გვანცა ლაცაბიძე

ნათქვამია, ადამიანები თავიანთ შეცდომებზე სწავლობენო. კორონა ვირუსის შემდეგ, ნებიესმიერ ახალ ვირუსზე ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს და თანაც არც თუ ისე პოპულარულია, დღეს უკვე ხალხის დაინტერესებას იწვევს და მისგან თავის დაცვას ასწავლის. სწორედ, ამიტომ, დღეს ვისაუბროთ პაპილომა ვირუსზე.
რა არის პაპილომა ვირუსი?
პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ის ადამიანთა 80% აქვს და ხშირად თავს, სულაც არ ავლენს. მითუმეტეს, თუ ის ჯანმრთელ ორგანიზმში ხვდება. იგი უსიმპტომოა და დაახლოებით 2 წელში ქრება. ის შეიძლება დაემართოს, როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. ქალების შემთხვევაში, თუ ის გაუარესდა, საშვილოსნოს ყელის, ვაგინისა და ვულვას კიბოს იწვევს, ხოლო მამაკაცებში-პენისის კიბოს.
პაპილომა ვირუსის 200-მდე გენოტიპია ცნობილი, მაგრამ აქედან ყველა ონკოლოგიურ დაავადებებს არ იწვევს. მე-6 და მე-13 შტამები ცნობილები არიან, თავიანთი დამახასიათებელი მეჭეჭებით სასქესო ორგანოებზე ორივე სქესში. ხოლო ონკოლოგიურ ტიპებს მე-16 და მე-18 შტამები მიეკუთვნებიან.
როგორ ხვდება პაპილომა ვირუსი ადამიანის ორგანიზმში?
ის, უმეტეს შემთხვევაში, გადადის პირდაპირ კანიდან-კანზე. არ აქვს მნიშვნელობა გენეტიკას. მისით შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაინფიცირდეს, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სექსუალურ პარტნიორებს ხშირად იცვლიან. კონდომით (პრეზერვატივით), ადამიანები თავს იცავენ და ამ დროს, უამრავი სხვა დაავადებისგან იზღვევენ თავს, მაგრამ არა პაპილომა ვირუსისგან. იშვიათად, მაგრამ მაინც ვირუსი შესაძლოა მშობიარობისას დედიდან ბავშვზე გადავიდეს, რამაც შემდეგ გამოიწვიოს რეკურენტული რესპირატორული პაპილომაზოტი (RRP) – დაავადება, რომელიც სასუნთქი გზების დახშობის გამო, მაღალი სიკვდილიაობით ხასიათდება. რადგან პაპილომა ვირუსი უსიმპტომობით გამოირჩევა, მისით დაინფიცირებულმა ბევრმა ადამიანმა არც იცის ამის შესახებ, ვიდრე დაავადება რთულ ფორმებს არ მიიღებს.
პაპილომა ვირუსი და ქალები
რაც არ უნდა ვთქვათ, რომ პაპილომა ვირუსი ორივე სქესისთვის საზიანოა, ის ისე არ აწუხებს კაცებს, როგორც-ქალებს. ჯანმოს 2020 წლის მონაცემებით, 604 000 საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე წელს, 342 000 ქალი გარდაიცვალა საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 8% უდრის. 2022 წელს ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდა. 660 000- შემთხვევა, 350 000-გარდაცვლილი.
2016 წლიდან საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადება ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუსა და ფარისებრი ჯირკვლის შემდეგ. ყოველწლიურად ამ დაავადებით 200 ქალი იღეპება, რაც ქვეყანაში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლეობით 3%-ია.
თავდაცვა და ვაქცინაცია
ვეცადეთ გაგვერკვია, იცის თუ არა მოსახლეობამ პაპილომა ვირუსის შესახებ და ამისათვის სპონტანური გამოკითხვა გავაკეთეთ ქუჩაში.
„წარმოდგენა არ მაქვს რა არის პაპილომა ვირუსი,“ – გვითრხა 19 წლის სტუდენტი გოგონა.
„ეჰ შვილო, ნეტა ჩემ დროსაც გაეკეთებინათ, ახლა კაი დროსია. 90-იანებში მასეთი ფუფუნება სად იყო?!“ – გვეუბნება 46 წლის ქალბატონი, რომელსაც ვკითხეთ იცოდა თუ არა რა არის პაპილომა ვირუსი და როგორ უნდა დაეცვა თავი მისგან.
„ეგ ჯერ ქალებს გაუკეთეთ და კაცები მივხედავთ ჩვენს თავს,“ – გვითხრა ერთ-ერთმა 44 წლის მამაკაცმა, რომელსაც იგივე კითხვა დავუსვით.
„პაპილომა ვირუსი არ ვიცი, რა არის, მაგრამ რომც ვიცოდე, არ ავიცრებოდი. აცრის გარეშეც კარგად ვგრძნობ თავს,“ – გვეუბნება კიდევ ერთი შუახნის ქალბატონი.
2019 წლიდან ავპ ვაქცინაცია შეტანილია ქვეყნის ეროვნული ვაქცინაციის პროგრამაში 10-12 წლის გოგონებისთვის. 2022 წლიდან კი დამტკიცდა 13-18 წლამდე გოგონებისთვისაც. 2023 წლიდან ზღვარმა 26 წლამდე მიაღწია, თანაც სრულად უფასოდ. რეალურად, თუ ადამიანი გადასცდა ამ ასაკობრივ ზღვარს მაშინაც, შეუძლია აიცრას, მაგრამ ის შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს. რადგან ადამიანებს, ამ ასაკში სქესობრივი კონტაქტი უკვე დამყარებული აქვს და დიდი შანსია, რომ პაპილომა ვირუსით უკვე დაინფიცირებულნი იყვნენ. თავის დაზღვევის მიზნით, რომ მათ სხვა შტამი არ შეხვდეთ აცრა ეფექტურ საშუალებად რჩება.
ვაქცინაციის პროპგრამით შესაძლებელია:
- 10-12 წლის გოგონებში აცრა, 6 თვის ინტერვალით
- 13-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია. 0-2-6 თვის ინტერვალებით
ვაქცინა ორივე სქესისითვის, მსოფლიოს მასშტაბით სულ 42 ქვეყანშია შესაძლებელი. მათ შორის: არგენტინაში, ავსტრალიში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში, კანადაში და ა.შ. სხვა ქვეყნებს კი უწევთ მამაკაცებისთვის ვაქცინის მიყიდვა.
„მე თვითონ ჩემი შვილი, რომ უნდა ამეცრა ვფიქრობდი, ნეტა, ხო არ ვაშავებ?“ – ამ კომენტარს აკეთებს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი იმუნოლოგი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.
„მოტივაცია, რომ აცრა გამეკეთებინა, წითელი ჯვრის საინფორმაციო შეხვედრიდან მივიღე და ვიფიქრე, ეს ჩემი ჯანმრთელობის ხეშეწყობისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. კლინიკაში მისულს მითხრეს, რომ გინეკოლოგის კონსულტანციის და ოჯახის ექიმის მიერ გაცემული „მიმართვის“ შემდეგ გამიკეთებდნენ აცრას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ამ ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილება საკმარისი სულაც არაა, თუ ბოლო 30 დღის განმავლობაში, რომელიმე სხვა აცრა გაქვს გაკეთებული, ჩემს შემთხვევაში- სეზონური გრიპის. ამიტომ, იმუნოლოგმა აცრიდან 1 თვის შემდეგ დამიბარა კონსულტანციაზე,“ – გვეუბნება კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც ცოტა ხანში აიცრება პაპილომა ვირუსზე.
პოპულარიზაცია
რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ რომ ათასობით ნაყიდი ვაქცინა გადასაყრელი არ გაუხდეს? როგორ უნდა მოახდინოს ხალხში პოპულარიზაცია, ისე რომ ამ ვაქცინამ მათი ნდობა მოიპოვოს? ამ კითხვებზე გვიპასუხა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ წარმომადგენელმა ქეთი ჭელიძემ, რომელიც უკვე წლებია მუშაობს პაპილომავირუსის პრობლემებთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში, საჭიროა გავაცნობიეროთ ამ დაავადების ის საშიში მხარე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის. მით უმეტეს მაშინ, როცა იგი შენს ქვეყანაში რიგით მესამე ადგილზეა ქალთა სიკვდილის გამომწვევ მიზეზეთა შორის. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის შესამცირებლად უფასო ვაქცინაციას გთავაზობს,“ -არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“ გასცემს რეკომენდაციებს და აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა ბევრი სემინარი ამ თემაზე, ექიმების რეკომენდაციები და ინფორმაცია მობილური შეტყობინებების სახით. ისინი ჩვენთან საუბარში იმასაც ამბობენ, რომ აუცილებელი აცრების კალენდარში პაპილომა ვირუსი ნელ-ნელა თავს იმკვიდრებს და პოპულარულიც ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით დასტურდება, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ხელს არ უშლის გოგონას მომავალ ორსულობაში. ასევე არ ავნებს ვაჟებს და არ მოქმედებს მათ ფერტილობის უნარზე – არ იწვევს უნაყოფობას. რაც მთავარია, ორივე სქესის წარმომადგენლებს იცავს სიკვდილისგან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავპ-სთან დაკავშირებულ დაავადებებს გლობალურ პრობლემებად ასახელებს. მათი მტკიცებით, ამ დაავადებების პრევენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტია და თვლიან, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს მისი ვაქცინა იმუნიზაციის ეროვნულ სახელწიფოს პროგრამაში. ისინი ამბობენ, რომ ავპ-ს ვაქცინა უსაფრთხოა და გამოირჩევა ეფექტურობით.



