RSS

Daily Archives: 20/06/2011

რის გამო ხდება მეწყერი?

საინტერესოა, რის გამო ხდება მეწყერი? კომუნისტების დროს არსებობდა საკმაოდ ძლიერი გეოლოგიის სამსახური სადაც უამრავი სპეციალისტი მუშაობდა, რომელთა უმთავრესი ფუნქცია სწორად მთიანი რეგიონების კონტროლი იყო, ის ადამიანები რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყანაში თუ სადაა მოსალოდნელი მეწყერი, აღარ არსებობენ. მთელი საქართველოს მთიანეთი მეწყერ-საშიშია, საჭიროა ჯებირების გაკეთება, საჭიროა მთიან ზოლებში ხე ტყის არსებობა.

ბუნებრივი კატასტროფები ქვეყანას წელიწადში მინიმუმ 150-ით მლნ აზარალებს უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ეკომიგრანტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

რთული რელიეფის გამო საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მდინარეების დიდ ნაწილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა, რაც ჩატარდა, საკმაოდ მცირეა.

შედეგად, ქვეყნის ყველა რეგიონი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა და თუ მთავრობამ ამ პრობლემის მოგვარებაზე არ იზრუნა.

ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა, 1987 წლიდან კი 400-ს მიაღწია.

ამავე პერიოდში სტიქიის მაღალი საშიშროების ზონიდან ეკომიგრანტების სტატუსით 50-ათასამდე ოჯახი გაიყვანეს, რასაც ათეულობით ისტორიული სოფლის დაცარიელება მოჰყვა.
პროცესების ფონური განვითარების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ სტიქიური პროცესების ახალი აფეთქება 2001-წლიდან დაიწყო.

2003-05 წლებში პროცესმა ექსტრემალური ხასიათი მიიღო და მეტ-ნაკლები ინტენსივობით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთის, აჭარის, კახეთის მთიან რეგიონებში და კატასტროფული ხასიათიც მიიღო. პროცესების გააქტიურებას ადგილი ჰქონდა მესხეთისა და გურიის რეგიონებში, სამეგრელოსა და იმერეთის მთისწინეთში. გეოლოგიის საშიშროების საშუალო რისკის არეალში მოექცა შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიებიც.

გეოლოგიური საშიშროების მაღალი რისკის არეში მოექცა 787 დასახლებული პუნქტი, შემოწმდა 11 000 მოსახლე, სხვადასხვა ხარისხით დაზიანებული აღმოჩნდა 6 432 საცხოვრებელი სახლი. ღვარცოფებით მოისილა, დაიმეწყრა, მდინარეებით გაირეცხა და დაიტბორა 12 515 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწები. საშიშროების ქვეშ აღმოჩნდა ტარსნკავკასიის გაზსადენი. მეწყრები განვითარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობმაგისტრალის ცალკეულ უბნებზე.

საქართველოს ტერიტორიაზე 2006 წლისათვის დაფიქსირებულია 53 000-მდე მეწყრული სხეული, რომელთა საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰა-ს აღემატება. მათი 70% ურბანიზებული ტერიტორიების, სასოფლო-სამეურნეო მიწების და საინჟინრო ობიექტების სივრცეშია. დაზიანებულია დიდი წყალსაცავების ნაპირების 25 და საავტომობილო გზების 30%. ამ პროცესების უშუალო საშიშროების არეალშია 3 000-მდე დასახლებული პუნქტი, დაახლოებით, 400 ათასი ოჯახით (2 მილიონამდე ადამიანი).

საფრთხე ყველგანაა. აჭარა, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთი, მთიულეთი, კახეთი, ქართლი – საქართველოს ყველა რეგიონი მეწყერსაშიშ ზონაშია და თუ პროცესების პრევენცია არ მოხდა, ცხადია, რომ უახლოეს წლებში შედეგი კატასტროფული იქნება. ეს საფრთხე უკლებლივ ყველა რეგიონს ემუქრება.

მოკლედ, როგორც აქედან ჩანს, საქმე მთლად კარგად არ გვაქვს და თუ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა, გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანაში ეკომიგრანტების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირების საერთო რაოდენობას გაუტოლდეს.

მანო ტოგონიძე

http://www.epn.ge