
ლიზი ხარჩილავა
„სადღაც აქ ვარ, და მაინც მგონია, რომ არ მეკუთვნის“, – ამბობს თემო, 26 წლის, რომელიც უკვე მესამე წელია ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობს და მუშაობს. ყოველდღე ერთსა და იმავე მარშრუტს გადის: პატარა კაფედან მეტრომდე, მეტროდან – დროებით საცხოვრებლამდე, რომელიც ახლა უკვე მუდმივივითაა, – „თავიდან მეგონა, ცოტახნით წასვლა მჭირდებოდა. გავერთობოდი, ვნახავდი ახალ სამყაროს და დავბრუნდებოდი. მაგრამ მერე მივხვდი – აქ ყოფნა სიამოვნებაზე აღარ იყო, უბრალოდ გადარჩენაზე გადავიდა.“
როცა „ცოტახნით წასვლა“ წლობით გრძელდება
თემო მარტო არ არის – ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდების ემიგრაციის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. ძირითადად ტოვებენ ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური სეგმენტი – 20-დან 35 წლამდე.
ეკა, 24 წლის, მათ შორის იყო, ვინც წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. საფრანგეთში დასრულებული ბაკალავრიატის შემდეგ, როცა ყველა თანაკურსელი დარჩენაზე ფიქრობდა, ეკამ სხვაგვარად გადაწყვიტა – საქართველოში დაბრუნდა.
„ხშირად მეუბნებიან, რომ გამბედაობა მეყო. მაგრამ მე არ მგონია, რომ დაბრუნება გმირობაა. ჩემთვის ეს იყო სწორი გზა – სადაც ჩემი ხმა უფრო ისმის, ვიდრე უცხო გარემოში.“
ეკა რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და ფიქრობს, რომ პროფესიული რეალიზაცია საქართველოშიც შესაძლებელია – თუ არ ელოდები, რომ ყველაფერი გამზადებული დაგხვდება.
წასვლა, როგორც სივრცის გახსნა
„ჩემს ოთახს კედლები ებრაზებოდა – ყოველ დილით ახალ ამბებს ვუსმენდი და იმ იმედით გავდიოდი გარეთ, რომ რაღაც შეიცვლებოდა. მაგრამ არაფერი იცვლებოდა. მერე მივხვდი – რაღაც უნდა შემეცვალა მე თვითონ,“ – ამბობს თინა, 25 წლის, გრაფიკული დიზაინერი, რომელიც საქართველოდან ემიგრაციაში 2022 წელს წავიდა.
პირველად ბულგარეთში მოხვდა დროებითი პროექტით და იქიდან უკვე გადაინაცვლა ჩეხეთში, სადაც დღეს დისტანციურად მუშაობს რამდენიმე ევროპული ბრენდისთვის.
„არ მინდოდა წასვლა მხოლოდ უკმაყოფილების გამო. მინდოდა, გამერკვია – თუ გავეცლებოდი ამ მყარ ჩარჩოებს, რას გავაკეთებდი სინამდვილეში. ახლა ვიცი, რომ შემიძლია დამოუკიდებლად არსებობა და ჩემი პროფესია აქაც ფასობს,“ – ამბობს ის. თინას თქმით, ემიგრაციაში ყოფნა მხოლოდ ადგილმდებარეობის შეცვლა არ არის, – „ეს არის სხვა ხმაურის მოსმენა. როცა შიგნიდან დაწყნარდები, მერე შენს ქვეყანაში დაბრუნებაც აღარ გესმის როგორც გაქცევის ალტერნატივა.“
საერთო მიზეზი ერთია – გაურკვევლობა
თუ გავყვებით ამ სამი ადამიანის ისტორიას – თემო, ეკა და თინა – განსხვავებულ გზებს ვხედავთ. თუმცა მათი მოტივაცია, ზოგადად, ერთ სიტყვაში შეიძლება ჩაიდოს: გაურკვევლობა. გაურკვევლობა, რომელიც საქართველოში ახალგაზრდის მომავალს თანდაყოლილად ებმება – არასტაბილური ეკონომიკა, არასისტემური განათლება, მცირე შანსი ზრდისთვის.
„ბევრს ჰგონია, რომ საზღვარგარეთ ყოფნა ნიშნავს სიმდიდრეს ან წარმატებას. მაგრამ ხშირად ეს უბრალოდ სხვა ფორმის ბრძოლაა,“ – ამბობს თემო.
თინა კი ამატებს: „ჩემთვის წასვლა იყო საკუთარ თავთან შეწყვეტილი კომპრომისების აღდგენა. აქ უფრო თამამად ვარსებობ.“
დარჩენა, როგორც ყოველდღიური არჩევანი
ეკა ამ ფონზე გამონაკლისად რჩება – თუმცა თვითონ ასე არ ფიქრობს:
„დარჩენაც არჩევანია. ისევე რთული, როგორც წასვლა. და ისიც მუდმივად უნდა გაამართლო – ყველაზე მეტად კი საკუთარ თავთან,“ – მისი თქმით, სტაბილურობის მოლოდინს საქართველოში ხშირად სენტიმენტები ცვლის, – „აქ არავინ გპირდება, რომ შენს საქმეს დააფასებენ, მაგრამ შენ მაინც აგრძელებ, იმიტომ რომ გინდა რაღაცას შეცვლი.“
ქვეყანა, რომელშიც დაბრუნება შესაძლებელი იქნება
ვიდრე საქართველოში ახალგაზრდა თავის პროფესიას, აზრს, თავისუფლებას და მომავალს ერთდროულად ვერ დაინახავს — ემიგრაცია დარჩება არა „გაქცევად“, არამედ როგორც უნებლიე, მაგრამ აუცილებელი არჩევანი.
„არ მინდა მთელი ცხოვრება დამჭირდეს იმისთვის, რომ ერთხელ ვთქვა – დავრჩი და ღირდა,“ – ამბობს თემო, ბოლოს და დასძენს, – „ალბათ დაბრუნება მხოლოდ მაშინ მექნება შესაძლებელი, როცა ქვეყანა აღარ იქნება შენი დათმობების სიაში.“



