RSS

მოგზაურობა თუშეთში დღენახევარში – 25

22 ივლ

ოლიკო ცისკარიშვილი

სტატია ცხელ გულზე უნდა დაიწეროს, ბლოგიც. ასე ვმუშაობდი ყოველთვის. არ მიყვარს გადადებული საქმე, მით უმეტეს წერა. ამჯერადაც, ასე ვაპირებდი, მაგრამ გუშინ ისე შეუძლოდ ვიყავი, რომ კომპიუტერთან ვერ დავჯექი. მინდა მოგიყვეთ დღენახევრიან მოგზაურობაზე თუშეთში, რაც ჩემთვისაც კი წარმოუდგენელი რამ იყო. სხვა არ ვიცი, როგორ, მაგრამ იმდენად მავსებს და იმდენ ენერგიას მაძლევს, იმხელა სიამოვნებაა ჩემთვის თუშეთი, რომ თანახმა ვიყავი, წავსულიყავი, მოუხედავად იმისა, რომ სასტიკად გაციებული ვიყავი.

ორი დღის წინ, დილის ექვს საათზე, მეგობრისგან ნათხოვარ ჯიპში ვიჯექით და ჩვენი ბარგი-ბარხანაც შეყრილი გვქონდა საბარგულში. ჩავიყარე ხელჩანთაში წამლები და ვიტამინები. ბარგის ნახევარზე მეტი საკვები იყო, რადგან გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ თავად გვეზრუნა კვებაზე, თუმცა მისი ნახევარი ისევ უკან ჩამოვიტანეთ.

ნამდვილად არ დაგვჭირდა ამდენი საჭმელი. არადა, ვეუბნებოდი ჩემს მეუღლეს, იქ ვერ შევჭამთ ამდენს. იქ, ჰაერით იკვებები. არ დამიჯერა. არ დამიჯერა არც იმაში, რომ ბენზინი დაგვჭირდებოდა იმაზე მეტი, რამდენსაც ის წარმოიდგენდა, არც იმაში, რომ გზა არის ცუდი და ოთხსაათნახევარში ვერ ჩავაღწევდით ომალომდე. მისთვის, როგორც ყველა თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, რომ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით მიიღოს, ცოტა ძნელი დასაჯერებელია რეალური ადამიანისგან მიღებული ინფორმაცია. მოკლედ, დავადექით გზას მე, ჩემი მეუღლე გიორგი, გიორგის მეგობარი საშა, და მისი მეუღლე თამუნა. ჩემ შვილს უკანასკნელ მომენტში გამოუჩნდა საქმე და ვეღარ წამოვიდა, და კიდევ, კარგი რომ ვერ წამოვიდა, რადგან მანქანაში სამი კაცის უკანა სავარძელში მგზავრობა, ფაქრობრივად კატასტროფა იქნებოდა, რადგან ომალომდე შუადღის სამ საათზე ავაღწიეთ. გზაში მერამდენედ ვფიქრობდი, რომ ამ გზების გაკეთება, უამრავ სიკეთეს მოუტანდა თუშეთს, მაგრამ ჩვენს ქოცმაღლებს ეს სულ არ ადარდებთ. თუმცა წლების განმავლოაბში ლაპარაკობდნენ თუშეთის გზების რეაბილიტაცია-გაკეთებაზე. თუშეთში, ზევით რაც კი გაკეთებულა, მზის პანელებით დაწყებული, (რადგან ელექტროენერგია არ აქვთ ადგილობრვებს) თუ ციხე-კოშკების აღდგენა-რეაბილიტაციით დამთავრებული, სულ უცხო ქვეყნის დაფინანსებითაა გაკეთებული და უმეტესწილად, კი ჩეხეთის მთავრობის მიერ.

გზა, რომელიც თუშეთიდან სტორის ხეობამდე ჩამოდის, დაახლოებით 72 კილომეტრია და ეს გზა იმდენად საშიშია, რომ თუ პირველად ხარ ამ გზაზე ადამიანი, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იარო. ჩვენ, მძღოლობას საშა გვიწევდა და ჩვენი მანქანის სიჩქარე 20 კმ-ს არ აცდენია, საშა კი საკმაოდ გამოცდილი მძღოლია, თუმცა თუშეთში პირველად იყო. „რომ ამბობდი ცუდი გზააო, ვერ წარმოვიდგენდი რომ ასეთი ცუდი გზა იქნებოდა,“ – მერე გამიმხილა. აბანოს უღელტეხილამდე ცოტაღა გვქონდა დარჩნილი, რომ გზაზე ქვათაცვენა დაგვხვდა, გზის გაწმენდასაც ველოდით, აქ ხშირად  არის ქვათაცვენა და მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება. ამჯერადაც, ქვეთაცვენა იყო და უზარმაზარი ტრაქტორები გზას ასუფთავებდნენ. ორივე მხრიდან მოთმინებით ელოდნენ მგზავრები გზის გაწმენდას. გზად გვხვდებოდნენ მაღალი გამავლობის მანქანებით, მოტოციკლეტებით, ველოსიპედებით და ფეხით მოსიარულეებიც კი, ოღონდ ეს უკანასკნელი უკვე ზემოთ, თუშეთში, სოფლიდან სოფელში რომ გადადიოდნენ დასათვალიერებლად. ძირითადად, უცხოელები.

აბანოს უღელტეხილზე ბევრი ხალხი ტრიალებდა დაჯის კაფესთან. მისი იმდენი ვიდეო მაქვს ნანახი და ისე საყვარლად ყვება თუშეთზე ამბებს, გაცნობა მინდოდა, მაგრამ არ ეცალა. ფოტოები გადავიღეთ და ისევ გზას გავუდექით.

როგორც იქნა ავაღწიეთ ომალომდე და დავბინავდით ქვემო ომალოში, ზურაბ მოურავიძის სასტუმრო „საგრილაში“, პატარა კოტეჯები ძალიან კომფორტულია ტურისტებისთვის, ცხელი წყლით და ვაიფაით. მეტი რა უნდა გინდოდეს ცივილიზაციას მოწყვეტილ ადამიანს. საღამოს თუშური ხინკალი. სულ ესაა. მანამდე კი, ჩემი ბევრი წუწუნის შემდეგ, დაღლილობის მიუხედავად, მაინც დავითანხმე და ბოჭორნისკენ ავიღეთ გეზი. იქ 2345 მეტრზე, ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ პუნქტში, ბევრი ფოტოები გადავიღეთ.

 მერე კესელოსაც ვესტუმრეთ. იქ „ჩემი გამომცემლობის“ წიგნებიც წავიღე „ჩემი მთის სული“, რომელზეც ჩემი ადრინდელი ფოტოა ყდაზე – კესელო და ძალიან მინდოდა ამ წიგნს რეალური კესელოები ენახა და მეორე „ვიდრე ვარ ხარ“. მე და ჩემი მეგობარი ირმა კახურაშვილი წლების განმავლობაში ვგეგმავდით იქ ასვლას და ახლა, როცა ირმა აღარაა, რაღაცნაირად თითქოს მოვალეობა მოვიხადე, და წავიღე. ამ ორივე წიგნმა ომალოში, ჩვენს მასპინძლებთან დაიდეს ბინა.

მერე შენაქოშიც გავედით, მაგრამ რომ შევატყვე რომ საწვავის პრობლემა მკვეთრად იდგა (იქ ლიტრი შვიდი ლარი ღირს. წარმოუდგენელია ხომ? მაგრამ მერწმუნეთ, იმ გზის გამოვლის შემდეგ, სრულიად ჩვეულებრივი ფასია, მიკვირს რატომ მეტი არ ღირს)  თან შენაქომდე კინაღამ მანქანის ნაწილები დავკარგეთ იმდენად ცუდი გზაა იქ მისასვლელად, რომ დიკლოში წასვლაზე ხმაც კი ვერ ამოვიღე. მხოლოდ ისტორიების მოყოლით შემოვიფარგლე. ზურიკო და ზალიკო სულაკაურების მოხატულ შენაქოს ეკლესიაში დიდი სიამაყით შევუძეხი და სულ იმას გავიძახოდი, „ჩემმა მეგობრებმა მოხატეს, ფარსმიდან არიან, იქნებ იქამდეც მივაღწიოთ ხვალ…“ (უიმედოდ ვლაპარაკობდი, რადგან ზუსტად ვიცოდი ვერ მივაღწევდით, არც კი უნდა მეოცნება), ეკლესიიდან გარეთ გამოსულმა ხმამაღლა წამომცდა: მადლობა ღმერთო, რომ კიდევ შევძელი აქ ამოსვლა.

ჩემებს მანამდეც უკვირდათ ჩემი თუშეთის სიყვარული და ახლა მთლად გაოცებულები დადიან, როგორ შეუძლიათ აქაურებს ასე უყვარდეთ თუშეთი, რომ ასეთი პირობების მიუხედავად არ ტოვებენ, და ხვდებიან რომ ეს მართლა სიყვარულია – მიწის, კუთხის, სამშობლოს სიყვარული, სხვანაირად ვერ შეძლებდნენ ეს ადამიანები იქ დაბრუნებას. იქ ყოფნას. იქ ცხოვრებას. იქ არსებობას.

მოქანცულები მალევე დავუბრუნდით კოტეჯს. მეორე დღეს ისევ ის დამღლელი გზა გველოდა. თუმცა მე არ დავნებდი და „სხვა სოფლების ნახვას თუ ვერ შევძლებთ, დართლოს მონახულების გარეშე აქედან ფეხს არ მოვიცვლითთქო,“ – განვაცხადე. რაღას იზამდნენ ავიბარგეთ ისევ, კეთილ მასპინძელს დავემშვიდობეთ, და დართლოსკენ გავწიეთ. შორიდანვე მოიხიბლნენ დართლოს შეფენილი კოშკებითა და ფიქალით ნაგები სახლებით. თავად დართლოში შესულებს კი, თვალებიდან აღფრთოვანება არ ამოსდიოდათ. იქ სალოცავიო, იქ ეკლესიაო, იქ საბჭეოო და მიხარია, რომ არ დავნებდი და დართლოც ვანახე.

უკან წამოსულებმა გზად ვიზიტორთა ცენტრში შევიარეთ. უხალისო იყო იქაურობა, არ იყო ისე სტუმართ-მასპინძლიანი როგორც ადრე მახსოვს. არც რუკები ქონდათ რომ სამახსოვროდ მაინც წამოგვეღო. მინდოდა თებჟოლიაზე და სხვა თუშურ ლეგენდებზე მოეყოლა ვინმეს, კაციშვილი ვერ ვნახეთ, ვისაც შეიძლებოდა ეამბნა. რაღაცნაირად გული ჩამწყდა, რომ აღარანაირი სტიმული არ იგრძნობა იქ.

დავადექით ისევ დამღლლელ გზას და ისევ აბანოს უღელტეხილთან გავჩერდით. ამჯერად დაჯისთან არ იყო ბევრი ხალხი. მივედი და გავიცანი უკარგესი გოგო – 29 წლის დაჯი ოშორიძე, რომელიც შენაქოდანაა.

„ოთხი წლის წინ დავიწყე ეს საქმე. ალბათ, როგორც ყველა თუში, მეც ვფიქრობდი, რომ აქ ძალიან კარგი იქნებოდა ვინმეს კაფე გაეხსნა. და ვიფიქრე, მოდი, ის ვინმე მე ვიქნები…“ – გაუმხილა მამას გულის ნადები და მამაც მხარში ამოუდგა. თავიდან კარავში ეძინა, მონაგებით კი ვაგონი იყიდა, მერე მეგობრებიც დაეხმარნენ და ახლა იქ ასულ გზისგან დაღლ და დაქანცულ მგზავრებს შეუძლიათ უგემრიელესი ყავა მიირთვან.

ამას რომ მეუბნებოდა გამახსენდა, ჩემს სტუდენტებს სულ ამას ვეუბნები: თუ გინდა რამე შეცვალო, ნუ დაელოდები სხვას, ის სხვა შეიძლება შენ ხარ… როგორ გამიხარდა, რომ დაჯი ასეთი ადამიანია. სულში შემოვიდა, ჩემიანი გახდა და სწორედ ამიტომ გიყვებით მასზე.

თუკი, დაგეგმავთ დამოუკიდებლად თუშეთში მოგზაურობას, გაითვალისწინეთ ამ ბლოგში მონაყოლი და იცოდეთ, გამოუცდელი მძღოლი დიდ დროს ანდომებს თუშეთში ასვლას, გჭირდებათ იმაზე მეტი საწვავი რამდენიც თქვენი მანქანის ავზში ეტევა (წაიღეთ ე.წ. კალისტრებით). და კიდევ, დღენახევარი არ გეყოფათ თუშეთის სრულად შესაცნობ-გასაცნობად. მხოლოდ დაღლილობის შეგრძნება გამოგყვებათ და ვერ აღიქვამთ იქაურ სიდიადეს. გამოყავით თუშეთისთვის მინიმუმ 3-4 დღე და დარწმუნებული ვარ მისი სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 22/07/2025 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი