შენაქო მდებარეობს თუშეთში პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. სოფელში ზაფხულობით რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. სოფლის გარშემო სათიბები და უნიკალური ფიჭვის ტყეებია.
სოფლის ცენტრში, სალოცავთან ახლოს, მეცხრამეტე საუკუნის ეკლესია დგას. ეკლესიის წინ, კი მემორიალი დგას: ”სამშობლოსათვი თავდადებული დიკლოელებისა და შენაქოელებს 1837-1967 ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია”.
ეს ჟრუანტელისმომგვრელი წარწერა მოწმობს, რომ შეუძლებელია თუშეთი ბოლომდე მიატოვოს თუშმა.
შენაქოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი დასახლების ნაშთები მოწმობს, უძველესი დროიდან უპირატესობა ენიჭებოდა ბუნებრივ სიმაგრეებსა და შეჯგუფულ დასახლებას. ამგვარ ციხე-სოფლებს განეკუთვნება ძველი დიკლო, ჰეღო, წარო, ინდურთა და ა. შ. თუშეთის ყოველ სოფელში დღემდეა შემონახული XVII-XVIII საუკუნეების თავდაცვითი და სასიგნალო ციხე-კოშკები, რომლებშიც იხიზნებოდა მოსახლეობა და კოლექტიურად იცავდა თავს მომხვდურთაგან. საოჯახო თემის საცხოვრებელმა ციხე-სახლებმა XIX საუკუნის II ნახევარში დაკარგეს თავდაცვითი ფუნქცია და დაიწყო მათი გადაკეთება და ახალი ტიპის საცხოვრებლების-აივნიანი სახლების მშენებლობა.
ამჟამად იქ მაცხოვრებლებს შენაქოს მცირე ჰიდრო ელექტრო სადგური ემსახურება. მშენებლობა მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით დაიწყო. აშშ-ის განვითარების სააგენტო ამ მშენებლობაში „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ პროექტის ფარგლებში ჩაერთო. 2011 წლის ივლისში განხორციელებული ტესტირებისას, სადგურმა 30კვტ ენერგია გამოიმუშავა. არსებული მცირე ჰიდრო ელექტრო სადგური სოფელს მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიით ამრაგებს.
თუმცა ელექტროენერგია სხვა სოფლებამდე ვერ აღწევს. ომალოსა და სხვა მიმდებარე სოფლებში მზის ენერგიის ხარჯზე ცხოვრობენ.



