RSS

Daily Archives: 28/05/2010

ეს ამბავი ეკოლოგიურ კატასტროფაზე გვიყვება, რომელიც თითქმის საუკუნის წინ მოხდა….

გენოციდი

საბჭოთა კორესპონდენტი ვ. ცვეტოვი დიდი ხანი მუშაობდა იაპონიაში. ბევრი წიგნი დაწერა, როგორც ამ ქვეყანაზე, ისე მის შრომისმოყვარე მცხოვრებლებზე. მის ერთ-ერთ წიგნში – `მომწამვლელები ტოსიდან~, დეტალურადაა აღწერილი ის საშინელი ტრაგედია, რომელიც იაპონიის კუნძულ კიუსიუზე, მეთევზეთა პატარა დასახლებაში დატრიალდა.
იყო დრო, როცა ადამიანები თევზებს კვებავდნენ, თევზები კი – ადამიანებს. როცა ამ ღვთით კურთხეულ ადგილზე თევზის ჭერის პერიოდი იწყებოდა, იმდენი ნადავლი მოჰქონდათ, რომ შორიდან გეგონებოდათ, ნაპირისკენ ოქროს მთები მოცურავსო. მოსახლეობას სჯეროდა, რომ თავად დაიკოკუ – სიმდიდრისა და დოვლათის ღმერთი სწყალობდა. ეს მშვენიერი დღესასწაული იყო, სწორედ ამ მშვენიერებამ მოიტანა სიკვდილი.
თავიდან თევზი შემცირდა, რომელმაც ავადმყოფობა მოიტანა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ამ უცნაურ სენს `მინამატა~ დაარქვეს, მალე კი სახელი იაპონიის სამედიცინო ცნობარში შევიდა.
საშინელი იყო ავადმყოფობის პირველი სიმპტომები, რომელიც თავს დაატყდა გლეხებსა და მეთევზეებს. უცნობი სენი ხელ-ფეხის დამბლას იწვევდა, მეტყველების უნარს აკარგვინებდა, ბოლოს ტვინის პარალიზებაც ხდებოდა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: თავიდან დასახლებაში კატები გაცოფდნენ. ისინი ქუჩებში გამხეცებულნი დარბოდნენ, ადამიანებს კბენდნენ, მერე ზღვის ტალღებში ვარდებოდნენ და იხრჩობოდნენ. ციდან დაშვებული თოლიები ზღვიდან ვეღარ ბრუნდებოდნენ. თევზები ნაპირთან ისე დასუსტებულნი დაცურავდნენ, რომ ბავშვებისთვისაც კი სირთულეს არ წარმოადგენდა მათი დაჭერა. მერე ადამიანებიც დაავადდნენ. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ადამიანთა ტვინი დათრგუნული იყო რომელიღაც მძიმე მეტალის ნაწილაკებით. მეცნიერებმა გამოიკვლიეს მინამატის ნაპირი, სადაც არხი გადიოდა. ანალიზებმა აჩვენა, რომ წყალს კონცერნ `თUჩჩO~-ს სამრეწველო ნარჩენები მოჰყვებოდა: სეულენი, ტალიმი, მანგანუმი, სპილენძი, ტყვია, ვერცხლისწყალი…
აღშფოთებულმა კორპორაციის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო მედიკოსების დასკვნა წყლის დაბინძურების შესახებ (აქედან გამომდინარე, დაავადებაც). უფრო მეტიც, მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მუშაობისას არ გამოიყენებდნენ არანაირ ნივთიერებას, რომელსაც წყლის მოწამვლა შეეძლო. მედიკოსთა მოთხოვნით, სანაპიროსთან ქარხანამ არხი გააუქმა, ამიტომ 1958 წლის სექტემბერში ნარჩენები მდინარეში მოხვდა, რომელიც სოფლის გავლით ზღვაში ხვდებოდა.
სამი თვის შემდეგ ავადმყოფობამ სოფლის თითქმის ყველა მცხოვრები ლოგინს მიაჯაჭვა.

იმედის ნაცვლად – შენელებული მოქმედების ნაღმი
მინამატის უძველესი ქარხანა 1908 წელს ამოქმედდა. ამ ფაქტს მცხოვრებლებიც სიხარულით შეხვდნენ, მათ ხომ სამუშაო ადგილები გამოუჩნდებოდათ და მეთევზეებს დამატებით შემოსავლის წყარო ექნებოდათ. კაცებს აღარ დასჭირდებოდათ სხვა სამუშაოს ძებნა, ქალებს კი – სხეულით ვაჭრობა, რომ ოჯახები ერჩინათ. ქარხნის გახსნაზე მისმა დირექტორმა `დასახლების ისტორიის წიგნში~ ჩაწერა: `ქარხნის მშენებლობამ მინამიტის ჰაერი გამჭვირვალე გახადა, გაიზარდა მოსახლეობა, გაფართოვდა ვაჭრობა, სხვა რაიონებიდან გამოცოცხლდა სატრანსპორტო გადაადგილება~.
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ჩანაწერი 50 წლის შემდეგ იქაურ მცხოვრებლებს რისხვად შემოუტრიალდებოდათ.
1908 წელს ქარხანა 50 ტონა კარბიდს გამოიმუშავებდა. შემდეგ წელს ამონიუმის სულფადის წარმოება დაიწყეს. 1920 წელს მინამატის ნაპირებზე ზღვამ პირველი მკვდარი თევზი გამორიყა.
`თUჩჩO~ მეთევზეების კომპენსაციას უხდიდა, თუმცა არც ისე ბევრს.
1944 წელს კორპორაციის დამფუძნებელი დვიუნ ნოგუტი გარდაიცვალა, მაშინ არავინ უწყოდა, რომ მის უკან შავბნელ დანაშაულთა მთელი `რეესტრი~ რჩებოდა. იაპონელთა ცნობიერებაში იგი მუდამ დარჩება `მინამატის ავადმყოფობასთან~ ასოცირებული. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ბუნების დაბინძურებით ადამიანები მასობრივად იღუპებოდნენ.
სპეციალისტთა დასკვნით, 1960 წლის დასასრულს `მინამატის დაავადებით~ 100 ათასი ადამიანი დაიღუპა. 1959 წელს კუმამოტოს უნივერსიტეტის მეცნიერთა განცხადებამ მთელი იაპონია შეძრა. როგორც გაირკვა, მინამატის ნაპირებზე დაჭერილი კიბორჩხალა და თევზი, თვით მდინარის წყალიც კი ისეთი დოზით შეიცავდა მომწამვლელ ნივთიერებებს, რომ იგი საკმარისი იყო ადამიანის გასანადგურებლად.
შოკის მომგვრელი ინფორმაციის შემდეგ მთავრობა ამოძრავდა. თუმცა მათ არ დაკეტეს ქარხანა და `თUჩჩO~-ს დირექციისგან არც ახსნა-განმარტება მოითხოვეს. მთავრობამ, უბრალოდ, აკრძალა ამ მიდამოებში თევზის გაყიდვა. კორპორაციამ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა ნაპირთან ამ ქარხნის წარმოებული, იარაღით სავსე ტრანსპორტი ჩაძირეს. თუ ქარხანამ იმ პერიოდში ქვეყნის თავდაცვისთვის მუშაობდა, აქედან გამომდინარე, ნაპირის გასუფთავება ხელისუფლების საქმე იყო.
მინამატის მცხოვრებლებმა `თUჩჩO~-ს  წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 1972 წელს, პროცესის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ, სასამართლოს თავმჯდომარემ გადაწყვიტა იმ დაზარალებულთა ნახვა, რომელთაც კუმამოტოში არ შეეძლოთ პროცესზე ჩასვლა.
სასამართლოს წარმომადგენლებმა ისკო და იოსიკო იემურას ჩვენების დროს მოისმინეს: `ჩემი გოგონა ტოკომო 1951 წლის ივლისში დაიბადა. 2 დღის შემდეგ გოგონას ტანი გაულურჯდა. ჩავეხუტე, ვიფიქრე: გავათბობ და სილურჯე გადაუვა-მეთქი… მაგრამ იგი უფრო და უფრო ლურჯდებოდა…~ მოსამართლე მათ სახლში ტოკომოს სანახავად წავიდა, მაგრამ ერთადერთი ბგერა, რომლის წარმოთქმაც 21 წლის გოგონას შეეძლო, იყო: ა-ა-ა-ა-ა-ა-ა-… ტოკომო ყრუ დაიბადა. სასამართლოსთვის გაურკვეველი დარჩა, ხედავდა თუ არა იგი მათ – გოგონას ფართოდ გახელილ თვალებში აზრის ნატამალი არ ჩანდა.
მეზობლის ეზოში მოსამართლემ გამხდარი, ფერმკრთალი ბიჭუნა დაინახა, რომელიც მოუხერხებლად ისროდა ქვებს, საშინლად დამახინჯებულ ხელებს ვერ იმორჩილებდა, მაგრამ `ბურთით~ თამაშს ჯიუტად აგრძელებდა. როცა ძახილზე ბავშვმა მოიხედა, მოსამართლემ დაინახა, რომ სახეს ჭაღარა ღინღლი უფარავდა. იგი დიდხანს შეჰყურებდა ბიჭს. ეზოგან ჩუმად გავიდა…
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში იაპონიამ ტექნიკის განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია: ყველაზე დიდი ტანკერები, ყველაზე პატარა კომპიუტერები, ყველაზე მაღალი შენობები (სეისმურად ყველაზე აქტიურ ადგილებში), ყველაზე ჩქარი მატარებლები… თუმცა იაპონელებმა აღიარეს, რომ ბევრის შექმნისას უფრო მეტი დაკარგეს.

Advertisements