RSS

მუდმივად სტიქიის მოლოდინი

26 ოქტ

ოლიკო ცისკარიშილი

წყლის რესურსებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობისათვის ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის, ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისა და გარემოს შენარჩუნებაში. მოსახლეობის,  მრეწველობის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის წყლით უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა ქვეყნების ნორმალური ფუნქციობისათვის.

დღეისათვის, საქართველოში, 35,204 ოჯახია რეგისტრირებული, რომლებიც ბუნებრივი სტიქიის საშიშროების ზონაში ცხოვრობენ, მათგან 11,000 ექვემდებარება უსაფრთხო ადგილას განსახლებას.

აღმოსავლეთ საქართველოშიც ბევრია ისეთი დასახლება, რომლებიც რისკის ქვეშ ცხოვრობენ.

ასეთ საფრთხეს შეიცავს მაგალითად, კახეთის რეგიონი, მდინარე კისისხევის აუზი, რომელიც მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე და ალაზნის ჭალამდე ვრცელდება და  ალაზანს ერთვის. მდინარის სიგრძეა 37 კმ-ია და აუზის ფართობი კი – 142 კმ². მდინარე  ღვარცოფული ხასიათით გამოირჩევა და ალაზნის ვაკეზე  ვრცელ კონუსს ქმნის, რომელზეც გაშენებულია სოფლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა – ზაფხულ-შემოდგომაზე.

„მდინარე საფრთხეს უქმნის სოფლებს: კისისხევი, წინანდალი და კონდოლი, ასევე მათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. საფრთხის ქვეშ ექცევა 3 ღვინის ქარხანა, რკინიგზა, საავტომობილო გზა, ტურისტული სანახაობები, ფერმები. მოშლილია მდინარის ეკოსისტემა. ზემო წელში ტყეების განადგურების შედეგად, კისისხევი, რომელიც გვალვიან პერიოდშიც ინარჩუნებდა წყლის ნაკადს, უკვე ყოველწლიურად შრება“, – ამბობს CENN, გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი.

მე–19 საუკუნეში მდინარე კისისხევის ადიდებამ წინანდლის პარკი იმდენად დააზიანა, რომ მისი პირვანდელი სახით აღდგენა შეუძლებელი გახდა. მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ წყალდიდობა პარკისათვის დღესაც მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. მდინარემ შეიძლება წაიღოს წინანდლის მამულის მაღალი ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობის მონაკვეთები.

სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენის მიხედვით, მდინარე კისისხევის ხეობის მარცხენა სანაპიროზე საშიშროების რისკი შეფასებულია, როგორც „მაღალი“. დაახლ. 1.5 კმ-ის მანძილზე მიმდინარეობა ნაპირის გარეცხვა. მორეცხილია ნაპირდამცავი დამბები. საშიშროება ექმნება რკინიგზის მაგისტრალურ ხიდს და სავარგულებს.

„რისკის შესარბილებლად რეკომენდებულია კომპლექსური სამუშაოები, რომლის განხორციელებაც დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან.“ – ამბობს რეზო გეთიაშვილი.

საშიშროების მაღალი რისკი ფიქსირდება მდინარის მარჯვენა ნაპირზე. პროცესების აქტივაცია, რაც ადგილობრივ მოსახლეობა დიდ ზიანს აყენებს, ყოველწლიური ხასიათისაა. რისკის შერბილება მოითხოვს დამბების აღდგენა-რეაბილიტაციას, კალაპოტის გადანაცვლებას, ჩაღმავება-გაფართოება-გასწორხაზოვნებას და სხვა ძვირადღირებულ სამუშაოებს. ასვე საჭიროა მუდმივი გეომონიტორინგული დაკვირვების წარმოება.

„სოფ. კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. კისისხევის გადაკვეთაზე არსებული საავტომობილო ხიდიდან რკინიგზის ხიდამდე, მდინარის ჭალა-კალაპოტში, განხორციელებულია ინერტული მასალების მოპოვება. მდინარეში დაზვინულია მსხვილფრაქციული მასალა, რაც ხელს უწყობს კალაპოტის დეფორმირებას და დატოტვას. წყალმოვადნების დროს წყალუხვი ნაკადები ინაცვლებს, როგორც ერთი, ისე მეორე ნაპირის მიმართულებით და იწვევს ნაპირდამცავი ქვის დამბის ძირების გარეცხვას. ნაპირდამცავი კედლის დანგრევის შედეგად, საფრთხეშია რკინიგზის ვაკისის მონაკვეთიც.“ – ამბობს რეზო გეთიაშვილი.

გარემოს ეროვნული სააგენტო კატეგორულად მიუღებლად მიიჩნევს ინერტული მასალის მოპოვებას, რაც ჭალა-კალაპოტში წლების განმავლობაში მიმდინარეობს.

რისკის შერბილებ–პრევენციისთვის ხშირად თვითნებურად მიღებული ზომების ეფექტიანობის არათუ დაბალია, არამედ, კონტრ–პროდუქტიულიც. სოფელ კისისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. კისისხევის მარცხენა ნაპირის I ტერასულ საფეხურზე მდებარე საწარმოს დაცვის მიზნით, მოწყობილია ნაპირდამცავი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის 2 ნაკადმიმმართველი დეზი, რაც მკვეთრად ამცირებს ჭალა-კალაპოტის გამტარუნარიანობას. ეს გარემოება, წყალმოვადნების დროს ზრდის მარჯვენა ნაპირის დასაცავად მოწყობილ ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ისედაც დეფორმირებული და ზოგიერთ უბანზე მთლიანად მორეცხილ დამბის ძირის გარეცხვის საშიშროებას.

რეზო გეთიაშვილის რეკომენდაციები ასეთია: შეჩერდეს ტყეკაფების გამოყოფა წყალშემკრები აუზის მთელ ტერიტორიაზე; შემუშავდეს ტყის აღდგენის პროექტი, დაფინანსდეს და განხორციელდეს ერთიანი პროექტის ფარგლებში გაწერილი აღდგენითი სამუშაოები; გამკაცრდეს კონტროლი უკანონო ჭრებზე, განსაკუთრებით – მდინარეებიდან 300 მეტრის რადიუსში; ჩაიხერგოს სატყეო გზები და ხეობაში შესვლა მოხდეს ხერგილის საშუალებით; განხორციელდეს მდინარის მთელი აუზის გეოლოგიური შეფასება და პრევენციული ღონისძიებები მდინარის ზემო წელში, სატყეო ტერიტორიებზე; განხორციელდეს მდინარის მთელი ჰიდროლოგიური შეფასება და მომზადდეს გრძელვადიანი პროექტი მდინარის ეკოსისტემის აღდგენის მიზნით; განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი ხეობაში არსებულ დიდი მასშტაბის მეწყრულ–ღვარცოფულ პროცესებზე; ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის ეროვნული სტრატეგიის განახლების პროცესში მოხდეს კისისხევის განხილვა განსაკუთრებული რისკის ზონების ჩამონათვალში შესატანად; კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ და მუნიციპალიტეტის მერიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავოს რეგიონში არსებული სათბობი რესურსებისა და ენერგოეფექტიანი ღუმელების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის პირველი ეტაპი განხორციელდება რისკის ქვეშ მყოფ სოფლებში, მათ შორის, მდინარე კისისხევის ხეობაში; ხეობას დაუბრუნდეს მისი ბალნეოლოგიური და ისტორიული ღირებულება, შეფასდეს მისი ტურისტულ–რეკრეაციული თუ არამერქნული რესურსების პოტენციალი; სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ შემუშავდეს პრიორიტეტული საიტების სია ფერმერული და მცირე ბიზნესის სტარტაპების დასაფინანსებლად, მათ შორის, ტყის არამერქნული და ტურისტულ–რეკრეაციული სარგებლობის მიმართულებით; მომზადდეს ადგილობრივი მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი პროგრამები, მათ შორის, განვითარების პროგრამებში მოსახლეობის ჩართვის მიზნით.

ახმეტა

საშიშროების წინაშე დგას ახმეტაც მდინარე ორვილის გამო, რომლის სიგრძეც 20 კილომეტრია. მდინარე ორვილის აუზი მიეკუთვნება ახმეტის მუნიციპალიტეტს და ვრცელდება ახმეტიდან თვით მდინარის სათავეებამდე.  მდინარის ორივე მხარეს, მთის კალთებზე,  მძლავრი მეწყრული პროცესები ფიქსირდება. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა – ზაფხულსა და შემოდგომაზე.

ორვილი და მისი შენაკადები ღვარცოფული მდინარეებია. კალაპოტი ამოვსებულია მძლავრი ღვარცოფული ნატანით. ჩაჭრილი ხეობის ციცაბო თხემები ეროზირებულია. ეროზიული პროცესების ერთ–ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი ძლიერ დამრეც ფერდობებზე გაჭრილი სატყეო გზებია. ხეობის გასწვრივ განვითარებულია მეწყრული სხეულები.

სატყეო გზები ნაწილობრივ  მდინარის კალაპოტში გადის, რის გამოც მისი სტრუქტურა დარღვეულია და ფიქსირდება მდინარის წყალშენაკადების გადანაცვლება ბუნებრივი კალაპოტიდან.

ღვარცოფის მთავარი გამომწვევი მიზეზი წყალშემკრებ აუზში განხორციელებული ინტენსიური ჭრაა, რის შედეგადაც აქ არსებული ტყეების 90% გამეჩხერებულია და ქმნის პირობებს როგორც წარეცხვითი პროცესების განვითარებისთვის, ასევე ზედაპირული წყლების მყისიერი აკუმულაციისთვის მდინარის კალაპოტში.

„მდინარის გასწვრივ წარმოებული ნაპირსამაგრი სამუშაოებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა წლების განმავლობაში საკუთარი ძალებით ცდილობენ პრევენციული ზომების მიღებას, არაკვალიფიციურად მოწყობილი ნაპირდაცვითი ინფრასტრუქტურით კი სტიქიის რისკი უფრო მასშტაბური და არაპროგნოზირებადი ხდება“, – ამბობს რეზო გეთიაშვილი.

სპეციალისტების აზრით, მძლავრი წყალმოვარდნისა და კალაპოტში დაგროვილი ღვარცოფული აკუმულაციური პროცესების აქტივიზაციის შემთხვევაში მდინარე დაუბრკოლებლად გადარეცხავს ნაპირებს და საფრთხეს შეუქმნის ქალაქ ახმეტის მდინარისპირა დასახლებულ უბნებს, სადაც ხელოვნური კალაპოტი დეფორმირებულია და რამდენიმე უბანზე მთლიანად გამორეცხილია ნაპირდამცავი ბეტონის ფილები.

ორვილის კალაპოტის ყველაზე მოწყვლადი მონაკვეთი მისი შუა დინებაა, ქალაქ ახმეტისა და სოფელ საბეროს დამაკავშირებელი ხიდიდან თელავი-ახმეტის მაგისტრალამდე. აღნიშნული მონაკვეთის 3.3 კილომეტრ სიგრძეზე მდინარის კალაპოტი მომიჯნავე ფართობების სიმაღლეზეა აწეული. საფრთხის ქვეშაა ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე არსებული ხიდის მარცხენა ბურჯი და საავტომობილო გზის ვაკისი, ასევე ხიდის ქვემოთ არსებული საძოვრები და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები.

კალაპოტის შუა ადგილას შეინიშნება მიწაყრილები, რაც, ნაპირდაცვითი ინფრასტრუქტურის ნაცვლად, ქმნის მყარი ნატანის აკუმულირების ხელოვნურ უბნებს. წყალდიდობის შემთხვევაში მოსალოდნელია აღნიშნული ინერტული მასალის გადატანა ხიდის მიმართულებით, ხიდის ქვეშ მდინარის გამტარობის შეზღუდვა კი მის გაჭედვას გამოიწვევს, რის შედეგადაც ღვარცოფული ნაკადი გზასა და სასოფლო სავარგულებზე გადავა.

ახმეტის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მდინარეა, რომელიც მოსხლეობისთვის საფრთხის შემცველია – 25 კილომეტრზე გადაჭიმული ხოდაშნისხევი, რომელიც სათავეს იღებს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთიდან, მიედინება მდინარე ალაზნის ჭალამდე, სადაც ერთვის ალაზანს. ისევე როგორც გომბორის ქედის ყველა მდინარე, ხოდაშნისხევიც ღვარცოფულია. ალაზნის ვაკეზე ქმნის გამოზიდვის ვრცელ კონუსს, რომელზეც გაშენებულია სოფლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა _ ზაფხულსა და შემოდგომაზე.

„ხოდაშნისხევს წყალუხვობის დროს ახასიათებს წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები, რაც განპირობებულია როგორც ხეობის სტრუქტურით, ასევე მდინარის აუზში არსებული ტყეების წინდაუხედავი ექსპლუატაციითა და უსისტემო ჭრით. პრობლემური მონაკვეთი მოიცავს მდინარის შუა და ქვედა დინებებს. მონაკვეთი იწყება კომპანია „ბადაგონის“ მიდამოებიდან და მთავრდება მდინარე ხოდაშნისხევისა და ალაზნის შესართავთან.“ – ამბობს რეზო გეთიაშილი, – „მდინარის კალაპოტის ნაპირები უსწორმასწოროა, რაც განპირობებულია ხელოვნურად დაყრილი მიწის, ქვა-ღორღისა და შესაძლებელია სამშენებლო ნარჩენის აკუმულირებით. ზოგ მონაკვეთზე კალაპოტი და მდინარის მიმდებარე ტერიტორიები ერთ სიმაღლეზეა, რაც ერთიორად ზრდის ნაპირებიდან წყლის გადმოსვლისა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროებას. სოფლების _ იმერლიაანთკარისა და ხორხელის მიდამოებში ჩატარებულია ნაპირსამაგრი სამუშაოები. ეს ნაპირსამაგრები წარმოადგენს კალაპოტიდან ნაპირებისკენ ტრაქტორებით მიხვეტილ ქვა-ღორღს, რასაც არანაირი დამცავი ღირებულება არ გააჩნია. სოფელ იმერლების ქვემოთ მდინარის კალაპოტიდან გამოიყოფა განშტოება, რომელიც, როგორც ჩანს, წყალდიდობის დროს ივსება წყლით. კალაპოტი ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ვიწრო და ღრმაა, შესაბამისად, მდინარე ზემო ხოდაშნისხევი ქმნის მეორე კალაპოტს, რომელიც, ჩაუვლის რა ალავერდს, დიდ საფრთხეს უქმნის მას. 2014 წელს ტაძრის ეზო  დაიტბორა. დღეს, ტაძრის გაყოლებაზე რკინის ბადით დაწნული კედელია, რომელიც გარკვეულწილად იცავს მას დატბორვისგან. მდინარეს სოფელ იმერლების მიმართულებით 660 მ-ზე კვეთს კახეთის მაგისტრალური გაზსადენის, თელავი-ახმეტის 27 კმ-იანი მონაკვეთის დერეფნის ნაწილი, რომლის ექსპლუატაციის უსაფრთხოება შესაძლებელია რისკის ქვეშ დადგეს დიდი ღვარცოფული პროცესის განვითარების შემთხვევაში.“

სპეციალისტთა შეფასებით რისკის ზონაშია: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები; ბადაგონის ქარხნის ტერიტორია; სოფლების _ ახალდაბისა და ხორხელის მიდამოები; ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია.

სპეციალისტები ასევე ფიქრობენ, რომ საჭიროა: ჩატარდეს მეწყრების მონიტორინგი; სწორად დაიგეგმოს სატყეო გზების გაყვანა; ხელი შეეწყოს მდინარის კალაპოტის ნაპირებზე (ქვემო დინებაში) ბუნებრივი მცენარეულობის აღდგენის პროცესს; შესწავლილ იქნას მდინარის ორი კალაპოტის თემა და ერთ-ერთი, რომელიც მეტად უქმნის საფრთხეს გარემოსა და ინფრასტრუქტურას, დაიკეტოს; მკაცრი კონტროლი დაწესდეს კალაპოტის იმ მონაკვეთზე, რომელიც ემთხვევა გაზსადენის დერეფანს; ტყეკაფების გამოყოფისას გათვალისწინებულ იქნას ფერდობების გეოლოგიური მდგომარეობა; ტყეკაფების გამოყოფისას გათვალისწინებულ იქნას განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნები; ჭრაგავლილ ფართობებზე აღარ გაგრძელდეს ტყეთსარგებლობა, რათა არ შეფერხდეს ტყის აღდგენა; ხელი შეეწყოს დიდი ზომის ყალთაღებში ტყის აღდგენას.

როგორც ვხედავთ, პრობლემა რეალურად გლობალურია და არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი. იმედია, კატასტროფის დადგომამდე მიიღებს შესაბამისი სტრუქტურები ზომებს და არც ეს რეკომენდაციები დარჩება უბრალოდ, ფარატინა ფურცელზე დაწერილი.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 26/10/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s