ნანა ცეკვავა

„მე ვარ იტალიაში, ქალაქ ბარში, სადაც, რა თქმა უნდა, არიან ღარიბები, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც საქართველოში. მინახავს ადამიანები, რომლებიც მათხოვრობენ, მაგრამ ისინი არ არიან იტალიელები. ისინი არიან იტალიურად მოსაუბრე სხვა ეროვნების ადამიანები, რომლებიც თავს მათხოვრობით ირჩენენ. თუმცა ძალიან იშვიათია იტალიაში იმათხოვრონ… სიღარიბესთან დაკავშირებით, იტალია და საქართველო ძალიან განსხვავდება… ბევრი რამ იტალიაშიც ძვირია, მაგრამ აქ არის ის ანაზღაურება, რომელიც საქართველოში ალბათ არასდროს იქნება. აქ ფასდება თითოეული მოქალაქის შრომა, საქართველოში კი სამწუხაროდ, არა. საქართველოსთან შედარებით მინიმალური ფასებია პროდუქტებზე და ადამიანები თავიანთი შემოსავლებით მშვენივრად ირჩენენ თავს. აქ, სწორედ, საქართველოში გაუმართვამა ეკონომიკურმა მდგომარეობამ ჩამომიყვანა. თავიდან ძალიან რთული იყო სულ სხვა გარემოსთან შეგუება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა… საქართველოში, სიღარიბის შემცირების უპირობო გამოსავალი, გამართული ეკონომიკა, ადამიანების დასაქმება და ხელფასების ზრდა თუ იქნება. სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უმუშევრობაა. ამ კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა,“ – გვიყვება ნინო კანკია, 24 წლის, ემიგრანტი.
„მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით, როდესაც ჩვენმა მშობლებმა გადაწყვიტეს საზღვარგარეთ წასვლა. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, როცა დედა მჭირდებოდა მაშინ წავიდა, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი და ალბათ ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი, ჩემი და ჩემი ძმის უკეთესი მომავლისთვის იქნებოდა კარგი. სულ მალე 6 წელი შესრულდება რაც საზღვარგარეთ არიან. ჩემი მშობლები იქაური ანაზღაურებით კმაყოფილი არიან. მე და ჩემს ძმას დაახლოებით თვიურად 2000$ გვიგზავნიან. ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ძალიან დაბალ დონეზეა, სამუშაო ადგილები არა არის და ანაზღაურებაც შესაბამისად დაბალია, აქედან გამომდინარე, ემიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი მომავლისთვის ისევ საზღვარგარეთ წასვლა და იქ მუშაობა სჯობს, რადგან იქ უფრო დამაკმაყოფილებელი ანაზღაურებაა, ვიდრე საქართველოში. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დამანგრეველია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ახლობელი საზღვარგარეთ ჰყავს და წლობით ვერ ახერხებს მის ნახვას. იმედი მაქვს, რომ მალე ყველა ემიგრანტი დაუბრუნდება თავის ქვეყანას. მათ შორის ჩემი მშობლებიც,“ – ამბობს 18 წლის მარიამ ცეკვავა.
NDI- ის კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. ასევე, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს არსებობისთვის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გაიზარდა ემიგრანტთა რაოდენობა. ქვეყნიდან ემიგრაციაში წასულთა რიცხვი 2020 წელთან შედარებით თითქმის 35-ით გაიზარდა. ემიგრაციაში გასულ წელს თითქმის 100 000 ქართველი წავიდა. იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 % შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა.
საქართველოდან ემიგრაციაში 99 974 ადამიანი წავიდა – 2022 წლის 1 იანვრის მონაცემები.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2020 წელს საქართველოში 1.9 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა.
2023 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 438.4 მლნ აშშ დოლარი (1134.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 127.1%-ით (245.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.8% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 95.4% მოდიოდა. ( nbg.gov.ge)
„ჩემთვის ძალიან რთულია ისეთი ადამიანების ყოველდღიურად ყურება, რომელებსაც მორალურად, ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად უჭირთ. ზოგი მიუსაფარია, არავინ ჰყავს, ვინც გვერდით დაუდგება გაჭირვების დროს, შეიფარებს. ზოგს, კი უბრალოდ, არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა, მუშაობა, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და, ამასთან, დამხმარეც არავინ ჰყავს.
სამწუხაროდ, არამარტო ქუჩაში და მეტროში შევხვდებით ასეთ ადამიანებს. სოციალური ქსელი სავსეა მსგავსი ფაქტებით. დღე არ ჩაივლის ისე, რომ ტელევიზიით არ აჩვენონ ადამიანი, რომელსაც უჭირს და დახმარებას ითხოვს. ეს შესაძლოა, საჭიროც იყოს, რადგან საზოგადოება უნდა იცნობდეს ასეთ ადამიანებს, უნდა გამოფხიზლდეს ერი და უნდა ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს იმის გრძნობა, რომ ვიღაცას, სადღაც სცივა, ან შია. ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, იყოს ბედნიერი, ჰქონდეს მხიარული ცხოვრება და არ გაირიყოს საზოგადოებისგან. ცხოვრება, სამწუხაროდ, ასეთი – ზოგი ტირის, ზოგი კი იცინის, მაგრამ ადამიანმა მუდამ უნდა იბრძოლოს საკუთარი მომავლისთვისა და ბედნიერებისთვის. შეზღუდული შესაძლებლობა ბარიერი სულაც არ არის და, ამასთან, არც ნაკლია!” – ამბობს ნინო ხიზანაშვილი 19 წლის, სტუდენტი, რომელიც ყოველ დღე ქუჩაში ხვდება უპოვარ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს.
„სოფელში ისეთ ადამიანებს იშვითად თუ ნახავთ, ან საერთოდ ვერ ნახავთ, რომლებიც შუა ქუჩაში მღერიან, რათა ფული იშოვონ. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან დიდ ქალაქებში უფრო მეტი მოსახლეობაა და გაჭირვებულიც, შესაბამისად, მეტია. სოფელში თანადგომაც გამორჩეული იციან. ამით იმის თქმა მინდა, რომ მე ასეთ გარემოს ვარ მიჩვეული, მშვიდ და წყნარ ვითარებას. ახლა კი, თბილისში, ყოველდღიურად მიწევს გაჭირვებული ადამიანების ნახვა. ზოგს ფეხი არა აქვს, ზოგი ყრუ-მუნჯია. უსიამოვნო თემაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მწვავე პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში. ცხოვრების დონის ვარდნამ, განათლებასაც შეუშალა ხელი. პირველ რიგში, ამ ყველაფრით ბავშვები ზარალდებიან. გარეთ დგომა, სიცივეში ღამის გათევა, აზიანებს ბავშვების ფსიქიკასა და ჯანმრთელობას. მათთვის ეს დიდი ტრამვაა, სამწუხარო ისაა, რომ ისინი ვერ ახერხებენ განათლების მიღებას და მის სანაცვლოდ უწევთ „გადარჩენისთვის ბრძოლა,“ – ამბობს ანა ცეკვავა, 20 წლის სტუდენტი.
„მე დიდი ხანია, რაც ქუჩაში ვდგავარ და ვმათხოვრობ, სხვა გამოსავალი არც მაქვს, შეიძლება ეს ყველაფერი ლამაზი სულაც არ იყოს, მაგრამ, როცა სხვა გზა არ გაქვს, როცა გშია – შენს შვილს შია და საჭმელი არ აქვს. ალბათ, ამისთვის, ყველა დედა ყველაფერზეა წამსვლელი. ჩემსავით ძალიან ბევრია, რომლებიც ქუჩაში, მეტროსთან დგანან და მათხოვრობენ. ზოგს საჭმლის ფული არ აქვს, ზოგს ახლობელი ჰყავს ავად და იძულებულია მეტროში ჩავიდეს (რადგან იქ შედარებით ბევრი ხალხია) და იმათხოვროს. ხშირად მომისმენია მსგავსი სიტყვები მათხოვრების მიმართ : „ხელი აქვს და იმუშაოს“. ეს ძალიან მტკივნეულია. ალბათ ამ ყველაფერში მთავრობაც არის დამნაშავე, რადგან იმდენი ფული იხარჯება, მაგალითად: ღონისძიებებზე ან საახალწლო განათებებში, მაგის ნახევარიც რომ მისცენ გაჭირვებულებს, ასეთი მდგომარეობა დღეს არ იქნებოდა საქართველოში. მე არ ვიცი სხვა ქვეყნებში რა ხდება სიღარიბის მხრივ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მსგავსი უყურადღებო და უნიათო მთავრობა არც ერთ ქვეყანას არ ეყოლება,“ – ამბობს უპოვარი, რომელიც თბილისის მეტროს ერთ-ერთ შესასვლელთან მოწყალებას ითხოვს.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების 17,5% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს კი, რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკაზეც მოქმედებს.
2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 21,3%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ყოველი მე-5 მოქალაქე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. საუბარია დაახლოებით 800 ათას ადამიანზე, რომელთა შესახებაც კვლევას საქსტატი აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა – სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2018 წელს 20,1%, ხოლო 2019 წელს 19,5% იყო. (https://go.on.ge/29hh)
ფოტო: ო.ცისკარიშვილი