თიკა ჭუმბურიძე

ლაგოდეხის რაიონის მოსახლეობას, წლების განმავლობაში, დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება. მთიდან ჩამომავალი მდინარე, მილებში ყოველგვარი გაფილტვრისა და დამუშავების გარეშე ხვდება. ამიტომაც ლაგოდეხის წყალი ხშირად კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და მოწამვლის მიზეზი გამხდარა. ერთი პერიოდი, ონკანებზე ფილტრები დააყენეს, თუმცა წნევა ვეღარ უზრუნველყოფდა ყველა ოჯახამდე წყლის მიწოდებას. ამჟამად, ლაგოდეხში, თითქმის, ყველა ოჯახის ონკანს ფილტრი აქვს დამონტაჟებული. თუმცა წყალს მაინც, მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის იყენებენ, რადგან წყალს ხშირად გამხმარი ფოთლები მოყვება.
ლაგოდეხში მოსახლეობის 80%-ს სასმელი წყალი კი საერთოდ არ მიეწოდება. “უხვი ნალექის გამო, ქალაქის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა სასმელ წყალს მანამდე ვერ მიიღებენ, ვიდრე ამღვრეული მდინარეები არ დაიწმინდება,” – აცხადებს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ლაგოდეხის სერვისცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ აფაქიძე.
„რაც თავი გვახსოვს ასეთ მდგომარეობაში ვართ, ადრე წყალი გვქონდა. ახლა სათავე წვიმის შემდეგ იმღვრევა და დასალევად საერთოდ არ ვარგა,” – ამბობს ანასტასია ჯაჯანიძე, რომელსაც უკვე თვეზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდება. ყველაფრის მიუხედავად, ლაგოდეხელები წყლის საფასურს სულადობის მიხედვით მაინც იხდიან. ეს თანხა კი ერთ სულს მოსახლეზე, ყოველთვიურად 30 თეთრია.
„მოსახლეობას წყალს არ გვაწვდიან, წარმოგიდგენიათ, პაპანაქება ზაფხულში წყალი არ გვაქვს,” – გვეუბნება ლია ცერცვაძე.
„მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ ეს წყალი, რაც მოდის არ ვარგა დასალევად, უნდა გადაადუღონ და ისე დალიონ. ანდა, გამოიყენონ ტექნიკური მიზნებისთვის, წყალმომარაგეობის კომპანიამ მითხრა, რომ ლაგოდეხის რაიონებში წყლის მოხმარება არის 5-ჯერ მეტი და ფილტრი ვერ ახერხებს წყლის გაფილტვრას. ასე რომ არ იყოს, ჩვეულებრივად გექნებათო. ალტერნატიული გამოსავალი არის, ჭებიდან მომარაგება, რომელსაც ადრე იყენებდნენ არა მარტო ლაგოდეხი, სიღნაღი, დედოფლისწყაროც. ჭები მხედრიონის დროს გაიძარცვა და განადგურებულია მთელი ინფრასტრუქტურა, მის აღდგენას 20 მილიონი სჭირდება,” – ამბობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, რომელიც დასძენს რომ პრობლემა აუცილებლად მოგვარდება და ლაგოდეხის მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი ექნება.
ვარდისუბნის მე-5 ქუჩაზე სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 40-ამდე ოჯახს სუფთა, სასმელად ვარგისი წყალი მიეწოდება. ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგია მრიცხველების დამონტაჟების და წყლის გადასახადის საფასურის გადახდას, ისევ სულადობის მიხედვით, ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
კიდევ ერთი პრობლემა რაც შეიძლება სასმელი წყლის არ ქონას მოჰყვეს, ტურისტების დაკარგვაა. ეს კი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ადგილობრივების თქმით, ამ ზაფხულს, ლაგოდეხს უკვე 15 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. ტურისტისთვის კომფორტისთვის კი, აუცილებელია სასმელი, სუფთა წყალი.



