მარიამ სხირტლაძე

ალტე უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი
„დასრულდა, ის საშინელი დღეები წარსულს დარჩა, ახლა უკვე მშვიდად ვცხოვრობ ჩემს შვილებთან ერთად. მე თუ შევძელი საკუთარი თავის და შვილების დაცვა სხვებიც შეძლებენ, არ უნდა დავნებდეთ და არასდროს მივცეთ ვინმეს ჩვენზე ბატონობის უფლება. ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი, გარკვეული დროის შემდეგ შეიცვალა, გამოავლინა ნამდვილი სახე. პირველად, ხელით როდესაც შემეხო, გავნადგურდი ისეთი მოულოდნელი იყო.
შოკური მდგომარეობა მქონდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ არანაირი საუბარი არ უშველიდა მას და უკვე, როცა ბავშვების მიმართაც ავლენდა ძალადობას, მივიღე გადაწყვეტილება და წამოვედი ოჯახიდან. თავიდან შემეშინდა, თუმცა მოძალადესთან თანაცხოვრება და მითუმეტეს, ბავშვების აღზრდა უფრო საშიშია. ახლა ყველა ბედნიერად და მშვიდად ვცხოვრობთ ერთად. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში დიდი წვლილი ჩემს ოჯახს მიუძღვის. ოჯახის წევრებმა ეს შიში დამაძლევინეს და ჩემი შვილების ბედნიერებისთვი სყველაფერი გააკეთეს“, -გვიყვება 40 წლის, ინგა (სახელი პირობითია), რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.
„ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. ძალადობა ეს არის ძალის აშკარა ან ფარული გამოყენება ადამიანის მიმართ, ისეთი რამის მისაღწევად, რაზეც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული, განგრძობადი და სპეციფიური ხასიათი, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება. უმეტესი ოჯახური ძალადობის ფაქტი ხორციელდება ცოლ-ქმარს შორის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დედამთილ-მამამთილიც ძალადობენ. ოჯახური ძალადობა იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა ლია ხუროშვილმა.
ძალადობის მიზეზები ბევრი სახეობის არსებობს ესენია: ეჭვიანობა, ალკოჰოლური მდგომარეობა, „ქმარი, როგორც ოჯახის უფროსი, უფლება აქვს“ -სცემოს ცოლი, უპატივცემულობა ოჯახის რომელიმე წევრს შორის, ცუდი დიასახლისის სტატუსი, ა.შ.
თანადგომა და იმედის მიცემა ყველას არ შეუძლია, ეს კი ძალადობის ქვეშ მყოფ ადამიანს ძალიან სჭირდება. მშობლებისგან უარის თქმა ეს კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც შველას ითხოვ და არავინ გეხმარება ტანჯვისგან თავის დაღწევაში. მანანაც (სახელი პირობითია), ოჯახისგან დახმარებას ელოდა, მაგრამ ოჯახმა მაინც მოძალადე მოუღლესთან დატოვა.
„ოცდაათ წელს გადაცილებული ვიყავი, შესაძლოა ჩაითვალოს, რომ სხვების დამოკიდებულების გამო გავთხოვდი. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით. იყო ბევრი დაძაბული, რთული მომენტები, თუმცა ვუძლებდი. როდესაც ნასვამ მდგომარეობაში იყო ფიზიკურად შემეხო. პატარა შვილი მყავდა, არ ვიცოდი რა მექნა. ისეთი დრო იყო, სხვების აზრზე უნდა გეცხოვრა. მშობლებსაც, რომ ვუთხარი, პირველი რაც მითხრეს – არ შეგვარცხვინო ყველა ოჯახში არის მსგავსი პრობლემები გაუძელიო. დიდხანს გრძელდებოდა, ასეთი სიტუაციები, ხშირად როცა ნასვამი იყო. დახმარების თხოვნით მის ახლობლებსაც მივმართე, მაგრამ მასთან ახლობლების საუბრებმაც არ იმოქმედა. ორი დღე თუ შეიკავებდა თავს, მერე კვლავ იგივეს აგრძელებდა. ასე გავლიე ძალადობაში და ტანჯვაში 25 წელი. ვინმეს იმედი, რომ მქონოდა მისგან აუცილებლად წავიდოდი. მაგრამ ისე მოხდა, რომ არავინ დამიდგა მხარში, მეც ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. მაგრამ მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ შვილის გამო უნდა გადამედგა, რადგან უფრო დავტანჯე და გავუნადგურე ბავშვობა, ყველანაირად ვცდილობდი მას ეს ყველაფერი არ შეხებოდა, თუმცა ამაოდ“, – გვიყვება 55 წლის მანანა, რომელიც ისევ მოძალადე მეუღლესთან ცხოვრობს და ახლა ფიქრობს, რომ ცვლილებებისთვის და ახალი ცხოვრების დაწყებისთვის საკმაოდ გვიანია.
„თუმცა ძალადობის მსხვერპლებს შეუძლიათ ცხოვრების თავიდან დაწყება. ოჯახის ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც ხდება მსხვერპლის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, იურიდიული და სამედიცინო დახმარება. არსებობს კრიზისული ცენტრი- ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლევრივ დახმარებას. ასევე შესაძლებელია მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე დროებით დარჩენა და მოძალადის განრიდება ამ საცხოვრებლისგან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს საცხოვრებელი მოძალადის საკუთრებაა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, საკუტარი უფლებების დასაცავად, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის როგორც პირადი, ასევე სატელეფონო კონსულტაციის სერვისით (ცხელი ხაზი: 292 00 55)“ – იურიდიული დახმარების სამსახური ეხმიანება მსხვერპლებს, რათა იცოდნენ, რომ შეუძლიათ სახელმწიფოს დახმარებით თავიდ დაიწყონ ცხოვრება.
„ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის მომსახურების, კერძოდ თავშესაფრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამ ტიპის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2011 წლიდან საქართველოში 4 ასეთი თავშესაფარი მოქმედებს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები: თბილისში, ბათუმში, გორსა (შიდა ქართლის რეგიონი), კახეთში და ქუთაისში (დასავლეთ საქართველო) მოქმედებს. ოთხივე თავშესაფარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, სახელმწიფო ფონდისთვის გაწეული დახმარების შედეგად, შვედეთის მთავრობისგან მიღებული დაფინანსებით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში დაარსდა. დღეს ეს თავშესაფრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ოჯახში ძალადობის ფენომენის მიმართ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებისა და მიდგომების ცვლილებების შედეგად, იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თავშესაფრით სარგებლობს. 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით არსებული თავშესაფრებით 155-მა ქალმა და ბავშვმა ისარგებლა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე ხშირად მომსახურებით 24-დან 34 წლამდე პირები (75%) სარგებლობენ“, – ვკითხულობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ძალადობის შემთხვევები გახშირდა. სპეციალისტების აზრით, კოვიდპანდემიისა და კარჩაკეტილობის გამო, მათმა რიცხვმა მოიმატა.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, „ეპიდემიის დროს, არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის ზრდის ტენდენცია. მიმდინარე პანდემიისას ოჯახში ძალადობის შემთხვევები გლობალურად ერთი მესამედით გაიზარდა. თითქმის ყველა ქვეყანაში გაიზარდა ძალადობის მსხვერპლი ქალების რიცხვიც. ძალადობის რისკს ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა გარემოება ამწვავებს, მაგალითად: პანდემიით გამოწვეული შიში. სტრესი, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მოძალადისთვის შესაძლოა მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს. ამასთან, მსხვერპლი უფრო მეტ დროს ატარებს ოჯახის მოძალადე წევრთან, რის გამოც, მისგან თავის დაღწევა რთულდება- მსხვერპლმა შესაძლოა ვერ მოახდინოს განმარტოება და შესაბამისად, სამართალდამცავ უწყებაში დარეკვა. 2018-2019 წლებში საქართველოშიცც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაული ოჯახში ძალადობა იყო. ამ დანაშაულის მსხვერპლთა მნიშვნელოვან სეგმენტს კი (88%) სწორედ ქალები წარმოადგენდნენ“.
„უმეტეს ოჯახში ახალი წევრის მიმართ აგრესიას იჩენენ არ მოსწონთ გარკვეული მიზეზების გამო, რის შედეგადაც ამ აგრესიას აგრძნობინებენ და ამცირებენ ყველა შესაძლო სიტუაციაში. გავთხოვდი 16 წლის, დედამთილისგან არასდროს მიგვრძვნია თბილი დამოკიდებულება. ჩემს მიმართ განსაკუთრებით მაშინ ავლენდა თავის აგრესიულობას, როდესაც მარტო ვიყავით სახლში, ჩემ ქმართან იმდენად არ ამჟღავნებდა, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, უხეში, უტაქტო მიმართვები. პატარა ვიყავი, ვერც ქმარს ვეუბნებოდი. ერთხელ გავბედე და არ დამიჯერა. მას შემდეგ, სიჩუმე ვამჯობინე. მეგონა ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის. თუმცა ამ ყველაფერმა ჩემს ფსიქიკაზე ცუდი გავლენა იქონია საშინელი შიშები, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, სხვაგან გადავედით საცხოვრებლად. მაგრამ დღემდე მასთან შეხება, როცა მაქვს საშინლად ვგრძნობ თავს უმწეოდ, მარტოსულად, ბევრჯერ მიფიქრია სუიციდზეც. ერთხელ ვაპირებდი, მაგრამ პატარა შვილი მყავდა და მისმა ტირილმა მომიყვანა აზრზე. უამრავი ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. სამწუხაროდ, ისეთ პირობებში მიწევდა ცხოვრება და გაჩუმება გულის ოპერაციის გაკეთებაც მომიწია, ახლა ვცდილობ ვუმკურნალო თავს, თუმცა შეტევები მაინც მაქვს“, – გვიყვება 31 წლის ნანა (სახელი შეცვლილია), რომელიც ორ შვილს ზრდის.
„მოძალადეები მეტწილად ბავშვობიდან, მშობლებიდან და ახლობლებიდან იძენენ ამ თვისებებს. ვისაც ბავშვობაში არავინ ჰყავდა მხარდამჭერი, ვისაც მშობლები უყვიროდნენ, აკრიტიკებდნენ, ის ვისაც ყოველთვის ადარებდნენ სხვა ბავშვებს, იშვიათად აქებდნენ, ასეთ დროს ბავშვი მუდმივად ცდილობს მშობლების განწყობაზე იზრუნოს და გაამართლოს მათი მოლოდინი, ესენი ყალიბდებიან მოძალადეებად. რაც შეეხება მოთმინებას, ქალმა არ უნდა მოითმინოს არც ერთი დისკომფორტი მეწყვილესთან ურთიერთობისას. დაუშვებელია ძალადობის რომელიმე ფორმის მოთმენა. ყველა ჯანსაღი ურთიერთობა უნდა იყოს აგებული უპირობო სიყვარულზე, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემაზე. მოძალადესთან ურთიერთობა ემსგავება ერთგვარ „ბრძოლის ველს“, რაც ვერასდროს მოუტანს ბედნიერებას წყვილს და პირიქით, ასეთ დროს ქვეითდება თვითშეფასება, მცირდება თვითკმაყოფილება, შესაძლოა მსხვერპლი ჩაიკეტოს საკუთარ თავშიდა მივიდეს ღრმა დეპრესიამდეც კი“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა სალომე დემეტრაშვილმა.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, არა მხოლოდ ქალები არიან და შესაბამისად, მოძალადებიც მხოლოდ მეუღლეები არ არიან ხშირად, ძალადობის მსხვერპლები თავად ხდებიან შვილებზე მოძალადეები.
„ქალებზე არამარტო ქმრები, არამედ დედამთილ-მამამთილიც ძალადობენ. ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად სხეულზეც აღენიშნებათ ხოლმე დალურჯებები და ძალადობის სხვა ნიშნები. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა ჩვენთან ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობამ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქალები ჭარბობენ. ყოველდღიურად, დაახლოებით 4-5 ადამიანი გვაკითხავს. არის ხოლმე მკვლელობის მცდელობის, სხეულის დაზიანების და სხვა შემთხვევები. საკმაოდ ხშირია ოჯახში სხვადასხვა ტიპის ძალადობა, თუმცა ქართული მენტალიტეტის გამო მალავენ და არ გამოაქვთ საჯაროდ, ამჯობინებენ ძალადობაში ყოფნას“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა ლია ხუროშვილმა, რომელიც წლებია მუშაობს ძალადობის მსხვერპლებთან.
ფსიქოლოგები ეხებიან ამ რთულ თემას რასაც ძალადობა ჰქვია, საუბრობენ იმ სირთულეებზე რისი გადატანაც უწევთ მოძალადეების გვერდით.
„ბუნებრივია მამაკაცი, რომელიც იყენებს ქალის მიმართ ძალადობას, ამას აკეთებს თავისი არასრულფასოვნების განცდის გამო, არარეალიზებულობის გამო, იმის გამო, რომ ცდილობს თვითდამკვიდრებას, ასევე საკუთარი უპირატესობის ჩვენებას ქალთან მიმართებაში. ხშირია შემთხვევები, როცა ქალის დამცირება ხდება სხვების თანდასწრებით, რაც კიდევ მეტად ამძიმებს ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა მარიამ მგალობლიშვილმა.
ფოტო: ოლიკო ცისკარიშვილის