ნაგვის შეგროვებასა და მისი დასახლებული პუნქტებიდან გატანას დიდი ხნის ისტორია აქვს. ისტორიკოსების თქმით, ამ საქმის პიონერები ძველი ბერძნები იყვნენ, რომლებმაც 4,5 ათასი წლის წინ ნაგავთან დაკავშირებით სპეციალური კანონი მიიღეს, რომელიც ადამიანებს ავალდებულებდა ნაგავი გაეტანათ ათენიდან კილომეტრნახევრით დაშორებულ, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე.
მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში, ევროპის მთელ ტერიტორიაზე უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. ქალაქების მიმდებარე ტერიტორიები ნაგვით იყო სავსე. მაგალითად, პარიზში ნაგვის გროვები ქალაქის გალავანზე უფრო მაღალი იყო. სწორედ, ასეთი საქციელისათვის ქვეყნები დაისაჯნენ შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელებით, რომელმაც 140 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს ევროპის მმართველებმა ნაგვის ქალაქებიდან გატანა. შექმნეს სპეციალური სამსახურები და მათ კანონით ქუჩებისა და სასმელი წყლის სისუფთავეზე პასუხისმგებლობა დააკისრეს. მათვე შემოიღეს ჯარიმის პირველი ფორმებიც.
ნედლეულის მეორად გადამუშავებაზე, ყველაზე ძველი დოკუმენტური ისტორიული მასალები იაპონიის შესახებ მოიპოვება. ევროპამ ამ საკითხს ყურადღება მხოლოდ 1630 წელს მიაქცია და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქაღალდისა და ქსოვილების გადამამუშავებელმა პირველმა ქარხანამ დაიწყო ფუნქციონირება.
1895 წელს, ნიუ-იორკში, გაჩნდა იდეა – მოეხდინათ ნაგვის პირველადი დახარისხება. ქალაქის ხელმძღვანელობამ მაშინვე მოუწოდა მოქალაქეებს გადაერჩიათ ნარჩენები, კერძოდ მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით გამოეცალკევებინათ ერთმანეთისაგან ქაღალდი, საკვები, ქსოვილები და ლითონი. ორი წლის შემდეგ, ქვეყანაში დაიწყო ფუნქციონირება პირველმა ნაგავგადამამუშავებელმა ქარხანამ.
დღეისთვის, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ნარჩენების დახარისხება და მათი შემდგომი გადამუშავება იმდენად მაღალ ხარისხშია აყვანილი, რომ ნაგავსაყრელზე ხვდება ნარჩენების მთლიანი მოცულობის მხოლოდ მეოთხედი, დანარჩენი გადამუშავებას ექვემდებარება.
შვედეთსა და ნორვეგიაში ნაგავსაყრელების შემცირების მიზნით, წვავენ ნაგავს რის შედეგადაც მიღებული ენერგიით უკვე დიდი ხანი ათბობენ წყალსა და ბინებს, ხოლო ქალაქებს უზრუნველყოფენ ელექტროენერგიით.
დღეისათვის, მთელ მსოფლიოში ნარჩენების დახარისხების მიზანს წარმოადგენს – ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება; მეორადი გადამუშავებისთვის, ნარჩენებზე მეტი ხელმისაწვდომობა; იმ ტერიტორიების შემცირება, რომლებიც გამოყოფილია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენის განსათავსებლად.