RSS

დამოკიდებულება არ არის განაჩენი

04 ივლ

ელენე სავანელი

ლუდომანია (იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) ბევრად უფრო მეტი ადამიანის პრობლემაა, ვიდრე შეიძლება ჩანდეს. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა მეთოდით შეძლეს და დაამარცხეს იგი. ხოლო ის კატეგორია, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, მაგრამ არ აქვთ მოტივაცია.

საიდან იწყება დამოკიდებულება? – საწყისი, ზოგადად, ადამიანის ფსიქიკაა. ძირითადად, პრობლემა, სასოწარკვეთილება, რასაც ყველა ადამიანი განიცდის. თუმცა შეიძლება დამოკიდებულება გართობის მიზნითაც გაჩნდეს. მათ შორისაა ნუკრი ნაცვლიშვილი, ე.წ. გემბლერი, რომელმაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება წლების შემდეგ დაძლია: „14 წლიდან ვთამაშობ. ახლა 22-ის ვარ. ამ ასაკში, რა თქმა უნდა, გართობის მიზნით დავიწყე ყველაფერი, თუმცა დღემდე მოვედი იმ მიზეზით, რომ დაგროვილი ვალები ისევ თამაშით დამეფარა.“ როგორც თავად აღნიშნავს, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ თავიდან ყველა იგებს. ადამიანს უჩნდება იმედი, რომ ის ამით წარმატებას მიაღწევს და დაეხმარება არა მხოლოდ თავის თავს, არამედ ოჯახსაც. რეალური პრობლემა კი ზუსტად აქედან ჩნდება და ისინი კარგავენ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც. „რა ვალიც მქონდა თამაშიდან დარჩენილი ყველაფერი დავფარე. ამას ჩემ გარდა ვერავინ იზამდა, ამიტომაც საკუთარი თავი მდგომარეობიდან მე გამოვიყვანე,“ – იგი თვლის, რომ ლუდომანია დაძლია.

თუ გავითვალისწინებთ ვაჟა კასრელიშვილის, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ თანადამფუძნებლის აზრს, საკუთარი თავის გამოყვანა ამ დამოკიდებულებიდან რთულია და თითქმის ყოველთვის საჭიროებს სპეციალისტის ჩარევას: ,,პირველ რიგში, უნდა მოხდეს პრობლემის საკუთარ თავთან აღიარება. შემდეგ უკვე პიროვნების არჩევანია მივა სარებილიტაციო ცენტრში თუ დამოუკიდებლად გაუმკლავდება.“ თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რაც უფრო მცირეა ასაკი, მით უფრო ჭირს დამოკიდებულების მოხსნა, ვინაიდან, 21-წლამდე ცენტრალური ნერვული სისტემა, ჯერ კიდევ, განვითარების ეტაპზეა. „თანადგომაში“ მკურნალობენ ორი ეტაპის მიხედვით: პირველი – მედიკამენტური მკურნალობა (რაც უშუალოდ გულისხმობს ე.წ. „ლომკის“ მოხსნას); მეორე – რეაბილიტაცია და აღდგენა (ანუ სიმპტომების გააზრება და მისი მოხსნა).

„თანადგომა“ საქართველოში ერთადერთი ადგილი არაა, სადაც თამაშდამოკიდებულებს ეხმარებიან. ერთ-ერთია „დღე პირველი“ , სარებილიტაციო ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია მხოლოდ იმ ხალხით, ვინც უშუალოდ ყოფილა მოთამაშე და ყველა პრობლემა ზედმიწევნით გამოუცდია საკუთარ თავზე. ეს დაგვიდასტურა ხელმძღვანელმა – გუგა ბესელიამ, რომელიც ერთ დროს თავად იყო გემბლერი: „მე ვთვლი, რომ ვარ ყოფილი მოთამაშე, მაგრამ მაინც ვარ თამაშდამოკიდებული. ეს ორი სხვადასხვა რამაა. ამიტომ წინადადება, რომ ყოფილი მოთამაშე არ არსებობს, საერთოდ მცდარია.“ ასევე, გუგა აბათილებს სტერეოტიპს, რომ თითქოს ლუდომანიით მხოლოდ კაცები არიან დაავადებულნი.

„როგორც დაავადებას არ აქვს სქესი, ასევე არ აქვს სქესი თამაშდამოკიდებულებას“ – ამბობს ის. ,,დღე პირველს“ ოდნავ განსხვავებული მკურნალობის მეთოდიკა აქვს. ხანგრძლივობა 7 თვეა და უფრო მეტად ადამიანის ფსიქოლოგიაზეა მიმართული კონკრეტული სავარჯიშოების მიხედვით. ასევე მათ აქვთ საკუთარი იუთუბ არხი, სადაც არაერთი გამოჯანმრთელებული ადამიანის ისტორიასა და განვლილ გზას შეხვდებით.

ლუდომანიამ იმხელა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანს, რომ საკუთარი ქვეყნის დატოვებაც მოუწიოს გადარჩენისათვის. გავესაუბრეთ, სწორედ, ასეთ რესპონდენტს, რომელიც 7 წელია პოლონეთში იმყოფება და დღემდე ვალებს ფარავს, რომელიც თამაშით დაუგროვდა. საუბარია მინიმუმ 30 000 ლარზე. იგი სოციალური ქსელის საშუალებით დაგვიკავშირდა და ანონიმურობა არჩია ოჯახის წევრების გამო: „თამაშში მარტო ფულს არ კარგავ, ეგრე რომ იყოს ამდენსაც არ ვიდარდებდი. ვცდილობ, როგორმე ჩვევებს თავი დავანებო, მაგრამ ყოველი ეჭვისგამომხატველი წერილი ოჯახისგან ხელს მიშლის. პატარა რაღაცაა საჭირო, რომ ავდგე და ისევ ვითამაშო.“ ამ შემთხვევაში, როგორც ვაჟა კასრელიშვილის რეკომენდაციიდან ვიგებთ, უმნიშვნელოვანესია ოჯახის დამოკიდებულება.

„დამოკიდებულ ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა და ეს ოჯახმა ინდივიდუალურად უნდა შეიგნოს.“ მიუხედავად ამისა, ამ ადამიანს სჯერა, რომ ოდესმე განიკურნება: „ვიცი, რომ ეს მოხდება, უბრალოდ მალე მინდა შევეშვა. ისედაც 16 წელი დავკარგე…“ – ამბობს ვაჟა კასრელიშვილი.

პრობლემაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია გამოვყოთ სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებაც. კერძოდ, 2022 წლის პირველ მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს აზარტული თამაშების რეკლამას. ცვლილებების შედეგად სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება); სრულად იკრძალება 25 წლამდე პირებისთვის თამაში; გარდა ამისა, 2024 წლის 1 ივლისიდან ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზება/მოწყობისთვის ინტერნეტ-კაფეებიც დაჯარიმდებიან. მსგავსი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას 15 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებითი ქმედება – 30 ათას ლარიან ჯარიმას.

ყველა რესპონდენტთან გასაუბრების შემდეგ მივდივართ ერთ დასკვნამდე: ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის საკუთარი თავის რწმენა. ნუკრი ნაცვლიშვილი – ადამიანი, რომელმაც შეძლო და რეაბილიტაციის გარეშე დაძლია თამაშდამოკიდებულება. ემიგრანტი – რომელმაც დაიწყო საკუთარ თავთან აღიარება და კვლავ სჯერა, რომ ლუდომანიას გადალახავს. გუგა ბესელია – რომელიც თავადაა ყოფილი მოთამაშე და ახლა სხვებს ეხმარება. ვაჟა კასრელიშვილი – რომელიც გვერდით უდგას არა მარტო თამაშდამოკიდებულებს, არამედ მათ ოჯახებს. მისი თქმით: ,,დამოკიდებულება არ არის განაჩენი და არიან ადამიანები, რომლებმაც სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყეს.“

სარებილიტაციო ცენტრების საკონტაქტო:
„Day One ● დღე პირველი“ –  599 56 87 97    მის.: ი. აბაშიძის ქ. 47, თბილისი

„თანადგომა“ – 599 98 63 68   ელ.ფოსტა: tanadgomatherapy@gmail.com

,,კამარა“ – 599 23 90 02      მის.: ოქროყანის ქუჩა 17, თბილისი

ფოტო აღებულია: https://www.aversi.ge/ka/cnobari/2125/ludomania-avadmyofoba-tu-mavne-chveva-

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 04/07/2024 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი