ელენე ჩუბინიძე

მათ ვხვდებით ყოველდღე – სტუდენტებს, რომლებიც გარეგნულად არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან: ყურსასმენები, ლეპტოპები, ლექციებზე დასწრება და გამოცდების მოლოდინი. თუმცა ბევრი მათგანისთვის ეს თითქოს ჩვეულებრივი ყოველდღიურობა შიგნიდან გაუტეხავი ბრძოლაა – ბრძოლა ნარკოტიკებთან, საკუთარ თავთან, მოტივაციის დაკარგვასთან და სოციუმთან გამკლავების ჭიდილთან. უნივერსიტეტებში, ხშირად ვსაუბრობთ პრობლემებზე, მაგრამ იშვიათად მათზე, როგორც ჩვენი რეალობის ნაწილზე.
სიტყვები ზომიერად სწორი ინტონაციით ეწყობა – ეტყობა, რომ გიორგის ბევრჯერ უამბია ეს ამბავი, მაგრამ მაინც უჭირს. მისი ნარკოდამოკიდებულების ისტორია საერთო საცხოვრებლიდან იღებს საწყისებს. სტანდარტულად, მეგობრების წრეში მასთანაც გამოჩნდა ვიღაც, ვინც უბიძგა ჩათრეულიყო ამ ბინძურ სამყაროში. „მაშინ პირველად ავიღე ხელში ექსტაზის აბი. მითხრეს, რომ ეს არ იყო ნარკოტიკი. უბრალოდ, დამეხმარებოდა სამყაროს სხვანაირად აღქმაში,“ – ამბობს გიორგი.
სამყაროს აღქმა მართლაც შეიცვალა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით. შემდეგი დღეები ისეთი ცარიელი იყო, თითქოს რაღაცას ეძებდა, რაც ვერასდროს იპოვა.
„კარგად რომ ჩავუღრმავდეთ, ნარკოტიკი უბრალოდ წამალი არაა – ის ერთგვარი ფარდაა, რომელსაც იფარებ, როცა სიმართლის დანახვის გეშინია. მე ჩემი თავი აღარ მიყვარდა და აღარც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ სხვებს ვუყვარდი,“ – გვიყვება გიორგი, რომელიც დღემდე ებრძვის ამ პრობლემას. გასულმა ორმა წელმა და ნარკომომხმარებლობამ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე მიიყვანა და საკუთარი თავი დააკარგვინა. მაგრამ დღეს ცდილობს, შეცვალოს ის რეალობა, რომელშიც ყოფნა არც თავად არ სურს. ნარკოტიკებმა ცხოვრება მთლიანად აურია, სწავლასაც თავი დაანება, ირგვლივ ისეთ წრეში აღმოჩნდა, რომელმაც რეალური მეგობრები დააკარგვინა. ახლა ყველაფრის შეცვლას ცდილობს, რადგან ფიქრობს, რომ ჯერ საკმარისად ახალგაზრდაა საიმისოდ, რომ დანებდეს.
საქართველოში, ნარკოტიკებზე საუბარი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ღია. ხშირად, ახალგაზრდები, პირველ გამოცდილებას იღებენ არა პროფესიონალისგან, არამედ თანატოლებისგან. სკოლის ან უნივერსიტეტის მერხზე ახალგაზრდებს არავინ ეუბნება, როგორ უნდა ამოიცნონ პირველი სიმპტომები. არც ის, როგორ დაეხმარონ მეგობარს, რომელიც აღარ იცინის.
ფსიქოლოგი ნინო გვიყვება, რომ მის პრაქტიკაში იმ სტუდენტების რიცხვი გაიზარდა, რომლებსაც ნარკოტიკებთან აქვთ შეხება. მისი თქმით, განსაკუთრებით მატულობს შემთხვევები, როდესაც სტუდენტები მიიჩნევენ, რომ „რბილი ნარკოტიკი“ პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი ამას გონების გახსნის ან სტრესის მოხსნის საშუალებად თვლიან. მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა რბილი ფორმიდან უფრო მძიმე ნივთიერებებზე გადადიან. ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ სპეციალისტებთან მიმართვას აგვიანებენ, ამ პრობლემას ჯერ სერიოზულად ვერ აღიქვამენ, შემდეგ კი გამოსავალს ვეღარ პოულობენ და ხშირად მასთან მისვლაც გვიანდება და სხვა სპეციალისტების ჩართვა ხდება საჭირო. „ამ პრობლემაში წვლილი მშობლებსაც მიუძღვით. ხშირია შემთხვევები, როცა მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილი „ასეთ რამეს არ გააკეთებს,“ ან თუ შეამჩნევს, ცდილობს, პრობლემა დამალოს, რაც დამატებით ზიანს აყენებს.
ნინო, გამოსავალს, პირველ რიგში, სტუდენტებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდებაში ხედავს – არა მორალისტური ლექციებით, არამედ რეალური, ადამიანურ ენაზე ახსნილი შედეგებით. მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სწორი კომუნიკაცია ჩამოყალიბდეს თუნდაც მშობლებსა და შვილებს შორის, მშობელმა შვილისგან არ უნდა მოითხოვოს იდეალურობა, არამედ უნდა მისცეს ნდობის სივრცე. ამასთანავე, იგი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს დავეხმაროთ თვითშეფასების ამაღლებაში. ხშირად, ნარკოტიკით ამარცხებენ შიშის გრძნობას, მარტოობას, მარცხის განცდას… თუ სტუდენტს ექნება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა – იქნება ეს ოჯახში, სასწავლებელში თუ მეგობრებთან – რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.
დახურული ოთახი, სადაც არაფერი იკითხება ხმამაღლა
ანა 20 წლისაა. მის ისტორიას ყოველთვის გაურბის და არასდროს უყვარს ამაზე ლაპარაკი. ამ ისტორიასაც ჩუმად, ცარიელი ოთახის კუთხეში ყვება. მისი ნარკომომხმარებლობის ისტორია შეყვარებულობის პერიოდიდან იღებს სათავეს.
„ჩემი შეყვარებული კმაყოფილი არ იყო თავისი ცხოვრებით. სულ ჩხუბობდა. მერე ერთ საღამოს მითხრა, რომ რაღაც სცადა და ყველა ფიქრი გაუქრა…“ – იხსენებს ანა. მარიხუანა… შემდეგ კეტამინი… ბოლოს, მარტოობაც… ბიჭი წავიდა, ანა მარტო დარჩა ამ მავნე ნივთიერებებთან, – „ერთ ღამეს, დედამ მითხრა – შენ თვალებში აღარაფერია შენი ბავშვობის და ძველი ცხოვრების დარჩენილიო. მაშინ შევხედე ჩემს თავს გულწრფელად პირველად და მივხვდი, რომ სარკის ანარეკლში სხვა ადამიანი იდგა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონია ჩემს ძველ მე-სთან,“ – გვიყვება ის, – „გამოჯანმრთელება არ არის ხაზი, რომლის გადაბიჯების შემდეგ ყველაფერი სრულდება. ეს მუდმივი დიალოგია საკუთარ თავთან,“ – ამბობს ანა, რომელიც დღემდე ამ პრობლემასთან ჭიდილს სხვადასხვა მეთოდით აგრძელებს.
ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა წლებია დინამიკურად, მაგრამ მწვავედ ვითარდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, გლობალურად, ინექციური გზით 15-64 წლის ასაკის დაახლოებით 14.8 მილიონი ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს. ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა (ნიმ) პოპულაციის ზომის კვლევა, საქართველოში, უკანასკნელად 2021 წელს ჩატარდა. 2022 წელს გამართული ექსპერტთა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, კვლევის შედეგების ქვეყნის ზოგად პოპულაციაზე გადათვლით, ინექციური გზით ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობა ქვეყანაში 51 000-ს უტოლდება, ხოლო საქართველოს 18-64 წლის ასაკის პოპულაციაზე გადათვლით – 49 700-ს. ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების პოპულაციის ზომის მიხედვით (ქვეყნის მოსახლეობების პროპორციულობის გათვალისწინებით), საქართველო არსებითად უსწრებს როგორც სამეზობლოს, ისე ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს.
მიუხედავად კანონში გარკვეული ცვლილებებისა, ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი უფრო სასჯელზეა ორიენტირებული, ვიდრე პრევენციაზე. სოციალური მომსახურებები, რეაბილიტაციის ცენტრები და საგანმანათლებლო კამპანიები ნაკლებად ხელმისაწვდობია. დღეს ბევრი მათგანი ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარებისა და მიღებული კანონების ფონზე იხურება კიდეც.
ნარკოტიკები არ იწყება იქ, სადაც სამართალი მთავრდება – ისინი იწყება იქ, სადაც სიჩუმეა, სადაც შვილებს ეშინიათ მშობლებთან საუბრის, ანდაც, პირიქით. სადაც მეგობრები არ საუბრობენ გულწრფელად ერთმანეთთან. იქ, სადაც ახალგაზრდა ფიქრობს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა ერთადერთი საშუალებაა რეალობიდან გასაქცევად. სტუდენტები არ არიან პრობლემა – ისინი არიან სიგნალი. ნარკოტიკების მოხმარება ახალგაზრდებში მხოლოდ სამართლებრივი ჩარჩოებით ვერ მოგვარდება. ეს არის სოციალური დიალოგის, განათლებისა და სწორი პოლიტიკური მიდგომის საკითხი. ნამდვილი პოლიტიკა კი იწყება მაშინ, როდესაც კანონების მიღმა, ხელისუფლება უსმენს იმ ადამიანებს, ვინც მსგავს გამოწვევებს ებრძვიან ცხოვრებაში.
გიორგი და ანა ამის ცოცხალი მაგალითები არიან – ახალგაზრდები, რომლებმაც ვერ მოიძიეს დროული პასუხი, მაგრამ საკუთარ თავში იპოვეს გამბედაობა, დაბრუნებოდნენ ძველ ცხოვრებას გაუმჯობესებული ვერსიით.



