RSS

Category Archives: ეკოტურიზმი

ტიბაანი

ტიბაანისოფელისიღნაღის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსვლეთ დაბოლოებაზე. ზღვის დონიდან 360 მეტრზეა. სოფელი ტიბანი სიღნაღიდან 14 კილომეტრშია.

This slideshow requires JavaScript.

სოფლის ძველი სახელწოდებაა ხირსა. აქ მდებაროებს ღირსი ასურელი მამის სტეფანე ხირსელის საფლავი და მისი სახელობის მამათა მონასტერი. სოფ. ტიბაანი საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას ექვემდებარება.

ხირსის მონასტერში მისულებს ერთ-ერთი მორჩილი დაგვხვდა. ეკლესიას ასუფთავებდა, მან მოგვიყვა, რომVI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთმა მქადაგებელმა საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამასტეფანე ქიზიყელმა (სტეფანე ხირსელმა) აქ მონასტერი დააარსა. ისტორიული ტრადიციით, იგი აქვეა დაკრძალული. წმინდა სტეფანეს მონასტერი დიდ როლს ასრულებდა კახეთის, კერძოდ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის რელიგიურ ცხოვრებაში. დღეისათვის შემონახულია გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგებულია VI საუკუნის ბაზილიკის ადგილზე. ძეგლი მრავალჯერ არის გადაკეთებული (VIII-IX სს., XI ს., XVI ს.).

ხირსა წელს უკვე ტურისტულ მარშრუტშიც ჩასვეს.

სახელ „ხირსის“ წარმომავლობა უცნობია. ზოგს ის გამოჰყავს ქართული სიტყვიდან „ღირსი“. ზოგნი კი მას უკავშირებენ მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას, რომელიც იმ დროს, როდესაც გარშემო მთები დაფარული იყო ხშირი ტყით, საკმაოდ წყალუხვი ყოფილა. თუმცა ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მდინარეს შეეძლო მიეღო სახელი მონასტრისგან. არსებობს ვარაუდიც, რომ სახელი „ხირსა“ შესაძლოა თვით ღირს სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი განმარტოებული მოსაგრეობის ადგილისთვის.

ხირსის მონასტერი აგებულია ქართული სტილით. ტაძრის სიგრძე მაღალდასაჯდომლიდან დასავლეთის კარიბჭემდე დაახლოებით 41,3 მეტრია, სიგანე – 23,4 მეტრი, ხოლო სიმაღლე ლავგარდანამდე – 15,4 მეტრი. ტაძარი გვირგვინდება მაღალი კონუსის მსგავსი გუმბათით. შემოსასვლელი კარი ორი აქვს – დასავლეთიდან და სამხრეთიდან, რომელიც ჯერ წმ. ნიკოლოზის ეკვდერისკენ მიემართება, ხოლო იქიდან – მთავარ ტაძარში. მთავარი საკურთხევლის მარჯვნივ, სამხრეთით არის კამარიანი ეკვდერი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მარცხნივ კი, ჩრდილოეთით მეორე ეკვდერია, რომლის შესასვლელშიც არის სამარხი ღირსი სტეფანე ხირსელისა. აღნიშნულის გარდა, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არის წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკვდერიც, რომელსაც გარედან, მღვდელმონაზონ ფილადალფოს კიკნაძის მიერ, მიდგმული აქვს პატარა ოთახი ღამისმთეველთათვის.

მონასტერი მრავალჯერ აღუდგენიათ. როგორც მართლმადიდებლბის მოწინავე ბურჯი, ხშირად დარბეულა სარწმუნოების მტერთაგან, მაგრამ მის აღდგენა-აშენებაზე საქართველოს კეთილმორწმუნე გვირგვინოსნები ზრუნავდნენ, რის წყალობითაც ამ ჭაღარა ტაძარმა, რომელიც თოთხმეტი საუკუნე განანათლებდა გარშემო მართლმადიდებელ მოსახლეობას, ჩვენამდე მოაღწია.

1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ხირსის სტეფანწმინდა ქართლ-კახეთის ერთ-ერთი მონასტერთაგანი იყო, რომელშიც აღესრულებოდა ღვთისმსახურება.

XIX ს-ის დასაწყისისთვის წმ. სტეფანეს ტაძარი ნგრევის პირას იყო მისული. იგი კაპიტალურად გარემონტდა 1822 წელს, ეგზარქოს იოანეს (1821-1832) დროს. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა ფილადელფოს კიკნაძე (1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე).

მონასტრის დასავლეთით აღმართულია საკმაოდ მაღალი გალავანი, რომელიც პლ. იოსელიანის მოწმობით, კახეთის მეფე ლეონს შეუკეთებია. ხირსის მონატრის დასავლეთით მდებარეობს სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც იღუმენ ალექსანდრეს (საყვარელიძე) აუგია საკუთარი სახსრებით XIX ს-ში. მონასტრის ტაძარს ადრე თავისი გალავანი ჰქონია, რომელისგანაც ამჟამად მცირე ნაშთებია დარჩენილი. მონასტრის ეზოში მდებარეობს საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა და მარანი, რომელიც არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე, 1893-1897) დროსაა აგებული. აქვეა ბერების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ხირსის მონასტერში XX ს-ის დასაწყისამდე შემორჩენილი იყო ერთი ძველი ქართული ჩვეულება –  აღთქმის მიხედვით, ირგვლივ მოსახლე მამაკაცები მონასტერს თავის ფიზიკურ შრომას სწირავდენ, ე.ი. მოდიოდნენ მონასტერში და მუშაობდნენ უსასყიდლოდ რამდენიმე თვე, საკუთარი აღთქმის პირობაზე. მონასტერი კი ამ უფასო მუშებს მხოლოდ საკვებს და ქალამნებს აძლევდა. მონასტრისათვის შრომის უსასყიდლოდ შემწირველ მუშას „კურატი“ ეწოდებოდა. როდესაც კურატი დროს გაასრულებდა, პარაკლისის გადახდას სთხოვდა მღვდელმონაზონს და შინ ბრუნდებოდა.

მონასტრის საუკეთესო სამკაულს წამოადგენდა მისი უძველესი სიწმინდე – წმ. პირველმოწამე სტეფანეს ნეკი, რომელიც, სავარაუდოდ, თვით ღირს სტეფანეს ჩამოუბრძანებია. დღეისათვის წმ. სტეფანეს ნეკი ბოდბის დედათა მონასტერშია დაბრძანებული.

მონასტერში ღვთისმსახურება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეწყდა. საბჭოთა წყობის წლებში წმ. სტეფანეს ტაძარი საწყობად იყო გამოყენებული. ბერების საცხოვრებელ ორსართულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა.

მონასტერი XX ს-ის 90-იან წლებში განახლდა.

 

ჩვენ, მამათა მონასტერში, ვერ შევედით, რადგან არქიმანდრიტი ლაზარე გრძელიშვილი, რომელიც 2005 წლის ნოემბრიდან მონასტრის წინამძღვარია, მონასტერში არ იმყოფებოდა და მისი კურთხევის გარეშე კი, არ შეგვიშვეს.  ხირსის მონასტერს მოშორებით გადმოჰყურებს მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში 20-ან წლებში ბოლშევიკებს დაუნგრევიათ და მერე 80-იან წლებში ადგილობრივებს ისევ აღუდგენიათ, ადრინდელი სახით. სოფლის მოსახლეობამ ეკლესიაც მოხატა… პირდაპირ კი ყველაწმინდას ეკლესია გადმოყურებს სოფელს…

აქვეა სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის ნაძვნარიც, აქ იმდენი ნაძვია დარგული, რამდენი ტიბაანელიც სამამულო ომში დაეცა, გვიყვებიან ადგილობრივი მცხოვრებლები….

 

ტიბაანიდან აღმოსავლეთით  ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება: აქ ერთმანეთის გვერდიგვერდაა კავკასიონის თოვლიანი მთები, ულამაზესი ვაკეები, ალაზნის ველი. მრავალფეროვან ბუნებრივ ლანდშაფტს ორგანულად ერწყმის ქართული არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები.
კახეთი უპირველეს ყოვლისა ცნობილია, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლო. ამ მხარეში ვენახებს საერთო ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ყურძნის დაწურვისა და ღვინის დაყენების ტრადიცია ამ მხარეში ჩვ.წ-მდე მეოთხე ათასწლეულიდან იწყება. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 2000 სახეობიდან – 500 ქართულია, მათი უმრავლოსობა კი – კახური ჯიშისაა. ტიბაანი ერთ-ერთი მათგანია.

ტურისტებისთვის მეტად საინტერესო ადგილია. როგორც ეკოტურიზმის კუთხით, ასევე ღვინის ტურიზმითაც…

 
 

კისტანი

კისტანი სოფელია დუშეთის რაიონში (დუშეთიდან 100 კმ.) მდინარე არღუნის მარცხენა სანაპიროზე, დათვიჯვრის უღელტეხილსა და შატილს შორის. ზღვის დონიდან სიმაღლე 2080 მ. მდინარე არღუნი, მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადია. მისი სიგრძე 148 კმ-ია. იწყება საქართველოში, პირიქითა ხევსურეთში, კაკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

This slideshow requires JavaScript.

ტურისტებისთვის მიმზიდველია, თუმცა იქ შემოჩენილ ფეოდალური ციხე-სიმაგრეების მახლობლად მათთვის დასასვენებელი ადგილიც კი არაა.

თუმცა ამ ადგილს ტურიზმის განვითარების კარგი პოტენციალი გააჩნია და ამაში თავადაც დავრწმუნდით, როცა ფეხით მოვიარეთ კისტანი – ციხე-სოფლის ხუროთმოძღვრული ძეგლები: აბულეთაურთ ციხის (შედგება კოშკისა და ციხე-სახლისაგან), ავთანდილაანთ ციხე (გნეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, ნაგებია კლდის ქვით, შემორჩენილია გალავნის ნანგრევები), კოშკის (მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, დათარიღებულია გვიანდელი შუა საუკუნეებით), ნახარელა ღვთისმშობლის ჯვრის (ხატის კომპლექსში შედის: დარბაზი, საქვაბე, საზარე, საჯარე), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (აგებულია მეცხრამეტე საუკუნეში ნასოფლარ ლებაიასკარის ტერიტორიაზე, ”თავისუფალი ჯვრის ტიპის”, თითქმის მთლიანად დანგრეულია), ცხრაძმათ კოშკის (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული), ჭინჭარაულების ციხე-სახლის (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს) აღწერილობა.

სწორედ, ამ ციხე-კოშკების სანახავად დავიძარით. გზიდან საათნახევრის შემდეგ ავაღწიეთ თითქმის დანგრეულ კოშკებამდე. ენერგია მოზვავებულები გაჩერებას არც ერთი ვაპირებდით და კოშკიდან კოშკში გადავდიოდით…

 


 
 

შატილი

ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში,კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.

This slideshow requires JavaScript.

ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი დაგუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.

სახელწოდება „ხევსურეთი“მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო აქვს შერქმეული. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით უკავშირდებიან. საუკუნეების განმავლობაში, ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას ცდილობდნენ. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან იცავდა. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795), მთიულეთის აჯანყებისა (1804) და კახეთის აჯანყების 1812 დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება დაიწყო. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკარის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, აკლდამები და სხვა.

ატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა განვალობაში დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).

სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები – გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.

პირიქითა ხევსურეთი ის ადგილია, რომელიც მთელი 8 თვე გარესმყაროს მოწყვეტილია…… ხეობაში არის ერთადერთი სკოლა-ინტერნატი, რომელშიც ათამდე ბავშვი სწავლობს, თუმცა მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლების სიმწირეც თვალში საცემია. ხევსურეთში ჩვენი ვიზიტისას, ის ერთადერთი წყარო, ინტერნეტი, რომლითაც ხევსურები გარესამყაროს უკავშირდებიან, სამწუხაროდ, გაითიშა. ის ხევსურები, რომლებიც მშობლიურ მხარეს არ დატოვებენ, და ზამთარს ხევსურეთში იზამთრებენ კეთილი ადამიანების იმედად არიან…

გზაზე რამდენიმე ადგილას არაგვს მიწა აქვს გამოთხრილი და მეწყერი ვითარდება. მეწყერია ზედ მუცოს შესასვლელშიც. გზა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაიკეტოს და სოფელი გარესამყაროს მოწყდეს.

ჩვენი ჯგუფი, ხევსურეთში მაშინ ავიდა, როცა ტურისტული სეზონი დამთავრებული იყო, თუმცა აქა-იქ გზაში უცხოელი ტურისტები გვხვდებოდნენ, ზოგი ველოსიპედებით, ზოგიც კი ფეხით მიუყვებოდნენ ციცაბო გზებს.

ადგილობრივების გული რომ მოიგო, ის რამდენიმე დღე, რომელსაც ხევსურეთში გაატარებთ, მათ ადათწესებს უნდა დაემორჩილო. ამიტომ ვცდილობდით, ქალებს მხოლოდ ”სადიაცო ბილიკებზე” გვევლო.

ხევსურეთის ყველაზე დიდი პრობლემა გზაა, 100 კილომეტრი ჟინვალის გადასახვევიდან წარმოუდგენელი რისკის ქვეშ სავალია… აქ ასფალტი არასდროს ყოფილა., თუმცა კი ტურისტების მოსაზიდად ალბათ უკეთესიც იქნებოდა, გზის დაგება. აქ ეკოტურისზმის გასავითარებლად შესანიშნავი პირობებია, თავად შატილში რამდენიმე კერძო სასტუმროა, შატილის ციხეკოშკში კი ერთადერთი სასტუმრო მშვენივრად უმასპინძლდება სტუმრებს… თუმცა მის გვერდით ამაყად აღმართული სხვა კოშკები უპატრონობით იშლება და ინგრევა, სახელმწიფო თუ არა ვინმე გონიერი მეცენატი რომ გამოუჩნდებოდეს მათ, სახელმწიფოსაც დიდ სამსახურს გაუწევდა და ხევსურეთიც უფრო ბევრ ტურისტს მიიზიდავდა, როგორც ადგილობრივს, ასევე უცხოელს. ხევსურეთი კი დღითიდღე ცარიელდება. ბევრ სოფელში მხოლოდ თითო ოჯახიღაა დარჩენილი.

 
 

დოღი – გუდამაყარი

დოღი გუდამაყარში

This slideshow requires JavaScript.

 
 

გუდამაყარი

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე… გოდერძი ჩოხელის სამშობლო…

This slideshow requires JavaScript.

 
 

დარიალი

დარიალის ხეობა, მდინარე თერგის ხეობის მონაკვეთი ყაზბეგის რაიონში. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში.

This slideshow requires JavaScript.

ვიკიპედიაში ნათქვამია, რომ იგი იწყება მდ. ჩხერის შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი.  ციცაბო ფლატეები დიდ ნაწილზე მოკლებულია ნიადაგს და ერთიან მცენარეულ საფარს. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.

სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული დარი ალანისაგან (ალანთა კარი). ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის: პლინიუსი მას იხსენიებს როგორც Porta Caucasicae (კავკასიის კარი) და Porta Hiberiae (იბერთა კარი), პტოლემე – Sarmatikai Pulai (სარმატების კარი), არაბები და სპარსელები – dar-i-alan (ალანთა კარი). ძველ ქართულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც დარიალნი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ივსთა კარი და სხვა.
ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ამიერ- და იმერკავკასიის დამაკავშირებელი გზა. საქართველოს, რომის იმპერიის, არაბთა სახალიფოსა და ბიზანტიის საგარეო პოლორიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალზე ბატონობას. იგი იცავდა ამიერკავკასიას ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე მეომარ ტომთა თავდასხმებისაგან. გადმოცემით, დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე მირიან I-ს (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი). საქართველოში რომაელების პირველი შემოსვლის დროს (ძვ. წ. I ს.) დარიალის ხეობას კონტროლს უწევდა იბერიის სამეფო. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა აღადგინა ძველი სიმაგრე. ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის ხანაში (VII-X სს.) დარიალის ხეობა და სიმაგრე მათ ხელში იყო. X-XIII საუკუნეებში დარიალის ხეობის როლი გაიზარდა. ამ გზით საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან. დარიალის გზით ჩამოასახლა (1118-1120) საქართველოში ყივჩაღები დავით აღმაშენებელმა, მანვე განაახლა დარიალის სიმაგრე. XIII საუკუნეში, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, დარიალის გზის ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. XVIII საუკუნის I ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა.  ვიწრო გზა აძნელებდა ხეობაში მიმოსვლას, ზამთარში კი სახიფათოც იყო. საქართველოს სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ მოძრაობა დარიალის ხეობაში რეგულარული და ინტენსიური გახდა.

დარიალის ხეობაში მდ. თერგის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, რომლის ჩრდილო და აღმოსავლეთი მხარე მიუდგომელი იყო, ხოლო დასავლეთით მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – დარიალის ციხე. ნანგრევებში სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენები გაირჩევა. ძირითადი ფენა ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ნაშთიც, როგორც ჩანს, ციხეს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ამავე მხარეს ყოფილა მდინარეზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბიც. მოგვიანებით დასავლეთიდან წყალსადენი გაუვანიათ. გალავნისა და კოშკების გარდა ციხის ტერიტორიაზე მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა შენობის ნანგრევები.

ამჟამად კი ხეობის მარჯვენა ნაპირზე მიმდინარეობს მონასტრის მშენებლობა.

 
1 კომენტარი

ავტორი: on 20/07/2010 დუიმი ეკოტურიზმი

 

ყაზბეგი

ცოდვაა, ასეთ ქვეყანაში ცხოვრობდე, ასეთი სილამაზის პატრონი იყო და ერთხელ მაინც არ ნახო ყაზბეგი და ერთხელ მაინც არ ახვიდე გერგეთის ტაძარში.

This slideshow requires JavaScript.

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი IV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.
ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა წამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.
მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი – ცხენით თუ ფეხით – ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.
უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტეველები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.
კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაკვდა სულიერი ცხოვრება, ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერ-მონაზვნური ცხოვრების გამოღვიძება მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების შემდეგ დაიწყო. შეუძლებელია, ეს სულიერი გამოღვიძება მის მშობლიურ კუთხეს, ხევსაც არ შეხებოდა. მისმა უწმიდესობამ 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაზე წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას.

This slideshow requires JavaScript.

 
 

“მადლობა უფალს, რომ ტყეებს თვითგანახლების უნარი აქვს”

გასული ათწლეულების განმავლობაში, არალეგალურმა სატყეო საქმიანობამ მთელ მსოფლიოში განსაკუტრებულად მასშტაბური სახე მიიღო.

უკანონო ხის ჭრამ საქართველოც მნიშნველოვნად დააზარალა,  რამაც შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიაყვენოს. საქართველოს ტყეების დეგრადაციას მრავალი ფაქტორი იწვევს: ტყის არამდგრადი ჭრა, არალეგალური ტყითსარგებლობა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ტყით მართვისა და მონიტორინგის სისტემის არაეფექტურობა, მოუქნელი ბიუროკრატიული ინსტიტუტები, არასაკმარისი დაფინანსება, სატყეო სექტორში ცნობიერების დაბალი დონე – ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიმავალი გზაა.

საქართველოში ტყის ფონდის მიწებს სამი მილიონი ჰექტარი უკავია, ხოლო დაახლოებით 2,8 მილიონი ჰექტარი, ანუ მთლიანი ტერიტორიის 40 % ტყით არის დაფარული .

როგორც სამცხე-ჯავახეთის სატყეოს სამმართველოს უფროსმა,  24 წლის ალექსანდრე თომასიანმა გვითხრა – ადიგენის რაიონში 132 ათასი ჰექტარი ტყეა.
“სამცხე-ჯავახეთში ტყეს სულ 38 რეინჯერი იცავს, –  ამბობს თემურ ბერიძე, მონიტორინგის განყოფილების უფროსი, – კარგი იქნებოდა, ამდენივე ადამიანი რომ კიდევ მოგვცენ ტყის დასაცავად, ამატებს ალექსანდრე თომასიანი. საჭიროა რეინჯერების გადამზადება, რადგან უმრავლესობამ, რომლებსაც დღეს ეს თანამდებობა უკავია, არაპროფესიონალია და ბევრი იმასაც ვერ არჩევს რომელი ხეა ნაძვი და რომელი ფიჭვი.”

მოსახლეობას ტყიდან მხოლოდ ფიჩხის გატანა შეუძლია, ისიც მხოლოდ რეიინჯერის თანხმობის შემდეგ. ერთი კბ.მ წიწვოვანი მასალა 2 ლარი ღირს, ფოთლოვანი კი 3 ლარი.

20 კბ/მ უკანონოდ მოჭრილი ხეების მორები, რომელიც ექვსი წლის წინ არის ჩამორთმეული და ვარგისიანობა დაკარგული აქვს, დღესაც ტყის პირას ყრია. “ინსპექციის პრეროგატივაა გადაწყვეტილების მიღება, თუ რა უნდა უყონ მოჭრილს ხეს, ჩვენ მხოლოდ მისი ჩამორთმევა გვევალება.” – ალექსანდრე თომასიანის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, ჩამორთმეული ხეების პრობლემის გადაჭრა სატყეოს სამმართველოს გადასცემოდა და ამით მოსაჭრელად გამზადებული ხეების ნაწილი მაინც გადარჩებოდა.

ალექსანდრე თომასიანი ამბობს, რომ საჭიროა სანერგე მეურნეობების გახსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდებოდა. – მადლობა უფალს, რომ ჩვენს ტყეებს თვითგანახლების უნარი აქვს, – ამბობს სატყეოს ახალგაზრდა უფროსი.

მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთის ტყეებში ძირითადად სპეც-ჭრები ხორციელდება. რაც კი იჭრება ტყე-კაფებით, ის ხეები რომლებსაც სხვა ხეების დაზიანება შეუძლია, ხშირად გვხვდება უკანონო ჭრებიც ნაძვის, წიფელის…

აგრარულ რეგიონებში არსებული ენერგიის ალტერნატიული წყაროების ნაკლებობა მოსახლეობას უბიძგებს უკენონოდ გაჩეხოს ტყე. გარდა ამისა, საძოვრების არაეფექტურად გამოყენების გამო, საქონელს ტყის ფონდის მიწებზე აძოვებენ, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად აზიანებს ტყის რესურსებს. ქვეყნის ეროვნული სტრატეგია და სატყეო პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ამ სიტუაციის გაკონტროლებას, სამართლებრივ ჩარჩოებს კი კანონმდებლობაში არსებულ ხერვეზები ასუსტებს.

ტყის არამდგრად მართვას და სატყეო სექტორში არსებულ კანონდარღვევებს, როგორც წესი, შედეგად მოყვება: შემოსავლების კარგვა საბიუჯეტო, კერძო და ადგილობრივ სექტორში (განსაკუთრებით ეს ტყეზე დამოკიდებულ თემებს შეეხება); ტყის ეკოსისტემების დეგრედაცია და ბიომრავალფეროვნების შემცირება: ნახშირბადის შთანმთქავი რესურსის დაკნინება და კლიმატის ცვლილება.

ხელსაყრელი კლიმატური პირობების წყალობით, ადიგენის რაიოშნი ბევრი კურორტია. კურორტი აბასთუმანი თბილისიდან 210 კმ-ის დაშორებით, მესხეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1270-1340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზრდილი ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, რომელიც ყვავილობის დროს უებარი სამკურნალო საშუალებაა ფილტვებით ავადმყოფი ადამიანისთვის. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც საყოველთაოდაა აღირებული. ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ ახლანდელი აბასთუმნის ადგილას ჯერ კიდევ XIV საუკუნეში ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე და არსებობდა სახელგანთქმული სამკურნალო წყლები. XVII საუკუნეში, ოსმალების ბატონობისას, აქ თურქული სტილის აბანო მიუწყვიათ. XIX საუკუნის 30-იან წლებში შესაძლებელი გახდა თერმული სამკურნალო წყლების მეცნიერული შესწავლა. შედეგად, მას აბასთუმნის ქლორნატრიუმსულფატკალციუმიანი ჰიპერთერმული სამკურნალო წყლები ეწოდა და გამოიყენება – რევმატიული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობისას და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ. აქ მკურნალობდა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის შვილი და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ძმა ფილტვების მძიმე დაავადებამ გიორგი რომანოვი იძულებული გახადა უარი ეთქვა სამეფო ტახტზე და დასახლებულიყო აბასთუმანში.

აბასთუმანი ეკოლოგიურად სუფთა ბუნების ეტალონად განიხილება და უნიკალური ატმოსფერული პირობებით (ჰაერის მაღალი გამჭვირვალობა) ხაისთდება. მთის სუფთა ჰაერი, ზომიერად მშრალი ჰავა, წელიწადში მზის ნათების 3 ათას საათიანი ხანგრძლივობა ტუბერკულოზის მკურნალობის ძირითად ფაქტორებს წარმოადგენენ.

“ადრე აბასთუმანი ედემს გავდა, _ გვითხრა 64 წლის აბასთუმნელი ელმირა ალიევა, _ ხე-ტყეს მოსახლეობაც ჭრის, რა ქნას მოსახლეობამ ხომ არ გაიყინება. ადრე აქ ნიავიც კი არ იძვროდა, ახლა კი ქარიშხლები იცის, ეს ქნა უზომოდ ტყის ჭრამ. ბუნება განადგურდა. მოსახლეს სეზონზე (ოქტომბრიდან მაისამდე) დაახლოებით 10 კბ/მ შეშა სჭირდება. გაზიც არ გვაქვს, რომ საჭმელი მაინც გავაკეთოთ. გაზი რომ იყოს, ყველა გაზს იხმარდა, არავის მოსწონს საკუთარი ბუნების გაჩანაგება.”

“ძირითადად ფიჭვს ჭრიან, ფიჭვს კი ნაძვი ენაცვლება. აბასთუმნისთვის ეს კატასტროფაა. დროთა განმავლობაში დაკარგავს სამკურნალო თვისებებსაც. აქაური ჰაერი, ფიჭვების ყვითელი მტვერი უებარი საშუალებაა ტუბერკულოზითა და ჭლექით დაავადებულებისთვის. რამდენიმე წლის წინ, აქ ნიავიც კი არ იძვროდა, ჰაერი ისეთი გამჭვირვალე იყო. 3-4 წლის წინ 1200 ჰექტარი ტყე დაიწვა. კატასტროფული სიტუაცია შეიქმნა. ჩვენი მოსახლეობა ფიწლებითა და ნიჩბებით აქრობდა ცეცხლს. საბედნიეროდ წვიმა მოვიდა და ხანძრის ჩაქრობაში დაგვეხმარა. პრობლემაა ბაგავიც. სოფელი აღობილი, ადრე სანატორიუმი იყო, ეხლა კი ნაგავში ცურავს. მოსახლეობა პირდაპირ მდინარეში ყრის ნაგავს. აბასთუმანსი კი კანალიზაციის მილები პირდაპირ მდინარეში ჩაედინება.” _ ამბობს მანანა ურუშაძე აბასთუმნის ტურისტული ასოციაციის წარმომადგენელი.

ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად უჩივის მოძველებულ საკანალიზაციო სისტემებს, დაბინძურებულ სასმელ წყალს, სამუშაო ადგილების უქონლობას, უგაზობას, ნაგავსაყრელისა და ნარჩენების გატანაც მოუწესრიგებელია და შიდა გზები კი ამორტიზირებული.

აბასთუმანი მაინც საფრთხის წინაშეა, რადგან ხე-ტყის ჩეხვის შედეგად, ეროზირებული უბნები გაძლიერდება. მდინარის ნაპირსამაგრის არ არსებობის გამო, ტეროტორიის დატბორვის საშიშროებაცაა. ტყის განადგურებას კი მიკრო-კლიმატის გაუარესება მოყვება, რადგან სპეციალისტთა თქმით, მოჭრილ ფიჭვს არ აქვს იმდენი თვით აღდგენის უნარი და მას უკვე ნაძვი ენაცვლება… ამით კი კურორტი ნელ-ნელა კარგავს უნიკალურ თვისებებს. თუმცა კი სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ იმის გამო, რომ საქართველოში ტყეებს თვითაღდგენის უნარი გააჩნიათ კატასტროფა არ გვემუქრება.