RSS

ერგნეთი – აგვისტოს ომიდან 15 წელი

14 აგვისტო

ოლიკო ცისკარიშვილი

ერგნეთში შუადღისას ჩავედით. პირდაპირ სასაზღვრო პუნქტს მივადექით და მივხვდით, რომ უკვე ახლოს ვიყავით ჩვენს მიზანთან. ლია ჩლაჩიძე, რომელმაც აგვისტოს ომის მუზეუმი დაარსა, საკუთარი სახლის ნანგრევებზე, ჭიშკართან შემოგვეგება. ვიდრე ეზოში შევაბიჯებდით, მარჯვნივ რუსების მიერ დაცხრილული მანქანა დავინახეთ…

ეზოში, ისევ დამხვდა ჭურვისგან გადარჩენილი ლიას ყავის ჭიქები, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადავიღე. ქართული დროშაც ისევ ფრიალებს. აგვისტოს ომის დროს დაბომბილი ეზო ისევ იშუშებს ჭრილობებს ლიას დარგული ყვავილებით.

უკვე მეშვიდე წელია რაც ლია ჩლაჩიძემ საკუთარი ძალისხმევით, აგვისტოს ომის მუზეუმი გააკეთა, რუსებისგან დაბომბილ სახლში. ადგილობრივებისა და მეგობრების დახმარებით, მან შეძლო გაეწმინდა და მუზეუმის სახე მიეცა თავისი მამაპაპისეული სახლისთვის, რომელიც უკვე ოთხმოცი წელია ამ ეზოში დგას,

“2008 წლის 19 აგვისტოს დავბრუნდი თბილისიდან, რომ მენახა რა მდგომარეობაში იყო ჩემი სახლი, რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიარე, რომ აქამდე მომეღწია. მოვედი და ვნახე, რომ დამწვარი იყო, ჩემი მაზლის სახლიც დამწვარი იყო. ჩემს სახლზე რუსების მიწერილი იყო “ზენეტა”, ანუ დაკავებულიაო. უკვე დაკავებული ქონდათ ადგილობრივების სახლები, რომ მერე თავად შემოსულიყვნენ. ჯერ კიდევ დადიოდნენ ოსები და რუსები. ვიდექი გაოგნებული და უცებ, ზურგზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი… შიშისგან ძლივს შემოვტრიალდი, ნელა, ძალიან ნელა და რას ვხდება ჩემი ძაღლი – პელე, გადარჩენილა, ძალიან ბევრი ვეფერეთ ერთმანეთს,” – გვიყვება ლია, მაგრამ ვერ წაიყვანა, თავადაც გადასარჩენად ჰქონდა საქმე, ლია მეუღლე ამ ომის პირველი მსხვერპლი იყო.

ლია ჩლაჩიძე გვიყვება, რომ ომის დროს უნიკალური ბიბლიოთეკა დაკარგა. მტერმა ცეცხლს მისცა მათ შორის იაკობ გოგებაშვილი “დედა ენის” პირველი გამოცემა, ორი საუკუნის ქართულ-ბერძნული ბიბლია და ბევრი სხვა.

ლია იმასაც იგონებს, როგორ დახვრიტეს მიჯრით 12 ერგნეთელი. მოხუცები გაკავებულები ჰყავდათ და აყურებინებდნენ როგორ უწვავდნენ სახლ-კარს. ერთი ქალბატონის ისტორიაც გაიხსენა, რომელიც ქუჩაში ათრიეს, იმიტომ რომ ქართველი შვილები ჰყავდა, თუმცა ის შვილებიც და ქმარიც, ამ ავადსახსენებელ ომამდე ჰყავდა დაღუპული.

ისიც გაიხსენა, როგორ ჩააგდეს გავარვარებულ ცეცხლში  მანია, რომელიც ახლა 80 გადაცილებულია და როგორ გადაარჩინეს ადგილობრივებმა. მანიას ის ტკივილი ახლა აღარ ახსოვს, ცეცხლმოკიდებული, ფეხებგადამწვარი ცეცხლიდან რომ გამოიყვანეს მას შემდეგ არც თავისი სახელი ახსოვს, არც ახლობლები და არც მტერ-მოყვარე… პატრონობს ახლა სოფელი ამ წარსულდავიწყებულ ადამიანს.

ლიას მუზეუმში აგვისტოს ომის ისტორიას თავად ექსპონატები გიყვებიან: კასეტური ბომბების ნამსხვრევები, დამდნარი მინის ბოთლები, დამწვარი ბოძები, მავთულხლართები, დამსხვრეული ჭურჭელი… რუსი ჯარისკაცის ჩექმის ანაბეჭდი წიგნზე… იმხელა ტკივილს იტევს ეს 80 წლის სახლის კედლები, რომ შეუძლებელია არ დაიზაფრო.

მუზეუმის ერთ-ერთ კედელზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ეკლესიების ფოტოებია განთავსებული, რომელიც არა მარტო ლია ჩლაჩიძის სატკივარია, არამედ ყოველი ქართველის:

ხეითის საბაწმინდა – მე-10 საუკუნის ძეგლი, ხეითის მთავარანგელოზი მე-18-19 ს, ერედვის ბაზილიკა 906 წ. სვერის წმინდა გიორგის ეკლესია. თამარაშენის ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი, იკორთის ეკლესია 1172 წ. თორის მონასტერი მე-13 ს; თიღვისის ტაძარი მე-12 ს. წირქოლის ტაძარი მე-8-9 ს. დოდოთის ცხრაკარის ეკლესია მე-10-11 ს. ყანჩაეთის კაბენი მე-9 ს. ლარგვისის მონასტერი მე-14-18 ს.ს. წუნარის ღვთისმშობლის ეკლესია მე-14 ს. გერის წმინდა გიორგის ეკლესია მე-6 ს. სულ 80-მდე ეკლესია და 60 ციხე-კოშკი.

ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ თვალსა და ხელს შუა ისტორიის გაყალბება ხდება.

მუზეუმში ის დროშაც არის, რომელიც ლია ჩლაჩიძემ ომის დროს ქუჩაში დაგდებული დახეული, დამწვარი იპოვა. ბეღელში შეუნახავს ეზომდე რომ მიაღწია. მერე კი, როცა მუზეუმის გაკეთება სისრულეში მოიყვანა, იმ დროშამაც საპატიო ადგილი დაიკავა.

და კიდევ: ერგნეთში, ჩვენი ბოლო ვიზიტიდან ვერ ვიტყვით რომ არაფერი შეცვლილა, ბოლო-ბოლო ცენტრალური გზა მაინც არის გაყვანილი, რასაც ვერ ვიტყვით სოფლის შიდა გზებზე, მაგრამ ინფრასტრუქტურა ისევ მოსაწყობია. სოფელში ყველა დაზიანებული სახლიც აღდგენილია, მაგრამ იმისთვის რომ მოსახლეობა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფლიდან არ მიგრირდეს აუცილებელია საარსებოდ ელემენტარული პირობები – მაღაზიები, აფთიაქები, ბიბლიოთეკა და ა.შ. და ა.შ.

და ბოლოს, მუზეუმის ჭერზე მერცხლებს ბუდე აუგიათ 🙂

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 14/08/2023 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი