RSS

წადი არხოტში, იქ ზღაპარია!!!

09 სექ

ოლიკო ცისკარიშვილი

არხოტი, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში პირველად დავდგი ფეხი, ია თაბაგარის წყალობით. შვიდ სექტემბერს დილიდანვე შევიკრიბეთ ჯგუფის წევრები და არხოტისკენ ავიღეთ გეზი. მოგზაურობის ხიბლიც სწორედ ისაა, რომ უამრავ თავგადასავალში ეშვები და და თან იმ ლამაზი კუთხის გაცნობის გარდა, უმარავ ახალ და კარგ მეგობარს იძენ.  „მთის მეგობრები“ – ასე ვეძახი მე მათ და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე უღალატო ხალხია ისინი.

აქ არხოტში გავაცნობიერე, რომ სახიფათო გზებზე სიარულისას, ადამიანისთვის ღმერთი ის არის, რომელიც რთულ სიტუაციაში ხელს გამოგიწვდის და დაცემას არ დაგანებებს. ასეთები იყვნენ ჩვენი ჯგუფის წევრები, რომლებიც საქართველო-ინგუშეთის საზღვრამდეც, 16 კმ ფეხით გავლის შემდეგ მივიდა, ასას ხეობის სწრაფად მორბენალ მდინარეებზე გადებული საცალფეხი ხიდებით  (ზოგი ხისა, ზოგი რელსებისა და ზოგიც მილებისგან შეკოწიწებული) და აღმართ-დაღმართით.

პირველ დღეს გაგვიმართლა და კარგი ამინდი იყო. ვიცოდით, რომ დოღიც იქნებოდა. წელთგზას რომ გადავცდით არხოტის ულამაზესი ხედებიც გადაიშალა. გზის კეთებაც დაუწყიათ, რაც უფრო გააიოლებს არხოტამდე სტუმრების ჩასვლას, თუმცა გზის მშენებლობას წითელ წიგნში შეტანილი დეკის ულამაზესი კორომები შეუწირავს. საცოდავად ეყარნენ გზის პირას დეკის ფესვები… არხოტის სამი სოფელიც შემოგვეგება: ჭიმღა, ახიელი და ამღა, სადაც ოთხი ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობით ირჩენს თავს.

როგორც კი ფეხი დავდგით ახიელში, მასპინძლები შემოგვეგებნენ გურამ ნაროზაული და ფიქრია ჭინჭარაული და თავის საოცრად მყუდრო და ლამაზ სასტუმროსკენ გულთბილად გაგვიძღვნენ.

ცოტა ხანში კი დოღიც დაიწყო, რომელიც ტრაგიკულად გარდაცვლილ ბორის წიკლაურის საპატივცემულოდ გაიმართა. მოიხარშა ლუდიც და გაიშალა პურ-მარილიც. მეორე დღეს, სროლაში შეჯიბრიც იყო. ჩვენ კი ის ადგილები დავლაშქრეთ, სადაც ბორისი გარდაიცვალა და სულის ტაბლაც გავუშალეთ, უკან დაბრუნებულებმა.

ზემოდან დაგვყურებენ მთებზე შეფენილი სალოცავები. ვიდრე დოღის გამარჯვებული შემოაგელვებს ცხენს ადგილობრივებთან ვჩერდებით.

„მდიდარი მე ვარ. იცით რა მინდოდა?! შვილები და შვილიშვილები რომ მოსახლდნენ აქ, – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი გიგლა ოჩიაური, – რომ მოდიხარ აქ ამ პენსიონერს რას სთავაზობ? 20 ლარის დამატებას? ჭიმღამდე არის ერთი კმ, თუ ხალხის გულისთვის მოდიხარ, 12 წლის შემდეგ ახლა მოხვედი, გამომიყავი რამე და ჩემამდე გზა მოიყვანე. ვიღაცას 200 კილოვატიანი ჰესი უნდა აეშენებინა და 17 კვ-ნი ააშენეს. 10 თვე შუქი არ იყო. რომ მოხვედი 12 წელი რომ არაფერი გაგიკეთებია, ახლა გააკეთებ? სულელები ვგონივართ? აი, ეს მთელი სამყარო, ჩემი მამულია, მე ვპატრონობ, მე ამიტომ ვცხოვრობ აქ, რომ იმას ვუპატრონო და შენ ომით მაშინებ?“

აქ, არხოტში, არანაირი პირობები არ არის, არც მაღაზია, არც სკოლა. სიცოცხლისთვის საჭირო ელემენტარული პირობებიც არ არის.

ეკლესიაც კი დანგრევის პირასაა მისული. არხოტი, ზამთარში, გარე სამყაროსგან თვეობითაა მოწყვეტილი.

საღამოს, ცისკარაულების კოშკი დავლაშქრეთ, თუმცა ახიელი ჯარჯი ცისკარაული ვერ გავიცანი. გულით მინდოდა მისი გაცნობა, რადგან მოგვარეებსაც ბიძაშვილების გარდა, თითქმის არავის ვიცნობ და გვარის ერთი ფუძის მატარებლის გაცნობას მართლა ვესწრაფვოდი, თუმცა ვერ მოხერხდა. უკან დაბრუნებისას, გზაზე შეგხვდა და მხოლოდ ერთი თვალის მოკვრა შევძელი…

მეორე დღეს, როცა ერთ-ერთ მასპინძელს ვესტუმრე და ვუთხარი, გმირები ხართ-თქო, სიმწრით ჩაიცინა და არაფერი მითხრა. თუმცა ეს დუმილი უფრო მომხვდა გულზე. წამოსვლის წინ გავუმეორე – სიტყვის მასალად არ მითქვამს ეს სიტყვები, მართლა ასე ვფიქრობთქო.

დოღის გამარჯვებული, ფეხმარდი ცხენის მხედარი ზვიად ზვიადაური გახდა. იმ დღეს გამარჯვებაზე მეტად, დარდი ჰქონდათ არხოტიელებს. თეთრთმეტიოდე წლის ბიჭს ურჩი ცხენი დაეტაკა და ბავშვი წააქცია. პატარამ თავი დაარტყა და საჭირო გახდა ვერტმფრენის გამოძახება. სამი საათის შემდეგ მოაღწიეს მაშველებმა და პატარა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე დღეს, ისიც გავიგეთ, რომ თავზე ოპერაციას დასჭირვებია. იმ დღეს, ყველა ხევსურთან ერთად, ამ პატარა ბიჭის გადარჩენაზე ვფიქრობდით.

ამღაში, არხოტის უხუცესს სანდუა ბაბოსაც ვესტუმრეთ, რომელიც ზამთარ-ზაფხულს თავის კერას არ ტოვებს. გარს ჰყავდა შემოხვეული შვილები და შვილიშვილები და იჯდა თავის ფიქალისგან ნაშენ, დაბალჭერიან სახლში ბედნიერი და მშვიდი ღიმილით.

მეორე დღეს, დილაუთენია, გავუყევით გზას. არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ ტბა უნდა დაგველაშქრა, ბრმად გავყევი ჯგუფის წევრებს. ტბა არ დაგვილაშქრავს, თუმცა საქართველო-ინგუშეთის საზღვრამდე მივედით. გზად არხოტის უმშვენიერესი ხედები, კლდენი მაღალნი, ჩქარი მდინარენი, შერეული ტყენი, ცა ლიცლიცა, გამოქვაბულები… ერთი თერაპიააა მოწყურებულზე ჩქარი მდინარიდან დალეული მთის სუფთა წყალი, რომელიც სიცოცხლის ელექსირივით შემოდის ორგანიზმში.

მოკლედ, რომ ვთქვათ, ეს ადგილები სათავგადასავლო ტურიზმისთვის მშვენიერი ადგილებია და ამას ფოტორეპორტაჟიდანაც მიხვდებით.

მე ვერ გავრისკე, თუმცა დანარჩენები ჩვენს მესაზღვრეებამდეც მივიდნენ. როგორ ან რა უნდა დავწერო მათზე არ ვიცი. ჩვენმა ხელისუფლებამ უფრო კარგად იცის მათი საჭიროებები. მით უმეტეს, მთის მესაზღვრეების, თუმცა პრობლემებზე თვალის დახუჭვა და დაიგნორება არ არის ახალი. ამას კი ვიტყვი: 21-ე საუკუნეში, მესაზღვრეს ინტერნეტი მაინც უნდა ჰქონდეს, სხვა თუ არაფერი…

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 09/09/2024 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი