RSS

იმუნიზაცია და სამოქალაქო პასუხისმგებლობა

25 ნოე

ის, რაც უნდა ვიცოდეთ ადამიანის პაპილომავირუსზე

ნესტან არაბული

წარმოიდგინეთ სოციუმი, სადაც წითელას, პოლიემილიტის და კიბოს მსგავსი დაავადებების პრევენცია ხდება, თუმცა კვლავ ვსნეულდებით – არა იმიტომ, რომ მათი აღმოფხვრის საშუალება არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები მათი გამოყენებისგან თავს იკავებენ. მარტივ ვაქცინაციას აქვს ძალა, რომ ეფექტურად აგვაცილოს ჩვენთვის სახიფათო მიკროორგანიზმები და დაიცვას ისინი, ვისაც ამის თავად გაკეთება არ შეუძლია. ამის მიუხედავად, დღეს ვაქცინაციას მაინც პირად არჩევანად განიხილავენ და საზოგადოებაზე ზეგავლენას არ ითვალისწინებენ – მაგრამ ვაქცინაცია ბევრად მეტია, ვიდრე პირადი არჩევანი; მეტიც – მას თავისი არსიდან გამომდინარე სამოქალაქო პასუხისმგებლობადაც უნდა აღვიქვამდეთ.

 ინფექციური დაავადებების გავრცელება საზოგადოებისათვის მუდმივი გამოწვევაა. შორეული წარსული, რომ არ გავიხსენოთ, თანამედროვე მსოფლიომ COVID 19-ით გამოწვეული პანდემია გადაიტანა და თავადვე გავხდით მომსწრენი, თუ როგორი რთული იყო მთელი ეს პროცესი. ამ ფონზე, თითქოს იმუნიზაციის მნიშვნელობის უკეთ უნდა გვესმოდეს, მაგრამ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის გარკვეული სტიგმა, განსაკუთრებით კი კულტურული ბარიერები, რომლებიც შეგვიძლია პაპილომავირუსის მაგალითზე განვიხილოთ. 

ადამიანის პაპილომავირუსი  (შემოკლებით „აპვ”; ინგ: Human Papilomavirus – HPV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომლითაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ავადდება. ვირუსი ინფიცირებულ კანთან ან ლორწოვან ზედაპირზე უშუალო კონტაქტით ვრცელდება, რაც ძირითადად სქესობრივი გზით ხდება; თუმცა პრაქტიკაში არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ვირუსის გადაცემა არა სქესობრივი კონტაქტით, არამედ მშობიარობისას ხდება. აღნიშნული მაგალითი ჩვეულებრივ HPV-6-სა და HPV-11-ს უკავშირდება. ეს არ არის კიბოს გამომწვევი სახეობები და ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ახალშობილებში კონდილომები, ანუ მეჭეჭები გამოიწვიოს სასუნთქ გზებსა და გენიტალიებზე. სცენარის ასეთი განვითარებისას რისკი დაბალია და შესაძლოა, უბრალოდ მოყინვით ან სხვა გზებით მოვიშოროთ.

როგორც ცნობილია, დღეისთვის ადამიანის პაპილომავირუსის 200-ზე მეტი სახეობაა იდენტიფიცირებული. მათი დაჯგუფება შემდეგ კატეგორიებად იყოფა:

დაბალი რისკის: სიმსივნეს არ იწვევს. (მაგ., HPV-6 და HPV-11).

მაღალი რისკის: შეიძლება გამოიწვიოს კიბო. ( მაგ., HPV-16, HPV-18, HPV-31 და ა.შ.).

არაპათოგენური: ზოგიერთი HPV-ის ტიპი ცნობილი დაავადების გამომწვევი საერთოდ არ არის.

ამ კატეგორიების მიხედვით თუ ზუსტად განვმარტავთ რისი გამომწვევი შეიძლება გახდეს აღნიშნული ვირუსული ინფექცია, ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:  პაპილომავირუსი (ხელებსა და ფეხებზე) მეჭეჭებს, გენიტალურ მეჭეჭებსა და რესპირატორულ პაპილომატოზს იწვევს; მაგრამ უნდა ითქვას, რომ ის კიბოს აღიარებული მიზეზია. სპეციალისტების თქმით, მისი ინკუბაციის პერიოდი მრავალფეროვანია და შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა ზოგიერთ შტამს – მაღალი რისკის აპვ ტიპებს ( მაგ., HPV-16-სა და HPV-18-ზე შემთხვევების 70% მოდის ) შესაძლოა კიბოს განვითარება მოჰყვეს. ცხადია, ყველანაირ კიბოს არ იწვევენ და პაპილომავირუსი კუჭის სიმსივნის მიზეზი ვერასდროს გახდება, მაგრამ ნამდვილად შეუძლია – საშვილოსნოს ყელის, ანუსის, ვულვის, საშოს, პენისის და ყელის კიბო გამოიწვიოს. საშვილოსნოს ყელისა და ანუსის კიბოს 90% სწორედ პაპილომავირუსის ბრალია. 

 საშვილოსნოს ყელის კიბო ქალების რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვში შედის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 264 000 ქალის სიკვდილის მიზეზი ხდება. საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო, ძუძუს კიბოს შემდეგ, კიბოსთან ასოცირებული სიკვდილიანობის მეორე მიზეზს წარმოადგენს. გლობალურად შეფასებულია, რომ 2019 წელს 620 000 ახალი კიბოს შემთხვევა ქალებში და 70 000 მამაკაცებში პაპილომავირუსისგან იყო გამოწვეული. 2022 წელს საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში დაახლოებით 660 000 შემთხვევითა და 350 000 სიკვდილით კიბოსა და კიბოთი სიკვდილიანობის მეოთხე წამყვანი მიზეზი იყო მთელს მსოფლიოში.

საჯარო საინფორმაციო წყაროებში რთულად მოიპოვება სტატისტიკა საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაღუპული ქალების რაოდენობის შესახებ, თუმცა 2017 წელს, მაშინ, როდესაც პაპილომავირუსის ვაქცინაციის პროგრამა იწყებოდა, ჯანდაცვის კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე კაკი ზოიძე ამბობდა, რომ ყოველწლიურად ამ დიაგნოზით საქართველოში, დაახლოებით, 200 ქალი იღუპება.

აღნიშნული (HPV) ინფექციისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება სხვადასხვა მეთოდით შეგვიძლია. ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობის დასადგენად შეიძლება აპვ-დნმ სინჯის გამოყენება. აღნიშნული სინჯით სკრინინგის შედეგად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებს გამოავლენენ ადრეულ სტადიაში,, ვიდრე ვირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებს დააზიანებს. ასე შესაძლებელია დაავადების პირველი ნიშნების ადრეულ ეტაპზე ამოცნობა და ეფექტური მკურნალობა .

ცნობილი პაპ-ტესტი (PAP-test), რომელიც პაპილომავირუსის მიმოხილვისას საკმაოდ ხშირად შეგვხვდება, საშვილოსნოს ყელის უჯრედებში, სწორედ აპვ-ით გამოწვეული პათოლოგიური ცვლილებების გამოსავლენად გამოიყენება. ის საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ციტოლოგიური გამოკვლევაა და მნიშვნელოვანია ყველა იმ ქალისთვის, ვისაც სქესობრივი ცხოვრება დაწყებული აქვს. რეკომენდაციებით, ტესტი უნდა ჩაიტაროს აბსოლუტურად ჯანმრთელმა და სიმპტომების არმქონე ქალებმაც. თბილისის სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია ზარნაძემ განგვიმარტა, -„ტესტი ინტრაეპითელურ დაზიანებას, ავთვისებიან პროცესს ან მიკროორგანიზმებით (ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით) გამოწვეულ უჯრედულ ცვლილებებს ავლენს. თუ ნაცხში პათოლოგიური უჯრედები აღმოჩნდა, უნდა მოხდეს მათი შეფასება-განსაზღვრა პათოლოგიის სიმძიმის მიხედვით. მას შეუძლია კიბოსწინარე ცვლილებების იდენტიფიცირება და ადრეული ჩარევით, საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ტესტი დაზიანებულ ქსოვილს იკვლევს და პაპილომავირუსის დიაგნოზი მისით არ ისმევა. იმ შემთხვევაში, თუ პაპ-ტესტი დაზიანებულ ქსოვილს აღმოაჩენს და პასუხი პოზიტიური იქნება, ექიმი ამის შემდეგ უკვე ითხოვს PCR ტესტს და მის პასუხზე დაყრდნობით სვამს დიაგნოზს. ტესტირება უმტკივნეულოა, თუმცა შეიძლება მხოლოდ მცირე დისკომფორტი გამოიწვიოს. საქართველოში 25 წლიდან ყველა ქალისთვის პაპ-ტესტის ჩატარება სრულად უფასოა და გამოკვლევა ტარდება ეროვნულ სკრინინგ ცენტრში.“

მაია ზარნაძის თქმით, „გარდა პაპ-ტესტისა, ტარდება კილპოსკოპია და ბიოფსია. რეკომენდებულია რეგულარული სკრინინგიც კიბოსწინარე ცვლილებების ან აპვ ინფექციის ადრეული გამოვლენისთვის, განსაკუთრებით 21-65 წლის ქალბატონებისთვის. სკრინინგის პროგრამები ხელს უშლის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას, კიბოსწინარე პირობების იდენტიფიცირებისა და მკურნალობის გზით მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ აუცილებელია რეგულარული სკრინინგის გაგრძელება, ვინაიდან ვაქცინა მაღალი რისკის ყველა შტამისგან არ გვიცავს. საქართველოში, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია სხვადასხვა კლინიკაში, შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ქობულეთი, ჩაქვი, ფოთი, გორი, ზესტაფონი, გურჯაანი, ახალციხე, ზუგდიდი, ლანჩხუთი, მარნეული.“

აპვ ინფექციის გლობალური გავრცელება ნორმალური ციტოლოგის მქონე ქალებში დაახლოებით 11-12%-ია, უფრო მაღალი დონე აღინიშნება სუბსაჰარის აფრიკაში (24%), აღმოსავლეთ ევროპაში (21%) და ლათინურ ამერიკაში (16%).

დაინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი ძირითადი ჯგუფები არიან: სქესობრივად აქტიური პირები (სქესობრივად აქტიური ადამიანების უმეტესობას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე პაპილომავირუსი გადააქვს), მრავალი სექსუალური პარტნიორის მქონე ადამიანები (ეს დაინფიცირების ალბათობას ზრდის), მოზარდები, ახალშობილები (დედიდან შვილზე) , სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, აუცრელი პირები.

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს. აპვ ინფექციის, საშვილოსნოს ყელის კიბოს და აპვ-სთან დაკავშირებული სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური საშუალება  ვაქცინაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირებამ ჩვეულებრივ შეიძლება თავისით გაიაროს და პრეკანცერული წყლულები სპონტანურად ალაგდეს,  ყოველთვის არის გარკვეული რისკი, რომ პაპილომა ქრონიკულ, კიბოსწინარე წყლულად გარდაიქმნას და გადაგვარდეს აგრესიულ დაავადებად. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ქალებში ეს პროცესი შეიძლება 15-20 წელი გაგრძელდეს, ხოლო დაზიანებული იმუნური სისტემის შემთხვევაში, ეს პერიოდი კიდევ უფრო მოკლე იყოს – 5-10 წელი. აპვ ვაქცინაცია მთელ ამ პროცესებს – კიბოს პრევენციას უწყობს ხელს მამაკაცებსა და ქალებში.

ადამიანის პაპილომავირუსების პირველი კვადრივალენტური ვაქცინა (ტიპებისთვის 6, 11, 16 და 18 ) ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიქმნა კომერციული სახელით – GARDASIL 9. იგი აშშ-ს სურსათისა და წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ გამოსაყენებლად 2006 წელს დაამტკიცა. 2007 წელს კი, ვაქცინა 80 ქვეყანაში გახდა ხელმისაწვდომი.

ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 9 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. აშშ-ს ფედერალური სამთავრობო სააგენტო – დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) სტანდარტულად ვაქცინის 11 ან 12 წლის ასაკში გაკეთებას გვთავაზობს და განმარტავს, რომ ვაქცინაციის იდეალური ასაკი არის, ვიდრე ადამიანი სქესობრივად აქტიური გახდება. აქვე შეიძლება ის სტერეოტიპიც დავანგრიოთ, რომ ადრეულ ასაკში ვაქცინაცია სექსუალური აქტივობის ნაადრევად დაწყებას იწვევს, რასაც მაიოს კლინიკის კვლევა ამყარებს.

საქართველოში, პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში აპვ-ის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა „გარდასილი“ 2019 წლიდან არის შეტანილი. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეროვნული კალენდრის მიხედვით 10-11-12 წლის გოგოებსა და ბიჭებში ტარდება, რაც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. 2022 წელს საქართველოს მთავრობამ 13-18 წლის გოგონებში მეორე დოზის ჩატარება დაამტკიცა, 2023 წლის გადაწყვეტილებით კი, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია. ამავე წლიდან, იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, უფასოდ აცრა შეუძლიათ 10-45 წლის გოგოებსა და ქალებს; 10-26 წლის ბიჭებსა და კაცებს. რამდენადაც პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად ხელახლა მტკიცდება, უფასოდ ვაქცინაციის ასაკობრივი დიაპაზონი შეიძლება შეიცვალოს. ბოლო ცნობებით, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია: 10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია, 6 თვის ინტერვალით; 13-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0-2-6 თვე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, აპვ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვაქცინაა. კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინირებული პირების თითქმის 100%-ს უვითარდება საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები იმისათვის, რომ აპვ ვაქცინაში შემავალი ვირუსის შტამებით დაინფიცირებისგან იყვნენ დაცულნი. აპვ-ის ერთი შტამით ინფიცირება ვაქცინაციას მნიშვნელობას არ უკარგავს, ვინაიდან ვაქცინა 4 შტამის წინააღმდეგ უზრუნველყოფს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ, აცრის ადგილას ტკივილი, სიწითლე, დაბალი ცხელება, სახსრების ტკივილი ნორმალური გვერდითი მოვლენებია, რომლებიც 1-2 დღის ფარგლებში გადის. ვაქცინაცია უსაფრთხოა და მისი უკუჩვენება არის ალერგია ვაქცინის წინა დოზის მიმართ. არასაკმარისი მტკიცებულებებია ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ ორსულებში, ამიტომ, ორსულობის პერიოდში აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას ექიმი იღებს და ასევე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ორსულებში აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება საფრთხის შემცვლელია.

თანამედროვე მედიცინას აპვ-ის გართულებების, მათ შორის, უმთავრესად კიბოს მართვის შესაძლებლობა აქვს და ამათგან უპირველესად ვაქცინაცია, აპვ-ით ინფიცირების და მისი გართულებების თავიდან არიდების მნიშვნელოვანი იარაღია. თუ ვაქცინაციას ასეთი სერიოზული პრობლემების მძიმე შედეგების რისკი მინიმუმამდე დაჰყავს, შესაძლოა თვალწინ ვაქცინაციის მიმართ სანდოობის მაღალი მაჩვენებლები და ფართო იმუნიზაციის სურათი წარმოგვიდგეს, მაგრამ – ეს ასე ჯერ კიდევ არ არის. 2021-2022 წელს საქართველომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 70,000 დოზა ვაქცინა შეისყიდა, რომელზეც 1 036 004 ლარი დაიხარჯა. ვაქცინების სრულად ათვისება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

ჩვენ ვეცადეთ გაგვეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი და რამდენიმე მათგანი ქუჩაში გამოვკითხეთ, რადგან საქართველოში აცრისთვის მიმართვიანობა არც ისე მაღალია:

„ოღონდ ყველა აცრან…“ – გვითხრა შუახსნის ქალმა და საუბარიც არ გააგრძელა.

„ხან ყველა საშიშია, ხან ყველა საშიში არაა! -… შეჭამეთ ტვინი და რომ ჩამოყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ, ეს ,,პაპილომა ვირუსით ,,ფულის მშოვნელი მედიცინის მუშაკები – არ გინდათ? უზრდელი კი არ ვარ, თქვენ დაიმსახურეთ ეს კომენტარი! ,,იასნია“?!“ – გვითხრა კიდევ ერთმა რესპონდენტმა.

 „უფასოდ შხამს თუ გაიმეტებთ ხალხისთვის,, არაადამიანებო, იმდენი ხალხი კვდება უცხო დაავადებებით და იმდენი ბავშვი ავადდება უფასოდ რატომ არ მკურნალობთ ხალხს იმხელა ფასები რომ გაქვთ კლინიკებში,“ – კიდევ ერთმა რესპონდენტმა ასეთი კომენტარი მოგვცა.

„მე უარი ვთქვი ჩემი შვილის საშვილოსნოს ყელის ვაქცინაციაზე. ვფიქრობ, ვაქცინა არ იმსახურებს ნდობას და შეუძლია სხვა დაავადებების გამოწვევა. თან იქნებ სულაც არ ემართება ჩემს შვილს კიბო,“ – გვითხრა შუახსნის ქალმა, რომელმაც როგორც წინა რესპონდენტებმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ასეთივე კომენტარებს წავაწყდით „რეპროდუქციული ჯანმრთელობის“ ფეისბუქ გვერდზე ცნობადობის ამაღლების მიზნით გამოქვეყნებულ პოსტებზე. ბევრ მშობელს ბოლომდე არ ესმის ვაქცინის პოტენციალის, ისინი კულტურული და სოციალური სტიგმის ქვეშ ექცევიან და უსაფრთხოებაზე უსაფუძვლო შიშით იღებენ გადაწყვეტილებას – ასე დაიცვან, როგორც საკუთარი თავი, ისე შვილები. კონსერვატიული და რელიგიური საზოგადოება ამ საკითხს კიდევ უფრო ამძიმებს და სექსუალურობის, გენდერის, სამედიცინო დაწესებულებებისადმი უნდობლობის გამო უფრთხის იმუნიზაციას.

საინტერესოა, რომ მოცემული გამოწვევის კვლევაზე მალაიზიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის რამდენიმე დოქტორი მუშაობდა. კვლევა, სწორედ კულტურული ღირებულებების გავლენის ქვეშ მშობლების პერსპექტივას აერთიანებს და ცდილობს დაადგინოს მათი ყოყმანის მიზეზები. ამ მიმოხილვისას გამოიკვეთა მშობლებისგან ისეთი მიზეზები, როგორიცაა: ასაკი, მორალური ღირებულებები, გენდერული უთანასწორობა, სქესობრივი აქტივობა, არაინფორმირებულობა. აპვ-ის გადაცემა სქესობრივი ურთიერთობით ვაქცინას სტიგმატირებს და ხდება ისეთი მითების საფუძველი, როგორიცაა ნაადრევი სქესობრივი ურთიერთობის წამახალისებელი. იმ მშობლების ნაწილი იმასაც აღიარებს, რომ სქესობრივ ურთიერთობასთან კავშირის გამო, შვილებთან აპვ-ის ვაქცინაზე საუბარს ერიდებოდნენ და რამდენიმე დედა იმასაც განმარტავდა, რომ სექსთან დაკავშირებული დისკუსია ზოგიერთ კულტურაში ტაბუდადებული იყო.  ზოგიერთი მათგანის ნათქვამიდან ისიც ჩანს, რომ მცირე ასაკში მსგავსი ვაქცინის გაკეთება არ სურთ და მათი შვილები საკმარისად მოწიფულები არ არიან. მორალური ღირებულებების საკითხი რელიგიურ პრაქტიკაში გამოიკვეთა, როცა ერთ-ერთმა მშობელმა კომენტარი აღზრდაზე გააკეთა და სწამდა, რომ რადგან მისი შვილები სწორად იყვნენ აღზრდილები და ცხოვრებაში მხოლოდ ერთი პარტნიორი ეყოლებოდათ მსგავს ინფექციასთან შეხება არ ექნებოდათ. მსგავსი მითქმა-მოთქმებით ყალიბდება ისეთი მითები, როგორიცაა:

აპვ-ს მიმოხილვისას, ნამდვილად შეიძლება ვაქცინას სასიცოცხლო მნიშვნელობა მივანიჭოთ და თითოეული ჩვენგანისთვის შედეგების გააზრება აუცილებელია. დეზინფორმაციის, ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმის და არაეთიკური სამედიცინო პრაქტიკების მიღმა, სანდო ჯანდაცვის პროვაიდერებთან მუდმივი შეხება მნიშვნელოვანია. საზოგადოების ჩართულობა კულტურულად მგრძნობიარე ქვეყნებისთვისაც ეფექტურია და ამის კარგი მაგალითი აღმ. აფრიკის ქვეყანა რუანდაა (აპვ ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით). ამ პროცესის დადებითი კუთხით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავის ინფორმირებულობაზე ვიზრუნოთ – გავეცნოთ ფაქტებს აპვ-ის შესახებ და გავესაუბროთ ექიმებს; განვიხილოთ ვაქცინის მნიშვნელობა ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან; არ გავავრცელოთ დაუზუსტებელი ინფორმაცია და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში წითელი ჯვრის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ვორქშოფი შეგვიძლია წარმატებული კამპანიის მაგალითად განვიხილოთ. ერთ-ერთი სტუდენტი – გვანცა ლაცაბიძე გვიზიარებს, რომ „სტუდენტებისთვის ჩატარებულმა შემეცნებითმა შეხვედრამ, პაპილომავირუსის მიმართ ინტერესი გამიღვივა და საჭიროდ ჩავთვალე მასზე მეტი ინფორმაცია მიმეღო,“ – იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ვაქცინას ჯანმრთელობისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მან დახმარებისთვის უახლოეს კლინიკას მიმართა და საკუთარ ოჯახის ექიმსაც გაესაუბრა. გვანცამ პაპილომავირუსის აცრა ამ ეტაპზე ვერ გაიკეთა, რადგან მანამდე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული და როგორც ექიმმა განუმარტა ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა აუცილებელია; მაგრამ იგი პოზიტიურად არის განწყობილი და აღნიშნავს, რომ აუცილებლად აიცრება. გვანცას მაგალითი სწორად ინფორმირებულობის შედეგია და იგი იაზრებს თავის სამოქალაქო პასუხისმგებლობას საზოგადოების მიმართაც.

,,ვაქცინაციით ვიცავთ მინიმუმ – საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს; მაქსიმუმ – საზოგადოებას, და როცა ხარ საზოგადოების ნაწილი, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარო,“ – ამბობს თბილისის სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მაია ზარნაძე.

მოკლედ, ვაქცინაცია – ეს უბრალოდ, საზოგადოებაზე ზრუნვის აქტია. სანამ ყველა კიბოს წამლის გამოგონებას ველით, ბევრმა ისიც არ ვიცით, რომ ზოგიერთი სიმსივნისთვის უკვე არსებობს პრევენციული ზომები. ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ პასუხისმგებლობა  ჩვენი ჯანმრთელობის მიმართ მნიშვნელოვანია. და თუ ვაქცინაციაზე საუბარი სასარგებლო აღმოჩნდა, მაშინ მისი გაკეთება კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი იქნება უფრო მშვიდი ცხოვრებისკენ. ჯანსაღი მომავალი უფრო სასიამოვნოა, როცა ვიცით, რომ ჩვენი ორგანიზმი დაცულია!

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 25/11/2024 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი