RSS

Monthly Archives: სექტემბერი 2010

ბუნების ძეგლი – კაკლისყურე, შესაძლოა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს

დედოფლისწყაროს სამხრეთ აღმოსავლეთით, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ბუნების ძეგლი, უნიკალური ტყე ე.წ კაკლისყურე – სხვანაირად ჯუმასყურე მდებარეობს. სპეციალისტების განცხადებით, არის საშიშროება, რომ ტყის მასივი საქართველო–აზერბაიჯანს შორის არსებულმა სასაზღვრო მდინარე ალაზანმა ჩვენს ტერიტორიას მოწყვიტოს და აზერბაიჯანის მხარეს დარჩეს. კაკლისყურე უიშვითესი ჰალის ტყეა საქართველოში. ველური ბუნების და კაკლის ინდივიდებით ის 208 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ტერიტორიას გარშემო სარტყელივით უვლის მდინარე ალაზანი და ჩვენს ტერიტორიას მხოლოდ 7 მეტრი მიწის ზედაპირითღა უკავშირდება. სწორედ ეს 7 მეტრიანი ყელი შესაძლოა ალაზანმა გაარღვიოს და არა შემოვლითი გზით, არამედ პირდაპირ გაიკეთოს კალაპოტი. როგორც ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა მერაბ ფიროსმანაშვილმა რადიო „ჰერეთს“ განუცხადა, საფრთხე რეალური და ადვილად დასაშვებია. „3 წლის წინ ნაპირსამაგრი სამუშაოები მთავრობის დაფინანსებით ჩატარდა. ივრის ყურის სანაპიროებში ქვა–ბეტონის მასალა დაიყარა, რაც ამაგრებს და იცავს ტალღებისგან 7 მეტრიან გასასვლელს. ამჟამად საშიშროება აღარ არის, თუმცა თუ ახლავე არ მივიღეთ სათანადო ზომები, 2 წელში კაკლისყურის დაკარგვის საფრთხე კვლავ დადგება დღის წესრიგში“, – განაცხადა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რეინჯერთა სამსახურის უფროსმა ვაჟა ჩერქეზიშვილმა. შეგახსენებთ, რომ კაკლისყურე ბუნების ძეგლადაა გამოცხადებული და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს მიეკუთნება.