10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება.1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს, რომელიც ყველა ქვეყანას ავალდებულებს, დაიცვას ადამიანთა სამოქალაქო , პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები.

ამ დღესთან დაკავშირებით, სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია (მშობელთა კავშირი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (კანცელარიის) წინ, პარასკევს, 9 დეკემბერს 11:00 -12:00 მართავს აქციას შშმ პირთა, მშობლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით, რომლის მთავარი სლოგანია – ,,ადამიანის უფლებების დაცვის დღე და შშმ პირთა დისკრიმინაცია საქართველოში.’’
„აქცია ეძღვნება ორგანიზაციის აქტიური წევრისა და სამოქალაქო აქტივისტის, ჩემი შვილის, ირაკლი ქემოკლიძის ხსოვნას,“ – ამბობს მაია ასაკაშვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ირაკლი ქემოკლიძე იყო პირველი შშმ პირი საქართველოში, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მოუგო საქართველოს პარლამენტს. 2014 წლის 8 ოქტომბერს N2/4/532014 საკონსტიტუციო სასამართლომ ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად სცნო. სწორედ 10 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ირაკლი ქემოკლიძე, გარდაცვალების შემდეგ, ღირსების მედლით დაჯილდოვდა.
ორგანიზატორების თქმით,აქციის მთავარი მოტივია – შშმ პირთა დარღვეული უფლებები, შშმ პირთა დისკრიმინაცია, შერჩევითი სამართალი, სასამართლო გადაწყვეტილების არ აღსრულება, წლების განმავლობაში სამართალის ვერ პოვნა. კერძოდ,,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციას,’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის N1089 განკარგულებით, უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, თემქაზე, გია ირემაშვილის ქ.N1 , ყოფილი 205 საჯარო სკოლა-პანსიონის მესამე სართული ,1012,87 კვ.მ. ფართობი და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საკადსტრო კოდი: 01.12.03.016.017. შშმ პირთა ორგანიზაციას დღემდე არ ეძლევა შენობაში შესვლის შესაძლებლობა, ვინაიდან, ფართი დაკავებული აქვთ უკანონოდ შეჭრილ პირებს. ორგანიზაციამ სამი სასამართლო პროცესი მოიგო, მათ შორის უზენაეს სასამართლოში, სასამართლო გადაწყვეტილება (საქმე #2/6320-16) სააღსრულებო ფურცლი (საქმე #2/6320-16) დღემდე არ ხდება საქმის აღსრულება, არც ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა:
1. საქართველოს მთავრობამ დაგვიბრუნოს კუთვნილი ფართი, რომელიც გადმოგვცა უსასყიდლო უზუფრუქტით მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის N1089 განკარგულების საფუძველზე.
2. ჩვენი ორგანიზაციის სასამართლო გადაწყვეტილების ( საქმე #2/6320-16) აღსრულება ან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება.
საკონტაქტო პირი: მაია ასაკაშვილი.
სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა
დახმარების ასოციაციის (მშობელთა კავშირი) ხელმძღვანელი.
მობ:599513397.