
ია კვარაცხელია
უკვე აღარავისთვის არის უცხო, რომ საქართველომ თავისი სილამაზითა და ღირსშესანიშნავი ადგილებით მთელი მსოფლიო მოიცვა და გააოცა. ამჯერად, კი მინდა მოგიყვეთ საქართველოს მთიანეთში არსებულ ერთ-ერთ ულამაზეს და ჯადოსნურ ადგილზე „საბადურის საოცარ ტყეზე“, რომელიც ქართველებისთვისაც კი აღმოჩენად იქცა.
საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. აღსანიშნავია, რომ თბილისის ეროვნული პარკი პირველი პარკია საქართველოში. საბადურის ტყე გამოირჩევა ტურისტული ინფრასტრუქტურით, მოწყობილია ცეცხლის დასანთები, საკარვე და საპიკნიკე ადგილები, რაც უფრო მეტად უწყობს მოსახლეობას ხელს დასვენების დღეები კომფორტულად და ხალისიანად გაატარონ სუფთა ჰაერზე და დატკბნენ მისი სილამაზით.
საბადურის ტყე ყველა სეზონზე განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. შემოდოგომაზე ფერთა აღრევა ხდება რაც უფრო ჯადოსნურს ხდის, განსაკუთრებით ზამთარში იგი საოცრებათა სამყაროს გავს, ამ სეზონზე იგი „თეთრ ზღაპრადაც“ კი შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როდესაც თოვლით დაბურულ ტყეში ხვდები და გესმის თოვლის შრაშუნი ფეხქვეშ. სასწაული პეიზაჟით ტკბობა შთაბეჭდილებებისა და ემოციებით სავსე სამყაროში გამოგზაურებს. მისი მონახულება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რადგან დედაქალაქთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. საბადურის ტყე თბილისიდან 20 კმ-ში იწყება მისი ფართობი დაახლოებით 5125 ჰექტარია. ტყეში ძირითადად წიფლისა და მუხის ხეებია, აგრეთვე სოკოებს უხვად ვხვდებით. ამ საოცრებებით სავსე ტყეში მელიასთან და მგელთან ერთად შველიც ბინადრობს. აღსანიშნავია, რომ სახელის წარმოშობაზე საკმაოდ საინტერესო ვერსია არსებობს: „მე-17 საუკუნეში თურქების ჯარი თიანეთს მოადგა, დაუღამდათ. იქ, სადაც ახლა ტყეა, გაშლილი ველი იყო. მხედართმთავარმა უბრძანა ჯარს, „საბაჰ დურ“, დილამდე აქ გავჩერდეთო. თურქულიად „საბაჰ“ „დილას“, „დურ“ კი „შეჩერებას“ ნიშნავს,“ -აღნიშნა თიანეთის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მურადი პაპამ, რომელიც საბადურის ტყეს საკმაოდ კარგად იცნობს.
საბადურის ტყესთან არც ისე შორს მდებარეობს დაბა თიანეთი, ისიც განსაკუთრებული ისტორიისაა. მისი სახელწოდება ისტორიულ წყაროებში პირველად IV საუკუნეში ჩნდება. „მოქცევაი ქართლისაის“, თანახმად წმინდა ნინო წობენიდან „გარდავიდა ერწუდ, და დადგა ჟალეთს, დაბისა ედემს და ნათელსცა ერწუ-თიანელთა“. ეს ისტორია კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. აგრეთვე XI საუკუნის დასაწყისში კახეთის სამეფოს ცენტრი თიანეთში იყო. თიანეთი მდიდარი რაიონია, როგორც კულტურული ძეგლებით, ასევე ბუნების სილამაზით. აქ მდებარეობს ქართველი პოეტის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი. თიანეთში არის არაჩვეულებრივი დასასვენებელი და გასართობი ადგილი „კუჟანას ბაღი“, სადაც მოწყობილია ბავშვთა გასართობი სივრცეები, აქვეა საფეხბურთო სტადიონიც. ბაღში ყოველ წელს აგვისტოს თვეში იმართება ღონისძიება „თიანეთობა“, სადაც ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, „თიანეთობაზე“ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ მთიანეთის საფირმო კერძები-ხინკალი, დამბალი ხაჭო და სხვა.
„უკვე ათი წელია თიანეთში ვარ გათხოვილი, გვაქვს სასტუმროს ტიპის სახლი და ყოველ ზაფხულს ოთახებს ვაქირავებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი დამსვენებელი დაინტერესდა თიანეთით, რაც ძალიან მახარებს. ტურისტები აღფრთოვანებულები არიან-ხოლმე სტუმართმოყარეობით, ბუნებითა და საკვებით. ჩვენი სახლი წელიწადის ნებისმიერ დროს მზადაა სტუმრების მისაღებად, უკვე ყველამ გაიგო, რომ თიანეთი ზამთარში განსაკუთრებით ლამაზია. მივყვებით სოფლის მეურნეობას, გვყავს ძროხები, ქათმები. ყოველთვის ვიმარაგებ ჩემი დამსვენებლებისათვის ყველს და ხაჭოს რადგან, ზაფხულობით როდესაც დასასვენებლად ჩამოდიან ძალიან დიდი მთხოვნაა ამ კონკრეტულ პროდუქტებზე,“ – გვიყვება 34 წლის ასმათ ფიცხელაური, რომელიც ოჯახთან ერთად თიანეთში აქტიურად არის ჩართული ტურიზმის განვითარებაში.
ასმათისავით ბევრი ადგილობრივი ფიქრობს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ კოვიპანდემიის შემდეგ, როცა ვირუსი დამარცხდება, თიანეთი კვლავ უმასპინძლებს ტურისტებს და უფრო მეტი ადამიანია დაინტერესდება ამ საოცარი ბუნების ხილვით.
ფოტო ავტორის