ოლიკო ცისკარიშვილი
ეს ფოტო, 8 წლის წინ, 2015-ში, ერგნეთში გადავიღე. ლია ჩლაჩიძის სახლის ნანგრევებიდან ამოკრეფილი ბომბებს გადარჩენილი ყავის ჭიქებია. დღეს, ამ ადგილზე, საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ განადგურებული სახლის ნანგრევებზე მუზეუმია, რომელიც ცხინვალიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია. ლიას სახლთან 200 მეტრში მავთულხლართებია… “დაკარგული” საფლავები. ჩამოყრილ “კასეტურ” ბომბების ადგილას, 2008 წლის აგვისტოს ომის ეპიცენტრში, ახლა ყვავილები ყვავის, ქალბატონი ლიას შეუპოვრობითა და ძალისხმევით. ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. ერგნეთში, ომის დროს 160 სახლი დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ წყალი და ბუნებრივი გაზი გამოიყვანეს, მოსახლეობას მაინც უჭირს თავის რჩენა.

სოფელში დარჩენილები მიწაზე მუშაობით ძლივს ირჩენენ თავს. მათი დამატებითი შემოსავალი, ან პენსიაა, ან სოციალური დახმარება. სოფელს, გარდა იმისა, რომ წყლის პრობლემა აქვს, ინფრასტრუქტურის სერიოზული პრობლემაც აწუხებს – სოფელში არ არის მაღაზია, აფთიაქი, ბავშვებისთვის გასართობი. თუმცა, ამ ბოლო დროს, გზის პრობლემა მოგვარდა.

2008 წელს სოფელ დიციც ცხელი წერტილი იყო, ამ სოფელში ცხოვრობს 80 წლის ვენერა ედიშერაშვილი, რომელმაც სოფლის ხუთი სახლი გადაწვას გადაარჩინა. ჩვენი სტუმრობისას გემრიელი პურების ცხობაში იყო გართული.
რვა წლის წინ, ვენერა ედიშერაშვილი გვიყვებოდა: „სროლები რომ დაიწყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი მეზობელი თავისი ქალიშვილით, ღამე ფერმის უკან ბუნკერში ვათენებდით. სახლიდან ათ მეტრში ბომბი ჩამოვარდა. დღე, ჩვეულებრივ დადიოდნენ ავტომატებით და მარტო იმას მეკითხებოდნენ ახალგაზრდები სად იყვნენ, მუქარით არ მემუქრებოდნენ, მაგრამ ყველაფერი წაიღეს, აურ-დაურიეს, თუ რამე გაგვაჩნდა ყველაფერი წაიღეს. როგორ გადავრჩი და… სარატოველივარ-თქო, მოვიფიქრე… შვილი მომიკლეს-თქო, რომ ვუთხარი, მერე არაფერს მეკითხებოდნენ. დაკლეს ღორი, რამდენიმე სული საქონელიც წაიყვანეს… მიჰქონდათ ხილი, ვაშლი, ღვინოს და არაყს თავად ითხოვდნენ… ვაძლევდი… მეორე მსოფლიო ომსაც ვარ მოსწრებული, მჭადში გარეულ ბალახს ვჭამდით, მაშინ, შიმშილი იყო, ეხლაც ვშიმშილობთ, ახალგაზრდები არ მინდოდა მოსწრებოდნენ ამას. 2008 წელს, რუსებისგან ამას არ მოველოდი, მაინც ერთი სარწმუნოება გვაქვს. საფლავს რომ ადამიანს შეუღობავენ ის ხალხია, შვილო? – კითხულობს და მაინც იმედოვნებს, რომ ის ხალხი, ვინც წავიდა და დღემდე არ დაბრუნებულა, თუ მშვიდობა იქნება მიანც დაუბრინდება თავის სახლ-კარს.. ომამდე, ვენერა ედიშერაშვილს, 40 წლის შვილი, დათო, მოუკლეს, მაინც არ დატოვა კერა… – „ომი რომ დაიწყო და სროლა ატყდა, ჯარი გაიქცა… ხალხიც გარბოდა, იმ ჯარს არ შეეძლო საერთო ენა გამოენახა, რომ რაღაცნაირად მორიგებულიყვნენ? მე თუ შევძელი და ხუთი სახლი გადავარჩინე, იმათაც ხომ შეეძლოთ…“ – ამბობს ვენერა ბებო და ფიქრობს, რომ მშვიდობა მაინც დამყარდება ამ ორ ქვეყანას შორის.

15 წლის წინანდელ ომს, ერგნეთელი ლია ჩლაჩიძე ასე იხსენებს: “ხვალ 8 აგვისტოა, ავადსახსენებელი 08.08.08. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო, რომელიც აქამდე არავისთვის მითქვამს… ივლისის ბოლოს უკვე ჩაკეტილი იყო ე.წ. საზღვარი, გადაკეტილი იყო საკონტროლო-გამშვები პოსტი ერგნეთშიც. “შიგნით” სავსე იყო ქართველობა, დიდი და პატარა ლიახვის ხეობა, ცხინვალი… ერთ ჩემს ოს მეგობარს, რომელიც იქაური მილიციის მაღალჩინოსანი იყო, უბედურება შეემთხვა. მგლებმა სოფელ ტბეთში, ღამით თითქმის შეუჭამეს ძმა, გადარჩენის შანსი იყო მინიმალური. დილის 6 საათზე დამირეკა ტირილით, მიშველეო. ვლადიკავკაზამდე ვერ ჩააღწევსო, უთხრეს ექიმებმა. მდგომარეობა იყო უმძიმესი, კაცი კომაში იყო ჩავარდნილი, არანაირი სასიცოცხლო რეაქცია… მას, როგორც მილიციის მაღალჩინოსანს პირდაპირ უთხრეს, როგორც კი ერთ ნაბიჯს გადადგამ ქართულ მხარეს, ვეღარც უკან შემოხვალ და თანამდებობასაც დაემშვიდობეო. კაცი ორ ცეცხლსშუა იყო. მემუდარებოდა, მიშველე, შენს მეტი სხვა გზა არ მაქვს და არც პატრონი მყავს ვინმე მანდეთ, ჩამოდი და როგორმე გაიყვანეო. დიდი თავსატეხი გამიჩინა, მაგრამ დახმარებაზე უარის თქმა არ შემეძლო. გადავრეკ-გადმოვრეკე, ვიღაცეებთან შევათანხმე. ტყვიავის სასწრაფო დახმარების ექიმები ძლივს დავითანხმე ცხინვალში ჩასვლაზე, ვინ მოგვცემს უსაფრთხოების გარანტიებს, რომ არ აგვიყვანენ მძევლებადო. მაშინვე დავურეკე კულახმეტოვს, მაშინდელ სამშვიდობო ჯარების სარდალს, (გამოვიყენე ჩემი სამსახურებრივი სტატუსი, შერეული საკონტროლო კომისიის ჟურნალისტი ეუთოს ეგიდით), ავუხსენი სიტუაცია, დამპირდა, ერგნეთამდე მოვიდეს სასწრაფო დახმარების მანქანა, აქ დაგახვედრებთ გამცილებლებს ცხინვალის საავადმყოფომდე და უკან, გავაძლიერებ დაცვას და უსაფრთხოების ზომებსო. ერთი სიტყვით, ნახევრად მკვდარი ავადმყოფი სირენების თანხლებით მივაქროლეთ გორის ჰოსპიტალში, (თბილისში ვეღარ ვასწრებდით). ბატონმა ნუკრი ჯოხაძემ, რომელიც ჰოსპიტალის მთავარი ექიმი იყო, ფეხზე დააყენა მთელი მედპერსონალი, ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, გადაიყვანეს რეანიმაციის განყოფილებაში. მოკლედ, დიდი ძალისხმევის შედეგად გადარჩა, მდგომარეობიდანაც გამოვიდა, საჭმლის ჭამაც დაიწყო. ყოველდღე დავდიოდი მის სანახავად, ტელეფონითაც ვალაპარაკე მის ძმას, ეუბნებოდა, კარგად მეპყრობიან, მივლიან, არ მეშინია ქართველებისო. დადგა ის უბედური 8 აგვისტო. იბომბებოდა ერგნეთი. მე ჩემი თავი და შვილების სიცოცხლე გამიხდა გადასარჩენი, ძლივს გამოვასწარით. ავიყარეთ, დავიფანტეთ, სანამ გონზე მოვედით, ჰოსპიტალიც ევაკუირებული დაგვიხვდა, ავადმყოფებიც სხვადასხვა საავადმყოფოებში გადანაწილებული. გამახსენდა ჩემი უპატრონო ავადმყოფი და დავიწყე ძებნა თბილისის კლინიკებში. ბევრი ძიების შემდეგ მივაკვლიე ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ არა ცოცხალს… გარდაცვლილიყო. გვამი მორგში აღმოვაჩინე. იმძლავრა ცოფის ვირუსმა, იმ მძლავრმა შხამმა თუ ნივთიერებამ, რომელიც ორგანიზმმა მგლის კბილებიდან მიიღო. ვერ განვსჯი, რა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, შიში თუ ვერაგი ცოფი, მაგრამ ფაქტია, კაცი დაიღუპა. ექიმმა მითხრა, ვერ გადარჩებოდა, ისეთი სიმპტომები განუვითარდაო. ინფექციურში მიყვანისას ეხვეწებოდა თურმე, როგორმე ერგნეთამდე მიმიყვანეთ, იქ ერთი ქალია, რომელიც მპატრონობდა და ის მიშველისო. მისი პასპორტი და ავადმყოფობის ისტორია გადმომცეს. ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ პატრონს დავურეკე და ეს ამბავი გავაგებინე. დარეკვისას სიტყვის თქმა არ მაცალა, არ დამღუპო, ცუდი ამბავი არ მითხრაო… არ ვიცი, დაიჯერა თუ არა გარდაცვალების მიზეზი. აღარ შემომხმიანებია, მეორე დარეკვაზე ტელეფონი გამითიშა… ცხინვალში „წითელმა ჯვარმა“ გადაასვენა, მოლაპარაკებების შემდეგ სამ ქართველ ტყვე ჯარისკაცში გაიცვალა.. ესეც ჩვენი ისტორიის, ჩვენი ცხოვრების ერთი მწარე რეალობა, ტრაგედია… მე მტკივა, მეტირება, ვინ და რა დააბრუნებს იმ დროს, მაგრამ… მაინც…,” – ყვება ლია ჩლაჩიძე. – “გუშინდელ დღესავით შემორჩა ჩემს მეხსიერებას ის მძიმე, აგვისტოს დღეები, კინოკადრივით ჩაიქროლა თვალწინ სროლებმა, აფეთქებებმა, განწირული ადანიანების სახეებმა, უმწეო ბავშვებმა, მოხუცებმა, რომლებსაც არ ეთმობოდათ სახლის დატოვება, ჩემმა მეზობლებმა, იმ კაცმა,რომელიც ეტლით გადაადგილდებოდა, სახლის კედლებს რომ კოცნიდა… არავის ეგონა, რომ ,,დიდი ძმა” გაგვწირავდა, საკუთარ ქვეყანაში დევნილებად გვაქცევდა, დაგვწვავდა, გაგვანადგურებდა, საკუთარ ეზოებში ქართველობისთვის ჩაგვცხრილავდა… საკუთარ ეზოებშივე საფლავებს გაგვითხრიდა, უმწეო 90 წლის გიგო პაპას საწოლში გამოწვავდა… ეს ყველაფერი ერგნეთში ხდებოდა იმ ავადსახსენებელ დღეებში…” – ამბობს ლია ჩლაჩიძე.
30 წელზე მეტია, საქართველოს მოსახლეობას კონფლიქტებთან, მისგან გამოწვეულ სირთულეებთან ერთად უწევს ცხოვრება. კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა ისევ ბუნდოვანია, მით უმეტეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. რუსეთი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების კონტექსტში პირდაპირი მხარეა, არ თმობს თავის პოზიციებს და გავლენების სურვილს, რაც უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტის მხარეების ნებასა და მშვიდობიანი გადაწყვეტის ალბათობაზე.
ვინაიდან, აფხაზეთის კონფლიქტი სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს და ამ კონფლიქტის განვითარების ეტაპები, ომის დასრულების შემდეგ არ ისე დინამიურია, შეგვიძლია ყველაზე კარგად, სწორედ აფხაზეთის შემთხვევაში გამოვიყენოთ განსაზღვრება – „გაყინული“ კონფლიქტი. ქართულ სინამდვილეში, აფხაზეთის ომი, ეს არის კონფლიქტი, რომელსაც განგრძობადობა ნაკლებად ახასიათებს, ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტისგან განსხვავებით, სადაც მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ლამის ყოველდღიურობად იქცა. ანუ კონფლიქტს, ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, დინამიურობა ამ დრომდე არ დაუკარგავს.
ცოტა უფრო გლობალურ, რეგიონულ ჭრილში თუ განვიხილავთ, შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასია, „გაყინული“ კონფლიქტების პლაცდარმად მიიჩნეოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვიდრე ყარაბაღის მეორე ომმა, ყველასთვის მოულოდნელად, რადიკალურად არ შეცვალა ომამდე არსებული სტატუს-კვო.
მოჩვენებითი სტაბილურობა, პროცესის დამკვირვებლებს აძლევს საფუძველს, ეს მოცემულობა დაახასიათონ, როგორც პოსტკონფლიქტური ეტაპი. სინამდვილეში, კონფლიქტი გრძელდება და არ დასრულებულა, ნებისმიერ დროს განახლებადია, თუმცა გარკვეული პერიოდით „გაყინული“.
2008 წელს რუსეთის მიერ სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა ევროპაში საზღვრების ძალისმიერად შეცვლის მცდელობას წარმოადგენდა, რამაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.
2008 წლის შემდეგ, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები შეწყდა.
იქნებოდა თუ არა რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უფრო აგრესიული, რომ არა ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამ საკითხზე არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს.
კონფლიქტოლოგ, სოციალურ მეცნიერებების დოქტორის ლაშა ზარგინავას მიერ ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი შეკითხვა, სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 529 ადამიანმა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა 90.7% თვლის, რომ რუსეთი უფრო აგრესიული იქნებოდა, რომ არა საქართველოს დასავლელი პარტნიორების ჩართულობა. აგრესიულობის შესაძლებლობას უშვებს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არაა გამოკითხვაში მონაწილეთა 3%, ხოლო 6.2%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
“კარგი ომი და ცუდი მშვიდობა”
საქართველო საომარ მდგომარეობაშია, უკვე ყოველდღიურად ქცეული ადამიანების გადატაცება ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან და მცოცავი ოკუპაცია, სხვა შეფასებისთვის სივრცეს არ ტოვებს, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული აქვს, რომ „კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიულ ხაზს მშვიდობიანი, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს, რაც ქვეყნის გამთლიანებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
საპასუხო ნაბიჯები, ოკუპირებული რეგიონებიდან იშვიათად იდგმება.
კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ სოციალურ-ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური სტაბილურობა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, „გაყინული“ კონფლიქტების მოგვარების კუთხით. გამოკითხული 541 ადამიანიდან, 55% მიიჩნევს, რომ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა საქართველოში, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოკითხულთა 42.7% თვლის, რომ მნიშვნეელოვანია. მცირეა ისეთი ადამიანების რიცხვი, ვინც თვლის, რომ ამ ფაქტორებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს კონფლიქტების მოგვარების გზაზე, ასეთი კვლევაში მონაწილეთა, მხოლოდ 1.5%-ია. ხოლო 0.8%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
„არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა” – ეს სიტყვები ბენჟამინ ფრანკლინს, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ დამფუძნებელს (1706 – 1790) ეკუთვნის და ყველა დროში აქტუალურია. შეიძლება ითქვას, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, დასავლეთმა ამ ციტატის სულისკვეთებით იხელმძღვანელა. რუსეთმა ხელმოწერიდან ორ კვირაში 6-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, რომლის მიხედვითაც, საქართველოდან ჯარები ომამდე არსებულ დისლოკაციის ადგილას უნდა დაებრუნებინა. ამის ნაცვლად, კრემლმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა და ოკუპირებული რეგიონების მასობრივი მილიტარიზაცია დაიწყო.
ამ მოვლენების ფონზე, საქართველოს დასავლურ იარაღზე წვდომა შეზღუდული ჰქონდა და სამხედრო თანამშრომლობაზე უარს ეუბნებოდნენ. რუსეთმა დასავლეთის მოთხოვნების სრული უგულებელყოფით გააგრძელა საქართველოს რეგიონების მიტაცების პროცესი, მაგრამ საპირწონე პასუხი ვერ მიიღო. მეტიც, ამერიკამ რუსეთს თანამშრომლობის ხელი გაუწოდა და 2009 წელს გადატვირთვის პოლიტიკა შესთავაზა. მაშინ გათვლა იმაზე გაკეთდა, რომ რუსეთი მნიშვნელოვანი ძალის და რესურსების მქონე ქვეყანაა და მისთვის სრულად ზურგის შექცევა ამერიკის ინტერესებსაც და მშვიდობასაც ავნებს.
შედეგად, რუსეთი დარწმუნდა, რომ სამხედრო ძალის გამოყენების შემდეგ თუ წნეხს გარკვეული პერიოდი გაუძლებს, დასავლეთთან გაფუჭებულ ურთიერთობასაც აღადგენს და წართმეულსაც მიითვისებს. ასე მივედით 2014 წლის ყირიმის ანექსიამდე და რუსეთის აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრამდე.
ახალი პრობლემის მოსაგვარებლად დასავლეთმა ისევ იმ პრინციპით იხელმძღვანელა, რომ “არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა”. შედეგად, საფრანგეთისა და გერმანიის შუამდგომლობით მინსკის შეთანხმებები გაფორმდა. რა გასაკვირია, რომ რუსეთს საქართველოში მიღებული გამოცდილებით, ამ მოლაპარაკებებშიც დასავლეთის სისუსტის იმედი ჰქონდა. მართლაც, მინსკის შეთანხმებები ისეთივე წარმატებით დაირღვა როგორც იქამდე 2008 წლის 6 პუნქტიანი შეთანხმება. ასე მივედით 2022 წლის 24 თებერვლამდე, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე უკვე სრულმასშტაბიანი შეტევა მიიტანა.
დღეს, თითქოს აღარ უნდა იყოს საჭირო იმის მტკიცება, რომ რუსეთს პოლიტიკური მიზნების ომით მიღწევა სურს და ამ დროს დათმობებზე წასვლა კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შექმნის.
თუმცა, საზოგადოების აღქმა, საკითხისადმი არაერთგვაროვანია. ამის გასარკვევად, ლაშა ზარგინავამ სოციალურ მეცნიერებების დოქტორმა კვლევა ჩაატარა, რომელიც 2021 წლის 15 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 543-მა ადამიანმა) და 2022 წლის 15 ოქტომრიდან 15 ნოემბრამდე (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 420-მა ადამიანმა) პერიოდს მოიცავდა.
კითხვაზე, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ომის ფონზე, ელოდებით თუ არა ურთიერთობების გამწვავებას რუსეთ-საქართველოს შორის? გამოკითხვაში მონაწილეთა პასუხები, შემდეგნაირად გადანაწილდა: 27.8% ფიქრობს, რომ უკრაინის ომი რუსეთ-საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებზე პირდაპირ გავლენას მოახდენს. გამოკითხვაში მონაწილეთა 49.6% მიიჩნევს, რომ ეს გავლენა ირიბი იქნება, 10.3% აზრით კიარანაირი გავლენა არ ექნებნა, კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 12.3%-ს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ქართული საზოგადოების პოზიციები ორად გაყო, საქართველოს შეკავებული პოზიციის კვალობაზე, უკრაინის ომის შედეგების ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე-ექნება თუ არა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებს გავლენა, საქართველოს ევროინტეგრაციაზე? გამოკითხული 406 ადამიანის 56.4% თვლის, რომ პირდაპირი გავლენა ექნება, 30.8% მიიჩნევს, რომ გავლენა ირიბი იქნება, 9.6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს და მხოლოდ 3.2% გვპასუხობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, უკრაინის ომის შედეგებს, გავლენა არ ექნება.
ამასთან, 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის პერიოდში ჩატარებულ რაოდენობრივ კვლევაში მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა – 77.5% თვლის, რომ რუსული აგრესია საქართველოსთან მიმართებით კვლავ გრძელდება, გამოკითხულთა 19.6% მიიჩნევს, რომ რუსული აგრესიის დასრულება ნაკლებსავარაუდოა, ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს 2.7%-ს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენს კვლევაში წამოიჭა, რუსეთთან ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას შეეხებოდა. იმის მიუხედავად, რომ ამავე გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული ადამიანების 77.5% თვლის, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსთან მიმართებით კვლავ გრძელდება, მათი 47.3% იქვე მიიჩნევს, რომ წინაპირობების გათვალისწინებით, რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები უნდა აღდგეს, 28.4% წინააღმდეგია, 13.7% მიიჩნევს, რომ საერთოდ არ უნდა აღდგეს, 7.4% თვლის, რომ უნდა აღდგეს.
ფაქტი ერთია, უკრაინის ომი არამარტო საქართველოს შიდაპოლიტიკურ დისკურსზე ახდენს გავლენას. ის ნეგატიურად მოქმედებს საქართველოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებზე, ჩიხურ სიტუაციას უფრო ართულებს და მომავალს მეტად ბუნდოვანს ხდის. კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე, მოგვარებაზე და საქართველოს სივრცეში ინტერგრაციაზე საუბარი უფრო რთულდება.
“ფაქტია ის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს, მეორე მხრივ კი, გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრებ აფხაზებსა და ოსებს შორის გაუცხოება კიდევ უფრო გაზარდა.
უკრაინაში მიმდინარე ომის პირველი დღეებიდან საქართველოს მოქალაქეები ომის ერთ მხარეს აღმოჩნდნენ, აფხაზები და ოსები კი – მეორე. ონლაინ სივრცეში ინტენსიურად ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იბრძვის აფხაზებისგან დაკომპლექტებული სამხედრო შენაერთი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში. ამ ომმა გაზარდა ქართულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის აგრესიული დისკურსი, რაც კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივას, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის,” – ამბობს ლაშა ზარგინავა სოციალურ მეცნიერებების დოქტორი, კონფლიქტოლოგი.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, მიუხედავად ზედაპირული მსგავსებისა, არ ჰგავს აგვისტოს ომს. თუ აგვისტოს ომში რუსეთის ამოცანები უფრო ლოკალური მასშტაბისა იყო (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის განმტკიცება, საქართველოს დასჯა, დასავლეთისათვის დემონსტრირება, რომ ამ რეგიონში კრემლი ჰეგემონად რჩება), უკრაინის ომში რუსეთის ოკუპაციური მიზნები უფრო გლობალური გახდა და მიზნად დაისახა მსოფლიო წესრიგის შეცვლა.
ევროკავშირი კი აგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას აფხაზეთის და ცხინვალის სეპარატისტულ რეგიონებში, 1990-იან წლებში დაწყებული კონფლიქტების შედეგების დაძლევის მიმართულებით. ის ასევე, ეხმარება საქართველოს, რათა მიაღწიოს მეტ სტაბილურობას 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ. სტაბილურად უცვლელია ევროკავშირის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროკავშირის ჩართულობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების მხარდაჭერაში.
2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმების დოკუმენტს.
შეთანხმების მიხედვით, ევროპასთან ასოცირების სიკეთეთა ხელმისაწვდომობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, რაც გულისხმობს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვისაც მხარეები (ევროკავშირი და საქართველო) ხელმისაწვდომს ხდიან ასოცირების შეთანხმებით და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციით ქვეყნის სხვა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომ სიკეთეებს. ეს ჩანაწერი ირიბად მიანიშნებს, რომ მესამე მხარე საქართველოში ტერიტორიული პრობლემების შექმნით ვერ შეაფერხებს საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებას.
ეს ერთ-ერთია იმ ნაბიჯებს შორის, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების გზაზე დგამენ.
ზემოთ ნახსენებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში, ერთ-ერთი შეკითხვა, სწორედ დასავლელი პარტნიორების ჩართულობის ხარისხს შეეხებოდა.
დასმულ კითხვაზე, არის თუ არა საკმარისი დასავლელი პარტნიორების ჩართულობა, საქართველოში არსებული კონფლიქტების დასარეგულირებლად საკმარისი, გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 531-მა ადამიანმა, მათი 54.4% ფიქრობს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორების ჩართულობა კონფლიქტებთან მიმართებით არ არის საკმარისი. გამოკითხულთა 35.4% თვლის, რომ საჭიროა მეტი ჩართულობა. 7.9% თვლის, რომ მეტნაკლებად საკმარისია, კითხვაზე პასუხი არ აქვს 0.9%-ს და მხოლოდ 1.3% მიიჩნევს, რომ საქართველოს პარტნიორების მიდგომები კონფლიქტებთან მიმართებით საკმარისია.
საზოგადოების ნიჰილისტური დამოკიდებულება კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის ერთ-ერთია რუსეთის ისტორიული ინტერესები კავკასიაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა.
ომისგან განცდილ სტრესს ყველა ადამიანი ინდივიდუალურად უმკლავდება. ვისაც უშუალოდ შეეხო ომი, მათ ყველაზე მატად სჭირდებათ დახმარება და არა მხოლოდ სოციალური.
საზღვრისპირა სოფლებში კი შიშშეჩვეული გმირები, იმედია არ მიატოვებენ სახლ-კარს…
ლიტერატურა:
კონფლიქტი – არა: თამაში მსაჯის სასარგებლოდ, როცა მსაჯი რუსეთია, https://bit.ly/3FRCmO1
Георгий Хуцишвили, Как разрешить конфликты (1990-2013), книга III, Международный центр по конфликтам и переговорам, ISBN: 978-9941-9483-0-5; Тбилиси, 2016. გვ. 150-300.
დანართი 2 – სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის 2021-2022 წწ. სამოქმედო გეგმა, https://bit.ly/3nSSIQt
ფოტოები: ო. ცისკარიშვილის



