ხატია ბარამიძე

გლობალიზაციის ეპოქაში საერთაშორისო განათლება ქართველ ახალგაზრდებს მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს. ზოგიერთი მათგანი საზღვარგარეთ სწავლის არჩევანს მაღალი ხარისხის განათლების, უკეთესი კარიერული პერსპექტივებისა და თვითგანვითარების მიზნით აკეთებს, ხოლო სხვებისთვის, ეს შესაძლოა ეკონომიკური გარემოსგან გამოწვეული იძულებითი ნაბიჯი იყოს. თუმცა, ყველა სტუდენტი, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა სურს, ვერ ახერხებს ამ გზის გაკვლევას.
განათლება გლობალური წარმატების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ის არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ ცხოვრებისეული უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს. საზღვარგარეთ სწავლისას სტუდენტები ეჩვევიან ახალ გამოწვევებს, სწავლობენ დამოუკიდებლობას და ადაპტაციის უნარებს, რაც მათ მომავალში დიდ როლს თამაშობს.
საერთაშორისო გამოცდილება სტუდენტებს უქმნის პროფესიულ კავშირებს, რაც კარიერული შესაძლებლობების გაფართოების წინაპირობაა. ევროპის ბევრ ქვეყანაში სასწავლო პროგრამები მჭიდრო კავშირშია ინდუსტრიასთან ეს კი, სტუდენტებს პრაქტიკული უნარების დაუფლების საშუალებას აძლევს.
სტუდენტთა საზღვარგარეთ გამგზავრების სტატისტიკა
საქართველოსთვის საგარეო განათლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური ფაქტორია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს 723 სტუდენტი გაემგზავრა საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, რაც წარმოადგენს 49%-იან ზრდას 2022-2023 წლების მონაცემებთან შედარებით. ყველაზე მეტი სტუდენტი, 23.7%, გერმანიაში წავიდა, ხოლო სხვა ქვეყნებს შორის დიდი რაოდენობაა ნიდერლანდებისა და ლიტვის ქვეყნებში.
რატომ ტოვებენ ქართველი ახალგაზრდები ქვეყანას?
საქართველოს განათლების სისტემა მუდმივი რეფორმების პროცესშია, მაგრამ ის, ჯერ კიდევ, ვერ უზრუნველყოფს უნივერსალური სტანდარტების შესაბამის პროგრამებსა და კვლევით რესურსებს. ბევრი აბიტურიენტი და სტუდენტი საერთაშორისო უნივერსიტეტებს უკეთეს ალტერნატივად მიიჩნევს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც განათლების მაღალი ხარისხი და სტიპენდიების ფართო არჩევანია. ქართველი ახალგაზრდები ხშირად ტოვებენ ქვეყანას უკეთესი კარიერული შესაძლებლობებისა და ფინანსური მდგომარეობის გამო. ეკონომიკური პირობები და სამუშაო ბაზრის შეზღუდულობა მათში პროტესტს იწვევს. რა თქმა უნდა, პიროვნული განვითარება და ახალი გამოცდილების მიღებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოში არსებული პოლიტიკური და სოციალური პრობლემებიც ხშირად მიზეზი ხდება იმისა, რომ ახალგაზრდებმა ქვეყანა დატოვონ იმ იმედით, რომ სტაბილურ და სამართლიან გარემოში შეძლებენ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.
ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევად რჩება ახალგაზრდა ტალანტების საზღვრებს გარეთ გადინება („brain drain“). აუცილებელია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ სამშობლოში დაბრუნების სტიმული მისცეს.
მართა გახარია ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს, მას ორი ფაკულტეტი აქვს არჩეული – ჟურნალისტიკისა და მედია მეცნიერების განხრით. საქართველოდან წასვლა და უცხოეთში განათლების მიღება აბიტურიენტობის დროს გადაწყვიტა.
საქართველოს განათლების სისტემა ხშირად ვერ პასუხობს ახალგაზრდების ინდივიდუალურ ინტერესებსა და პროფესიულ მისწრაფებებს, ის თვლის, რომ „საქართველოს განათლების სისტემა იმაზეა მორგებული, რომ შეიძლება ან ბიზნესმენი გახდე ან არაფერი. ამიტომ, გადავწყვიტე წასვლა და სწავლა ისეთ უნივერსიტეტში, სადაც განვვითარდებოდი,“ – მართამ გვითხრა, რომ საქართველოდან წასვლა მარტივი არ ყოფილა. იმის გამო, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ვიზისა და საჭირო საბუთების მოსაგვარებლად ორ თვეზე მეტი დრო და ფინანსები დასჭირდა. ბევრისთვის უცხოეთში სწავლა არჩევანი კი არა, საჭიროებაა – გზა, რომელიც მათ რეალიზაციის რეალურ შანსს აძლევს.
ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინება ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, საინტერესოა როგორ ადაპტირდებიან ისინი უცხო ქვეყანასთან, – „მიუხედავად იმისა რომ პირველი თვე ცოტა გამიჭირდა რომ ბულგარელებს შევგუებოდი, ძალიან კარგად ვადაპტირდი. უამრავი ინტერნაციონალი სტუდენტია, ვახერხებთ სოციალიზაციას. ვიკრიბებით, ერთმანეთს ვეხმარებით,“ – ამბობს მართა.
ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი უცხოეთში სწავლის მიმართ. ბევრისთვის ეს მხოლოდ პრესტიჟთან და „იმიჯთან“ ასოცირდება და არა რეალურ აკადემიურ სარგებელთან. ზოგი მიიჩნევს, რომ ევროპულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის განათლების დონის სხვაობა არ არსებობს. თუმცა, რესპონდენტის გამოცდილება ამას ვერ ადასტურებს.
მრავალი ქართველი სტუდენტი, რომლებიც სწავლას უცხოეთში აგრძელებენ, ხშირად აღარ ბრუნდებიან საქართველოში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის შიგნით არსებული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობებია. მართა ამბობს: „არ ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. იმიტომ რომ ვფიქრობ, ჩემ თავს ვერ დავიმკვიდრებ. დავბრუნდები მხოლოდ ახლობლებისა და მეგობრების სანახავად. კარიერის გაგრძელებას ამერიკაში ვგეგმავ, თანაც ჩემი დიპლომი იქნება ამერიკული და ევროპული. ესეც ერთ-ერთი პლიუსია იმისა, რომ საქართველოში არ ვსწავლობ – ვფიქრობ, მალე ქართულ დიპლომებს ძალა აღარ ექნებათ.“
მისი ნათქვამი ხაზს უსვამს იმ სირთულეებს, რასაც ახალგაზრდები კარიერული განვითარების გზაზე აწყდებიან საქართველოში, შედეგად, მათთვის საზღვარგარეთ დარჩენა უფრო რეალურ პერსპექტივად ისახება.
ელენე ქათამაძე კი, ერასმუსის სემესტრული გაცვლითი პროგრამით გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
„უმთავრესი მოტივაცია იყო, რომ ჩემი გერმანული ენის ცოდნის რეალიზება შემძლებოდა და პრაქტიკაშიც გამომეყენებინა. ამასთან, ჩემთვის, როგორც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტისთვის ვიცოდი, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა გერმანული სამართლის ფუნდამენტურად გაცნობა, რადგან ჩვენი სამართლის სისტემა თავიდანვე გერმანული კანონმდებლობიდან ინსპირირდებოდა,“ – ამბობს ელენა და გვიხსნის, რომ პროგრამაში მოხვედრა, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო. საზღვარგარეთ სწავლის გზა ხშირად სავსეა გამოწვევებით, თუმცა ბევრი სტუდენტი და მათ შორის ელენეც, ამ სირთულეებს პიროვნულ წინსვლად და ზრდად აღიქვამს, – „ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა რომ ჩემი შესაძებლობების რეალიზება შემეძლო და მიუხედავად სირთულეებისა, განმეცადა დამოუკიდებლად ცხოვრება გერმანიაში“. სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლა მხოლოდ აკადემიური წინსვლა არ არის – ეს არის შესაძლებლობა გაუმკლავდნენ გამოწვევებს, ისწავლონ დამოუკიდებლობა და გაზარდონ პროფესიული უნარები ისეთ პირობებში, სადაც საკუთარი ძალებით განვითარება აუცილებელი ხდება.
გარდა აკადემიური მოტივებისა, საზღვარგარეთ სწავლის არჩევანი დღეს ხშირად ალტერნატიულ გზადაც იქცა – გზად, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს თავი დააღწიონ საქართველოში არსებულ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს, – „საქართველოში დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ვიტყოდი, რომ გაცვლით პროგრამები, გარდა განათლების მიღებისა, უცხოეთში წასვლის ერთ-ერთ ალტერნატიულ გზადაც იქცა, (…), რაც არ მგონია ცუდი ინტერესი, ოღონდ მთავარია ამ სურვილთან ერთად, პარალელურად, განათლების მიღების მიზანიც გვამოძრავებდეს.“
ანა ცინცაძემ კი, მეორე კურსის შემდეგ, გადაწყვიტა სწავლა ბელგიაში გაეგრძელებინა. მისი თქმით, საქართველოში არსებულმა განათლების სისტემამ ვერ მისცა ის შესაძლებლობა, რაც მას სჭირდებოდა.
საზღვარგარეთ სწავლის დაწყებისთანავე აშკარა განსხვავებები შენიშნა – იქაური უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტის დამოუკიდებელ აზროვნებას, კვლევით მუშაობასა და კრეატიულობას.
ანა ამბობს, რომ გახდა უფრო დამოუკიდებელი, გააუმჯობესა ორგანიზებულობა და აკადემიური უნარები – განსაკუთრებით კვლევისა და გუნდური მუშაობის მიმართულებით. გვითხრა, რომ მაღალი მოლოდინი ჰქონდა უცხოური განათლების მიმართ, თუმცა რეალურად, მიღებულმა გამოცდილებამ მოლოდინს გადააჭარმა.
„აქ სწავლა ბევრად ნაყოფიერია – არ გიწევს მხოლოდ ტექსტების დაზეპირება, გიწევს ფიქრი, ანალიზი, მუშაობა,“ – ამბობს ის.
ის კრიტიკულად უყურებს საქართველოს განათლების სისტემას და მიიჩნევს, რომ მას კვლავ სჭირდება პროგრესი – განსაკუთრებით თავისუფალი აზროვნებისა და თანამედროვე მეთოდების დანერგვის მიმართულებით. უცხოეთში სწავლა მისთვის მხოლოდ იმიჯური არჩევანი არ ყოფილა – ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი განვითარებისკენ. უცხოეთში სწავლისას სტუდენტები ხედავენ, რომ მათ მიერ მოპოვებული ცოდნა და წარმატებული მიღწევები ემსახურება მათ უკეთეს მომავალს არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ პროფესიულ ცხოვრებაშიც.
ამ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორს, ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, დალი ოსეფაშვილს. როგორც მან გვითხრა, სწავლების მიდგომების თვალსაზრისით, დიდი განსხვავება ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის არ შეიმჩნევა. საქართველო ბოლონიის პროცესზეა ორიენტირებული და შესაბამისად, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული რეფორმები უკვე გატარებულია. თუმცა, განსხვავება საგრძნობია სხვა მიმართულებებით – განსაკუთრებით ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ ბაზაში, რომელიც უცხოურ უნივერსიტეტებში გაცილებით უკეთ არის განვითარებული. თანამედროვე განათლება უახლეს კვლევებზე დაფუძნებულ მიდგომებს უნდა ემყარებოდეს, რაც ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის სრულად შესაძლებელი. დალი ოსეფაშვილმა გვითხრა, რომ უცხოეთში მიღებული ცოდნისა და კავშირების საქართველოში გამოყენება, ბუნებრივია, შესაძლებელია, თუმცა რეალობა მაინც განსხვავებულია. მისი თქმით, წლების განმავლობაში უამრავ სტუდენტს ჰქონია შესაძლებლობა უცხოეთში ესწავლა, ზოგს ორი დიპლომიც აქვს, თუმცა ბევრი მათგანი კვლავაც დასაქმების გარეშე დარჩა. როგორც მან აღნიშნა, მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები საკუთარ მომავალს სამშობლოში ვერ ხედავენ, არის ის, რომ ვერ ხედავენ პერსპექტივას.
პროფესორის შეფასებით, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია იმ სტიმულის შექმნაში, რაც ახალგაზრდებს საქართველოში დაბრუნების სურვილს გაუჩენს. თუმცა, მისი თქმით, დღეს ქვეყანაში იშვიათად ხდება ახალგაზრდების პოტენციალის შეფასება და გამოყენება – „სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ახალგაზრდების დაბრუნებას და სტუდენტების პოტენციალისა და გამოცდილების გამოყენებას. მაგრამ, სამწუხაროდ, პოტენციალს არ აფასებენ,“ – ამბობს ის.
საბოლოოდ, ქართველ ახალგაზრდებს უცხოეთში სწავლის არჩევანი მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღების საშუალებად აღარ ესახებათ — ეს გზა ხშირად თავიანთი პროფესიული, პიროვნული და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალურ შესაძლებლობად წარმოუდგენიათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც არსებობს ხარისხიანი განათლებისა და კარიერის შექმნის გზები, სხვადასხვა პრობლემები და გაურკვეველი მომავლის პერსპექტივა ბევრ ახალგაზრდას არჩევანის საშუალებას არ უტოვებს. ბევრს აქვს წასვლის სურვილი, მაგრამ ფინანსები მათთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მეტი ინვესტიცია ჩადოს განათლებაში, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ განვითარებისა და წარმატების უკეთესი შანსები როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. სახელმწიფოს ამოცანაა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს სტიმულს, ცოდნის მიღების შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში და საკუთარი გამოცდილებით ქვეყნის განვითარებაში შეიტანონ წვლილი.



