RSS

ადამიანის უფლებაა – სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

17 თებ

ადამიანის უფლებაა – სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

ოლიკო ცისკარიშვილი

ჩამოჟანგული კედლები, ჩამოშლილი ჭერი, აყრილი იატაკი, ყოფილი კულტურის სახლის მეორე სართულზე უკვე მესამე წელია, შეკედლებულები არიან კახეთში, სოფელ ხაშმის ამბულატორიის თანამშრომლები, სადაც ძველი, კუსტარული ხელსაბანიც, მოშლილია და არ ფუნქციონირებს. სველი წერტილები, შენობის სხვა ფლიგელშის პირველ სართულზეა და ჰიჩკოკის ფილმის პერსონაჟი გეგონება თავი ადამიანს… კუსტარულად გადაბმული მილებიდან, სიბინძურეში, მუდმივად მოწანწკარებს წყალი… ფეხსალაგამდე მისვლას კი დიდი გამბედაობა სჭირდება, რომ ჩავარდნილ იატაკზე დადებული დამპალი „დეესპეს“ გადაურჩე… ექიმის მისაღებში, წყლით სავსე პლასმასის სხვადასხვა ზომის ქილები იატაკზე დევს. (სავარაუდოდ, დასალევად, ან ხელის გადასაბანად). ასეთ პირობებში დადიან პაციენტები ამბულატორიაში და სხვა გზა არ აქვთ, ასეთ პირობებში აკეთებენ ოჯახის ექიმები პატარებს აცრას.

„თითოეული სახელმწიფო ვალდებულია, ინდივიდუალურ რეჟიმში, ეკონომიკურ და ტექნიკურ ნაწილში საერთაშორისო დახმარებითა და თანამშრომლობით, მის ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით თანდათანობით სრულიად უზრუნველყოს სუფთა და უსაფრთხო წყალსა და უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვომობა.“ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

ხაშმის ამბულატორიაზე კი მუნიცილაპიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამბულატორია არ ეკუთვნის სახელმწიფოს, ის ფიზიკურ პირადაა რეგისტრირებული და შესაბამისად, სახელმწიფო არ არის ვალდებული არც წყლის და არც სხვა პრობლემა მოაგვაროს. თუმცა ამბულატორია რომ აუცილებელია ამაზე არ დაობენ.

ამბულატორიაში კი ოთხი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც საკუთარი ძალებით ვერ შეძლებენ სველი წერტილებისა და წყლის პრობლემების მოგვარებას. პაციენტების უფლებები კი აშკარად დარღვეულია, რადგან ამბულატორიაში წყლის უქონლობის გამო, შესაბამისად არ არის სანიტარული ნორმები დაცული.

„მერი და საკრებულოს თავმჯდომარე იყვნენ მოსული და დაგვპირდნენ, რომ ამბულატორია წელს გაკეთდებოდა შესაბამისი სტანდარტებით. შეგროვებულია მოსახლეობის ხელმოწერაც. 20 ათასი ლარის ფარგლებშია თანხა სოფელზე გამოყოფილი და პრიორიტეტების მიხედვით უნდა გადანაწილდეს. მოსახლეობამ პრიორიტეტად ამბულატორია დაასახელა. ორი წელია ამ პირობებში გვიწევს მუშაობა. შენობაში არის წყალი, მაგრამ პერიოდულად. ზოგადად სოფლის წყალი არ არის შესაბამისი სტანდარტების…“ – გვეუბნება ოჯახის ექიმი, 46 წლის თინათინ ციქურიშვილი, რომელიც 19 წელია მუშაობს. ახლა კი 1500-ზე მეტ ოჯახს ემსახურება, მათ შორის 200-მდე 15 წლამდე ბავშვს. თინათინი და მისი კოლეგა, ასევე ოჯახის ექიმი მაიკო კევლიშვილიც, რომელიც 26 წელია ექიმია, იმედოვნებენ, რომ სოფლის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტში მოხვდება ამბულატორია, თუმცა, როგორც მოგვიანებით მუნიციპალიტეტში ვიგებთ,  მათი იმედი ამჯერადაც ფუჭია.

ბავშვთა უფლებათა კონვენციაში კი შავით თეთრზე წერია: „სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურეობით და ებრძოლონ დაავადებებსა და საკვების ნაკლებობას, მათ შორის, პირველადი სამედიცინო-სანიტარიული დახმარების ფარგლებში, სხვა საშუალებებთან ერთად იმ გზით, რომ გამოიყენონ ადვილად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები და უზრუნველყონ საკმარისი ყუათიანი სურსათითა და სუფთა სასმელი წყლით, გარემოს დაბინძურების საფრთხისა და რისკის გათვალისწინებით.“ ამ კონვენციის მიხედვით, სოფელ ხაშმში მცხოვრები 200-ზე მეტი ბავშვის უფლებაა დარღვეული, რადგან ამბულატორიაში, იქ, სადაც უნდა ზრუნდავდნენ ბავშვის ჯანმრთელობაზე, ელემენტარული სუფთა წყლის პრობლემაა.

„ჩვენ ყველას ერთი და იგივე რამ გვსურს. ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ხელი მიუწვდებდეს უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე. ჩვენ გვსურს, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც ადამიანები არ დაავადდებიან დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარების შედეგად, ან მოიწამლებიან ადეკვატური სანიტარული პირობების არქონის გამო. კარგი ამბავი არის ის, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა, ჩვენ ამას ერთად შევძლებთ,“ – კერ კიდევ, 2011 წელს თავ ბერლინში კატერინა დე ალბეკერკიმ გაერთიანებული ერების სპეციალურმა მოხმსენებელმა უსაფრთხო წლისა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლებების შესახებ.

ხაშმის ოჯახის ექიმები ამტკიცებენ, რომ სოფელში ბავშვებში გაუფილტრავი წყლის გამო, არ არის ნაწლავური დაავადებების შემთხვევებიც. თუმცა, რისკი აშკარად დიდია.

„ტვალეტიდან“ წყალი არ მოგვაქვს, იმიტომ რომ იქ სიბინძურეა. „უმივალნიკი“ გვქონდა, და ისიც მოგვპარეს…. წყალი, ტყიდან არის გამოყვანილი. სოფელიც იმ წყლით სარგებლობს, სასმელადაც და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის,“ – გვეუბნებიან ამბულატორიაში.

ამბულატორიაში პრობლემაა ასევე, ისიც, რომ მოხუც პაციენტებს ფეხით ასვლა უწევთ კიბეებზე. „სიკვდილი ჯობია ასეთ სიცოცხლესო,“ – ბურტყუნებს თავისთვის, 85 წლის ქალი, რომელსაც არითმია აწუხებს, ხვნეშა-ხვნეშით, ძლივს ადის კიბეებზე ამბობს, რომ ურჩევნია, ამბულატორია პირველ სართულზე იყოს, რადგან ექიმთან ვიზიტისას ძალიან უჭირს კიბეებზე ასვლა და მასავით ბევრი ადამიანია, რომელსაც კიბეებზე ასვლა ძალიან უჭირთ.

კაკაბეთი

ძირითადი საჭიროებისათვის ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა წყლის საშუალო რაოდენობა თითოეულ ადამიანზე არსებითი და ძირითადი საჭიროებისათვის, ეს არის დღე-ღამეში 50-დან 100 ლიტრამდე წყალი. 20-დან 25 ლიტრამდე წყალი მიჩნეულია მინიმალურ რაოდენობად. იმავდროულად განმარტებულია, რომ მინიმალური რაოდენობით მიწოდების შემთხვევაში შეუძებელია არსებითი ჰიგიენური და სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება და სახეზეა ჯანმრთელობის გაუარესების მაღალი რისკი.

წყალმომარაგების სისტემიდან წყლის შეწყვეტა არ უნდა ხდებოდეს თვითნებურად და წინასწარი გაფრთხილების გარეშე. წყლის შეწყვეტა დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა სახეზეა წყლის დაბინძურება, ამის მიუხედავად, წყლის შეწყვეტა უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად და უნდა შეესაბამებოდეს კანონით დადგენილ პროცედურებს.

სოფელ კაკაბეთში, სადაც დაახლოებით, 3 ათასამდე კომლია, ადამიანები უკვე ოთხი ათეული წელია წყლის გარეშე ცხოვრობენ. წყალს ხან საიდან და ხან საიდან ეზიდებიან. სამ ან ოთხ დღეში ერთხელ წამოსულ წყალს რუდუნებუით აგროვებენ და ცდილობენ რამდენიმე დღე გამოიზოგონ.

კაკაბეთის საბავშვო ბაღებშიც ასეთივე მდგომარეობაა, თუმცა ბაღები გარემონტებული სველი წერტილებიც გაყვანილია. პირველი ბაღი რამდენიმე დღეში მიიღებს 40-მდე პატარას, სარემონტო სამუშაოები, ფაქტობრივად დასრულებულია. ბაღის დარაჯი ავთანდილ გულაღაშვილი დიდი სიამოვნებით გვმასპინძლობს და გვიხსნის, რომ სველ წერტილებში წყალს უზარმაზარ ავზებში ავსებენ, რომ ბავშვებმა შეძლონ ხელების დაბანა და ა.შ. ავზებში დაგროვებულია ტყის წყალი, რომელიც სამ დღეში ერთხელ მოდის.

ასეთივე მდგომარეობაა მეორე საბავშვო ბაღშიც, რომელიც 1973 წლიდან ფუნქცონირებს. იქაც 40 ბავშვი დადის. „სოფელში დასალევი წყალი არ არის, გაერთიანებიდან დასალევი წყალი შემოაქვთ და სასმელად იმ წყალს ვხმარობთ, საჭმელისთვის 220 ლიტრიანი ავზი შევიძინეთ და წყალს იქ ვაგროვებთ, ისე დიდი ავზიც გვაქვს რომელიდანაც ხელს იბანენ,“ გვეუბნება 62 წლის, საბავშო ბაღის მენეჯერი, მაყვალა მეურმიშვილი. პატარებს კი წყალს უთბობენ და სველ წერტილებში, სათლიდან უსხამენ წყალს და ისე ბანენ ხელს. პრობლემაა ნარჩენების გატანაც, რადგან საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა ორღობეა, სადაც ნაგვის მანქანა ვერ შედის, ამიტომ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ორმოებს თხრიან და ნარჩენებს იქ ყრიან. – „წყალზე დაფინანსებულია სოფელი, 2 მილიონზე მეტია გამოყოფილი, გვეშველება ალბათ. ოთხ დღეში ერთხელ მოდის წყალი, თუ რეზერვუარის ავსებას ვერ ვასწრებთ, როცა ვერ ავავსებთ არ გვყოფნის, ამიტომ ჯამებში ვრეცხავთ ჭურჭელს და არა გამდინარე წყალში,“ – 40 წლიანი უწყლობის შემდეგ იმედს არ კარგავს მაყვალა მეურმიშვილი.

პროექტ „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ ინიციატივით, არამარტო ამ სოფლებს ვესტუმრეთ, შევხვდით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, ასევე Wash საბჭოს წევრებსაც, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პრობლემის მოგვარებაში.

„პროექტის დასაწყისში მას შემდეგ, რაც ამბულატორიების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების იდენტიფიცირება მოვახდინეთ სადაც მძიმე იყო Wash პრობლემები, გავაკეთეთ შეფასების ანგარიში, სადაც მოხვედრილი იყო კაკაბეთის პირველი და მეორე საბავშვო ბაღები, ამის თაობაზე მივწერეთ ადგილობრივ თვითმართველობას და დაგვიპირნენ, რომ გამოასწორებდნენ მდგომარეობას. როგორც ნახეთ იდეალური მდგომარეობა არ არის თუმცა, სველ წერტილებში გარეთ აღარ დადიან ბავშვები. წყლის პრობლემა კი არის, მაგრამ წყლის პრობლემა მთლიანად სოფელს აქვს,“ – ამბობს პროექტ „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ კახეთის რეგიონალური კოორდინატორი თამარ მოდებაძე.

„სოფელ კაკაბეთში წყლის პრობლემაა. რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია  და პირველი ეტაპი დამთავრებულია. ეს არის ორ მილიონიანი პროექტი. რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თანადაფინანსებით სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. წყლის პრობლემა კაკაბათში წელს მოგვარდება. – ამბობს მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილი, – „კეთდება ქალაქი საგარეჯოც – გამრიცხველიანობა და წყლით მომარაგება. უდაბნოში ორი წელია რაც მოგვარდა წყლის პრობლემა, არადა სოფელი იცლებიდა ისეთი მდგომარეობა იყო, ეხლა 24 სათიანი წყალმომარაგება აქვს. სათავო ნაგებობები კეთდება ყანდაურაში, ქვემო ყანდაურაში, ბადიაურში, კაკაბეთში და მზის გულში, სათავე ნაგებობებს მთლიანად კაპიტალური რემონტი უკეთდება. წელს 20 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს რაიონის განვითარებისთვის.“ – და იხსენებს, როგორ ფუჭად დაიხარჯა ის თანხები, როცა წყალი ცისტერნებით აქონდათ სოფლებში, – კაკაბეთში, შარშან, ზაფხულს, ცისტერნებით ვუზიდავდით წყალს. მოსახლეობას თვეობით არ ქონდა წყალი. ასე, ათ წელიწადში, 2017 წლამდე, 15 მილიონი გვაქვს დახარჯული, როცა ათ სოფელში შეიძლებოდა გადაწვეტილიყო წყლის პრობლემა.“

საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებიდან პირორიტეტულია 2035 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის სასმელი წყლის ხარისხისა და მომარაგების სტრატეგია, რომლის მიზანს წარმოადგენს ყველა ოჯახის უზრუნველყოფას ხარისხიანი სასმელი წყლით. წყლის პრობლემა არა მხოლოდ კახეთის სოფლებს აქვთ, საქართველოს რეგიონებში, და განსაკუთრებით მაღალმთიანეთში, სასმელი წყლის პრობლემები მწვავედ დგას.

დადგენილია, რომ  სასმელი წყლის მენეჯმენტისა და სანიტარიის გაუმჯობესების პირობებში შესაძლებელია ყოველწლიურად სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებების 30 მლნ-ზე მეტი შემთხვევის თავიდან აცილება.შესაბამისად, სახეზეა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებების დარღვევის პრევენზიის შესაძლებლობა.

წყლისმიერი დაავადებების გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყოველწლიურად იკარგება 443 მლნ. სასწავლო დღე. შესაბამისად, სახეზეა განათლების უფლების ხელყოფის პრევენციის შესაძლებლობა.

განვითარებადი ქვეყნების თითქმის ნახევარ მოსახეობას აწუხებს წყლის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებები, რაც თავისთავად  ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებების უგულვებელყოფის მაჩვენებელია.

მრავალი მილიონი ადამიანის სასიცოცხლო ციკლის თანმხლები წყლისმიერი დაავადებების გამო ბავშვობაში განათლების მიღების შესაძლებლობების დაკარგვის ან/და შეზღუდვის გამო ზრდასრულ ასაკში ადამიანები მიჰყავს სიღარიბისკენ.

სასმელი წყლის ხარისხისა და დეფიციტის გამო ადამიანის  განვითარებისათვის მიყენებული ზიანის ამ ნუსხას, შესაძლებელია, დაემატოს ეკონომიკური დანაკარგები, რომლებსაც არ ექვემდებარება მონეტარიზებას.

ფოტოები ავტორის

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s