RSS

“ფუკუშიმა-1”-ს საშიშროების დონე ჩერნობილის დონეს გაუტოლდა

12 აპრილი

იაპონიის ხელისუფლება ატომურ ელექტროსადგურ “ფუკუშიმა-1”-ზე საშიშროების დონე მაქსიმალურ მნიშვნელობამდე – ბირთვული მოვლენების საერთაშორისო შკალით მე-7 დონემდე გაზარდა. ამის შესახებ იაპონიის ბირთვული უსაფრთხოების კომისიის წარმომადგენელმა მინორუ ოოგოდამ გნაცხადა. ამ დონეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო “მსხვილ ავარიად” აფასებს, და აქამდე, ეს დონე მხოლოდ 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიას მიენიჭა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK-ს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სადგურზე რადიაციის დონის გაზომვის შემდეგ იქნა მიღებული. ბირთვული უსაფრთხოების კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, გადაწყცეტილება წინასწარ შეფასებებზე დაყრდნობითაა მიღებული და იგი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უნდა დაამტკიცოს. “ჩვენ საშიშროების დონე იმიტომ ავწიეთ, რადგან რადიაციის გაჟონვა ჰაერში, ბოსტნეულში, სასმელ წყალსა და ოკეანეში დავაფიქსირეთ”, – განაცხადა ოოგოდამ. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლის მტკიცებით, ფუკუშიმის და ჩერნობილის ავარიების შედარება არ შეიძლება. “რადიოაქტიური მასალების ამოფრქვევის მოცულობას, რომელიც ფუკუშიმიდან ამოიფრქვა, ჩვენ ჩერნობილის მოცულობის 10%-ით ვაფასებთ”, – აღნიშნა ოოგოდამ. იაპონიაში კი მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 6.3 ბალით შეფასდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბიძგები მეორედ იგრძნობოდა – გუშინ ტოკიოს მახლობლად 7.1-ბალიანი აფტერშოკი დაფიქსირდა.

http://www.epn.ge

 

დატოვე კომენტარი