RSS

Category Archives: კატასროფები

იაპონიაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრა და ცუნამის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური მონაცემები გაიზარდა.

იაპონიის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოფიციალურმა რიცხვმა 14 ათას 704 ადამიანს მიაღწია.

მათი ინფორმაციით, ყველაზე ბევრი ადამიანი მიიგაის პრეფექტურაში (8 842 ადამიანი), ასევე ივატეში (4 302) და ფუკუსიმას პრეფექტურაშია (1 496) გარდაცვლილი.

1-ელი მაისის მონაცემებით უგზო უკოდ დაკარგულად 10 969 ადამიანი ითვლება, ხოლო მიწისძვრის დროს 5 278 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს 9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია.

 

“ფუკუშიმა-1”-ის 20 კილომეტრის რადიუსში ტერიტორია აკრძალულ ზონად გამოცხადდა

ატომური ელექტროსადგური “ფუკუშიმა-1”-ის 20 კილომეტრის რადიუსში ტერიტორია აკრძალულ ზონად გამოცხადდა.

ამის შესახებ იაპონიის პრემიერმა ნაოტო კანმა განაცხადა.

მთავარობის განკარგულების თანახმად, ამ ზონაში ყოფნა ამიერიდან არაკანონიერი იქნება და აკრძალვის დარღვევისთვის სანქციები დაწესდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიიდან მანამდე 80 ათასამდე ადამიანი გაიყვანეს, საშიშ ზონაში დღემდე ცხოვრობს ხალხი.

იაპონიის ხელისუფლება ევაკუირებულ მოქალაქეებს დატოვებული სახლებიდან ყველა საჭირო ნივთის წაღების უფლებას რთავს.

ფუკუშიმის რეაქტორზე მომხდარი ავარიის გამო, რადიაციით ოკეანის წყალი 15 კილომეტრის დაშორებითაც დაბინძურდა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ოკეანის წყალში რადიოაქტიული ნივთიერებების შემცველობა დაშვებულ ნორმას 5-ჯერ აღემატება.

თუმცა იაპონიის ბირთვული უსაფრთხოების სააგენტო განცხადებით,
დაბინძურებული სითხე ელექტროსადგურის ტექნიკურ ზონას არ გაცდება, რადგან ოკეანეში დამცავი ღობეებია დამონტაჟებული.

http://www.epn.ge

 

იაპონიაში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა

იაპონიაში 11 მარტს მომხდარი მიწისვრისა და ცუნამის შემდეგ, მსხვერპლა რაოდენობამ 13 ათასს 895 მიაღწია. თითქმის ამდენივე _ 13864 ადამიანი ითვლება უგზოუკვლოდ დაკარგულად. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულთა, დაჭრილთა რიცხვი კი 4938 აღწევს, იუწყება ადგილობრივი ტელევიზია.
ყველაზე მეტი დაღუპული დარეგისტრირებულია მიაგის პრეფექტურაში _ 8 437 ადამიანი, პრეფექტურებში ივატესში 4008 ადამიანი და ფუკუშიმაში 1387.
იაპონიის პოლიციის ცნობით, სტიქიამ დააზარალა 186 ნაგებობა და 60 700 სახლი კი სრულიად განადგურებულია.
11 მარტის მიწისძვრა ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა ომის შემდგომი იაპონიის ისტორიაში. ქვეყნის ზარალი, სავარაუდოდ, 25 ტრილიონ იენზე (308 ლირიარდი დოლარი) მეტი იქნება. დამატებით, 11 ტრილიონი იენად (133 მილიარდი დოლარი) შეფასებული იქნება “ფუკუსიმა 1”-ის ავარია, საიდანაც ამ დრომდე რადიაციული ნივთიერება იღვრება.

http://www.epn.ge

 

“ფუკუშიმა-1”-ს საშიშროების დონე ჩერნობილის დონეს გაუტოლდა

იაპონიის ხელისუფლება ატომურ ელექტროსადგურ “ფუკუშიმა-1”-ზე საშიშროების დონე მაქსიმალურ მნიშვნელობამდე – ბირთვული მოვლენების საერთაშორისო შკალით მე-7 დონემდე გაზარდა. ამის შესახებ იაპონიის ბირთვული უსაფრთხოების კომისიის წარმომადგენელმა მინორუ ოოგოდამ გნაცხადა. ამ დონეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო “მსხვილ ავარიად” აფასებს, და აქამდე, ეს დონე მხოლოდ 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიას მიენიჭა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK-ს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სადგურზე რადიაციის დონის გაზომვის შემდეგ იქნა მიღებული. ბირთვული უსაფრთხოების კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, გადაწყცეტილება წინასწარ შეფასებებზე დაყრდნობითაა მიღებული და იგი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უნდა დაამტკიცოს. “ჩვენ საშიშროების დონე იმიტომ ავწიეთ, რადგან რადიაციის გაჟონვა ჰაერში, ბოსტნეულში, სასმელ წყალსა და ოკეანეში დავაფიქსირეთ”, – განაცხადა ოოგოდამ. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლის მტკიცებით, ფუკუშიმის და ჩერნობილის ავარიების შედარება არ შეიძლება. “რადიოაქტიური მასალების ამოფრქვევის მოცულობას, რომელიც ფუკუშიმიდან ამოიფრქვა, ჩვენ ჩერნობილის მოცულობის 10%-ით ვაფასებთ”, – აღნიშნა ოოგოდამ. იაპონიაში კი მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 6.3 ბალით შეფასდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბიძგები მეორედ იგრძნობოდა – გუშინ ტოკიოს მახლობლად 7.1-ბალიანი აფტერშოკი დაფიქსირდა.

http://www.epn.ge

 

იაპონიაში დაღუპულთა რიცხვი 12876 ადამიანამდე გაიზარდა

იაპონიაში მომხდარი 11 მარტის მიწისძვრის, ცუნამის და 7 აპრილის ძლიერ აფტერშოკის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12876 ადამიანამდე გაიზარდა.
ამის შესახებ იაპონიის პოლიციის მთავარი სამმართველო იუწყება.
ქვეყნის პროვინციებში უგზო-უკვლო დაკარგულად 14865 ადამიანი ითვლება. დროებით თავშესაფარში 153 ათასი ადამიანი იმყოფება.
9-ბალიანი მიწისძვრა იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 მარტს მოხდა. მას 10 მეტრის სიმაღლის ცუნამი მოჰყვა.

www.epn.ge

 

ატომური აფეთქებები

საწყალი დედამიწა… 1945-1998 წლამდე 2053 ატომური ბომბის აფეთქება გადაიტანა http://www.youtube.com/watch?v=jfpQNfcRE1o&feature=player_embedded#!

 

გიგანტური სოკო ხიროსიმასა და ნაგასაკზე

მეცნიერებამ 1932 წლამდე არც კი იცოდა ატომის ბირთვის სტრუქტურა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, 1939 წელს, ფიზიკოსებმა ბირთვი გახლიჩეს. ბირთვისგან გამოყოფილი უდიდეს ენერგია 1945 წელს 6 აგვისტოს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს. 1954 წელს კი მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა.
უილიამ ლოურენსი, გაზეთ `ნიუ-იორკ თაიმსის~ მეცნიერული რედაქტორი, ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც ესწრებოდა პირველი ბირთვული გამოცდების ჩატარებას ნიუ-მექსიკოში, ნევადაში, წყნარ ოკეანეზე. თვალს ადევნებდა იაპონიის ერთ-ერთ ქალაქის ნაგასაკის განადგურებას. ნაგასაკიზე თავდასხმის დროს ლოურენსი, როგორც დამკვირვებელი იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელსაც აპარატურა მიჰქონდა.
მოგზაურობის საბოლოო პუნქტი
`წარმოდგენა არ მქონდა, საით მივფრინავდი. მხოლოდ კვირას, 5 აგვისტოს, როცა კუნძულ გუამზე აღმოვჩნდი, გავიგე, სად იყო ჩემი მოგზაურობის საბოლოო პუნქტი. ნაშუადღევს 2 საათსა და 30 წუთზე პირველი ატომური ბომბი, რომელიც მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის მქონე დიდ ქალაქზე უნდა ჩამოეგდოთ, საამწყობო შენობიდან გამოიტანეს თვითმფრინავ `ბ-29~-ში ჩასატვირთავად. კორტეჟს, რომელიც სამგლოვიარო პროცესიას ჰგავდა, სამხედრო პოლიციის მანქანა მეთაურობდა. მას მიჰყვებოდა საბარგო მანქანა, ბრეზენტგადაფარებული ბომბით, რომელიც გიგანტურ გვამს წააგავდა. საბარგო მანქანს მოსდევდა გენერალ ფარელის, კონტრადმირალ იულიამ ჰარნელისა და სამხედრო-საზღვაო კავშირგაბმულობის ოფიცრის მანქანა, შემდეგ კი მოჰყვებოდა ჯიპი, რომელშიც იმყოფებოდნენ ექსპერტი-რადიოლოგი კაპიტანი ჯეიმს ნოლანი და კაპიტანი ჯ. ლეონარდ ჩეშირი – ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ცნობილი მფრინავი, იმჟამად ინგლისის სამხედრო წარმომადგენლობის ყოფილი წევრი შეერთებულ შტატებში,~ – წერს ლოურენსი.
სამი სამიზნე: ხიროსიმა, კოკურა, ნაგასაკი
`იწყება ის ღამე, რომელსაც ყველა ჩვენგანი ასე ველოდით, – უთხრა პოლკოვნიკმა ტიბეტსმა მე-20 საჰაერო არმიის 509-ე შერეულ ავიაჯგუფს, ეს არის ჩვენი მრავალი თვის წვრთნის შედეგების შემოწმება. ეს თავდასხმა შეცვლის ისტორიის მსვლელობას. ამ ბომბში მოთავსებულია ფეთქებადი ძალა, რომელიც ოცი ათასი ტონა ტროტილის ეკვივალენტია…~ ამინდის ცვალებადობის მიხედვით რაზმს სამი სამიზნე ჰქონდა: მჭიდროდ დასახლებული ქალაქები – ხიროსიმა, კოკურა და ნაგასაკი.
გიგანტური სოკო
`ენოლა გეის~ შეეძლო ოთხი წუთი ეფრინა სრულიად ღია, ღრუბლებით დაუფარავ მიზნამდე. მაიორმა დერებიმ ბომბის დამიზნების მექანიზმი მოაწესრიგა და აი, დადგა დიადი წამი. დერებიმ ბომბი ხიროსიმას დაუმიზნა და ჩამოაგდო.
`ენოლა გეიდან~ ჯერ პატარა მნათი წერტილი გამოჩნდა, ერთ წამში უზარმაზარ 800 მეტრამდე დიამეტრის შინდისფერ ბურთად გადაიქცა, უეცრად აფეთქდა და აუარება ცეცხლად და იისფერ ღრუბლებიდან გაიფრქვა. კვამლის უზარმაზარი თეთრი სვეტი ამოიმართა. 3 კმ სიმაღლის სვეტი მოულოდნელად გიგანტურ სოკოდ გადაიქცა, რომლის ძირში, ხუთი კილომეტრის მანძილზე მტვრის ქარიშხალი მძვინვარებდა. სოკო სულ უფრო იზრდებოდა და მალე 15 კილომეტრს მიაღწია.  შემდეგ რამდენიმე მოთეთრო-მოკრემისფრო შრედ დაიყო, რომელსაც ალისფერი დაჰკრავდა და თეთრ ღრუბლებისგან მკაფიოდ განსხვავდებოდა. აალების კვალდაკვალ გაისმა აფეთქების ხმა. ტალღები `ენოლა გეის~ დაეჯახა და შეაზანზარა. ექვსასზე მეტი კილომეტრის მანძილზე ეკიპაჟის წევრები ჯერ კიდევ ხედავდნენ მტვრისა და კვამლის უზარმაზარ სვეტს. `იგი იმდენად მკვრივი იყო, თითქოს მასზე სიარულიც კი შეიძლებაო,~ – ყვებოდნენ ჯგუფის წევრები.
`ეს საშინელი სანახაობა იყო. მტვრის უზარმაზარმა ღრუბელმა ყველაფერი დაფარა. იისფერ-ნაცრისფერი მტვრის მასა დუღდა. ისეთი შთაბედჭილება რჩებოდა, თითქოს მთელი ქალაქი ნაფხვენებად იქცა,~ – აცხადებდა კაპიტანი (შემდეგ კონტრადმირალი) იულიამ ს. პარსონი.
ატომის პირველქმნილი გაშმაგება
`…ვუახლოვდებით მიზანს. რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი ნათელი იქნება. ქვევით ღრუბელი წინანდებურად შეუღწევადია.
და უეცრად უკანასკნელ წუთში სარკმელი გამოჩნდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ნაგასაკი დღის სინათლეზე თვალწინ გადამეშალა. ჩვენი საათები შუა დღეს გვიჩვენებდა. უკანასკნელი წამები იწურებოდა, ერთი, ორი, სამი…
12 საათი და 01 წუთი. ჩვენ ნაგასაკის თავზე ვართ. რადიოთი გავიგონეთ თუ არა პირობითი ნიშანი, მაშინვე დამცველი სათვალეები გავიკეთეთ. `წავიდა!~ – წამოიძახა ვიღაცამ. ნომერ 77-ის ქვედა ნაწილიდან შავი სხეული მოწყდა და გაფრინდა ქვევით.
პირველი აალების შემდეგ სათვალეები მოვიხსენით, მაგრამ გრძელდებოდა მოლურჯო-მომწვანო სინათლის კაშკაში, რომელმაც ირგვლივ მთელი ცა გაანათა. აფეთქების ტალღამ არაბუნებრივი ძალით დაარტყა ჩვენს ხომალდს და ააჟღარუნა. ერთმანეთის მიყოლებით კიდევ ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებისას გვეჩვენებოდა, თითქოს თვითმფრინავს ყოველი მხრიდან ზარბაზნებს ესროდნენ.
დამკვირვებლებმა, რომლებიც თვითმფრინავის კუდში ისხდნენ, ცეცხლის გიგანტური ბურთი დაინახეს, რომელიც თითქოს დედამიწის წიაღიდან ამოდიოდა და ტეთრი კვამლის უზარმაზარ წრეებს ანთხევდა. შემდეგ სამი ათასი მეტრი სიმაღლის იისფერი ცეცხლის გიგანტური სვეტი დავინახეთ, რომელიც უზარმაზარი სიჩქარით მიქროდა ზევით. როცა თვითმფრინავი ატომური აფეთქების მხარეს შემობრუნდა, იისფერი ცეცხლის სვეტი უკვე ჩვენს სიმაღლეზე ამოვიდა. სულ ორმოცდახუთი წამი გავიდა.
როცა მოგვეჩვენა, რომ სვეტი გაიყინა, მის მწვერვალზე გიგანტური სოკო ამოვიდა. მწვერვალი დუღდა და გაშმაგებით ქაფდებოდა – ერთად შეერთებულ ათას გეიზერს ჰგავდა.
სოკო პირველქმნილი გაშმაგებით თრთოდა, როგორც მხეცი, რომელიც ბორკილების დაგლეჯას ლამობს. რამდენიმე წამის შემდეგ გიგანტური საყრდენისგან განთავისუფლდა და უზარმაზარი სიჩქარით ზემოთ, სტრატოსფეროში, თვრამეტი ათას მეტრამდე სიმაღლეზე აიმართა. მაგრამ იმავე წამში სვეტზე ახალი სოკო გამოჩნდა, უფრო პატარა, ვიდრე პირველი. თითქოს ურჩხულს ახალი თავი ეზრდებოდა. მოწყვეტილმა სოკომ ფორმა იცვალა, ყვავილად გადაიქცა, რომელსაც მიწისაკენ ჰქონდა მიბრუნებული მოთეთრო, გარედან ღია ყვითელი და შიგნიდან ვარდისფერი ფურცლები. ყვავილს კერ კიდევ ასეთი ფორმა ჰქონდა შენარჩუნებული, როცა უკანასკნელად შევხედეთ სამასი კილომეტრის მანძილიდან. აქედან შეიძლებოდა მდუღარე მრავალფეროვანი სვეტის დანახვა. ეს იყო სხვადასხვა ფერის ცისარტყელისგან შედგენილი გიგანტური მთა. მის შეფერადებაზე ბევრი ცოცხალი ნივთიერება დაიხარჯა.
…სვეტის მთრთოლვარე მწვერვალი დიდ სიმაღლეზე ავიდა და თეთრ ღრუბლებში გააღწია. იგი კისერზე გრძელი ბეწვის მქონე პრეისტორიულ ურჩხულს ჰგავდა, რომლის ნაფლეთები ყველა მხარეს მიმოფანტულიყო,~ – აღწერს ლოურენსი.
ფერფლად ქცეული ქალაქი
ქალაქი დაიწვა. სიბნელემ მრავალი მიცვალებული და დაჭრილი დაფარა. ჰაერი დამწვარი ხორცის მწახე სუნით იყო გაჟღენთილი. რამდენიმე დღის განმავლობაში ჯარისკაცთა ჯგუფი, გადარჩენილებთან ერთად, გვამებს აგროვებდა და წვავდა.
სამხედრო წრეებში დიდხანს არ სჯეროდათ, რომ ორმა პატარა ბომბმა ხიროსიმა და ნაგასაკი დაანგრია.
ამონარიდი თვითმხილველ მისიონერ მამა სიმენსის ჩანაწერებიდან:
`აი, რა მოუვიდა ქალაქს ერთი წამის განმავლობაში: 8 საათსა და 15 წუთზე ერთი ბომბის აფეთქების შედეგად თითქმის მთელი ქალაქი განადგურდა…
…რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ბომბმა? ისინი, ვინც კატასტროფა გადაიტანა, დაღუპულთა რიცხვს სულ მცირე 100 ათასამდე განსაზღვრავენ. ხიროსიმას მოსახლეობა 400 ათას შეადგენდა. ოფიციალური მონაცემებით, პირველი სექტემბრისთვის დაღუპულთა რიცხვი 700 ათას აღწევდა, ხოლო დაჭრილებისა – 130 ათას…
…იყვნენ ისეთებიც, რომლებიც, ექიმთა კარგი პროგნოზის მიუხედავად, უეცრად კვდებოდნენ. მათ მხოლოდ მცირე ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ხორხისა და პირის ღრუს ანთება ეწყებოდათ და მათი გადარჩენა შეუძლებელი ხდებოდა. თავდაპირველად ასე გვეგონა, თითქოს ეს ქიმიური ნივთიერების მსუბუქი ნაწილაკების ფილტვებში მოხვედრით იყო გამოწვეული, მაგრამ შემდეგ კომისიამ დაადგინა, რომ აფეთქების გამა-გამოსხივება ადამიანთა შინაგან ორგანოებს აზიანებდა…
…ამბობდნენ, რომ ქალაქის ნანგრევები სასიკვდილოდ ასხივებდნენ…~

 

ჩერნობილის კატასტროფა

 1986 წლის 25 აპრილს,  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, რომელიც კიევის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა, „ექსპერიმენტი“ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად ის მწყობრიდან გამოვიდა და ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა. 26 აპრილს კი რეაქტორში ორი აფეთქება მოხდა. მეტალის სქელმა ფენამ და ბეტონის კედელმა ვერ დააკავა გავარვარებული ურანი და მან გარეთ გამოაღწია. ატომური რეაქტორის რადიაქტიური დონე იმ წუთებში 1500 ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა.
საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კატასტროფის შესახებ სამ დღეს დუმდა. 29 აპრილს შვედეთის ატომური ელექტროსადგურის მეცნიერ-მუშაკებმა (მათი ბაზა განთავსებული იყო ბალტიის ზღვის სანაპიროზე) შენიშნეს ძლიერი ატომური გამოსხივება, რომელიც ღრუბელს აღმოსავლეთიდან, საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან მოჰყვებოდა. მომატებული რადიაცია იაპონიასა და აშშ-შიც დაფიქსირდა. ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ უცნობი ატომური გამოსხივების ცენტრი კიევის მახლობლად მდებარეობდა.
ამ ხნის განმავლობაში კი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორში 180 ტონა ურანი იწვოდა. კიევი პანიკამ მოიცვა. ხალხი ქალაქის დატოვებას ცდილობდა. საზღვარგარეთის ქვეყნები მზად იყვნენ, დახმარებოდნენ საბჭოთა კავშირს. ხანძრის ჩაქრობის პირველ დღეს 32 ადამიანი დაიღუპა, 200-მა ძლიერი, სასიკვდილო დასხივება მიიღო. ჩერნობილიდან 200 ათას კილომეტრის რადიუსში, სადაც დაახლოებით 130 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ევაკუაცია უნდა დაეწყოთ. ეს ტერიტორია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საცხოვრებლად უვარგისად გამოცხადდა.
„26 აპრილს თბილი, მზიანი დღე იყო. ჩვენი მეზობელი სახურავზე ავიდა გასარუჯად. რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა და თქვა, რომ დილიდან მზე ძალიან აცხუნებდა. ის უკვე ჰგავდა მზისგან გარუჯულს და ტანზე პატარა წყლულებიც ჰქონდა, როგორც დამწვრობის დროს იცის. გაგვიკვირდა, მზის ასეთი მცხუნვარება. სახურავზე ერთად ავედით და ჩერნობილის თავზე ნათება შევამჩნიეთ. თითქოს მზე დედამიწაზე ჩამოვარდა. საღამოს ჩემს მეზობელს გულისრევა დაეწყო და ტემპერატურა მოემატა. მხოლოდ 27 აპრილს რადიოთი გადმოსცეს, რომ ატომურ სადგურზე ხანძარი გაჩნდა,“ – ჰყვება კატასტროფის ერთ-ერთი თვითმხილველი.
   კატასტროფის ადგილზე ძირითადად სამხედრო ტექნიკა მუშაობდა. აუცილებელი იყო ცეცხლწაკიდებული რეაქტორის დამარხვა, მაგრამ მის მახლობლად წუთსა და 10 წამზე მეტს ხანს ადამიანი ვერ ჩერდებოდა. ბულდოზერებს რეაქტორთან მიჰქონდა ბეტონი, ქვები, სილა… პარალელურად 30-მდე ვერტმფრენი რეაქტორს ზევიდან ათობით ტონა ცემენტს აყრიდა. დღედაღამ გვირაბს თხრიდნენ, რომელიც რეაქტორთან მიდიოდა. გადაწყდა, რომ მესამე ენერგობლოკი ჩაეცემენტებინათ, მის გარშემო სარკოფაგი შეექმნათ.
რადიაქტიურმა ღრუბელმა, რომელმაც ევროპას გადაუარა, რამდენიმე ადგილას მიწის ნაკვეთები, მცენარეები და ცხოველები  მოწამლა. სკანდინავიის ქვეყნებში იძულებულნი იყვნენ, 40 ათასი შინაური ცხოველი დაეხოცათ. ინგლისში 30 000 დახსივებული ცხვარი გაანადგურეს. გერმანიაში ათასობის ტონა რადიაციული რძე გადაღვარეს. საქართველო კი დღემდე იმკის ამ კატასტროფის შედეგებს. ათასობით ადამიანი ჩიყვით დაავადდა. დასხივებულთა უმრავლესობის ბავშვებს პათოლოგიები აღენიშნებათ.
საზღვარგარეთელი ექიმები და სპეციალისტები, რომლებიც კატასტროფის ადგილზე იყვნენ, თვლიან, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში ევროპაში კიბოთი დაავადებულთა რიცხვი სულ მცირე 75 000 ადამიანით გაიზრდება. ამერიკელმა პროფესორებმა – ჯონ გოფმანმა და კარლ მორგანმა გათვალეს, რომ უახლოესი 70 წლის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ადამიანი კიბოთი დაავადდება.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, კატასტროფის მიზეზი მესამე რეაქტორში ექსპერიმენტის დროს დაშვებული შეცდომები იყო.
ატომური რეაქტორის ტემპერატურა მხოლოდ 6 მაისს გახდა სტაბილური. 30 ნოემბერს სარკოფაგი პრაქტიკულად მზად იყო. მის მოსამზადებლად 300 ათასი ტონა ბეტონი და 6 ათასი ტონა მეტალი დაიხარჯა.
1991 წლის აპრილში საბჭოთა მეცნიერმა ვლადიმირ ჩერნიშენკომ განაცხადა, რომ კატასტროფამ 7-დან 9 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

 
2 Comments

Posted by on 20/06/2010 დუიმი კატასროფები

 

პირველი `არასანქცირებული~ ატომური კატასტროფა

`უსახელო ქალაქში~, ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ ობიექტზე, ზუსტად 53 წლის წინ, სექტემბერში, აფეთქების ხმა გაისმა. საიდუმლო 30 წლის შემდეგ გამჟღავნდა. ქალაქს, რომელსაც ჩელიაბინსკი ერქვა, ახლა ოზერსკი ჰქვია.
`მაიაკი~ ქვეყანაში პირველი კომპლექსი იყო, სადაც პლუტონს ამზადებდნენ. საბჭოეთში ატომური ბომბის წარმატებულმა გამოცდამ ამერიკის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი შოკში ჩააგდო. 1949 წელს `საიდუმლო ობიექტზე~ სასიკვდილო ელემენტებით გაჯერებული პლუტონის პირველი ამპულები რეაქტორიდან კურჩაკოვმა საკუთარი ხელით გამოიღო.
1957 წელს დასხივებით მიღებულ შედეგებზე ცოტა რამ თუ იცოდნენ. დაბნეული მეცნიერები სიკვდილის მიზეზებს უშედეგოდ იკვლევდნენ. არადა, მისგან უკვე იღუპებოდნენ შინაგანი ჯარის შენაერთების ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც ობიექტებს იცავდნენ.
1957 წლის 7 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა შეტყობინება მიიღო: `ავარიის შედეგად ჰაერში გაიფანტა დიდი რაოდენობის რადიაციული ნარჩენები, წარმოქმნილი ღრუბელი კარგა ხანს იყო `მაიაკის~ თავზე~. ამოვარდნილმა ქარმა ღრუბელი ჩრდილო-აღმოსავლეთით წაიღო.
აფეთქების ადგილას და ღრუბლის მიერ განვლილ გზაზე რადიაციული ნარჩენების უწვრილესი ნაწილაკები ცვიოდა, რომლებმაც დააბინძურა უდიდესი ტერიტორია კასლინსკის რაიონში.
შვიდი წლის განმავლობაში ატომურ ნარჩენებს მარტივად იცილებდნენ – მდინარეებსა და ტბებში ყრიდნენ.
ჩერნობილამდე 30 წლით ადრე ქიმიურ კომბინატ `მაიაკში~ მომხდარი აფეთქების შესახებ დასავლეთშიც პრაქტიკულად არაფერი იცოდნენ. 1979 წელს აშშ-ში გამოქვეყნდა ცნობილი საბჭოთა მეცნიერის და დისიდენტ მედვედევის წიგნი `ატომური კატასტროფა ურალში~, რომელშიც მოთხრობილი იყო 1957 წელს მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
მაშინ არავინ იცოდა, რომ 20 მილიონი კიურის რადიაციულმა ნარჩენმა ჩრდილოეთ ურალის 250 კვადრატული კილომეტრი დაფარა, სადაც 270 000 ადამიანი ცხოვრობდა.
აფეთქების ადგილზე მტვრის სვეტი წარმოიშვა. მზიან, ნათელ დღეს უცებ ღრუბელი ჩამოწვა. ადამიანები სასოწარკვეთილი იყვნენ. ძაღლები განუწყვეტლივ ყეფდნენ და ყმუოდნენ, ფრინველები კი უცებ სადღაც გაქრნენ…
აფეთქების პირველ საათებში ციდან მსხვილი რადიაციული ნარჩენები ცვიოდა… წვრილი, ფიფქების მსგავსი ნარჩენების `თოვა~ მეორე დღესაც გაგრძელდა. როგორც კი რადიაციულმა ღრუბელმა სამხედრო ქალაქი დაფარა, ტელეფონით დოზიმეტრისტი გამოიძახეს. მათ ტერიტორიაზე ძლიერი რადიაცია გამოავლინეს. გამოცხადდა სასწრაფო ევაკუაცია.
`ატომური ენის~ სიგრძე 8-10 კილომეტრს აღწევდა. ძლიერი ქარის გამო რადიაციული ღრუბელი მოედო ჩელიაბინსკის, სვერდლოვსკისა და ტიუმენის ოლქების ტყეებს, მინდვრებსა და ტბებს ათასი კვადრატული კილომეტრის რადიუსში. ამ ტერიტორიაზე მდებარე 23 სოფლიდან ათი ათასობით ადამიანი იყო ევაკუირებული. 1958 წელს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები – ჩელიაბინსკში 59 ათასი ჰექტარი, ხოლო სვერდლოვსკის ოლქში 47 ათასი ჰექტარი – ორი წლის განმავლობაში არ დაუმუშავებიათ.
ავარიის შედეგად მძიმე დასხივება მიიღო 124 ათასმა ადამიანმა. ამ უბედურებას თან დაერთო 1963 წლის გვალვა. მცირეწყლიანი ტბა კარაჩა საერთოდ დაშრა. მტვრის ბუღმა კიდევ 40 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.
კიშმიშკის ტრაგედია (რომელსაც ორმაგ კატასტროფას – აფეთქებას და გვალვას უწოდებენ) ბევრად აჭარბებს ჩერნობილისას.

 

ხე, რომელმაც აპოკალიფსი გადაიტანა

ზუსტად 65 წლის წინ, 1945 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა იაპონიის ქალაქის ატომური იარაღით დაბომბვის განკარგულება გასცა: დაიბომბოს 2 აგვისტოს შემდეგ, როგორც კი ამონდი ამის საშუალებას მოგვცემს.
ბრძანების შესრულების საშუალება 6 აგვისტოს მიეცათ. ხიროსიმის უღრუბლო ცაზე მზე ანათებდა. ქალაქი სასწაულით იყო გადარჩენილი ომის კოშმარს, თუმცა მისი მცხოვრებნი ყოველ ღამით შიშით აყურადებდნენ ქალაქის თავზე მფრინავ ამერიკელთა თვითმფრინავებს.

http://www.youtube.com/watch?v=LfHCVCh882M
`პატარა~ ბომბის აფეთქება…
6 აგვისტო, ორშაბათი, ხიროსიმაში მცხოვრებთათვის ისევე ჩვეულებრივად დაიწყო, როგორც ომის დანარჩენი დღეები. პირველი განგაშის ზარი გამთენიისას გაისმა, როცა ასობით თვითმფრინავმა მათ თავზე გადაუქროლა. დაახლოებით, დილის 8 საათზე იაპონელმა მზვერავებმა სამი თვითმფრინავი დააფიქსირეს, მაგრამ განგაში არ აუტეხიათ. ზედიზედ ორი ტყუილი განგაშის შემდეგ ცოტა თუ მიაქცევდა ყურადღებას მესამეს. თვითმფრინავი `ენოლა გეი~ კი, ბომბით, რომელსაც მოფერებით `პატარას~ ეძახდნენ, იაპონიის თავზე დაფრინავდა… მას შემდეგ კაცობრიობის ისტორია სამუდამოდ შეიცვალა. იაპონიის დროით დილის 8 საათსა და 16 წუთზე ატომური ბომბი 8 ათასი მეტრი სიმაღლიდან პარაშუტით ჩამოვარდა და მიწიდან 550 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. გამოჩნდა მანამდე არნახული სოკო. აფეთქება ყველამ დაინახა, მაგრამ ხმა არავის გაუგია. უხმაურო აფეთქებამ ცა გააპო და ხიროსიმა მბოლავ ქურად გადააქცია. აფეთქების ხმა მხოლოდ 30-40 კილომეტრის დაშორებით გაიგეს, უფრო სწორად, ჭექა-ქუხილის მაგვარი ხმა, რომლის შემდეგაც დაინახეს დამაბრმავებელი ალი. აფეთქების ეპიცენტრიდან 300 მეტრის რადიუსში ადამიანები პირდაპირ აორთქლდნენ. ისინი გადაიქცნენ ჩრდილებად ხიდებზე, ქუჩებში, კედლებზე; ისინი ისე კვდებოდნენ, იწვოდნენ, ორთქლდებოდნენ, რომ მიწაზე დაცემასაც ვერ ასწრებდნენ. მათ, რომლებიც ეპიცენტრიდან კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ, სასიკვდილო დასხივება მიიღეს. აფეთქების ადგილას არ გადარჩნენ ისინიც კი, რომლებიც მიწისქვეშა სანგრებში აფარებდნენ თავს. უფრო შორს ადამიანები შენობების ნგრევის გამო იღუპებოდნენ. წარმოშობილმა ცეცხლის ქარბუქმა 10 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი დაწვა, ცხოველები, მცენარეები – ყოველი ცოცხალი ორგანიზმი დაიღუპა.

This slideshow requires JavaScript.


ხიროსიმა – წყნარი სასაფლაო
შემდეგ დღეებში ხიროსიმა `წყნარ~ სასაფლაოს ჰგავდა. კაცობრიობამ თითქოს საკუთარი თავი გაანადგურა.
რობერტ ლუისს, ერთ-ერთი თვითმფრინავის პილოტს, დაბომბვის დროს განწირული ხმით აღმოხდა: `ღმერთო ჩემო, რა ჩავიდინეთ!~ მის წინ ჩაფერფლილი ხიროსიმა იყო, ქალაქი, რომელიც მოგაგონებდა `ტაშტში მდუღარე შავ ნავთობს~. მოგვიანებით ყველა მფრინავს თან სდევდა დამწვარი ადამიანების სუნი.
ეს იყო ტკივილისა და ტანჯვის ქალაქი, სადაც დღე და ღამ წუთითაც არ ჩერდებოდა უმწეო ადამიანების ყვირილი და კვნესა. ვისაც ოდნავ მაინც შეეძლო მოძრაობა, წყალს ეძებდა ანდა რაიმე საჭმელს, ექიმს, წამალს… ეძებდნენ ახლობლებს, რომელთაც ხშირ შემთხვევაში მკვდრებსაც ევრ პოულობდნენ.
ორი დღის შემდეგ, დილის ათ საათზე, იაპონიაში, ამჯერად ქალაქ ნაგასაკში მეორე ატომური ბომბი ჩამოვარდა. მანამდე ქალაქის თავზე ამერიკელთა თვითმფრინავები კვლავ გამოჩნდა. გამოცხადდა განგაში. ცოტა ხნის შემდეგ ორი თვითმფრინავი დაინახეს, რომლებისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია…
სასიკვდილოდ განწირული მეორე ქალაქი
ნაგასაკი დიდი ქალაქია და ორ ნაწილადაა გაყოფილი – ახალ და ძველ ქალაქად. ბომბი ჩამოვარდა ახალი ქალაქის  თავზე. ძველს აფეთქება ნაკლებად შეეხო, რადგან სასიკვდილო გამოსხივებას ხელი მთამ შეუშალა.
აფეთქების ცენტრში ტემპერატურა 10 000 გრადუსამდე ავიდა. ამ ტემპერატურაზე ქვებიც კი დნებოდა. ქალაქს ხანძარი სწრაფად ედებოდა. პანიკით მოცული ხალხი უმიზნოდ გარბოდა. ცეცხლოვან ლავას კი სიკვდილი მოჰქონდა და წამში 700 მეტრი სიჩქარით ვრცელდებოდა, მაშინ როცა ყველაზე ძლიერი ტაიფუნის სიჩქარე 60-80 მეტრს აღწევს.
ადამიანები საშინელი ტანჯვით იხოცებოდნენ. ისინი იღუპებოდნენ, თუკი იმ დღესვე სვამდნენ წყალს ანდა, თუ წყლით ჭრილობებს უმუშავებდნენ. რადიაცია ძვლის ტვინშიც კი აღწევდა. ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ, კატასტროფიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი მოულოდნელად ცვიოდათ თმები, ეწყებოდათ სისხლდენა, კანი ეფარებოდათ მუქი ლაქებით და კვდებოდნენ. ურანის მოქმედებით სისხლში წითელი უჯრედები იშლებოდა…

სტატისტიკა, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს
ატომური ბომბის აფეთქების დრო ხიროსიმაში 430 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. 1946 წლის თებერვალში სტატისტიკური მონაცემები ასეთი იყო: დაიღუპა – 78 150 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა – 13 983, მძიმედ დაიჭრა – 9 428, მსუბუქი ჭრილობა მიიღო 27 997-მა ადამიანმა, სხვა სახის დაზიანებები – 176 987. სულ დაზარალდა 306 545 ადამიანი. ნაგასაკში 200 ათასი ადამიანიდან 23 573 დაიღუპა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა – 1 924, დაიჭრა – 23 345, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად დაიღუპა იაპონიის არმიის 200 ათასი ჯარისკაცი.

`ომის გმირების~ ომის შემდგომი ცხოვრება
ამერიკელი მფრინავი კლოდ უზერლი, რომელმაც იაპონიაში ერთ-ერთი ატომური ბომბი ჩამოაგდო, ამ ფაქტის შემდეგ სახლში ჩაიკეტა, გაურბოდა ახლობლებთან კონტაქტს, დაემართა მძიმე დეპრესია. 1947 წელს სამსახურიდან დაეთხოვა, უარი თქვა კუთვნილ პენსიაზე, ვერ იტანდა საუბრებს, სადაც `ომის გმირად~ მოიხსენიებდნენ. მას არ უნდოდა არც ფული და არც დიდება. უარი თქვა მის შესახებ ფილმის გადაღებაზე და 10 000 დოლარ ჰონორარზე. ამერიკის მთავრობამ მისი დანაშაული არ აღიარა. მაშინ მან გადაწყვიტა, დანაშაული ჩაედინა და დამნაშავეთა ჯგუფს `შეეკრა~. რამდენჯერმე ძარცვაში მიიღო მონაწილეობა. როგორც `ომის გმირი~, ორჯელ გაათავისუფლეს. 1960 წელს ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი სამუდამოდ მოეთავსებინათ ფსიქიატრიულ კლინიკაში – განუკურნებელთა პალატაში…

ხე, რომელმაც აპოკალიფსი გადაიტანა
1945 წლის აგვისტოს კატასტროფის შემდეგ ყველა ირწმუნებოდა, რომ იქ დაახლოებით 70 წლის მანძილზე ცოცხალი ორგანიზმი ვერ გაიხარებდა. აფეთქებიდან მეორე წელს, გაზაფხულზე, ეპიცენტრის ადგილას მცენარე აღმოცენდა, რომელიც დროთა განმავლობაში მძლავრ, 15-მეტრიან ხედ გადაიქცა. მცენარე გინგო ჩვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ დინოზავრების გამოჩენამდე ცოცხლობდა. იაპონელები ამ ხეს ასე უწოდებენ: `ხე, რომელმაც აპოკალიფსი გადაიტანა.~