RSS

შშმ პირები და დასაქმების პრობლემა

25 ივნ

ანა ძაბახიძე

ოპტიმისტური კუთხით, რომ დავიწყოთ შშმ პირები არიან ადამიანები, რომელთა უფლებები უტოლდება ნებისმიერი ტიპური განვითარების პირის უფლებებს და არანაირ საკითხში არ ზღუდავთ ან პირიქით, თავისუფლებას არ ანიჭებთ რაიმე განსაკუთრებული ძალაუფლება. მაგალითისთვის გვყავს ძალიან წარმატებული შშმ პარაოლიმპიელები, რომლებიც ნამდვილად საამაყონი არიან და უდიდესი შრომით აღწევენ მიზანს. ერთ-ერთი პარაოლიმპიური სპორტის სახეობაა „ბოჩა“ , რომელშიც ჩემპიონობა მოიპოვა შშმ პირმა, თათია მანაგაძემ. მისი თქმით, „მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს აქტიური ცხოვრების საშუალებას, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უნარს,“ – ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თვითგანვითარების და თავის წარმოჩენის უფლება.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ დასაქმების საკითხს. „დღესდღეობით გამოწვევაა არა მხოლოდ დასაქმება, არამედ დასაქმების ადგილას არაადაპტირებული გარემო, სტიგმა და სტერეოტიპები,“ – ამბობს თათია დათაშვილი, ფონდი „აურესის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი.

დასაქმების უფლებით სარგებლობა საზოგადოებაში თვითდამკვიდრების გარანტიაა, რაც განაპირობებს ღირსეულ და პროდუქტიულ ცხოვრების წესს. აქედან გამომდინარე,  ბუნებრივია, საზოგადოების სურვილი, შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება. ბევრი მათგანისთვის სამუშაოს ძებნა რთული და დამღლელი პროცესია, თუნდაც შესწავლილი პროფესიით. თუმცა, ეს ყოველივე, მეტად რთულდება, როდესაც საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.                                                                                                                  

ნებისმიერი პრობლემის მასშტაბების უკეთ გაგებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს სტატისტიკური მონაცემები. თუმცა, საქართველოში, დასაქმებულ შშმ პირთა ზუსტი აღრიცხვა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. ამ ყველაფერს ის სირთულეც ემატება, რომ საქართველოში არ არის ზუსტად განსაზღვრული შშმ პირთა რაოდენობა. მაგალითისთვის, 2021 წლის მონაცემებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, შშმ პირები საშუალოდ მოსახლეობის 15%-ს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი 128 144 ადამიანს აქვს, რაც მოსახლეობის 3.43%-ია. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ჩნდება უამრავი კითხვა.

 2024 წლის მონაცემებით, შშმ პირების დასაქმება საკმაოდ პრობლემური და საყურადღებოა. თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს საქართველოს, მაშინ, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში სმენადაქვეითებულ ადამიანებს მიჰყავთ გადაცემის ფორმატები, მუშაობენ ჟურნალისტებად, ტელეწამყვანებად და ა.შ.

   „როგორც ვიცი, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა საქართველოში შშმ პირთა დასაქმებასთან დაკავშირებით, ამიტომ პირადი გამოცდილებით შემიძლია საუბარი, რომ ჩემ ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანია, რომელსაც დასაქმების პრობლემა აქვს და ამას არავინ აშუქებს ძირფესვიანად,“ – ამბობს თათია დათაშვილი.

საზოგადოებას, არაერთი მედიასაშუალება, მათ შორის ტელევიზია, აცნობს  შშმ პირებს და საუბრობს მათ პრობლემებზე, თუმცა უმეტესად არაეთიკური სახით, რაც აუცილებლად აღმოსაფხვრელი და გადასაჭრელი პრობლემაა. არავინ საუბრობს მათ პროფესიებზე და პოზიტიურ საკითხებზე, რაც დაგვეხმარება ხელის შემწყობ ფაქტორებზე და ამით გავამარტივებთ მათი დასაქმების საკითხის მოგვარებას.

„საუბარი არ მესმის, თუმცა შემიძლია გადაადგილება, აზროვნება, პირის მოძრაობით სიტყვების გარჩევა და მაქვს იდეალური პროფესიული განათლება ბევრი დაბრკოლების მიუხედავად… არავინ თქვას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ  არსებობს! დიახ, არსებობს! თუმცა, ამას თვალებში უნდა ჩავხედოთ ყველამ და განვაგრძოთ გზა წინსვლისთვის,“ – ახსენებს თათია დათაშვილი ერთ-ერთ ტრენინგზე. 

   მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს შშმ პირთა კვოტირების სისტემა, რომელიც დამსაქმებლებს ავალდებულებს შშმ პირთა დასაქმებას. მაგალითად, ესპანეთში არის საკანონმდებლო რეგულირება, რომლის თანახმადაც, კომპანიები, რომელთაც ჰყავთ 50 ან მეტი დასაქმებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვალდებულნი არიან დასაქმებულთა არანაკლებ 2 პროცენტი დააკომპლექტონ შშმ პირებით. საქართველოში, საჯარო სამსახურის ბიუროს 2022 წლის მონაცემებით, დასაქმებულია სულ 240 შშმ პირი. ამ საკითხის აღმოსაფხვრელად აუცილებელია სახელწიფოსგან ზუსტი ნაბიჯები და მედიის სწორი გაშუქება, ეთიკური ფრაზებით და პოზიტიური კუთხით. აუცილებელია ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლება, რაც მისცემს ამ საზოგადოებას პროგრესის უნარს.

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 25/06/2024 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი