

ნათლისღებას, ისე ციოდა და თოვდა, რომ კარგა ხანს ვფიქრობდი ღირდა თუ არა სადმე წასვლა და მასალის გაკეთება. თუმცა რადგან ასე მქონდა დაგეგმილი, უეცრად მოსულ მუხლებამდე თოვლს არ შევუშინდი და გავემართე ურბნისის ტაძრისკენ. იმ ეკლესიის ნახვას, სადაც დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისი საეკლესიო კრება 1104 წელს მოიწვია (ფაქტობრივად, ამ კრების მოწვევით საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა), ბავშობიდან ვოცნებობდი.

This slideshow requires JavaScript.

სიმართლე გითხრათ, იქ მისვლამდე არც ის ვიცოდი, რომ სწორედ ამ ეკლესიის კედლებში დაუდგავს გვირგვინი საქართველოს ლეგენდარული მეფის დავით აღმაშენებლის მამას გიორგი მეორეს და თავად დავით აღმაშენებელი ამ მონასტერში მონათლულა.

ასეა თუ ისე, როგორც ზევით მოგახსენეთ არც სიცივეს და არც თოვლს არ შევუშინდი და რამოდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ მივადექი ურბნისი სიონის ტაძარს. თუმცა ცენტრალური გზიდან სულ რაღაც ნახევარ კილომეტრშია, მაგრამ საკმაოდ არასახარბიელო მდომარეობაშია იქამდე მისასვლელი  გზა, რომელიც ჩვენ თუ არა ჩამოსულ სტუმრებს და ტურისტებს საკმაო დისკომფორტს შეუქმნის, რომ არაფერი ვთქვათ ტაძრის გარშემო არაკომფორტულ მდგომარეობაზე. როგორც ტურისტებისთვის, ასევე მომლოცველებისთვის, რომლებიც როგორც სჩანს არც თუ ისე ხშირი სტუმრები არიან ამ ტაძრის მხოლოდ ერთი ტაძრის შესასვლელთან სახელდახელოდ აშენებული ფეხსალაგია. აღარაფერს ვამბობთ მაღაზიებისა და ა.შ. არ არსებობაზე. თუმცა თავად ტაძარი, მნიშვნელოვანია და საინტერესო, როგორც ადგოლობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის.

ნათლისღებას უამრავი ადგილობრივი თუ ჩამოსული მომლოცველი ირეოდა ტაძარში.

ურბნისი ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება ელინიტურ ხანაში. არქეოლოგიური გათხრებისას ურბნისი ტერიტორიაზე და მის შემოგარენში გამოავლინეს ადამიანის მოღვაწეობის კვალი ძვ.წ. III ათასწლეულიდან. საკმაოდ ძლიერი და დიდი დასახლების კვალი შეიმძნევა ძვ.წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე.

ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ურბნისი მნიშვნელობაზე მიუთითებს იქ საეპისკოპოსო დაარსება და მეხუთე-მეექვსე საუკუნეების მიჯნაზე დიდი ქრისტიანული ტაძრის აგება.

აქვეა აბანოც, რომელიც მდებარეობს ანტიკური ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. თარიღდება III საუკუნით. მის ნანგერევებს ფარავს მოგვიანო ხანის (მეექვსე-მეშვიდე ს.ს) მარანი. აბანო ძირითადად ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შედგება ანფილადურად განლაგებული სამი სათავსოსგან, პირველი სათავსო გასახდელ-მოსაცდელია ცივი აუზით, მეორე თბილი აბანო, მესამე კი ცხელი.

ქართულ წერილობით წყაროებში ურბნისი დაკავშირებულია ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს სახელთან. ქართლში მოსული ნინო ურბნისში ერთ თვეს გაჩერებულა, მერე კი სალოცავად მიმავალ ურბნელებს გაჰყოლია მცხეთაშიIV საუკუნიდან, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ურბნისის ცხოვრებაში ძირფესვიანი გარდატეხა მოხდა. წარმართული ტაძრის ადგილზე აშენდა ქრისტიანული ეკლესია,

ურბნისის სიონი – სამნავიანი ბაზილიკა სტილისტური ნიშნებით და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე თარიღდება V-VI საუკუნეების მიჯნით. აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებულია ტაძრის ქტიტორები ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი.

წერილობითი ცნობებით, VIII საუკუნის 30-იან წწ. ურბნისი არბმა სარდალმა მურვან ყრუმ გაანადგურა. ეს ცნობა დადასტურდა არქეოლოგიური გათხრების დროს. არაბთა სისასტიკეზე მიუთითებს დანგრეული სახლები, გადაბუგული გალავან-კოშკები, დალეწილი ჭურჭელი და სხვა. ამ დროს ურბნისმა, როგორც ქალაქმა, შეწყვიტა არსებობა და შემდეგ იგი ქართლის რიგით სოფლად იქცა. ასევე მოაღწია ჩვენამდე.

ურბნისი ძველი ქართული კულტურის კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები ვლასი ურბნელი (XVI ს.), ევდემოენ რატიშვილი გნოლისთავის ძე (1623-1710 წწ.), ნიკოლოზ ხერხეულიძე (XVIII ს.) და სხვა. ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთაგან უმნიშვნელოვანესია ურბნისის სახარება (X ს. გადამწერი იოანელი ტატანელი). ურბნისის სიონი სამნავიანი ბაზილიკაა (32,1X22,4 მეტრი), მისი გეგმა, სივრცითი გადაწყვეტა და გარე მასები ბაზილიკისათვის დამახასიატებელ მკაფიო ნიშნებს ატარებს. ეკლესიის ინტერიერში და ფასადებში ნათლად იკითხება პირვანდელი (VI-VII სს. მიჯნა) და შემდგომი (IX ს-ის II ნახევრის და 1668 წლის) შეკეთება-აღდგენის სამშენებლო ფენები. ადრინდელი ფენები ამოყვანილია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით. მომდევნო პერიოდში აღსადგენად სხვადასხვა ფორმის ქვებია გამოყენებული, წყობა ირეგულარულია. ტაძარში სამი შესასვლელია: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. 1706 წელს ურბნისის ტაძრის გალავანი და სამრეკლო აუშენებია ვახტანგ VI-ს, რის შესახებაც გვამცნობს ურბნისის სამრეკლოს მხედრული წარწერა, ამ დროს სამწყსოს გაანაგებდა მეფის ნათესვი, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე ფალავანდიშვილი. ასევე ვახტანგმა ააგო გალავანი, პალატები, შეამკო ეკლესია, მოჭედა ხატები, უბოძა წიგნები. ვახუშტიც დასძენს, რომ ვახტანგმა ”შემუსვრილი აღაშენა და განაახლა” ურბნისის ტაძარი და ”მოზღუდა ქვითკირითა”. ვახტან VI-ს შემდეგ ურბნისის ეკლესიის გალავანი კვლავ ასაშენებელი გამხდარა: 1739 წელს აუშენებია გალავანი ურბნელ ეპისკოპოსს ნიკოლოზ ხერხეულიძეს.

ურბნისის სიონი დღეისათვის ურბნისისა და რუისის ეპარქიის უძველესი საკათედრო ტაძარია, რომელიც მრავალი წლის უმოქმედობის შემდეგ, ამავე ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 1997 წელს, ხოლო 1999 წელს გაიხსნა ურბნისის საკათედრო ტაძართან აგებული წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, 2002 წელს კი ურბნისში გაიხსნა საეპისკოპოსო რეზიდენციაც.

 

”ეს ქალაქი არის 3500 წლის, პირველად აშენდა მცხეთა, მერე უფლისციხე, კასპი და ურბნისი. მერვე საუკუნემდე ქალაქი იყო. ეს ტაძარი ძალიან ძველი ტაძარია, წმინდა ნინო, რომ ჩამოვიდა საქართველოში, ყველაზე დიდხანს აქ გაჩერდა. ამბობენ რომ ეს ტაძარი ვახტან გორგასალმა ააშენა, ის საეპისკოპოსოებს აშენებდა ისეთ ადგილებში,  სადაც ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა. ამ ქალაქს სამი ათმეტრიანი გალავანი ჰქონდა შემოვლებული.

ჩვენი ტაძარი ადრე იყო ალბათ ღვთისმშობლის სახელობის, სიონი იყო. მერე რადგან თადეოზ სტეფანწმინდელი მოვიდა, იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე, დაერქვა თადეოზ სტეფანწმინდელის სახელობის ტაძარი. იოანე ზედაზნელის 12 მოწაფიდან 6 ქართლშია და 3 ჩვენს ეპარქიაში. ყველგან მონასტრებია აშენებული.” – გვიყვება ბერ-დიაკვანი გიორგი.

”საქართველოს ძლიერებას ხელმეორედ ჩაუყარა საფუძველი რუის-ურბნისის კრებამ. თავად ძეგლი. ყველა წარმართულ ტაძრებზე აგებდნენ ეკლესიებს, რომ ისინი დაეთრგუნათ. მეხუთე საუკუნეში ნამდვილადაა ვახტანგ მეექვსეს მიერ აგებული. როდესაც მეუფე იობი გადმობრძანდა რუის-ურბნისში, ეპარქიაში ოთხი ეკლესია იყო ხაშურიდან გორამდე და ერთი მონასტერი. ახლა კი 80-მდე მონასტერია და 150-ზე მეტი ეკლესიაა.  ტაძარში ადგილობრივების გარდა თბილისიდანაც ჩამოდიან, გორიდან… ბევრი უცხოელი ტურისტიც გვსტუმრობს. ამ ტაძარში ბევრი ებრაელია მონათლული, ბევრი გერმანელი…” – ამბობს ბერ-დიაკვანი გიორგი.

 

დატოვე კომენტარი