RSS

გარემოვაჭრეთა პრობლემები ყოველდღიურად იზრდება

19 მაისი

მარიამ გოზალიშვილი

„პენსია არ მყოფნიდა. ორი შვილი მყავს, სტუდენტები. არ მქონდა დრო და ფუფუნება, მელაპარაკა კანონზე  – კალათა ავიღე და ქუჩაში გამოვედი,“ – ამბობს 59 წლის გარემოვაჭრე ქეთევან დვალიშვილი (სახელ-გვარი შეცვლილია), რომელსაც ხელთ ხილის კალათი უჭირავს, გვერდით პატარა სკამი უდევს. ქეთევანი წლებია გორის ხილ-ბოსტნეულის  ბაზართან ახლოს, ხილსა და ბოსტნეულს ყიდის. მის ისტორიაში ბევრია საერთო იმ ასობით ადამიანის თავგადასავალთან, ვინც გადარჩენისთვის იბრძვის და თავისი საქმიანობისთვის ყოველდღე უსამართლობას ეჯახება. ქეთევანი ვაჭრობას 2010 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნდა.

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი პატარა სავაჭრო ადგილი მხოლოდ ერთი სკამითა და მუყაოს ტაბლოს მოიცავს, სადაც „ახალი კარტოფილია“ აწერია, ის მაინც ყოველდღე ელის მუნიციპალური ინსპექციის გამოჩენას. „ხანდახან მოდიან და მემუქრებიან ჯარიმით. რამდენიმე დღის წინ მომთხოვეს საბუთი, ვისგან მაქვს ნებართვა.ვის მივმართო, როცა ქალაქს ამ ხალხისთვის არც სივრცე აქვს და არც სხვა ალტერნატივა?“ – ამბობს ის.

გარემოვაჭრეთა უმეტესობა მოწყვლადი სოციალური ფენის წარმომადგენელია – უმუშევარი, პენსიონერი ან მარტოხელა მშობელი. მათთვის გარემოვაჭრობა არა არჩევანი, არამედ იძულებაა. მუნიციპალიტეტი კი ხშირად მხოლოდ სამართალდარღვევად აღიქვამს მათ ყოფნას ქუჩაში.

ქეთევანი ამბობს, რომ რამდენჯერმე სცადა ბაზარში ადგილის დაქირავება, მაგრამ გადასახადი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ მყიდველის გარეშე დარჩენილ დღეებში შინ ცარიელი ჯიბით ბრუნდებოდა. „აქ, ქუჩაში, ფეხით მოსული ხალხი მიცნობს. ჩემი მუდმივი კლიენტებიც მყავს. მაგრამ ეს ცხოვრება არ არის,“ – ამბობს ის.

მოქალაქეები ყვებიან, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ ქეთევანთან მისვლას და პროდუქტის მისგან შეძენას, რადგან მას წლებია იცნობენ და პატივს სცემენ.

„კვირაში ერთხელ, როდესაც ამ ტერიტორიაზე ვხვდები, აუცილებლად მოვდივარ ბოსტნეულის შესაძენად აქ, რადგან ვიცი რომ დეიდა ქეთო დამხვდება, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი როგორი რთული ცხოვრებაც აქვს, ვცდილობ მცირედით მაინც დავეხმარო,“ – ამბობს ახალგაზრდა ქალბატონი ჩვენთან საუბრისას.

სამოქალაქო აქტივისტები არაერთხელ მოუწოდებდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, შეექმნათ სპეციალური სივრცეები გარემოვაჭრეთათვის – დაბალბიუჯეტიანი, წვიმისა და მზისგან დაცული სივრცეები, სადაც წესრიგი და ჰიგიენური სტანდარტებიც დაცული იქნებოდა. თუმცა, ქეთევანის მსგავსად, მათი დიდ ნაწილს ჯერ კიდევ მხოლოდ ქუჩა რჩება სამუშაო ადგილად.

„მე არ ვითხოვ არაფერს, უბრალოდ მაცადონ, რომ ჩემი შრომით ვარჩინო ოჯახი. ქუჩა ჩემი არჩევანი არ არის – ეს ჩემი საჭიროებაა,“ – ამბობს ქეთევანი.

გარემოვაჭრეების უდიდესი ნაწილი სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება – მათ შორის არიან პენსიონერები, მარტოხელა დედები, შშმ პირები ან ადამიანები, რომლებსაც მუდმივი შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ. ვაჭრობა ქუჩაში ხშირად მათი ერთადერთი გამოსავალია, რათა მიიღონ მინიმალური შემოსავალი ყოველდღიური საჭიროებებისთვის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე სავაჭრო ადგილების რაოდენობა შეადგენდა 51800-ს, სადაც მოვაჭრეების საშუალო დღიური რაოდენობა იყო 37400 ადამიანი. ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში, ყოველდღიურად, დაახლოებით 37400 ადამიანია ბაზრებსა და ბაზრობებზე. მათი რაოდენობა უკანაკსნელი ორი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა.

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ ბაზრებზე და ბაზრობებზე ვაჭრობა საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობაა, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანს უზრუნველყოფს შემოსავალს.

გორის მერიაში განაცხადეს, რომ გარემოვაჭრეები ახალ ბაზარში, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს, ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. გარემოვაჭრეები, კი მერიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ ქალაქის გარეუბანში მდებარე ბაზარში გადასვლა მათთვის მიუღებელია, მყიდველთა სიმცირისა და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც მათ ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის.

კონსტრუქციებისა და დახლებისგან ამ ქუჩების გათავისუფლების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს შარშან, 14 ივნისს გააფრთხილეს და დახლების ასაშლელად ვადაც მისცეს. ჭავჭავაძის, გურამიშვილის და ქართლის ქუჩებზე ხილ-ბოსტნეულის, თევზის და რძის პროდუქტების გარდა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საყოფაცხოვრებო ქიმიაც იყიდებოდა. ზოგი დახლთან ვაჭრობდა, ზოგს კი პროდუქცია ტროტუარზე ჰქონდა გაშლილი, ამიტომ იქ ფეხით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო.

მერიის ზედამხედველობის სამსახურს გარემოვაჭრეები ჯერ არ დაუჯარიმებია. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი აცხადებს, რომ პირველ ჯერზე საჯარიმო სანქცია 50 ლარია.

სიტუაცია კი, დღემდე უცვლელია. ხალხს კი, საარსებო მინიმუმისთვის უწევს ბრძოლა.

ფოტო: ოლიკო ცისკარიშვილის

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 19/05/2025 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი