ოლიკო ცისკარიშვილი
ღრმა ბავშვობაში, როცა ჩემს დედულეთში მივდიოდი, ყოველთვის გაოცებული დავდიოდი და შევყურებდი დევებივით ჩამწკრივებულ ზვიადად გადმომიყურე კლდეებს საჩხერიდან ჭიათურამდე და მერეც…
თავს ისე უსუსურად და პატარად ვგრძნობდი.
საბაგიროებით სეირნობა ქვეყანას მერჩივნა, ზევიდან იმდენად საინტერესო ჩანდა სამყარო. ცოტა რომ წამოვიზარდე, ისევ გაოცებული დავდიოდი, ბუმბერაზ კლდეებს უკვე მიჩვეული მათი სიდიადე კი აღარ მაკვირვებდა, ის მაოცებდა, რომ არავინ ფიქრობდა, ეს ქალაქი და მისი გარშემო სოფელ-დაბები გაელამაზებინათ, მოერთოთ და სხვებისთვისაც ენახვებინათ…
ეს მაშინ, ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, წინა საუკუნეში, როცა საბჭოთა წყობილება ჭიათურიდან მარგანეცის გამოდნობის გარდა არაფერზე ფიქრობდა… დავდიოდი და დავკატაობდი საბაგიროდან საბაგიროზე და ხმამაღლა ვოცნებობდი სრულ წლოვანების მიღწევაზე რომ ამ ქალაქის მერი გავმხდარიყავი და ისე მომეწესრიგებინა, ავი თვალისთვის არ დამენახვებინა… და სხვებივით, მეც მევლო კლიდადან კლდეზე, მღვიმედან მღვიმეში
თუმცა სამწუხაროდ, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა და ჭიათურის მერობაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ერთი უბრალო ჟურნალისტის გარდა ჩემგან არაფერი გამოდნა და ის ბავშობის ოცნება, მე რომ ამ ქალაქის გაკოხტავებას ვეძახდი, ისევ აუხდენელია…
არადა, ქალაქს მართლაც აქვს შანსი, რომ ერთ-ერთი წარმატებული ტურისტული ცენტრი გახდეს, სადაც ადამიანები დიდი სიამოვნებით ჩავლენ და დროს გაატარებენ…
გარდა იმისა, რომ იქ რამდენიმე საინტერესო ისტორიული ძეგლია, კაცხის ეკლესიიდან დაწყებული, კლდეზე შეფენილი მღვიმევის მონასტრისა და ნავარძეთის ეკლესიებისა, (ნავარძეთში დგას ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია, ე.წ. ”თირის მონასტერი” (1708 წ.წ.) და მე-17 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მამა ლაზარეს თაოსნობით და მრევლის დახმარებით აღდგა რამოდენიმე წლის წინ, გვინდელი ფეოდალური ხანის წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე ნავარძეთის ციხეც, ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ეკლესისს და სასახლის ნანგრევები. ეს ტერიტორია, რომ შესასწალია ფაქტია. დავუბრუნდები ჩემს ბავშვობა-ახალგაზრდობას და იმასაც გავიხსენებ, რომ ნავარძეთის ჩამონგრეულ კლდეებში მე და ჩემმა ბიძაშვილმა უზარმაზარი ქვევრი აღმოვაჩინეთ, ვენახებში კი მიწის დამუშავებისას მოსახლეობა ხშირად პოულობდა ხანჯლებსა და სხვადასხვა ბასრ იარღს) დამთავრებული კაცხის სვეტით.
ისტორიული მნიშვნელოვანი ადგილების გარდა, ბევრს მეკლდეურობაც დააინტერესებს, ბევრს კი მღვიმეების ხიბლი მიიყვანს იქამდე. ბევრს კი თავგადასავლების სიყვარული და ექსტრემი მიიზიდავს.
არადა, საზოგადოებას თუნდაც მღვიმეების არსებობაზე ამ რაიონში ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს და ცოტამ თუ იცის, რომ ეს რაიონი მღვიმეებით მდიდარია. საქართველოში, სადაც მიწისქვეშა სამყაროს მღვიმეთა რიცხვი სამი ათასზე მეტია, დღეისათვის მხოლოდ რამდენიმე მღვიმეა ტურისტებისათვის კეთილმოწყობილი, ჭიათურის რაიონს კი დიდი პერსპექტივები აქვს ამ მხრივ.
მეცნიერთა თქმით, ისტორიულად, მღვიმეებს საკულტო მიზნებისთვის იყენებდნენ. კარსტულ მღვიმეებში აწყობდნენ და აშენებდნენ ტაძრებს, მონასტრებს, ეკლესიებს, სალოცავებს. არსებობდა კარსტულ მღვიმეებში ადამიანთა ნეშტების დაკრძალვის ჩვეულებაც. ხოლო ომიანობის დროს მღვიმეებს მოსახლეობისა და ძვირფასი ნივთების შესახიზნად და გადასამალად მიმართავდნენ.
ჭიათურის რაიონი კარსტული მღვიმე-გამოქვაბულებით განსაკუთრებით მდიდარია. ბუნებრივი ეგზოტიკით მდინარე საძალიხევის აუზში არსებული მღვიმეები გამოირჩევა. თანამედროვე შეფასებით, საინტერესოა საძალისხევის, კაცხურას და ჯრუჭულას ხეობა. სოფელ რგანში ორთვალა კლდის გამოქვაბულში და აქ მოპოვებულმა ქვედა და ზედა პალეოლითის ადამიანთა საცხოვრებელმა და სხვადასხვა მასალებმა მსოფლიო აალაპარაკა. ჭიათურის მღვიმეებში აღმოჩენილია ზედაპალეოლითის ეპოქის ნაშთები (კაჟის და ობსიდიანის იარაღები). ეს კარსტული მღვიმე-გამოქვაბულებები საფუძველს ქმნის, რეგიონში სათავგადასავლო, კულტურულ-შემეცნებითი და ექსტრემალური ტურიზმის განვითარება საკმაოდ ინტენსიურად წარიმართოს. ორთვალა კლდის (წილთოს III) მღვიმე სოფელ პერევისის მიდამოებშია. ეს ნაგებობაა, რომლის წინა ორი დიდი გვირაბის კედლებს ეტყობა ხელოვნური დამუშავების კვალი, აღმოჩენილია ქვევრები და კერამიკის ნამტვრევები, მღვიმე ადვილი მისადგომია და იოლად გასავლელი.
ჭიპიანიკლდის მღვიმე კი მდ. ყვირილას მარცხენა ფერდობზე, კლდოვან ფლატეზე, ზღვის დონიდან 410 მ. სიმაღლეზეა. აღმოჩენილია ქვევრები, წყალსაცავი აუზი და სასაფლაო. მის გასავლელად საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი. ეს მღვიმე გეოგრაფებმა ჯერ კიდევ 1955 წელს აღწერეს.
ძეგლთა დაცვის სახელმწიფო კომისიას ექვემდებარება გვარჯილასკლდის მღვიმე სოფ. რგანის მიდამოებში, მდ. ჭერულას აუზში. აქ მიკვლეულია ზედაპალეოლითის ეპოქის ნაშთები; კაჟისა და ობსიდიანის იარაღები. მღვიმევის მღვიმეში, რომელიც მდ. ყვირილას ხეობის მარჯვენა ფერდობზე მდებარეობს, მღვიმევის XIII საუკუნის მონასტერია განლაგებული. აქ ასევე აღმოჩენილია ძველი ქვის ხანის ადამიანის მატერიალური კულტურის ნაშთები (ზედაპალეოლითი) – კაჟისა და ობსიდიანის ძვლის და ირმის რქის იარაღები. არქეოლოგიურ ობიექტს წარმოადგენს ძუძუანას მღვიმე, რომელიც სოფელ დარკვეთის სამხრეთით მდ. ნიკრისას ხეობაში მდებარეობს. აქ 2008 წელს აღმოაჩენეს 32 ათასი წლის ძაფის ნაკეთობა, რომელიც ლერწმისგან იყო დამზადებული. მღვიმის ნაწილში აღმოჩენილია პალეოლითელი ადამიანის სადგომი (კაჟის და ობსიდიანის იარაღები, ცხოველთა ძვლები), ზედა ფენაში – თიხის ჭურჭელი; ნაპოვნია პირველყოფილი ძაღლისა და ზურტაკეტის ცხენის დიდი ზომის ნაშთები. ჯრუჭულის მღვიმე კი, რომელიც მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირზე მდინარის დონიდან 35 მ სიმაღლეზე მდებარეობს, საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. აქ კულტურული ფენებიცაა – აღმოჩენილია პალეოლითური დროის მდიდარი არქეოლოგიური მასალა.
ნახიზნების მღვიმე სოფ. გუნდაეთთან მდებარეობს, ძნელად მისადგომ, ციცაბო მარჯვენა ფერდობზე. შესასვლელთან ქვითკირის კედლის ნანგრევებია, მღვიმის ჭერი გაჭვარტლულია. კულტურული ნაფენები შეიცავს მცენარეულ და პალეობიოლოგიურ ნაშთებს. მღვიმეს რეკონსტრუქციის დაღი აზის. არქეოლოგიური ნაშთების აღმოჩენა აქაც არის მოსალოდნელი. დიდი გამოქვაბულია ვაჭევის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
რაც შეეხება საქართველოს მღვიმეთა ტურისტული პოტენციალის გამოყენებას, მოკლედ, კარგი პატრონი უნდა ჭიათურას და ვიმედოვნებ ეს ქალაქი გადაიქცევა ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ცენტრად, და იქიდან ფაქტობრივად აყრილი მოსახლეობაც საკუთარ კარ-მიდამოს, მამა-პაპისეულ კერას, დიდი სიამოვნებით დაუბრუნდება.



