RSS

გამოიცა ლექსების კრებული “მზეს ველოდები”

30 მარ

ოლიკო ცისკარიშვილის პოეტური კრებული „მზეს ველოდები“ პანდემიის დროს დაწერილი ლექსებია. როგროც ავტორი ამბობს, პოეზიით ებრძოდა პანდემიის გამო თავსდატეხილ პრობლემებს. კრებული ილუსტრირებულია მხატვარ გელა ღაჭავას ნახატებით. წიგნის პირველ გვერდზე თავად ავტორის გადაღებული ფოტოა. „ეს პანდემიური ავტოპორტრეტი“ – ამბობს ავტორი.

კრებულის ბოლო გვერდზე ფოტო ეკუთვნის ფოტოგრაფ თამარ ხუციშვილს. ამ პატარა კრებულს რედაქტორობა კი გაუწია ია მაჭავარიანმა. „იასთან ერთად, ტელეფონით, საათობით განვიხილავდით თითოეულ სტროფს, თითოეულ სიტყვას, ძალიან საინტერესო პროცესი იყო და მივიღეთ მშვენერი კრებული,“ – ამბობს ოლიკო ცისკარიშვილი. თავად რედაქტორი კი კრებულზე წერს: „ამ უფაქიზესი წიგნის ავტორი, ოლიკო ცისკარიშვილი, ჩემი, თითქმის ბავშვობის მეგობარია და პირველი შეხვედრიდანვე მახსოვს… იცით, როგორი იყო?!. რაღაცნაირი… საინტერესო… ხშირად მიფიქრია, რა იყო მაინც ის, რითიც ასე მკვეთრად გამოირჩეოდა სხვებისგან… ეს „საიდუმლო“ მაშინ ამოვხსენი, როცა ჩვენმა ლექტორმა, პირველი თავისუფალი ესეს დაწერა და ჯგუფში, ხმამაღლა წაკითხვა დაგვავალა. თითქმის მთელმა ჯგუფმა წავიკითხეთ და მიუხედავად იმისა, რომ ესე აღდგომის შესახებ იყო, პროცესმა სტუდენტებისთვის დამახასიათებელ ხმაურში, რეპლიკა-კომენტარებით ჩაიარა… მთელ ამ ორომტრიალში, ოლიკო შეწუხებული სახით, ძალიან ჩუმად იყო, თითქოს განიცდიდა თვითონაც რომ უნდა წაეკითხა. და მორიდებით იკითხასავით, იქნებ ჩემი თემა მომდევნო ლექციაზე განვიხილოთო, მაგრამ „ჭმუნვამ“ არ გაჭრა და კითხვა დაიწყო. ნელ-ნელა ყველა დავმშვიდდით და ახლა ჩვენ ვისხედით ცოტა დაბნეულნი. ჩვენს წინ, თურმე არც თუ ძნელადშესაცნობი მწერლობის ხიბლით „დაღდასმული“ , ჩვენივე მეგობარი იდგა და მისი ხედვით, აღდგომის კვირის დღეების მნიშვნელობაზე გვესაუბრებოდა. რომელიც ყოველდღიური ცხოვრების წესებისთვის მიესადაგებინა და ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავთ, ყოველ კვირა დღეს, არც მეტი, არც ნაკლები საკუთარი სულის განწმენდასა და „აღდგომის“ შესაძლებლობაში გვარწმუნებდა… და ეს ყველაფერი, მხოლოდ ჩამოყალიბებული მწერლისთვის დამახასიათებელი სიფრთხილით, სადად და დამაჯერებლად იყო გადმოცემული, დღემდე მახსოვს თითოეული ჩვენგანის გაოცება. ისიც მახსოვს, ერთხელ, შინ დაბრუნებულს, კარში, ოლიკოს წერილი დამხვდა… უთბილესი, ძალიან ორიგინალური… სწორედ ისეთი, მხოლოდ მას რომ შეეძლო დაეწერა… ბევრ რამეზე ისე დამაფიქრა და გამახარა ამ წერილმა, დღემდე ჩემი „არქივის“ ბინადარია… მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა… და ახლა, როცა ოლიკო ცისკარიშვილის ფიქრებს, ტკივილებს, იმედებს, ყოველდღიურ განცდებსა თუ წვიმიან და თოვლიან დღეებს, უფაქიზეს ლექსებადქცეულს ვხედავ, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, ეს წიგნი, მკითხველისთვის ისეთივე ახლობელი, დამამშვიდებელი და საყვარელი გახდება, როგორც წლების წინათ, მეგობრისაგან კარში დატოვებული პატარა ბარათი… რომელიც მხოლოდ შენ მოგწერეს…” წიგნის შეძენა უკვე შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში: რუსთაველის 16-ში; მოსკოვის პროსპექტზე 48. დადიანის 22/24.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 30/03/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s